შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ყველაზე საშიში ცხოველი

ადრე ქურდებს ხელებს აჭრიდნენ. სწორედ იმ მარჯვენას, რომლითაც დანაშაულს ჩაიდენდნენ. დღეს, რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელია. ევროპის კონვენციით ადამიანის უფლებების დაცვით. ადამიანის უფლებას, მართლაც რომ  დაცვა სჭირდება. თუმცა, ქურდი და ადამიანობა?  ქურდი ყველაზე დაუნდობელი ცხოველია.

 

ამერიკის ერთ-ერთ  შტატში (ბავშვობაში, ერთ გადაცემაში მოვისმინე, სამწუხაროდ, სახელი აღარ მახსოვს) ყველაზე საშიში ცხოველების მუზეუმი ყოფილა. თუმცა, როგორც კი შედიხარ, ამ საშიშ ცხოველებს შორის ყველაზე დაუნდობელი გეგებება და შემოგცქერის. დიახ, შესვლისთანავე საარკეებიან დარბაზში ხვდები და საკუთარ თავს ხედავ, ადამიანს – რომელიც ყველაზე საშიში ცხოველია!

 

თუმცა, ეს ყველა ადამიანს არ ეხება. ცხოველებში შედის მკვლელიც, ყაჩაღი, ქვრივ-ობლის ამწიოკებელიც, თაღლითიც და გაიძვერაც. მოკლედ, ყველა ეს არსება ცხოველთა რაღაც ჯგუფს აყალიბებს და დიახ, ის ხელი ძირში უნდა წააცალო, რომლითაც შენი ან შენი მშობლების მიერ წლებით ნაგროვებ-შეძენილ ნივთებს ერთ წამში გაგინიავ-გაგინადგურებს და ნირწამხდარს დაგტოვებს. თან ისიც მერიდება, ცხოველებს რომ ვადარებ, რადგან ჩემი ფისო „კატუშა დეიდაც“ და მეზობლის ამუნია „ტასასოც“ ცხოველები არიან და ეგენიც? ცხოველების შეურაცხყოფაა ასეთი შედარება.

 

სხვა კატეგორიის მოქურდო სუბიექტებიც არსებობენ, თუმცა მათ ამ წერილში არ შევეხები. ესენი ძირითადად, სხვის ლექსებს, სტრიქონებსა და იდეებს იპარავენ. თანამედროვე დროებამ მათ უკვე დაარქვა შესაფერისი სახელი – პლაგიატი.

 

აი ქვრივ-ობოლს, მოხუცს ან სულაც ახალგაზრდა და წესიერ ადამიანს ვინც სახლს დაუწიოკებს, ვაჟა-ფშაველამ ასეთ არსებას ყველაზე კარგი სახელი მოუძებნა და პირდაპირ მუტრუკი დაარქვა:

 

„მუტრუკი მიტომ მუტროკობს

დედა ყოლია ვირიო,

კაცი ბეჩავის მჩაგრავი,

სად გაგონილა გმირიო..!“.

 

მუტრუკების არეულ საქმეში კრიმინალური პოლიცია ერთვება. დაზარალებულიც იმედით შეჰყურებს მის დაწიოკებულ სახლში ნიმუშის აღებას და გულში ფიქრობს, იქნებ… იქნებ…

 

ჰოდა, დღეს სწორედ იმ ქიმიაზე მინდა დავწერო, კრიმინალისტიკას რომ ეხმარება და გვერდში უდგას საქმის გამოძიებაში.

 

შორეულ დროს, საუკუნეების მიღმა ბაცაცობის ერთ-ერთი ხერხი ოქროს ნაცვლად ვერცხლით შემოჩეჩება ყოფილა. ან იმავე სპილენძის სულფატის ნაცვლად თაღლით გამყიდველს შესაძლოა რკინის სულფატი მიესაღებინა გულუბრყვილო მყიდველისთვის. ეს ეტყობა საკმაოდ ხშირად ხდებოდა, რადგან ბევრ წყაროშია აღწერილი ამ ორი მარილის განსხვავების მეთოდი. მაგ. ჰალის კაკლის (იგივე რკოა) ნახარშში დასველებული პაპირუსის ქაღალდს თუ რკინის სულფატის ხსნარში ჩაუშვებდნენ, ქაღალდი შავ შეფერილობას იღებდა.

 

სხვათა შორის, სწორედ ადრეული პერიოდის მუტრუკების, იმავე ქურდებისა და თაღლითების დამსახურებაა ანალიზური ქიმიის განვითარება. რადგან, გამოძიება მის მეთოდებს აქტიურად იყენებდა. „ცრუ ჯაბირის“ მიერ აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას აღმოჩენამ კი ამ მეთოდებს ფართო გასაქანი მისცა, რათა აღმომჩენი რეაქციებით დანაშაულის ადგილას არსებული რაიმე უცნობი ნივთიერება აღმოეჩინათ.

 

მნიშვნელოვანი მეთოდია დაქტილოსკოპია, იგივე თითის ანაბეჭდების აღება. ეს მეთოდი განსაკუთრებით აქტიურად 1892 წლიდან გამოიყენება, მას შემდეგ, რაც ინგლისში ფრენსის ჰალტონის წიგნი „თითის ანაბეჭდები“ გამოიცა, სადაც დადასტურებული იყო, რომ ადამიანის თითის ანაბეჭდი სიცოცხლის განმავლობაში არასდროს იცვლება.

 

მანამდე, 1685 წელს დანიელმა ანატომიის სპეციალისტმა, ბიდლომ  თავის წიგნში აღწერა ადამიანის თითის ანაბეჭდის უნიკალურობა.

 

სხვათა შორის, ამ საკითხს ერთი წერილი ადრე მივუძღვენი დატოვებული ანაბეჭდები. შემდეგ, ესეც არ ვიკმარე და ვიდეო ჩანახატიც გავაკეთე

 

ფარული ანაბეჭდი მინაზე, მეტალისა  და სხვა პრიალა ზედაპირზე შეიძლება გამოვლინდეს  მათზე მკვეთრი ფერის მქონე წმინდა ფხვნილის მობნევით. თუმცა ფარული ანაბეჭდი ქაღალდზე და მსგავს მასალაზე ამავე მეთოდით ძნელად ან საერთოდ ვერ გამჟღავნდება.

 

ფხვნილების გამოყენება 1960 წელს დაიწყეს. მას სპეციალური აპლიკატორის წვერით იღებენ და მოაფრქვევენ. აპლიკატორით დატანებულ ფხვნილს, ე.წ., მაგნიტურ ფხვნილებს უწოდებენ, რადგან აპლიკატორის წვერში მაგნიტური ველის შემქმნელი დეტალია მოთავსებული.

 

სხვა საქმეა, ე.წ., „სუნის ნიმუშის“ აღება და შენახვა. ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის ნახშირის მოლეკულებს იყენებენ. ნახშირზეც არის სტატია გამოქვეყნებული ვარ მადლობელი.

 

რა არის სუნი? ზოგ ნივთიერებას სუნი აქვს, ზოგს კი – არა. მაგალითად, რკინა უსუნოა, იოდს კი თავისი აქროლადობის გამო გამოკვეთილი სუნი ახასიათებს. ჩვენი ცხვირი სხვადასხვა მოლეკულას „იჭერს” და სუნს ვგრძნობთ. ცხვირში 50 მილიონი სპეციალური უჯრედია განთავსებული, რომლებიც მოლეკულებს „იჭერენ” და თავის ტვინში ამა თუ იმ სუნის აღქმის შესახებ სიგნალი იგზავნება. ჩვეულებრივი ადამიანის ცხვირი დაახლოებით 10 ათას სუნს არჩევს, დეგუსტატორისა – 30 ათასს. ცხვირში მოლეკულა იმ რეცეპტორს უკავშირდება, რომელსაც მისი მსგავსი ფორმა აქვს. ეს ჯერ კიდევ ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა ლუკრეციუსმა ივარაუდა და თანამედროვე მეცნიერებმა დაადასტურეს.

 

ყნოსვის ცენტრი თავის ტვინის ლიმბურ სისტემას უკავშირდება, რომელსაც ემოციების მართვის ცენტრსაც უწოდებენ, ამიტომ სურნელმა შესაძლოა სხვადასხვა ემოცია აღგვიძრას და მოგონებები აგვიშალოს.

 

სუნის მქონე მოლეკულებს ოდოროვექტორებს, ოდოროფორებს ან ოსმოფორებს უწოდებენ. ოსმოფორი აქროლადი უნდა იყოს, სხვაგვარად ცხვირამდე უბრალოდ ვერ მიაღწევს. გარდა ამისა, ოდნავ მაინც უნდა იყოს წყალში ხსნადი, თორემ ცხვირის ლორწოვანში ვერ გაიხსნება. ლორწო, თავის მხრივ, ცილებისა და ნახშირწყლების წყალხსნარია, რომელსაც ცხვირის ეპითელიუმი გამოყოფს და რომელიც ნერვულ დაბოლოებებს ფარავს. თუმცა ლორწოს ორგანულ მოლეკულებს შესწევთ უნარი, გაუხსნელი მოლეკულები რეცეპტორებამდე მიიტანონ. ოსმოფორს უნდა შეეძლოს ლორწოს ცილის მოლეკულასთან ურთიერთქმედება და ნერვული რეცეპტორიდან თავის ტვინამდე სიგნალის გადაცემის პროვოცირება. ამ შემთხვევაშიც (ფერმენტებისა და სუბსტრატისა არ იყოს) „გასაღები-კლიტის” პრინციპი მოქმედებს, ანუ განსაზღვრულ ცილას მხოლოდ განსაზღვრული ფორმის ოსმოფორი შეიძლება დაუკავშირდეს. მკვეთრ და უსიამოვნო სუნებს, მათი მოლეკულები ოდნავ განსხვავებული ტიპის უჯრედებს უკავშირდებიან.

 

ნივთიერების სუნი მისივე მოლეკულის აღნაგობას უკავშირდება. მაგ. ზოგიერთ ესტერს ხილისა და ყვავილების სასიამოვნო არომატი აქვს. SH ჯგუფის შემცველ მერკაპტანებს, კი პირიქით – ცუდი. ამინებს, რომლებიც NH ჯგუფს შეიცავენ, ასევე სპეციფიკური თევზის სუნი ახასიათებს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ სუნი მოლეკულაში არსებულ ფუნქციონალურ ჯგუფებს უკავშირდება.

 

დიალილდისულფიდი (C6H10S2), ალილპროპილდისულფიდი (C6H12S2), თიოპროპიონალდეჰიდ-S-ოქსიდი (C3H6OS) – თითოეული მათგანი შეიცავს გოგირდს, რომელიც Allium-ის რიგის მცენარეებს მკვეთრ სურნელს ანიჭებს. ამ მცენარეებს ძალიან კარგად იცნობთ. ნიორს და ხახვს ვგულისხმობ. მათში ბევრია გოგირდშემცველი ამინმჟავა, განსაკუთრებით – ცისტეინი. თავად ხახვი და ნიორი უსუნოა, მაგრამ აბა ერთი გაჭერით, დაჭყლიტეთ, ჩაღეჭეთ, ანუ უჯრედები დაუზიანეთ – მაშინვე დაიწყება ფერმენტული რეაქცია და ამინმჟავებში შემავალი აზოტი და გოგირდი აქროლად ნაერთებად გარდაიქმნება. მათ შორის წარმოიქმნება ამიაკიც და ზემოთ დასახელებული ნაერთებიც.

 

ევგენოლი (C10H12O2) დაფნის ფოთლის ეთერზეთში შედის. იგივე ალდეჰიდი მუსკატის კაკალშიც (Myristica fragrans) გვხვდება.

 

დანაშაულის ადგილზე რა სუნი შეიძლება იყოს? ნებისმიერი, რაც კი შეიძლება მუტრუკმა დატოვოს – სუნამო (მოპარული ფულით ექნება ნაყიდი, ან სულაც სადმე აწაპნული), სიგარეტის ან თუნდაც მოწეული ნარკოტიკის (ჭკუა დაუშლის თუ გონება, თავში გასწორებული ტვინი უდევს), ოფლის (აჩქარდა, ცოტა წაინერვიულა) და შესაძლოა ჭუჭყისაც, რადგან მუტრუკია და არაა გამორიცხული წყალი და საპონი არ უყვარდეს.

 

შემდეგი კრიმინალისტური ანალიზი დნმ-ისა და სისხლის ნიმუშის აღებაა. აქ ცოტა უფრო მძიმე შემთხვევის მუტრუკებთან გვაქვს საქმე, სხვა ადამიანის სისხლში ხელის გასვრასაც რომ არაფრად დაგიდევენ. ან, თეორიულად ისიც შეიძლება დავუშვათ, რომ ახალბედა ან ბოთე მუტრუკი ქურდობს და გასაძარცვად მისულ სახლში რამეზე გაიფხაჭნა ხელი, ისე, რომ სისხლმაც გამოჟონა. ყველა შემთხვევაში აუცილებელია სისხლის ნიმუშის გაანალიზება.

 

1901 წელს ჯოზეფ კასტლმა, რომელიც კენტუკის უნივერსიტეტში მუშაობდა ერთი უბრალო, იაფი და სანდო მეთოდი შეიმუშავა, რომელიც სისხლის ანალიზს უკავშირდებოდა. სხვა სასამართლო ექსპერტმა, გვარად მეიერმა მეთოდში ოდნავ ცვლილებები შეიტანა და დღეს ის კასტლ-მეიერის ტესტით არის ცნობილი.  ეს ტესტი დღემდე გამოიყენება. ამ ექსპერიმენტზეც არსებობს სტატია და შეგიძლიათ გაიხსენოთ „ალისფერი კვალი“.

 

ეს ადგილზე ასაღებ ძირითად სინჯებზე მოგახსენეთ, თორემ ძირითადი საქმე მაინც პოლიციაზე დგას, გამჭრიახ და გულიან დეტექტივებზე, ბოთეებზე კი არა… – ჰოლმსის და პუაროს მსგავსებზე!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი