შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

„დრო, დრო აღნიშნე“

ამბები მაჩაბლის #13-დან

დ ღ ი უ რ ე ბ ი

 

04.11.2021

დღეს „ჩემს სახლში“ შემოვედი…. და ეს მართლა ისეთი უცნაური განცდა იყო… არა და, ყველაფერი შემთხვევით მოხდა: ფეისბუქზე ნატო ინგოროყვამ მწერალთა სახლის კონკურსი გააზიარა. ეწერა: კარგი ამბავი, მეგობრებო… ნატო იშვიათად აზიარებს და თუ აზიარებს, ესე იგი, მართლა კარგი ამბავია. ჰო და, გავხსენი… ცოტა დავფიქრდი და მერე იმ დღესვე გადავგზავნე საკონკურსო დოკუმენტები. თემამ გადამაწყვეტინა. მერე კონკურსში გავიმარჯვე და ახლა აქ ვარ…

სარეზიდენციო პროგრამას ჰქვია: „დრო, დრო აღნიშნე…“ და მე უნდა ვიმუშაო სტატიაზე: ქართული ენა და მისი მომავალი“.

 

05.11.2021

წუხანდელმა ღამემ მწერალთა სახლის რეზიდენციაში, დიუმას ოთახში, მშვიდობით ჩაიარა… გვიანობამდე მე, ირმა ტაველიძე და ლექსო დორეული ლიტერატურულ საუბრებს შევყევით… ბარტის მოკლული ავტორი ლექსო დორეულმა არგუმენტირებულად აღადგინა, ხოლო მე შევეცადე, მკვდარი ღირსეულად დამემარხა .

უცნაური შეგრძნებები მქონდა ძილის წინ… ამ სახლში მომხდარიდან, მიხვდებით, პირველი რაც გამახსენდებოდა… ჰო, პაოლოს ამბები… მოულოდნელად მომეჩვენა რაღაც ბიძგები კედლებიდან და მეთქი, აჰააა… მალე იარაღის ხმას გავიგონებ… ამის გაფიქრება იყო და რაღაცამ გაიხრჭიალა… რა მოხდა, თავს ვიმშვიდებ… ძველი შენობაა… ან ვიღაც დერეფანში გამოვიდა… მერე არ ვენდე ჩემს თავს და რაკი არ მეძინებოდა, ფბ ჩავსქროლე და უუუჰ, შვებით ამოვისუნთქე: ის ხრჭიალი, მეგობრებო, მიწისძვრა ყოფილა და არავითარი პაოლოს და სხვათა აჩრდილი… დილით მწერალთა სახლის თანამშრომელი, ჩვენი მეგობარი, ვასო გულეური ყავაზე გვესტუმრა და პირველი წინადადება იყო: – რა ხდება, ცირა, აბა? პაოლოს აჩრდილი გეწვია წუხელ…? #კაირაააავასო #კაირაააა

 

 

06.11.2021

დილიდან ვფიქრობ ილია ჭავჭავაძის ამ ფრაზაზე: “…ჩვენი აზრი ჩვენის ენით აღარ მოძრაობს, ჩვენი გული ჩვენის ენით აღარ თბება“.

რატომ…? რატომ?

მწერალთა სახლიდან სამყარო სხვანაირად ჩანს… მართლა…

 

07.11.2021

ორდღიანი აკლიმატიზაციის შემდეგ დღეს წერა დავიწყე…  ყველა ადგილს სჭირდება ენერგეტიკული მორგება… და დღეს მივიღეთ ერთმანეთი მე და ჩემმა ახალმა სახლმა… სრულად და საბოლოოდ… და მერე ჩნდება ისეთი შეგრძნება, რომ აქ მოგონებებიც კი გაქვს… სადღაც ტვინის რომელიღაც შრეებში დაარქივებული… აქ უბრალოდ ხმა ხარ და წერა ხარ, მიერთებული რაღაც განუზომელ ენერგიას… გრძნობ, რომ ამოიფრქვევი და ეს ყველაფერი მწერალთა სახლში ბინადრობის გამო…

 

08.11.2021

საუკეთესო ადგილი ფიქრისთვის და წერისთვის… დამჯდარი ელემენტი რომ ბოლომდე ივსება, ისე ვგრძნობ თავს… სხვა ადამიანი ხარ… ან საერთოდაც არ ხარ ადამიანი… და სულ დამყვება ენაზე ფიქრი…იმაზე, რაზე საწერადაც აქ ვარ… ისეთი იდეებიც ჩნდება, გარეთ რომ არასდროს დაიბადებოდა… „გარეთ“ წამომცდა,  თუმცა რეალობაა… აქ სულ შიგნით ხარ და ისე აღიქვამ სამყაროს… მწერლის პოზიციიდან გამიმართლა, რომ აქ მოვხვდი და ძალიან მინდა,  მეცნიერებისთვისაც არსებობდეს ასეთი გამოცდილება… ეს სახლი არ არის… ეს სასახლეა… და აქ ვინც შემოდის, მეფეა ან დედოფალი (მეტაფორაა, პირდაპირ არ გაიგოთ)…

ჩემი მეგობარი მწერლები, აგერ, ჩემ გვერდით ოთახებში, სულ ღრუბლის ქულებად მეჩვენებიან – ირმა ტაველიძე, ლექსო დორეული, ალექს ჩიღვინაძე, ნიკა შენგელია…

ნატაშა ლომოური თავისი თანამშრომლებით ნამდვილი ელფები არიან… სულ მგონია, კი არ დადიან, დაფრენენ… მოკლედ, აქ  ფენტეზის ჟანრია…

 

09.11.2021

წუხელ ამეკვიატა და დილითაც ვაგრძელებ ფიქრს…იცით, რაზე? სტუდენტობაში სახელმწიფო არქივში გვქონდა პრაქტიკა და მე მწერალთა კავშირის სხდომათა ოქმები მოვითხოვე. გადმომილაგეს სხვადასხვა წლების. 37 და მასთან ახლოს წლები შევარჩიე… ხომ მქონდა მოლოდინი, მაშინ რა ხდებოდა მწერალთა კავშირში, რომლის სხვენში ახლა ვზივარ და ამას ვწერ… მაგრამ წაკითხულმა მოლოდინს გადააჭარბა… ბევრი მწერალი გააქრო ჩემს ცნობიერებაში. მაგრამ ერთი ფრაზა განსაკუთრებით ჩამრჩა. ცნობილი კრიტიკოსი მწერალთა სხდომაზე ამბობდა (სტენოგრამა სიტყვა-სიტყვით გადმოსცემდა): მიხეილ ჯავახიშვილის ნაწერებს მელანი უნდა გადავასხათო…. მელანიო…გესმით? რა შეიცვალა? ასე დაუნდობლად ვასხამთ მელანს ყველაზე განსაკუთრებულ ადამიანებს ყველგან…

 

10.11.2021

დღეს დავით სარაჯიშვილის დაბადების დღეა… მწერალთა სახლში მისი მუზეუმი გასულ წელს გაიხსნა და დღესაც აღვნიშნავთ…

ახლა მე მწერალთა სახლის, ანუ დავით სარაჯიშვილის სახლის, ბინადარი ვარ სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში. “დრო…დრო აღნიშნეო…” და ეს დღეც ის დღეა, რომ უნდა აღინიშნოს!

გაგახსენებთ ამ დიდი ადამიანის საქმეებს: სარაჯიშვილმა, ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით დააარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა. დავითი მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიას უნიშნავდა. დავითის სტიპენდიატებს  შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები: ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, სოლომონ ჩოლოყაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და მრავალი სხვა. იგი ასევე ეხმარებოდა აკაკი შანიძეს, გერონტი ქიქოძეს, თედო სახოკიას და სხვა ცნობილ წარმატებულ ქართველებს.

სადა ხართ, ქართველო ქველმოქმედო ბიზნესმენებო? გამოდით!

&

სანამ მე ენათა ციფრულ მომავალზე ვფიქრობდი და ვწერდი, გარეთ ისე გაწვიმებულა, არც გამიგია… სარკმლიდან რომ ქართლის დედას გავხედე, მაშინ აღმოვაჩინე… და არის ამ წვიმიანი შემოდგომის საღამოში რაღაც უცხო… უფრო მეტი, ვიდრე შემოდგომა. საერთოდაც, უფრო მეტი ვართ, ვიდრე ფიზიკურ სხეულში გამომწყვდეული ჰორმონები, მთავარია, იგრძნოთ… შენც უფრო მეტი ხარ…. ეს ქალაქიც უფრო მეტია, ეს ქვეყანაც და ეს პლანეტაც… კოსმოსის მოქალაქეებო, ძილი ნებისა ❤

 

11.11.2021

უკვე ერთი კვირაა მწერალთა სახლის ბინადარი ვარ  სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში. ისეთი შეგრძნება მაქვს,  ქალაქში რომ სხვა ქალაქს აღმოაჩენ და სახლში – სხვა სახლს… მწერლისთვის ხომ გეოგრაფია ყოველთვის დაუსაზღვრავია ისევე, როგორც სიტყვა. ირღვევა საზღვრები ამ სახლიდან და სხვა პორტალში აღმოჩენილი ყველაფერს განსხვავებულად აღვიქვამ და განვიცდი. ენაზე წერაც ამ კედლებში – სულ სხვა გამოცდილებაა.

უნდა გამოგიტყდეთ, რომ ის, რისი აღნიშვნაც სულ მავიწყდება, დროა. მაგალითად, ლექსებს იშვიათად ვაწერ თარიღს, ვფიქრობ, რა მნიშვნელობა აქვს ამას…? თან სულ მგონია, რომ დრო, რომელშიც შემოქმედი ქმნის, მარადი დროა, უდროო დრო. და რა უცნაურია, რომ აღმოვჩნდი პროექტში, რომელსაც ჰქვია: „დრო, დრო აღნიშნე“. იმდენი ვიფიქრე ამ ფრაზაზე, რომ ჩემთვის პასუხიც ვიპოვე: აღნიშვნა – დროისა და მარადისობის გადაკვეთაა… ამიტომ ყოველთვის უნდა აღნიშნო! თუმცა ერთი პატარა პრობლემაა: ამ სასახლეში, სადაც ვცხოვრობ, იმდენი დროა… აღარ ვიცი, რომელს აღვნიშნავ J

ახლა ეს ფრაზა ყველგან მესმის: როცა ვწერ, როცა სარკმლიდან პეიზაჟებს ვაკვირდები, როცა კიბეზე ავდივარ-ჩავდივარ, როცა ყავას ვსვამ. ისედაც დრო ჩემი საყვარელი კატეგორიაა, რომელზეც რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვიკარგები და ახლა – მით უფრო. როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ უნდა გაუგო იმას, რაც/ვინც გიყვარს.

ბორხესი „ლაბირინთებში“ დროს ასე ხსნის: „დრო არის სუბსტანცია, რომლისგანაც მე ვარ შექმნილი, დრო მდინარეა, რომელმაც წამიღო, მაგრამ ეს მდინარე მე ვარ, დრო ცეცხლია, რომელიც მწვავს, მაგრამ ეს ცეცხლი – მე ვარ….” მოკლედ, დრო ყველა სტიქიაა და თან ყველა სტიქია შენ ხარ… აი, ასეთი გასაგებია დრო….

წუხელ ქარი იყო… დიდხანს არ დამეძინა… მერე ჩემს ლამაზ სარკმელთან მივედი და სავარძელში მოვკალათდი… ისევ ჩამერთო:  „დრო, დრო აღნიშნე…“ და დაიწყო შინაგანი დიალოგი; ესეც ფრაგმენტები ამ დიალოგიდან:

* * *

მე შემოვედი ამ სახლში, რომ „დრო, დრო აღვნიშნო“,

ყველა ნაბიჯი დროს მახსენებს

და კიბის ყველა საფეხურზე

მხვდება წარწერა: საით მიდიხარ…?

ჯერ დრო აღნიშნე!

* * *

შენ ვისი დრო ხარ, ამ სარკესთან ვის დაეკარგე?

ნება იბოძოს და გიპოვოს,

გადაგინახავ…

გარეთ ქარია… ღმერთო ჩემო, ქარის დრო იყო?

რა უდროოდ იცის ხოლმე შემოხეტება….

მაჩაბლის 13-ს მოაყარა ფოთოლთა გუნდი….

 

* * *

ნუ გაუშვებ ამ დროს ხელიდან,

ხელიდან წავა…

შეჩერდი, წამო… შეჩერდი, წამო…

არა მარტო მშვენიერი ხარ…

თუ შევჩერდები, როგორ წამოვალ?

წამო…. წამო…. წამო, წავიდეთ …

მდინარეს გავყვეთ სამოგზაუროდ,

დროს ნუ დავკარგავთ!

11/11/2021 04:57 – დრო აღვნიშნე

 

 

12.11.2021

* * *

სულ ტყუილია, რომ ამბობენ:

დროს ვერაფრით ვერ დააბრუნებ!

ბოლოს როდის სცადე დროის დაბრუნება?

არ გეყო ნება დაბრუ… ნების?

იქნებ გგონია, რომ მართლა მიდის?

იქნებ გგონია, შენ ცხოვრობს დროში?

სულაც პირიქით:

შენა ხარ ყველა დროის შემკრები…

დრო გეკარგება?

დროს ვერ პოულობ?

ადექი და აღნიშნე ხოლმე…

„დრო… დრო აღნიშნე“,

თუ გინდა, რომ არ დაგეკარგოს…

თუ გინდა, რომ გამოიძახო,

შენი ტვინის საძიებოში

შეიყვანე დროის სახელი

და ყველა დრო შენთან გაჩნდება,

მთავარია, გაიხსენო:

ვისი სული გსურს?

 

12.11.2021 03:23

გაგრძელება იქნება….

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი