პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კიდევ ერთხელ საახალწლოდ…

„როცა, ზარები რეკვას იწყებენ, საათი 12-ჯერ ჩამოკრავს, დრო გაჩერდება და თავიდან დაიწყებს ათვლას, წარსული და მომავალი ერთ დიდ აწმყოდ იქცევა, და ეს აწმყო ისეთია, დასასრული რომ აღარ უჩანს, ყველაზე გრძელი და ყველაზე მარადიული…“.

გადის დრო, უჰ, ისეთი სისწრაფით, რომ ჯერ წინა წლის ეიფორიიდან ვერ გამოსულხარ, კარს უკვე მეორე და მესამე ახალი წელი მოგდგომია. ისიც მართალია, რომ დრო გრძნობებს ახუნებს და იმ ცეცხლსაც ანავლებს, ასე ძლიერად რომ გიზგიზებდა ამ რამდენიმე წლის წინ. აღფრთოვანებას, სიხარულის შეგრძნებას, ვნებებს, ბავშვურ აღტყინებას აქრობს და მათ ადგილას გულგრილ, გაცვეთილ, ჩვეულებად ქცეულ გრძნობებს გვთავაზობს. ნაპერწკლები თუღაა სადღაც შიგნით შემორჩენილი, ისინიც მალე მინავლება, თუ ხელახლა არ აგიზგიზდა.

კაპიტალიზმმა კაპიტალიზმური ახალი წელი მოგვიტანა, სადღაც ორი თვით ადრე იწყება საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, მაღაზიის ვიტრინები აელვარებულია, თითოეული ნივთი გეძახის – მოდი, წამიყვანე, მიყიდეო. აგრესიული რეკლამებით სავსეა ვირტუალური თუ რეალური სივრცეები. როგორც ჩემმა თინეიჯერმა შვილმა აღნიშნა, ოქტომბერი არ გასულა და ნაძვის ხეები უკვე ლამისაა სახლებში ძალით დაგვიდგან და მორთვა გვაიძულონო. ნებისმიერი ფორმისა და ფერის თოვლის ბაბუები და სანტები, თოვლის კაცები და ელფები, ჯუჯები და გნომები, ფიფქები და ვარსკვლავები, თითქოს მთელი გალაქტიკა დეკემბერში დედამიწაზე ჩამოსულა, რომ კიდევ უფრო ააბრდღვიალოს და გააკაშკაშოს ის. ფარდების ნათურები და კედლის განათებები, ნაძვის ხის ღობეები და მანათობელი პროექტორები, ირმები და ვეფხვები, ო, როგორ გინდება ყველაფერი! როგორ გინდა ყველაზე დიდი და ფუმფულა ხე იყიდო, მორთო ფასკუნჯებითა და ფარშევანგებით, ალისებითა და მაკნატუნებით, ბალერინებითა და პრინცესებით. თან დათოვლილიც უნდა იყოს, რომ მერე ძალიან ბევრი ფოტო გადაუღო, სასურველია რომელიმე ფილტრით და დადო სოციალურ ქსელში, უჰ, მაშინ კი ამოისუნთქავ და თავს საზოგადოების ღირსეულ წევრად იგრძნობ!

აბა, სადღაა ახალი წლის ჯადოსნურობა?

კომერციად იქცა ახალი წელი, თან ძალიან დაუნდობელ და სასტიკ კომერციად. ვხარჯავთ, რაც კი ფინანსები გაგვაჩნია, საკრედიტოებითა თუ ანაბრებით ვიკლავთ ახალი წლის განივთებისა და გამატერიალიზების დაუოკებელ წყურვილს. პლასტმასის ხე გვყავს გაკულტებული, ხოლო კეთილი ნიკოლასის მითი დიდ აფერად გვიქცევია.

მოაქვს კი ამ ყველაფერს ბედნიერება?

ამაზე მაშინ დავფიქრდებით, როდესაც 31 დეკემბერს ბოლო კერძს შეუნთებ ცეცხლს (სუფრაზე რომ ცხელი მივიდეს), ინდაურის დიდ ბარკლებს ჩადებ საცივში, და 12 საათის გახდომამდე ცოტა ხნით ჩამოჯდები, ერთს ღრმად ამოისუნთქავ და შესაძლოა მაშინ წამოყოს ფიქრმა თავი – გაბედნიერებს ეს ყველაფერი? თუმცა ამაზე პასუხის გაცემის დროც აღარაა, აგერ წეღან გაზზე შემოდგმული კერძი ზედმეტად გაცხელდა, სასწრაფოდ წამოხტები და ისევ ჩაერთვები საახალწლო დიდ ქაოსსა და ორომტრიალში. თან გადახედავ გაწყობილ სუფრას და სევდა მოგერევა, რა აალაგებს და რა გარეცხვას ამდენ რამეს!

დღეს ახალ წელი უდრის მკვლელობებს!

ახალი წლის სამზადისისთვის უამრავი ცოცხალი არსება კვდება, გოჭები, ქათმები, წიწილები, ინდაურები, ხბოები, ძროხები… უამრავი ხე იჭრება, უამრავ ქუჩის ძაღლსა და კატას უსკდება გული ფეიერვერკებისგან. სად მიდის ეს ენერგია? სასიკვდილოდ განწირული ცხოველების საბოლოო ამობღავლება? გადატრიალებული თვალები, უკანასკნელი გაფართხალება? ისევ ჩვენ გვიბრუნდება, ჩვენთან რჩება. საიდან ვიცი? რა ცოდნა უნდა, ჩვენი ყოფა სავსეა სისასტიკითა და ავადობებით. კი, ხორცს მეც მივირთმევ, ვერ მოვიცილე ეს ჩვევა, კი მეც ერთი ნაწილი და რგოლი ვარ ამ სიგიჟის.

სულ არ ვაპირებდი ამ წერილში ახალი წლის ასეთ ბნელ მხარეებზე საუბარს, მინდოდა უბრალოდ რამდენიმე კარგი ისტორია და ამბავი მერჩია, იმისთვის, რომ ჩვენს შვილებსა და მოსწავლეებს მაინც ვაგრძნობინოთ, რომ შობა და ახალი წელი, არ არის მხოლოდ ნაძვის ხის ქვეშ, ძვირფასი ქაღალდით შეფუთული „ლოლის“ თოჯინები და „სპაიდერმენები“, ის მეტად ღრმაა და ფესვები შორეულ წარსულში გაუდგამს.

ახალი წელი ყოველთვის არსებობდა, ქრისტეს შობამდეც, ოღონდ ყველა ეპოქა და საზოგადოება მას თავის სახელს არქმევდა. განახლება, აყვავება, ახლის დასაწყისი, ციკლის დასრულება – დედამიწაზე მუდამ აღინიშნებოდა, ხან ხეების მორთვით, ხან რიტუალური ცეკვებით – ეს ყველაფერი კი ძალიან ნამდვილი და გულშიჩამწვდომი უნდა ყოფილიყო. მე ასე მგონია. ხე – თავად უნივერსალურია. ის თავისი ტანით სამ სამყაროს აკავშირებს – ფესვებით ქვესკნელს, ტანით ჩვენს ადამიანებისთვის ხილულ სამყაროს, ვარჯით კი ზესკნელს. ის მედიუმია, გამტარია, შუამავალია ადამიანებსა და ღმერთებს შორის. ხისგან გამოითალა იესოს ჯვარი და ხის ნაყოფმა გვაქცია ადამის შვილებადაც. ამიტომ, ხის მორთვა და თაყვანისცემა სწორედ მისი სიმბოლური მნიშვნელობიდან უნდა გამომდინარეობდეს. ნატვრის ხეების არსებობაც ამას მოწმობს. ხე ცოცხალია, ის შეისმენს ჩვენს თხოვნებს და მიაქვს ღმერთებთან, რადგან ძველი გადმოცემით, ხის ტოტებში ღმერთებს უყვართ ზეციდან ჩამოსვლა და მოსვენება. ვფიქრობ, სწორედ ეს ნატვრის ხეებია ჩვენი ნაძვის ხის შორეული წინაპარი და წინასახე. ჰოდა, მოდი, ამ კუთხით ვიფიქროთ, დღეს საახალწლოდ რას ვრთავთ? რას ვცემთ თაყვანს? მკვდარ ხეებს? პლასტმასის ხეებს? რომლებიც უბრალოდ დეკორაციადაა ქცეული და შინაარსისგან სრულიად დაცლილია, ისევე როგორც ჩვენი ყოფა და ყოველდღიურობა, ისევე როგორც თითოეული რიტუალი, ისევე როგორც რელიგია. ჩვენ ხომ ნივთებისა სამყაროში ვცხოვრობთ, ჩვენთვის რიტუალი იმდენადაა მნიშვნელოვანი რამდენადაც მსუყედ ხელშესახებია, ჩვენთვის ხომ საბოლოოდ დაიკეტა მიღმური სამყაროების სარკმლები და მივეჯაჭვეთ პლასტმასებს, სილიკონებს, სანტა კლაუსებსა და ათას უსარგებლო ბრჭყვიალებს.

ჰოდა, ამ ჩაკეტილი წრიდან, ლაბირინთიდან გზის გამოსაგნები ძაფის გორგალი საშობაო ისტორიები და ამბებია. და აი, წერილის დასასრულსღა უნდა მოგიყვეთ ერთ წიგნზე, რომელიც წესით თავშივე უნდა მეხსენებინა ჟანრის კანონის მიხედვით. მაგრამ, არა უშავს, იყოს ბოლოს და ამ წიგნით დავასრულოთ ეს საახალწლო ჟრიამულიც. ნორვეგიელი მწერლის მაია ლუნდეს „თოვლის და“ გამომცემლობა პალიტრამ გამოსცა. წიგნი ერთი შეხედვითაც მოგაჯადოებთ, და თუ გადაშლით ხომ საერთოდ, თქვენთან მაშინვე მოიქროლებს ათასწლეულებს მიღმა დარჩენილი ნამდვილი ახალი წლისა და შობის სული. ისეთი ილუსტრაციები აქვს, ისე სასწაულად ლამაზი და დახვეწილი, თან ცოტა სევდიანი, ცოტა ნოსტალგიური, ამაღელვებელი, გამორიცხულია გული მაშინვე არ აგითრთოლდეთ და დასაწყისში ნახსენები მინავლული ნაპერწკალი არ აბრდღვიალდეს! თქვენი გულგრილობა, გადაღლილობა, მოწყენილობა მაშინვე გაქარწყალდება. მთავარია, ეს წიგნი გადაშალოთ! თან თუ ამ ყველაფერს შვილებს ან მოსწავლეებს გაუზიარებთ, ნამდვილი ცეცხლი დატრიალდება! მერე ამბავი როგორია, როგორი ღრმა და სევდიანი, ამავდროულად კი რამხელა იმედის მომცემი, ზუსტად ისეთი, როგორც შობასა და ახალ წელს უხდება.

ეს წიგნი ნამდვილად გააღებს იმ მიგმანულ სარკმლებს, მიღმურ სამყაროსთან რომ ამოვქოლეთ, და ისეთი დიდებული ამბავი გადაიშლება ჩვენ წინ – ნამდვილად კაშკაშა და ჩახჩახა, ამაფორიაქებელი და დამაფიქრებელი. ჩემთან „თოვლის და“ სწორედ მაშინ მოხვდა, როდესაც ყველაზე მეტად იმედი და რწმენა მჭირდებოდა. მოვიდა და თან მოიყოლა მზის სხივები, რაღაც არაამქვეყნიური განცდები მაჩუქა. მოკლედ, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ და წაუკითხოთ ბავშვებს, იქნებ ასე მაინც გადავარჩინოთ ახალი წელი. კიდევ ერთი ძველებური რეცეპტი ნამდვილი ახალი წლისთვის: ვყიდულობთ ციტრუსებს – ლიმონი, ლაიმი, ფორთოხალი, გრეიფრუტი… ფერადებსა და ლამაზებს, ვჭრით რგოლებად. შუქზე რომ გაიხედავთ, სამყარო უნდა შეიღებოს. ჰოდა ამ ჩვენი ციტრუსის რგოლები კარგად უნდა გამოვაშროთ, შემდეგ შევაბათ ლენტები და დავკიდოთ ჩვენს ხეზე, კედლებზე, ჭერზე, მთელი სახლი სურნელებითა და ფერებით აივსება.

დარიჩინიანი ჩაი, ციტრუსის რგოლები, „თოვლის და“. ეს მგონი კარგი დასაწყისი უნდა იყოს ახალი წლის და ახალი ციკლის. თან თუ ჩვენი აივნებიდან ან ეზოებიდან ვარსკვლავები მოჩანს, მაშინ, უფ როგორ გაგვიმართლებს! გახდება 12 საათი, ავხედავთ ცას. ის ერთი ცელქი ვარსკვლავი, რომელიც მუდამ თან დაგვყვება, თვალს ჩაგვიკრავს, ჩაიციმციმებ-ჩაიკისკისებს და ჩამოგძახებს – მრავალ ახალ წელს! შენ საპასუხოდ სურვილებს გაუგზავნი და ეტყვი, რომ მანძილი შენიდან მის სამყარომდე არც ისე გრძელია და სინამდვილეში, ერთი მთლიანობაა მთელი სამყარო, უხილავი ფარდებით გადატიხრული. სინამდვილეში ერთიანია დრო – და წარსული არ არსებობს. ყველაფერი ახლა და აქ ხდება, და ჩვენ მრავალ ალტერნატივად დაშლილი ვაგრძელებთ ცხოვრებას. აი, ამას რომ გავაცნობიერებთ, სამყაროს სუნთქვას რომ შევიგრძნობთ, თვალებს რომ დავხუჭავთ და ჩვენს ენერგიას კოსმოსის ენერგიას შევუერთებთ, მაშინ მართლა დადგება ახალი წელი, ახალი ცხოვრება, ახალი ეპოქა, ახალი დასაწყისი. გილოცავთ!

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი