ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე სასკოლო პროექტების ორგანიზებით

სასკოლო ბაზაზე პროფესიული განვითარების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს სასკოლო პროექტების ორგანიზება. რატომ პროექტები? მასწავლებლების აბსოლუტურ უმრავლესობას გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგი, ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მიღებული აქვთ მონაწილეობა სქემით გათვალისწინებულ აქტივობებში. სკოლების უმრავლესობა ჩართული იყო დაწყებითი განათლებისა და სამოქალაქო განათლების სხვადასხვა პროექტში, რამდენად აისახა ტრენინგის შედეგები რეალურ სასწავლო პროცესზე, დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი. თუმცა სკოლის დონეზე ხარისხის მართვის, აღიარებისა და მხარდაჭერის მექანიზმების არქონის პირობებში, შეუძლებელია არსებითი ცვლილებები მიგვეღო ორგანიზაციულ და სასკოლო კულტურის დონეზე. რეალურად ტრენინგებით, გამოცდებითა და სქემის აქტივობებით/ეროვნულ დონეზე განხორციელებული პროექტების დამსახურებით მასწავლებლების უმრავლესობამ თეორიულ დონეზე გაიგო სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ. მასწავლებლების რაღაც ნაწილმა ის სრულად დანერგა პრაქტიკაში, მეორე ნაწილმა – ნაწილობრივ, მესამემ – მხოლოდ საჩვენებელ გაკვეთილებზე წარუდგინა კოლეგებს. მაინც, როგორ შეგვიძლია შევაფასოთ მასწავლებლების ცოდნა პრაქტიკაში მისი სრულად დანერგვის გარეშე. ეროვნული სასწავლო გეგმა ცოდნის სამ კატეგორიას მოიაზრებს: დეკლარაციულს, პროცედურულსა და პირობისეულს.

„დეკლარაციული ცოდნა სტატიკური ხასიათისაა. იგი გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების ცოდნას და პასუხობს კითხვას: რა ვიცი?

პროცედურული ცოდნა დინამიკურია და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას. პროცედურული ცოდნა პასუხობს კითხვას: როგორ გავაკეთო/როგორ შევასრულო?

პირობისეული ცოდნა დინამიკურია და გულისხმობს პირობების, ანუ არსებითი ნიშან-თვისებების ამოცნობას. იგი უზრუნველყოფს სხვადასხვა კონტექსტში ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას და პასუხობს კითხვას: როდის და/ან რატომ გამოვიყენო ეს ცოდნა?”.

თუ ამავე პრინციპს მასწავლებლებზე და მთლიანად სკოლაზე გავავრცელებთ, ტრენინგებითა და სკოლის გარეთ გამართული აქტივობებით მიღებული ცოდნა ძირითადად დეკლარაციულ და პროცედურულ ხასიათს ატარებს. არსებული კონტექსტიდან გამომდინარე სწორედ ამ ცოდნის განმტკიცების, გამოცდილების გაზიარებისა და სკოლის დონეზე რეალურად პილოტირებისა და დანერგვის მიზნით მნიშვნელოვანია საერთო სასკოლო პროექტების ორგანიზება, სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ხელმძღვანელობით.

რა სახის პროექტები შეგვიძლია განვახორციელოთ სკოლაში პროფესიული განვითარების მიმართულებით: უპირველეს ყოვლისა ასეთი პროექტები სწავლა-სწავლების საკითხებს უნდა ეხებოდეს. დავიწყოთ ყველაზე მარტივით – სკოლის დონეზე რომელიმე სასწავლო მეთოდის ან სწავლა-სწავლების ინსტრუმენტის გამოყენებით. მაგალითად, როგორიცაა გონებრივი იერიშის, საშინაო დავალების სწორად ორგანიზების საკითხები, განმავითარებელი შეფასება, როგორ ვმართოთ რესურსები დისტანციური სწავლების პლატფორმის გამოყენებით. როგორ ჩავაშენოთ რუბრიკები, როგორ გავაგზავნოთ ჩვეულებრივი ან კომპლექსური დავალება სრულყოფილად ამა თუ იმ პლატფორმაზე და ა.შ. სკოლა იწყებს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს დირექცია და მასწავლებლები. დიდ სკოლებში ეს შეიძლება იყოს კათედრა, პატარა სკოლებში – მთლიანი კოლექტივი. სამუშაო ჯგუფის ბირთვს შეიძლება შეადგენდნენ წამყვანი და მენტორი მასწავლებლები (ზოგიერთმა სკოლამ შეიძლება განსხვავებულად გადაწყვიტოს), რომელთა უმრავლესობას სქემის გამოცდილებით პრაქტიკულად ან თეორიულად მაინც აქვს წარმოდგენა სკოლის საჭიროების კვლევაზე (თავის დროზე სკოლის საჭიროების კვლევა უნდა განეხორციელებინა არაუმეტეს 3 მასწავლებელს). დირექტორის ხელმძღვანელობითა და ფასილიტაციით ყალიბდება პროექტი, რომელიც პირობითად შესაძლოა შემდეგი ნაბიჯებისგან შედგებოდეს:

  1. აღნიშნული მეთოდის შესახებ ლიტერატურის ანალიზი (რაზე პასუხისმგებლობაც მასწავლებელთა გარკვეულ ჯგუფს ეკისრება).
  2. სამუშაო შეხვედრის ორგანიზება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს, ერთი მხრივ, ტრენინგებზე და საკუთარი პრაქტიკის დროს მიღებულ გამოცდილებას; მეორეს მხრივ, უკვე ჩატარებული ლიტერატურის ანალიზის შედეგების ურთიერთგაზიარებას და არჩეული მეთოდის სწორად გამოყენების შესახებ საერთო სასკოლო შეთანხმებას. ეს პროექტის განხორციელების ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი უნდა იყოს.
  3. მეთოდის/ინსტრუმენტის პილოტირება, რომელიც მოიცავს ურთიერთდასწრებებს, გაკვეთილებზე ფოკუსირებულ დაკვირვებას; „კრიტიკული მეგობრის“ ჩართვას ამ პროცესში და ა.შ.
  4. პირველადი შედეგების გაანალიზება, ღონისძიებების დაგეგმვა და ა.შ.

შესაძლებელია პროექტი სკოლის ბაზაზე განხორციელებული ტრენინგებით დაიწყოს და ამის შემდეგ სკოლამ კოლექტიურად მოახდინოს სიახლის პილოტირება თავიდან მცირე ჯგუფში, პირველადი რეფლექსიის განხორციელების შემდეგ კი – სკოლის დონეზე. ისიც შესაძლებელია, რომ პროექტი საერთოდ საკვლევ საკითხზე მონაცემებისა და მტკიცებულებების შეგროვებით დაიწყოს. ზოგადად, სასურველია სასკოლო პროექტები არ იყოს მკაცრად სტრუქტურირებული და თავად სკოლამ გადაწყვიტოს საჭიროების შესაბამისად. მთავარია, პროფესიული განვითარების პროექტის განხორციელება მოხდეს დირექტორის აქტიური ჩართულობით, ორგანიზაციის წევრების კოლექტიური რეფლექსიით. მსგავსი მიდგომა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით, ასევე – გაზიარებული ლიდერობის, ორგანიზაციული მთლიანობისა და საერთო სასკოლო კულტურის განვითარების თვალსაზრისითაც. მთავარია, სკოლამ გაბედოს და თავად დაგეგმოს, განახორციელოს, გამოცდილებაზე დაყრდნობით ისწავლოს, სასკოლო კულტურისა და სკოლის საერთო შეთანხმების ნაწილად აქციოს ტრენინგებითა და გამოცდებით დაგროვილი ცოდნა.

დროთა განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან განათლების სფეროში მოქმედი ორგანიზაციების შესაბამისი მხარდაჭერაც იქნება. სკოლებს შეუძლიათ უფრო რთული სახის პროექტები განახორციელონ, როგორიცაა, მაგალითად, ფოკუსირებული თვითშეფასება, რომლიც პროფესიულ განვითარებასთან ერთად ხარისხის მართვის საკითხებსაც მოიცავს.

რა სახის მხარდაჭერა შეუძლია სამინისტროსა და სხვა ორგანიზაციებს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების პროექტების დასახმარებლად:

  • დაინტერესდნენ, აღიარონ და წაახალისონ სკოლების მიერ განხორციელებული მსგავსი პროექტები.
  • განახორციელონ ამ მიმართულებით სკოლების საგრანტო დაფინანსება (მაგ. როგორიც იყო თავის დროზე სასკოლო აქტივობების დაფინანსების ქვეპროგრამა).
  • საექსპერტო მხარდაჭერა გაუწიონ სკოლებს მსგავსი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით: განსაკუთრებით პროექტის განხორციელების ეტაპზე საჭირო საფინანსო და შესყიდვების მიმართულებით (სკოლებს ფინანსური შეცდომების დაშვების შიშით ხშირად უჭირთ გაბედული ნაბიჯების გადადგმა).

პროფესიული განვითარების პროექტების განხორციელებით, მეთოდების/ინსტრუმენტების სკოლაში პილოტირებითა და რეალური დანერგვით გავიგებთ, რა პრაქტიკული სარგებელი მოჰყვება მის დანერგვას კონკრეტული სკოლისთვის, რა სითულეებია დასაძლევი, რა რესურსია ამისთვის საჭირო, თუნდაც დროის თვალსაზრისით. ყველამ ვიცით, მასწავლებლები გარე დაკვირვებისთვის თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ და მაქსიმალურად იყენებდნენ სკოლაში არსებულ ყველა რესურსს გაკვეთილის დაგეგმვისთვის. ამ შემთხვევაში გავიგებთ, რის გაკეთება შეგვიძლია ყოველდღიურობაში საშუალო სტატისტიკურ გაკვეთილზე. აქედან გამომდინარე ნებისმიერი სკოლა უკეთესად დაგეგმავს პრიორიტეტებსა და განვითარების მიმართულებებს.

 

სტატია მომზადებულია კოალიციის „განათლება ყველასთვის – საქართველო“ მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთვარობის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების თვალსაზრისს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი