პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ამბროზ ბირსი: გველების მოჯადოება

წიგნი, რომელიც თან  სულს მოგათქმევინებს და გულიანადაც გაცინებს. ხვდები, სწორედ ეს გინდოდა დილით მარცხენა ფეხზე ამდგარს, უმიზნოდ და უხალისოდ მობორიალეს.

„აბორიგენები – სრულიად ზედმეტი ადამიანები, რომლებიც ახლად აღმოჩენილ მიწებზე დატანტალებენ, თუმცა მალევე წყვეტენ ტანტალს და ამავე მიწების განოყიერებას იწყებენ“.

ამბროზ ბირსი, „ეშმაკის ლექსიკონი“.

ლექსიკონებისა და ენციკლოპედიების კითხვას ის სიხარულიც ახლავს, რომ შეგიძლია მშვიდად გადაშალო ნებისმიერ გვერდზე, შემთხვევით შერჩეულ სტრიქონებს თვალი გააყოლო – სწრაფად ან ზანტად; თვითონ ააბა არაერთგვაროვანი ბურთულები და მძივის სიგრძე-სიმოკლეც თავადვე განსაზღვრო. მოსაწონს, საინტერესოს აუცილებლად იპოვი, რაღაც უსამართლოდ მივიწყებულიც გაგახსენდება – ძველი განცდა, გახუნებული სურათი.

„ფილოსოფია – მრავალი ბილიკისაგან შემდგარი გზა, რომელსაც არსაიდან არარასკენ მივყავართ“.

ზოგიერთი განმარტება ისეთი ზუსტია, სიტყვასაც ვეღარ დაამატებ. ნეტავ ჩემი ფილოსოფოსი მეგობარი რას იტყოდა?

მწერლის წარმოდგენით, მელანი უმთავრესად იდიოტობის ინფექციას ავრცელებს, თუმცა ინტელექტუალური დანაშაულის გამოსასყიდადაც გამოიყენება.

და აქვე ენა – „მუსიკა, რომლითაც სხვისი საუნჯის მოდარაჯე გველებს ვაჯადოებთ“.

1906 წელს დიდ ბრიტანეთში გამოცემულ ამ წიგნში გასაკვირად ბევრი რამ მოგვეჩვენება ისეთად, რაც თითქოს სწორედ ახლა შეიძლებოდა გვეთქვა, ოცდამეერთე საუკუნის ქაოსში, ბოლო ორი წლის ამობრუნებულ სამყაროში. თუმცა ის სიტყვებიც მრავლადაა, ყველა დრო რომ გაამართლებს.

„აღფრთოვანება – ჩვენი მხრიდან თავაზიანი აღიარება იმისა, რომ სხვა ადამიანი ამა თუ იმ ნიშნით გვგავს“.

სხვათა შორის, წიგნს თავიდან „ცინიკოსის ლექსიკონი“ ერქვა.

„სულელი – ყველგანმყოფია, ყველგანმძრომი, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე. სწორედ მან გამოიგონა დამწერლობა, ბეჭდვა, რკინიგზა, თბომავალი, ტელეგრაფი, ბანალურობა და მეცნიერების უკლებლივ ყველა დარგი. პატრიოტიზმსაც მან ჩაუყარა საფუძველი, სხვადასხვა ერს ერთმანეთთან ბრძოლა სწორედ მან ასწავლა. ისაა თეოლოგიის, ფილოსოფიის, სამართლის, მედიცინისა და ჩიკაგოს დამაარსებელი. […] ჟამთა გარიჟრაჟზე ის პირველქმნილ ბორცვებზე იჯდა და სამყაროს უმღეროდა, ხოლო ისტორიის ზენიტში კაცობრიობის აღლუმს ედგა სათავეში. მისმა დიდედისებრ სათუთმა ხელმა ჩვენი ცივილიზაციის ჩამავალ მზეს საბანი ჩაუკეცა, ვახშმად კი კაცობრიობას რძისა და ზნეობის მარგებელ ულუფას უმზადებს, თან მეორე ხელით სამყაროს აკლდამის ჭიშკარს უხსნის და მას მერე, რაც უკანასკნელი ჩვენგანი სამუდამო მივიწყების ღამეში ჩაესვენება, ის კაცთა მოდგმის ისტორიის საწერად დაჯდება“.

ამბროზ ბირსი არც პოლიტიკოსებს ინდობს. საკვირველიც კი იქნებოდა, შედარებისას სულ ცოტა გულმოწყალებაც რომ გამოეჩინა. მერე რა, რომ საუკუნეზე მეტია გასული – დროს ბევრი არაფერი შეუცვლია…

„პოლიტიკოსი – იმ ფუნდამენტური შლამის ბინადარი გველთევზა, რაზეც მთელი ორგანიზებული საზოგადოების ნაგებობა დგას. როცა კი იკლაკნება, საკუთარი კუდის ცახცახს მთელი ნაგებობის რყევად მიიჩნევს. სახელმწიფო მოხელისაგან განსხვავებით და თავისდა საუბედუროდ, ცოცხალია“.

მწერალი ემიგრანტებსაც გადასწვდება – რა მიმიტობაა, ერთი ქვეყანა მეორეზე უკეთესი რომ ჰგონიათო. გზას კი მიწის იმ ზოლად გვისახავს, რომლითაც შეგიძლია იქიდან, სადაც ყოფნამ დაგღალა, იქით წახვიდე, სადაც წასვლას აზრი არა აქვს.

შერჩეული სიტყვების განმარტებები „ეშმაკის ლექსიკონის“ ქართული თარგმანიდან ამოვწერე. ისიც წარმოვიდგინე, რა სახალისო სახე შეიძლება მიეღო ლიტერატურის გაკვეთილებზე ამ წიგნის კითხვას, ამ ტექსტით შთაგონებულ სხვადასხვა თამაშს.

„მაიმუნი – ხის ბინადარი ცხოველი, გენეალოგიურ ხეებზეც რომ სჩვევია გაშინაურება“.

მაიმუნობა ლექსიკონით. მაიმუნობა სალექსიკონო ერთეულებით. ხეებისკენ მიმართული ფხიზელი მზერა.

„ყაჩაღი – ფრთხილი, საქმიანი კაცი“.

ლიტერატურის ქვაბულებს შეხიზნული ყაჩაღები. ქართველები. ამერიკელები.

გადაშალეთ ამბროზ ბირსის „ეშმაკის ლექსიკონი“. თავის შესაქცევადაც  და რაღაც ნამდვილის მოსახელთებლადაც.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი