ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გზაზე და გზის მიღმა

„უდიდესი მადლობა ბიტ თაობის დაუფასებელ ქალთა მთელ კრებულს.”
ალენ გინსბერგი
მაგიდაზე ნახევრად დაშლილი წიგნი მიდევს. როგორც წესი, წიგნებს ყველა სხვა ნივთზე მეტად ვუფრთხილდები, თუმცა ბრენდა ნაითის „ბიტ თაობის ქალებმა” იმდენი გზა გაიარა ჩემთან ერთად, იმდენჯერ წამიკითხავს ცალკეული თავები და ნაწყვეტები, იმდენჯერ ვცადე, ნაწილ-ნაწილ მეთარგმნა, ახლა უკვე ფურცლებად დაშლილი ისტორიები მაქვს ხელთ, ისტორიები, რომელთა გმირებმაც მთელი მსოფლიო თუ არა, მისი ნაწილი მაინც შეცვალეს.


ალბათ არაფერია უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე იმის ცოდნა, რომ გაუკვალავ გზაზე დგახარ, გზაზე, რომელიც რთულია და საინტერესო, მაგრამ ბოლომდე თვითონაც არ იცი, საით მიდის. ასეთ დროს შეცდომებიც გეპატიება, გადაცდომებიც და  ყოველდღიური პასუხისმგებლობებისგან გაქცევაც, ყოველ შემთხვევაში, ოჯახის წევრები და თანამედროვეები თუ ვერ გაპატიებენ, მომავალი და ისტორია აუცილებლად თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს.

„ბიტნიკების” სახელები დღეს ბევრმა იცის, უფრო სწორად, ბევრმა იცის „ბიტნიკი” მამაკაცების სახელები, რადგან როგორც ენ უოლდმენი წერს, „ბიტ” თაობის წილი დიდება მამაკაცებს ერგოთ. არადა, მათ გვერდით, გნებავთ, მათ უკან, ნიჭიერი, გამბედავი და გამორჩეული ქალების მთელი გუნდი იდგა, შეყვარებულები, ცოლები, მეგობრები, მუზები, თავადაც უნიჭიერესი პოეტები, მწერლები და მხატვრები, რომლებიც მამაკაცებთან ერთად ქმნიდნენ „ბიტ” ლეგენდას, ზოგჯერ გზაზე, მოვლენების ეპიცენტრში, ზოგჯერ გზის მიღმა.

ჰელენ ადამი, მერი ფაბილი, დაიან დი პრიმა, ჯოის ჯონსონი, ჯენინ პომი ვეგა, დენის ლევერტოვი, ლენორ კენდელი, ბრენდა ფრეიზერი, ელის კოუენი, კეროლაინ კესიდი, ჰეტი ჯონსი, ჯოან ბრაუნი _ ეს „დროულად მომხდარი ერთადერთი რევოლუციის” მონაწილე ქალების არასრული ჩამონათვალია. მათი უმეტესობა თავის დროზე კადრს მიღმა დარჩა. ბევრი მათგანის ნაწარმოებები მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებამდე არც კი დაბეჭდილა, ზოგიერთს გამოქვეყნებული ლექსებისთვის სასჯელიც კი ერგო.

„ბიტ თაობა კონტრკულტურული მოვლენა იყო, თვითკმაყოფილი საზოგადოებისთვის სახეში შესხმული წყალი, რომელმაც ამერიკაში რამდენიმე ადგილას ამოხეთქა, განსაკუთრებით ნიუ იორკსა და სან ფრანცისკოში. ბიტ თაობის უამრავმა წარმომადგენელმა მასმედიის ყურადღება ვერ მიიქცია” _ წერს ბრენდა ნაითი თავის წიგნში. 

დღეს ჩვენ თავისუფლად წერის უფლება გვაქვს, არც მამაკაცების სახელებს ვეფარებით და არც მათი დიდების ჩრდილს, ავად თუ კარგად, თავის დამკვიდრებას ვახერხებთ და ალბათ არც ისე ხშირად გვახსენდებიან ქალები, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის წინ ცხოვრობდნენ, მათი ცხოვრება კი იყო აჯანყება საზოგადოებრივი ჩარჩოების, შეზღუდული სიყვარულის, ცრუ თავისუფლების წინააღმდეგ.

დიახ, არ ვიცით, ან არ გვახსენდება დაიან დი პრიმა, რომელიც ადამიანებს აპურებდა და მათი უფლებებისთვის იბრძოდა, მონაწილეობდა პოეტურ წარმოდგენებში, კითხულობდა ლექსებს ბარებში, ქუჩებში, საცეკვაო დარბაზებში, გალერეებში და მაღაზიების შესასვლელებთან და პოეზიის პოპულარიზაციისთვის, თავად გამოსცემდა პერიოდულ პრესას.

ელის კოუენი, რომელმაც ჩაკეტილი ფანჯრიდან გადახტომით დაასრულა სიცოცხლე და გარდა იმისა, რომ ალენ გინზბერგის „კადიში” დაბეჭდა საბეჭდ მანქანაზე, თავადაც შესანიშნავი, წლების მანძილზე გამოუქვეყნებელი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. 


ჯოის ჯონსონი, განებივრებული, ერთადერთი შვილი, რომელმაც საკუთარი ნებით განაცხადა უარი მშვიდ ცხოვრებასა და ერთი შეხედვით, გარანტირებულ მომავალს ამბოხის გზაზე სიარული ამჯობინა.

დენის ლევერტოვი, რომელმაც ერთხელ თქვა: „მოერიდეთ ორიგინალურობისაკენ მიზანდასახულ სწრაფვას, რადგან სხვა ვერაფერი მიგიყვანთ ასე სწრაფად ბანალურობამდე”.

ლენორ კენდელი, რომლის ლექსებმაც საზოგადოება გააოგნა და არა მარტო ლიტერატურული წრეების ყურადღება, არამედ სამართალდამცავების რისხვაც დაიმსახურა.

და ბევრი სხვა, რომელთა შორისაც, შესაძლოა, ისეთ სახელებს და გვარებსაც წააწყდეთ, რომ არ ელოდებით.  

სტივენ სკობი 1994 წელს გამართულ ერთერთ შეხვედრას, რომელიც ალენ გინზბერგს ეძღვნებოდა, ასე იხსენებს: „აუდიტორიიდან შეკითხვა მსმენელმა ქალმა დასვა: „რატომ ვახსენებთ ქალებს ასე იშვიათად? რატომ უჭირავთ ქალებს კვირეულის პროგრამაში მცირე ადგილი? რატომ არ იყვნენ ქალები „ბიტ” თაობის მწერლებს შორის?” სრულიად მოულოდნელად, გრეგორი კორსო დასერიოზულდა , ნაბიჯი წინ გადადგა და თქვა: „ როგორ არა, იყვნენ „ბიტ” თაობაში ქალები, მე მათ ვიცნობდი. ისინი ოჯახის წევრებმა ფსიქიატრიულ კლინიკებში გამოამწყვდიეს და ელექტროშოკის ქვეშ აცხოვრეს. ორმოცდაათიან წლებში მამაკაცს შეეძლო, ყოფილიყო მეამბოხე, ქალებს კი სახლში გამოკეტვა ემუქრებოდათ. დიახ, „ბიტ” თაობაში მწერალი ქალებიც იყვნენ, მე მათ ვიცნობდი და დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ვინმე მათ შესახებ დაწერს.”

დამავიწყდა თავიდანვე მეთქვა: ბრენდა ნაითის წიგნთან ერთად მაგიდაზე მეგობრის არაჩვეულებრივი საჩუქარი _ ლენორ კენდელის ლექსებიც მიდევს. ვიცი, ზნეობის და საზოგადოებრივი ნორმების არგუმენტად მოშველიება დღესაც მოდურია, მაგრამ მე მიყვარს ლენორ კენდელის დევნილი წიგნი. ის ჩემთვის ამბოხისა და გამარჯვების, ქალად ყოფნის დაძლეული შიშის სიმბოლოა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი