პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩვენი კარგი გაბრიელი

„მშვიდობით, ქალავ, დე არხვატს დარჩეს

ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი! – ეს ჩვენი კარგი გაბრიელისაა, ჯაბუშანურის“, – ასეთ რამეს ვკითხულობთ ლადო ასათიანის ჩანაწერებში. რამდენი სითბო იღვრება ამ ერთი პატარა, ინფორმაციული წინადადებიდან. მათ, მთელ იმ ლეგენდარულ თაობას, სწორედ ასეთი სიყვარული აკავშირებდა ერთმანეთთან. გაბრიელ ჯაბუშანური თაობის გამორჩეული პოეტი იყო. იმ თაობის ყველა საუკეთესო პოეტი პროვინციიდან გახლდათ ჩამოსული. ყველა მათგანი, რამდენადაც შესაძლებელი იყო, შეეთვისა დედაქალაქს, გაბრიელ ჯაბუშანურს კი ყველაზე მეტად გაუჭირდა ურბანულ გარემოსთან შეგუება, ის მთის და თავისუფლების კაცი იყო და მუდამ იქით გაქცევისკენ ეჭირა თვალი:
„აი, ეს შენა

და ეს მე,

ჩემი გუმანის ბარგითა:

– გაბრიელ, ქალაქს დაეხსენ,

ვერ შაეწყობი,

არ გინდა!

ფიქრობ:

ბარს თავზე დაესხე,

ჩონგურ შასცვალო ჩანგითა?”.

 

ეს პათოსი ლაიტმოტივად გასდევს მთელ მის პოეზიას. კაცობრიობისა და, განსაკუთრებით, ჩვენს ცნობიერებაში, ისტორიული ემპირიით შეძენილი, მთის და ბარის ანტითეზურობის ხატი მასთან მთელი სისავსით ვლინდება – მთა, ლანდშაფტური სირთულიდან გამომდინარე, როგორც მიუდგომლობის, დაუპყრობლობის და თავისუფლების სიმბოლო, და ბარი, როგორც მორჩილების და ქედის მოხრის სიმბოლო. ბარი ჯაბუშანურისთვის ერთგვარ ცინიკურ დამოკიდებულებასაც იმსახურებს, გავიხსენოთ პატარა ლირიკული შედევრი „მზეწვია“:

 

„იქ მთაწმინდაზე ერთი მზეწვია

ყოველ გაზაფხულს ვაჟას ჩასძახის, –

ადექი, ლუკა, მწვანე გვეწვია,

მთაშიც ხასხასებს ნაზად ბალახი!
არაგვმა უკვე ლახტი აიღო,

თეთრ მთასაც თოვლი ახუნდებაო,

და დაგიბარეს: – კაცო, რა იყო

ამდენ ხანს ბარში დაყუდებაო“.

 

ამ ლექსის ფინალით ყველაფერი ნათქვამია, ბარი არის ადგილი, სადაც მთის კაცი დიდხანს არ უნდა „დაეყუდოს“. თვითონაც ხომ ასე იყო, არცთუ ხანგრძლივი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მთაში გაატარა, მაგრამ, საბოლოოდ, ბედის ირონიით, სწორედ ბარში გარდაიცვალა, მისი პოეტური ნატურისთვის შეუფერებლად (გავიხსენოთ მურმან ლებანიძე: „რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!“).

 

ბარიდან გაქცევის დაუოკებელი სურვილი ესკაპისტური კაპრიზი არ ყოფილა, ის მთაში ჩვეულებრივი გლეხკაცის მძიმე ცხოვრებით ცხოვრობდა, გამოცადა უმძიმესი პირადი ტრაგედიები, ეს ყველაფერი, ცხადია, მის პოეზიაშიც კონვერტირდა. მთაში  მცხოვრები კაცის ცხოვრების, ერთი შეხედვით, პრიმიტიული წესი ბარიდან მაცქერალისთვის, ხშირ შემთხვევაში, სამარცხვინო დასკვნების გაკეთების მოტივი ხდება. თავის დროზე ვაჟა-ფშაველა უბირი და უწიგნური ეგონათ თეთრსაყელოიან, დაბანილ და დავარცხნილ ქალაქელ იდიოტებს. არც ჯაბუშანური იყო მხოლოდ ნიჭს მინდობილი სახალხო მთქმელი, ის ბევრს კითხულობდა მხატვრულ თუ ფილოსოფიურ ლიტერატურას, კარგად იცნობდა და თარგმნიდა უცხოელ პოეტებს… მისი პოეზია მთის და ბარის პოეტური გამოცდილებების სრულიად გააზრებული შეჯვარებაა:

 

  1. მთის კილო, ხალხური პოეზიის ენა და მეტაფორიკა, დაბალი შაირი;

 

  1. სალიტერატურო ენა, ქართულ პოეზიაში არცთუ დიდი ხნით ადრე შემოტანილი თუ არსებული გამომსახველობითი საშუალებები.

 

ასე მარტივად, ორ ნაწილად, შეიძლება, დავყოთ გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია, სხვა ყველაფერი – თემატური თუ ფორმალისტური მისწრაფებები – ამ დიქოტომიის განშტოებებია. შეუძლებელია, გაუაზრებელი ქმედება იყოს მისი ზოგიერთი პროსოდიული ძიება, პოლიმეტრიით დაინტერესება, მუშაობა რითმის შესაძლებლობების გასაფართოებლად, მისი ბგერწერული და ალიტერაციული პასაჟები…

 

„ჩემს ლექსებსა, პოემებსა და ბალადებში ცხოვრებისეულ სინამდვილეს ფანტაზია და წარმოსახვა სჭარბობს ყოველთვის, – ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს ქმნილებანი გაივლიან პოეტურ ჯოჯოხეთსა და განსაწმენდელს, მე მათში ასახული ამბები უეჭველ, ნამდვილად მომხდარ ცხოვრებისეულ ფაქტებად მეჩვენებიან“, – ასეთ რამეს ვკითხულობთ მის ჩანაწერებში. დიდი გვატემალელი მწერლის, მიგელ ანხელ ასტურიასის ერთი ინტერვიუ მახსენდება, სადაც ის ამბობს, რომ ნამდვილი ლიტერატურა იწყება მაშინ, როცა ტექსტი ავტორზე იწყებს ზემოქმედებას. პროზაზე ნათქვამი ეს ჭეშმარიტება შეიძლება, პოეზიაზეც განვავრცოთ. რასთან გვაქვს საქმე, თუ არა – ტექსტის პრევალირებასთან, როცა ავტორი მის მიერვე შექმნილი,  ფიქციური სამყაროს ნამდვილობას იჯერებს?! ეს არის სწორედ ჭეშმარიტი  ლიტერატურა, ეს არის მხატვრული სიმართლე. სწორედ ამიტომ მიმართავს ჯაბუშანური მკითხველს ერთ ლექსში ასე:

 

„თუმც მგოსანს ხშირად მხუთავს ნიღაბი,

ვწერ ჩემს წვასა თუ სხვათა ნავროზზე,

მაგრამ სიკვდილზე უფრო სიყალბის

მე მეშინია შენს სამსჯავროზე“.

 

ეს უბრალოდ გარითმული სიტყვები არ არის, ესაა ჯაბუშანურის შემოქმედების მთავარი იმანენტური შტრიხი, სწორედ ამ სიმართლის გამოა მისი პოეზია დღემდე ცოცხალი, ამ სიმართლეს იმხელა ზემოქმედების უნარი აქვს, რომ არ გაძლევს საშუალებას, მინუსად ჩაუთვალო ავტორს გაცვეთილი პოეტიზმები, პოეტური კლიშეები, აქა-იქ გაპარული ხელოვნური მეტაფორები, ზოგან სათქმელის ზედმეტი პოეტიზაცია…

 

ჯაბუშანური კლასიკური გაგებით დისიდენტი პოეტი არასოდეს ყოფილა, მოგვიანებით დაწერილ „ინვექტივა-მონუმენტს“ თუ არ ჩავთვლით, ადრეულ წლებში ანტისაბჭოთა არაფერი დაუწერია, მაგრამ ის, თავისუფლების დაუოკებელი სიყვარულის გამო, პიროვნული და შემოქმედებითი ინდივიდუალიზმის მაღალი ხარისხის გამო, ვერაფრის დიდებით ვერ მოთავსდებოდა მაშინდელ ლიტერატურულ თუ პოლიტიკურ კონიუნქტურაში. მას რომ 37 წელს საკმარისი ლიტერატურული კაპიტალი ჰქონოდა დაგროვებული, საკმარისად ცნობილი რომ ყოფილიყო, ეჭვი მაქვს, რეპრესიებს ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა. სწორედ ამიტომ გახდა იგი ერთგვარი იკონური პერსონა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერებისთვის და, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიასთვის…

 

„თქვენ თუ გსმენიათ სახელი „მზექალ“,

ვინც ჯერ აღმაზო და მერე მომსრა,

თავზე რომ მეხი გადამეჭექა…“.

 

მიმართავს ჯაბუშანური, ერთგან, მარიობისთვის ყვავილებს. ადრესატებად მკითხველები რომ ვიგულისხმოთ, მე არ მგონია, იყოს ჩვენში პოეზიის მოყვარული, რომელსაც ჯაბუშანურის მითოლოგიზებულ სიყვარულზე და ლეგენდარულ მუზაზე არ სმენოდეს რამე. მზექალი ქართული სატრფიალო ლირიკის ზოგად სახე-ხატად იქცა, ასეთი საყოველთაოდ ცნობადი სახე-ხატები ქართულ პოეზიას ძალიან ცოტა ჰყავს.

 

გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზიას ავანგარდულს ვერ ვუწოდებთ, თუმცა, მისი ლექსები ყოველთვის უყვარდათ ახალგაზრდებს, სიცოცხლის ბოლოსაც, ლოგინად ჩავარდნილს, ხშირად ნახულობდნენ ახალგაზრდები. მისი პოეზია დღესაც უყვართ სწორედ იმ შინაგანი თავისუფლების გამო, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. მისი პოეზიის ლირიკული ვექტორი ჩვენკენ და, ჩვენი გავლით, მომავალი თაობებისკენ არის მომართული და მიმართული.

 

ამ ათიოდე წლის წინ ჩემმა ძმაკაცმა ახმეტელის თეატრში გაბრიელ ჯაბუშანურის ხსოვნის საღამო გამართა. მე არ მეგულება თანამედროვე, თუნდაც ფეისბუქზე ბევრი ლაიქის მომგროვებელი პოეტი, რომლის საღამოზეც იმდენი ხალხი მოვა, რამდენიც ჯაბუშანურის საღამოზე იყო.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი