ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ლეღვის დამწიფებამდე

თბილისში ისე ვბრუნდებოდით, ჩვენს ეზოში ლეღვი დამწიფებას ვერ ასწრებდა. წამოსვლის წინა დღეს დასამშვიდობებლად თამარა კვეჟიასთან უნდა შეგვევლო. თამარა გვარად რუხაძე იყო, მაგრამ იმერეთში სახელს კილს (გასაკილს, საგინებელს) დაურთავენ ხოლმე განაყოფებისგან ანუ ძმათა შთამომავლებისგან – მაგალითად, ბუნდღებისგან, ლობიებისგან ან კვატატიებისგან – გასარჩევად. თამარა სახლის წინ იჯდა ხოლმე, კალთაში წიწილები ესვა და ხმელი პურის ნაჭრებს უფშვნიდა. რადგან თვალის ჩინი ჭიშკრის სიშორემდე არ უჭრიდა, შორიდანვე გავძახებდით – „ჩვენ ვართ!“ გახარებული კალთას გაითავისუფლებდა, თავსაფარს გაისწორებდა და ხელჯოხით ჯორკოებზე მიგვანიშნებდა. ჩვენც ჩამოვუსხდებოდით, ხან ქალაქის ამბავს ვეტყოდით, ხან სოფლისას, ხანაც წყალტუბოს სასკოლო ბაზრობაზე ნაყიდი თეთრი მაქმანის საყელოებისას. თამარა თვალებში არასოდეს გვიყურებდა, ამიტომაც ალბათ არც შეუმჩნევია, დაჟინებით როგორ ვაკვირდებოდი მის დამჭკნარ ხელებს, ქათქათა თმას, დანაოჭებულ სახეს, დაშვებულ ქუთუთოებს და თვალების უნებლიე, ხშირად უმისამართო, მოძრაობას. მე და ჩემი და არდადეგებს სანახევროდ კვეჟოსთან ვატარებდით და სტუმრობისთვის განსაკუთრებული მიზეზი არ გვჭირდებოდა. აბა, რა გასაკვირია, რომ მისთვის არც ბებიაჩემისგან გატანებული მოსაკითხის მირთმევა დაგვზარებია ოდესმე და არც ძველ ფარდულში დაბინავებული აბრეშუმის ჭიებისთვის ბჟოლის ფოთლების წაღება. თამარას ოდას აღმოსავლეთით მრავალწლიანი ნაძვები ერტყა, ამიტომ დღისითაც კი მის ფანჯრებში მზის სხივები ძნელად აღწევდა. დიდ ოთახში თამარაზე ხნიერი და ჯანშერყეული „მოლაპარაკე“ მაგიდა იდგა. საგანგებოდ დათქმულ დღეს დამწკრივდებოდნენ მეზობლები, ძველი მაგიდის ზედაპირს ხელებს დააბჯენდნენ და დასაოჯახებელთა ბედის გამოსარკვევად თუ დაკარგული ნივთების საპოვნელად  მინიშნებებს გარინდებულები ელოდნენ. მაგიდაც ხან ჭრიალით ეტყოდა დასტურს, ხანაც მდუმარე უარით გამოისტუმრებდა. სხვა დროს კი თამარას სამისნოს მოხუცი ქალის ყოფა-ცხოვრების მოკრძალებული სამხილების გარდა არაფერი ეტყობდა. მკითხავ მაგიდაზეც კი ხიდან ჩამოვარდნილი ორიოდე ვაშლი და წყლით სავსე გრაფინი ისე იდო, ვითომ არაფერი. ზოგჯერ თუ უმწიფარი ხილის ჭამა მუცელს აგვატკიებდა, გვრემას ისევ თამარას ეზოში დაკრეფილი სამკურნალო ბალახის ნაყენით გვიამებდნენ. ჩემს მეხსიერებას იქაურობაც სამი ფერით შემორჩა – მწვანე კოინდარი, საადრეო წითელი ვაშლი და ვარდკაჭაჭას ცისფერი ყვავილები.

ზაფხულის ბოლოს წამოვიდოდით თბილისში და სწავლის დაწყებამდე ახლა აქაურ ბებიას ვსტუმრობდით ხოლმე ავლაბარში. საბადურის ქუჩის კუთხეში, „ვაენი გარადოკის“ წინ, ერთ მოწითალოდ შეღებილ კართან დედას სირბილით მივასწრებდით. ორნამენტულ რიკულებს შორის ხელს შევყოფდით დასაკაკუნებლად, ბებია ურდულის გასაღებად თოკს ზემოდან გამოქაჩავდა და კიბის თავზე ნანატრი სილუეტიც გამოჩნდებოდა. როგორც კი  მივესიყვარულებოდით, თვალი თეოს ფანჯრებისკენ გაგვექცეოდა. თეო იმავე ეზოში, მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა. შესაბამისად, ჩვენი შუშაბანდები ერთმანეთს ირეკლავდა. სანამ ბებია სადილს მოამზადებდა, თეოს მოსანახულებლად გავიქცეოდით, მიუხედავად იმისა, რომ ამ გაქცევას მორიდებული ბავშვებისთვის თან ერთი დიდი უხერხულობა ახლდა – იქამდე მისასვლელად ყველა მეზობელს სათითაოდ უნდა მივსალმებოდით. თეო იმ ასაკში იყო, როდესაც აღარ იცვლებიან და იმის წარმოდგენაც გიჭირს, უწინ როგორ გამოიყურებოდა. მეგონა, თეო სულ ამ ძველ თბილისურ ეზოში ცხოვრობდა და ყოველთვის ასეთი იყო –  სქელმინებიანი სათვალით, ჭაღარა თმითა და თბილი წინდებით. თეოს სახლში ყველაფერი მიზიდავდა – ოთახიდან ოთახში გამავალი ფანჯარა, კედელზე დაკიდებული პაწია ბალიში სხვადასხვა ზომის ნემსით, ფაიფურის ფიგურები და, რაც მთავარია, ტახტი, რომელზეც ქვეშაგებელი ჭერამდე ელაგა. ერთ-ერთი საბნის კიდეს ხელს მორიდებით შევახებდი და წარმოვიდგენდი, როგორ მიადგამდა ღამით თეო ტახტს კიბეს, როგორ მოკალათდებოდა ჭერთან ახლოს დასაძინებლად და ალიონზე მსუბუქად როგორ დაეშვებოდა ეზოს კატების დასაპურებლად. უხმო ნაბიჯების გამო მეგონა, რომ თეო ზუსტად იმდენს იწონიდა, რამდენსაც ერთი კარგად აფუმფულებული ბალიში. ქვეშაგებლის ამბავი ასე იყო: დაშლიდნენ ხოლმე ქალები ზაფხულობით საბან-ლეიბებს, ეზოში მატყლს გარეცხავდნენ, კარგად გააშრობდნენ, წკეპლით გაპენტავნენ და აბრეშუმისა თუ სატინის პირებით ახლიდან შეკერავდნენ. კერვა კი თეომ კარგად იცოდა, ახალ-ახალ ფასონებსაც იგონებდა და არც მეზობელ ქალებს ეუბნებოდა უარს მოდური კაბების შეკერვაზე. ერთხელაც თეოს სახლში სამახსოვრო ნივთებს შორის ნავის ფორმის, მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა მოგვტაცა თვალი. იმდენ ხანს ვუტრიალეთ, თეომ წამოსვლის წინ კართან დააგვაწია, თქვენი იყოსო. ხელნაკეთი საფერფლე აღმოჩნდა, პატიმარი შვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილი. რაღა დაგიმალოთ, თიხის მინიატურულ ფეხსაცმელში ფეხის ჩაყოფაც არაერთხელ მიცდია და ეს ამბავი, ყოველგვარი ზღაპრული ალუზიის გარეშე, ჩემი განსაკუთრებულად შერჩევითი მეხსიერების ზედაპირზე არაერთხელ ამოტივტივებულა.

სწავლა რომ დაიწყებოდა და ბებიებთან წასვლას იშვიათად ვახერხებდით, ჩვენს მეზობელ მერის ვსტუმრობდით. მერი ბარნოვის ქუჩაზე, ჩვენი სადარბაზოს მეორე სართულზე, ცხოვრობდა. სიარული უჭირდა და ამიტომ კიბეზე სვენებ-სვენებით ადიოდა ხოლმე. ცალი ხელით მოაჯირს ეყდნობოდა, მეორეს კი მუხლზე იფენდა. ხმაურიანი ასვლა იცოდა – არ ვიცი, შემხვედრ მეზობელს ესაუბრებოდა, საფოსტო ყუთთან გაზეთს ხმამაღლა კითხულობდა თუ საკუთარ თავს შემოუძახებდა, მაგრამ მისი ხმის გაგონებისთანავე სადარბაზოში ყიჟინით გავცვივდებოდით. ჩვენს დანახვაზე გახალისდებოდა, გულთბილად მოგვიკითხავდა, თვალით ზემოთ მიგვანიშნებდა, ჩემთან ამოდითო და ჩვენც ფეხდაფეხ ავედევნებოდით. მერის, თეოსგან და თამარასგან განსხვავებით, ტალღოვანი თმა ყავისფრად ჰქონდა შეღებილი და რაღაცით ტელევიზორში ნანახ ერთ ქალს მაგონებდა, საერთაშორისო ახალ ამბებში დიდი პატივით რომ ესალმებოდნენ. ცხადად გახსენება მიჭირს, განსხვავებულად მეტყველებდა თუ ს-ს ჩვენთვის საგანგებოდ არბილებდა, მაგრამ ერთი კი ნამდვილად მახსოვს – მისი ლაპარაკის მოსმენა ძალიან მიყვარდა. ხანმოკლე სტუმრობისას ხშირად ჩაის დალევაც ვერ მოგვისწრია – ან დედა ამოგვაკითხავდა ან მერის შვილი დაბრუნდებოდა სამსახურიდან. ჩვენ კი რატომღაც მოხუცების დამარტოხელება გვიყვარდა და იმ განსაკუთრებულ სივრცეში, სადაც მხოლოდ ბავშვები და უხუცესები არსებობდნენ, ნებისმიერი ადამიანის შემოჭრა შეგვაცბუნებდა და დავიმორცხვებდით ხოლმე. ერთხელ მერის ვაჟმა ჩვენი გულის მოსაგებად  პატარა სუვენირიც კი გვაჩუქა – ფერადი ნაღვენთი პლასტმასით შექმნილი ზაფხულის პეიზაჟი, ზღვის ტალღები, პალმა, თოლიები და კრიალა ცა, რომელზეც გაკრული ხელით ეწერა – Гагра. ეს სუვენირი სამზარეულოში რადიოს თავზე წლების განმავლობაში გვედო და ყოველი შეხებისას, მაშინაც კი, როდესაც მერის აღარ ვსტუმრობდით, შორეული მოგზაურობა – სულ ერთი სართულით ზემოთ – ხშირად გამხსენებია.

შარშან გაზაფხულზე, პანდემიის დაწყებისას, როდესაც ბავშვები ვირუსის მთავარ გამავრცელებლებად მიიჩნიეს, მოხუცებისა და პატარების განცალკევების აუცილებლობამ ყველაზე მეტად დამაფიქრა. მაშინვე თამარა, თეო და მერი, მათთან გატარებული უძვირფასესი დრო და დაუვიწყარი მეგობრობა გამახსენდა. იმ დროს ჩვენი ბებიები ჯერ კიდევ არ ჰგავდნენ წიგნის ილუსტრაციებსა და ნახატ ფილმებში ნანახ ბებიებს – ახალგაზრდები, ლამაზები და სიცოცხლით სავსეები იყვნენ. ჩვენთვის კი დიდ ბებიებთან ურთიერთობას განსაკუთრებული სიმშვიდე მოჰქონდა. მოხუცების დანაოჭებული სახეები სიცოცხლის გრძელ გზაზე მიგვანიშნებდა და კიდევ იმაზე, რომ მათ მიერ გამოტანებულ საგზალს თუ გამოვიზოგავთ, იმ ასაკამდე გვეყოფა, მთელი გულით რომ გვლოცავდნენ – ჩვენი ხნისა მოიყარეთო.

მე თუ მკითხავთ, სოფელში ლეღვის დამწიფებამდე უნდა დარჩე.

 

რუსუდან (ნადუღა) რუხაძე

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი