პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოდი, ზღაპარო და გადაგვარჩინე…

„ძილისპირული – ადამიანი არის ის განწყობა და გარემო, რომლებსაც ქმნის. გემშვიდობებით და ვიძინებ ხეების თანამყოფობით. ჰო, თუ ციყვმა ან ენოტმა შემოისეირნა, მთლად სახალისო გახდება ჩემი ცხოვრება. ბურიანში ხომ რეალური დროის მიღმა აღმოვჩნდი, ზღაპრის მომნუსხველ სინამდვილეში, როცა მგლის ყმუილის თანხლებით ვახშმობ“, – ვწერდი ძილის წინ, ბურიანში მოხვედრილი. აქ ადამიანი ბუნებასთან ჰარმონიაშია. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა: ტყის შუაგული, ყველგან პოეზია და მასპინძლის მორთმეული ზღაპრის მზესუმზირები, გარშემო – დახვეწილი სილამაზე, ბუნებისა თუ ადამიანის ხელით შექმნილი. ყველაზე მეტად კაცი მაშინ ემსგავსება ღმერთს, როცა შემოქმედებას ქმნის. ბურიანული სამყაროც ორი საოცარი ადამიანის, ჟურნალისტების – პოეტ-რობაისტ ელგუჯა მარღიასა და მანანა გეგიძის შექმნილია. აქ თავს სტუმრად როდი გრძნობ – მთლიანად ექსოვები ბუნებრივ თუ ადამიანურ კონტექსტში, გარემოს ნაწილად იქცევი. ამას ემატება მასპინძლების ჩვენს ქვეყანაში უკვე ატავიზმად ქცეული კეთილგანწყობა, რომლითაც მეგზურობას გიწევენ ამ უჩვეულო განზომილებაში.

სვანეთიდან მთების ალპური ზონის ჯადოსნური ყვავილების გვირგვინები წამოვიღე და წლობით ვინახავდი, მიუხედავად იმისა, რომ გახუნდა. ახლაც მაქვს ბურიანული მზესუმზირების „რთვლიდან“ წამოღებული ფერადი (ღვინისფერიცაა) მზესუმზირები. ხმელია, მაგრამ იქაურ ენერგეტიკას ინახავს და გახსენებს ყველაფერს: ღამეული ტყის ფოთლების იდუმალ შრიალს, ნანასავით რომ ჩაგესმის, მეექვსე საუკუნის ეკლესიას, რომლის ტრანსცენდენტურ რკალში უჩვეულო ამბები ხდება და მოულოდნელად გზაზე გადარბენილი ციყვუნიას მუქი წითელი ფაფუკი კუდის ბზინვარებას. და ისევ და ისევ, თითქოს მარად ვბრუნდები ბურიანში…

მათ ჰქვიათ „თორო არტ ბურიანი“. სწორად გაგახსენდათ ჰენრი დევიდ თორო. „როცა ვაგროვებთ ქონებას ჩვენთვის ან შთამომავლობისთვის, ვქმნით ოჯახსა თუ სახელმწიფოს ან სახელის მოხვეჭას ვცდილობთ, ჩვენ მოკვდავები ვართ, მაგრამ როგორც კი ჭეშმარიტებას მივეახლებით, უკვდავნი ვხდებით და აღარც ცვალებადობა გვაშინებს და აღაც უბედური შემთხვევა“, – წერდა ეს დიდი ამერიკელი მწერალი, ნატურალისტი, აბოლიციონისტი, რომელიც იზიარებდა ტრანსცენდენტალიზმის იდეებს და უმხედრდებოდა თანამედროვე ცივილიზაციას. მას სულაც არ ჰქონია ტრადიციული სურვილი – კარიერა აეწყო. ამიტომაც გადავიდა საცხოვრებლად 1845-1847 წლებში უოლდენის აუზის სანაპიროსთან, საკუთარი ხელით ააგო ქოხი და იქვე დასახლდა, მოსწყდა ყველასა და ყველაფერს. ეს ექსპერიმენტული ცხოვრება, როცა ველურ პირობებში მოიპოვებდა საარსებო ლუკმას, მწერალმა შემდგომ თავის ნაწარმოებში „უოლდენი ანუ ცხოვრება ტყეში“ აღწერა. როცა ბურიანის ულამაზეს ტყეში ელგუჯა მარღიას მიერ თოროს შთაგონებით აგებულ ქოხს ნახავთ, რომელშიც საოცარი ინტიმი, წიგნებით სავსე თაროები, კედლებზე – წარწერა-რობაიები და მყუდრო პოეტური გარემო შემოგეგებებათ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით იმ კონცეფციის სიმართლეში, რომლის მიხედვითაც ცივილიზაციისა თუ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის განვითარება არ არის სულიერი სრულყოფის პირდაპირპროპორციული.

ელგუჯა მარღია პირველი და გამორჩეული ქართველი პოეტი-რობაისტია. ეს სალექსო ფორმა ომარ ხაიამის სახელთან ასოცირდება. „როცა დრო ასე ძვირად ფასობს, ოპტიმალურია ასეთი ლაკონიურობა, მაგრამ ამ ვიწრო კალაპოტმა უნდა დაიტიოს აზრის სიღრმეცა და მძაფრი ემოციაც, ყოფიერების ტრაგიზმიცა და მისგან თავდაღწევის გზებიც“, – წერს ლია კარიჭაშვილი და სწორი გზაც აურჩევია პოეტს ამ ტრაგიზმისგან თავის დაღწევისა ბურიანული ბუნების ოაზისში. მისი აქ ცხოვრებაც ფიქრიანია, ესთეტიკური, ბუნებისა თუ აზროვნების სიღრმეებში წვდომისა.

 

„შორს, ჰორიზონტზე, შურდულივით მიჰქრის თოლია,

ზღვამ ჩემი ფიქრი მზის ბილიკით გაიყოლია…

როცა ბუნებას უბრუნდები მისი ნაწილი, –

თურმე ცხოვრებაც რა მსუბუქი და იოლია…“ („სიმსუბუქის რობაი“)

 

ეს სიმსუბუქე არც ისე მარტივია და დიდი შრომითა და თანადგომით მიიღწევა. თუმცა ეს არ გაგიკვირდებათ, როცა ბურიანის დიდი სახლის მშვენიერ დიასახლისს – მანანა გეგიძეს გაიცნობთ, თავისი დახვეწილი გემოვნებით, დიდი კაცთმოყვარეობით და კოლხი ქალის ძირძველი, გასაოცარი ალღოთი ცხოვრებისა თუ ადამიანების მიმართ. იმედითა და პატივისცემით განგაწყობს ამ ბუნებასა თუ ერთმანეთთან ჰარმონიული წყვილის ცხოვრების წესი. ძალიან საინტერესოა მათთან ურთიერთობა, წიგნითა და პოეზიით აღასავსე, და როცა შინ ბრუნდები, გული გწყდება, რომ უკვე ძალიან ახლობელ ადამიანებს გამოეთხოვე, თუმცა განცდაც გაქვს, რომ მათი სახით ყოველთვის დაიგულებ სულიერ თავშესაფარს და ესაა ადგილი, სადაც ყოველთვის სიხარულით მიგიღებენ.

 

ნოემბერში მელოდნენ, მაგრამ მიზეზთა გამო ვერ ჩავედი და ზღაპრის შემოდგომა ვერ ვნახე. თუმცა ზამთარი წინაა. ალბათ ვერაფერი შეედრება ბურიანულ ზამთარს – ბუხრის სიმშიდე და მაგია, „სახლში შემოსული“ მოალერსე ხეები, რომლებზეც ჩიტის ულამაზესი, პაწაწა დათოვლილი სახლები თავ-თავის ამბავს გიყვებიან. თითქოს დრო ჩერდება, თითქოს ღმერთს მიეახლები, ასე წრფელს, ფაქიზსა და საყვარელს. აქ თითქოს ხილულისა და უხილავის ზღვარია. და პოეტის ფიქრები „გადაგედება“:

 

„ვხედავ, ჩემთვისაც მოიცალე, წამი დამითმე

ამ სამყაროში… სიყვარულით გული გამითბე…“

 

მიხარია, რომ სადღაც არის ადგილი, სადაც სითბოთი დაგხვდებიან, სადაც „განისვენებს“ სულიცა და ხორციც წუთისოფლის ორომტრიალისგან.

ზღაპარი მომელის!…

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი