ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

უჩვენოდ იყოს კარგად..!

ჭრილობების პირველი აღწერა და მათი მკურნალობის მეთოდები ერთ ძველ ეგვიპტურ პაპირუსშია აღწერილი. ჩვ. ერამდე დაახლოებით 1600 წლით თარიღდება. თუმცა ძველი დროის ყველაზე ყოჩაღი ქირურგები ინდუსები ყოფილან. ასე მაგ. ერთ-ერთ ინდურ ტრაქტატში 300-მდე ოპერაციაა აღწერილი და 125 ქირურგიული ინსტრუმენტია დასახელებული.

ძველი ბერძნულიდან ქირურგია ითარგმნება, როგორც ხელებით მომუშავე. ის ძალიან რისკიანი საქმეც ყოფილა. აი, მაგ. თუ პაციენტი მეფე იყო და მთლად სწორად ვერ გაკერავდნენ, ქირურგს ხელებს კვეთდნენ. ჩვ. ერამდე მეხუთე საუკუნეში სპარსეთის ბრძანებელი ცხენიდან ჩამოვარდნილა და ტერფი დაუზიანებია. დასახმარებლად ეგვიპტელი ექიმისთვის მიუმართავს. ეგვიპტელებს ამ საქმეში ბადალი არ ჰყავდათ. ჰოდა, მოკლედ ექიმს ტერფი გაუსწორებია და მედიცინის კუთხით ყველაფერი სწორად გაუკეთებია, თუმცა მეფეს ეტკინა და ლამის თავის ქვეყანაში მყოფი ყველა ეგვიპტელი გააჟლეტინა. ძლივს გადააფიქრებინეს. ვა, მეტკინაო. გადააფიქრებინა ბერძენმა ექიმმა დემოკედმა, რომელმაც ატკივებული სახსარი დაუმშვიდა. როგორ დაუმშვიდა? დაწექი ერთი კვირაო, უთხრა, ფეხი დაასვენეო. დასვენებამ მართლაც უშველა, რადგან ტერფი უკვე გასწორებული იყო. ჰოდა, ეს ბერძენიც თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ექიმად იქნა აღიარებული. ვაჰ, ხუმრობა საქმეა? დაისვენეო, უთხრა.

თუმცა, მასზე ცნობილი ჰიპოკრატე იყო და, ჩემი აზრით, უცნაური აზრები ჰქონდა. რასაც წამალი არ შველის, იმას დანა უშველისო. დანა რასაც ვერ მოერევა, იმას ცეცხლი უშველისო (დაშანთვა) და რასაც ესეც ვერ მოერევა, მოურჩენელია და ეგ არისო. ანუ, თუ გამოუვალი სიტუაცია იყო, ჰიპოკრატეს გაიდლაინის თანახმად, ექიმი ავადმყოფს ჭრილობაზე გახურებულ რკინას ადებდა… ისიც უნდა ითქვას, რომ ასე, ე.წ., მოწამლულ ჭრილობებს მკურნალობდნენ. მათი აზრით, იქ რაღაც შხამი უნდა ყოფილიყო.

მე-14 საუკუნის ბოლოს კი ცეცხლსასროლი იარაღი შექმნეს და მედიცინაშიც გადატრიალება მოხდა, საქმეც მეტი გაჩნდა და ჭრილობაც განსხვავებული იყო, დანით მიყენებულს არ ჰგავდა. 1497 წელს გერმანელი ქირურგი და აფთიაქარი ვინმე ბრუნშვიგი აქვეყნებს წიგნს და ფიქრობს, რომ დენთშიც არის რაღაც შხამი.

ჰოდა, რადგან შხამია, გაიდლაინის თანახმად, უნდა დაიშანთოს. 1537 წლის ნოემბერში იტალიის ომის დროს ფრანგული ჯარი მორიგ ბრძოლაში დამარცხდა და ბევრი დაჭრილი ჰყავდა. საველე ჰოსპიტალში 26 წლის ექიმი ამბროაზ პარე მუშაობდა. ჭრილობებს პაციენტებს ადუღებული ცხიმით უშანთავდა. ცხიმს ადუღებდნენ რაღაც ბალახებთან ერთად, შემდეგ მასში ტამპონებს ასველებდნენ და საბრალო პაციენტს ჭრილობაზე ადებდნენ. შემდეგ ეტაპზე უკვე დამწვრობის მკურნალობა იყო საჭირო. კვერცხის გულს, ვარდის ზეთს, სალბს და კიდევ რაღაცებს იყენებდნენ. ჰოდა, იმ ღამეს ბევრი დაჭრილი მიიყვანეს და ადუღებული ზეთი ყველას არ ეყო. რაღას იზამდა პარე, ვისაც ზეთი არ შეხვდა, ჭრილობიდან ტყვიები ამოუღო და კვერცხის გული და ვარდის ცივი ზეთი წაუსვა. მეორე დილით ყველა, ვინც დამდუღრა, მკვდარი დახვდა. აი, ვინც არ დამდუღრა, გადარჩა. მოკლედ, ჰიპოკრატეს გაიდლაინმა ვერ გაამართლა.

კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება იყო იმ ძველ დროში და ამ უცნაურობას უნებურად ჰიპოკრატემ დაუდო საფუძველი. ასე თქვა, სულაც არ ვარ ვალდებული, ვინმე დანით გავჭრა, როცა ამისთვის სხვა ხალხი არსებობსო. მე ვმკურნალობ, ისინი ჭრიანო. ეს სხვა ხალხი, ე.წ., ყასბები იყვნენ, ანუ ქირურგები. შუა საუკუნეებში ეს ხიდჩატეხილობა უფრო გამწვავდა, ექიმები იყვნენ უნივერსიტეტდამთავრებულები და ქირურგები, დალაქების მსგავსად, უბრალოდ ხელობას ფლობდნენ.

მე-16 საუკუნეში საფრანგეთის მეფემ ფილიპე IV ლამაზმა აზრი გამოთქვა, რომ ქირურგები იყვნენ თაღლითები და ქურდები. კი, თაღლითები ქირურგიაში ბლომად იყვნენ. მივიდოდნენ რომელიმე სოფელში, იტყოდნენ ცნობილი ქირურგები ვართო, ხალხიც უჯერებდა. არც ინტერნეტი იყო და არც ტელეფონი, რომ გადაემოწმებინათ. ჰოდა, მიჭრიდნენ-მოჭრიდნენ ხალხს, ფულს წამოკრებდნენ და უკანმოუხედავად გარბოდნენ.

მოკლედ, ხალხს ქირურგები არ უყვარდა, ან რატომ უნდა ჰყვარებოდა, როცა გაუტკივარების გარეშე ჭრიდნენ და აღრიალებდნენ. დიახ, ნარკოზი ჯერ კიდევ არ არსებობდა. სიტყვა „ანესთეზია“ ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც მგრძნობელობის დაკარგვა. ძველ ჩინეთში ამისთვის ჰაშიშს და თავში მძიმე საგნის ჩაბრახუნებას იყენებდნენ. ბერძნები ღვინოს და შხამიან მანდრაგორებს სვამდნენ. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში საქმეში ქიმიური ნაერთები ჩაერთო. შოტლანდიელი ექიმი ჯეიმს იან სიმპსონი ქლოროფორმს ყნოსავდა. დაასკვნა, რომ გონების დაბინდვისთვის კარგი რამე იყო. ის კი არა, ქლოროფორმის საღამოებიც კი იმართებოდა. მიხვიდოდი სტუმრად, მიიტანდი ქლოროფორმს, ან სულაც მასპინძელი დაგახვედრებდა, ჩაყნოსავდით ერთად და იყავით მინაბული და ბედნიერი. ზოგისთვის კი ეს ბოლო სტუმარ-მასპინძლობა იყო. ამავე დროს ინგლისელი ქიმიკოსი ჰამფრი დევი აღმოაჩენს, რომ ანესთეზიისთვის გამოდგება ნახშირორჟანგის და აზოტის ჟანგის ნარევი. აქ მამხიარულებელ გაზზეა საუბარი… სტუმრობისას მასაც იყენებდნენ. წარმოიდგინეთ, მიხვედით სტუმრად, მასპინძელთან და სხვა სტუმრებთან ერთად ჩაყნოსეთ გაზი და მიდიი… იცინე გულის წასვლამდე.

1824 წელს ერთმა ინგლისელმა ქირურგმა ოფიციალურად მოითხოვა ნარკოზი ადამიანებზე გამოეცადათ, თუმცა პარიზის მედიცინის აკადემიამ და ბრიტანეთის სამედიცინო საზოგადოებამ უფლება არ მისცა. ხალხზე კი არ იზრუნეს, მამხიარულებელი გაზი არასერიოზულად მიიჩნიეს.

1844 წელს ამერიკელმა სტომატოლოგმა ჰორეს უელსმა პირველად გამოიყენა ეს გაზი სიბრძნის კბილის ამოღებისას. რაღაც დგუშიც კი მოიგონა შესასხურებლად, თუმცა, ნარკოზმა არ იმუშავა, შეიძლება ცუდად შეასხურა ან დგუში იყო ცუდი. მოკლედ, პაციენტის ღრიალი ახლომახლო ყველამ გაიგონა. ამ ყველაფერს სხვა სტომატოლოგი აკვირდებოდა, გვარად მორტონი. თავისთვის გულში გადაწყვიტა, რომ ნარკოზისთვის რაიმე სხვა აპარატი მოეფიქრებინა. ასეც მოიქცა, აპარატი დახვეწა და მამხიარულებელი გაზი ეთერით შეცვალა. კარბონმჟავების და სპირტების (ან ფენოლების) ურთიერთქმედების შედეგად მიღებულ ნივთიერებები – ეთერები და ესთერები უამრავი არსებობს, თუმცა სამედიცინო მიზნებისთვის მაშინაც და ახლაც დიეთილის ეთერს იყენებენ.

1846 წლის 16 ოქტომბერს მასაჩუსეტის ზოგადი პროფილის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მორტონმა ეთერით დააძინა პაციენტი ედუარდ ებატი, რომლისთვისაც კისრიდან სიმსივნური წარმონაქმნი უნდა ამოეჭრა. ყველაფერმა საუკეთესოდ ჩაიარა. სწორედ ეს დღე ითვლება ანესთეზიის დაბადების დღედ.

1891 წელს ინგლისის მთავრობამ ეთერი საწამლავად გამოაცხადა და თავისუფალი გაყიდვიდან ამოიღო. თანამედროვე ანესთეზია რთული პროცესია, მთელ ქიმიურ კოქტეილს შეიცავს და ოპერაციის დროს ქირურგზე არანაკლებად მნიშვნელოვანი ანესთეზიოლოგი გახლავთ.

მე-19 საუკუნეში ჰიგიენას მიაქციეს ყურადღება. ეს ახლა არის საოპერაციოებში განსაკუთრებული სისუფთავე და ახლა იყენებენ ქირურგები ერთჯერად გასტერილებულ აღჭურვილობასა და ინსტრუმენტებს, თორემ ადრე ქირურგს ეცვა შავი ხალათი ან შავი ტყავის წინსაფარი ჰქონდა აფარებული, რომ მასზე წინა ოპერაციების შემხმარი სისხლი არ გამოჩენილიყო. საოპერაციო მაგიდაც შავი გახლდათ. ინსტრუმენტებს წყალს გადაავლებდნენ ხოლმე და არც ხელებს იბანდნენ.

აქვე ვენის სამშობიარო სახლის ამბავი უნდა მოგითხროთ. ორ ნაწილად ყოფილა გაყოფილი, ერთგან უბრალოდ მშობიარობას იღებდნენ, მეორე ნაწილში კი მომავალი ექიმი-სტუდენტები გვამების გაკვეთაშიც ვარჯიშობდნენ და მშობიარეებსაც ეხმარებოდნენ. თუმცა, ამ მეორე ნაწილში ნამდვილი სასაკლაო იყო მოწყობილი, ქალების 30% იღუპებოდა, მაშინ, როცა პირველ ნაწილში სიკვდილიანობის მხოლოდ 4% იყო. დიდი ფიქრის შემდეგ მიხვდნენ, რომ საქმე სეფსისში იყო, რადგან გვამებთან მუშაობის შემდეგ ინსტრუმენტებს არ რეცხავდნენ და ხელებსაც არ იბანდნენ. გვამის შხამი კადავერინი კი მშობიარის ორგანიზმში ხვდებოდა და სისხლის მოწამვლას იწვევდა. 1847 წლის 15 მაისს საავადმყოფოს კარებზე წარწერა გაჩნდა, რომ – დღეიდან გვამებთან ურთიერთობის შემდეგ სპეციალურად მოწყობილ დასაბანში ქლორიანი წყლით ხელები უნდა დაიბანოთო. ასევე დაიწყეს თეთრეულის დამუშავებაც.

თავად გვამის შხამი, კადავერინი, იგივე ბიოგენური ამინია. ბიოგენური ამინები ადამიანის ორგანიზმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ და ისინი ამინომჟავების დეკარბოქსილირებით წარმოიქმნებიან.

ორგანიზმში სამი ამინმჟავასგან განსაკუთრებით საშიში ამინები, ანუ პტომაინები წარმოიქნება: არგინინსგან აგმატინი, ლიზინისგან კადავერინი, ორნითინისგან პუტრესცინი. ცოცხალ და ჯანმრთელ ადამიანს გვამის შხამი ძალიან მცირე რაოდენობით წარმოექმნება და მისი განეიტრალების სისტემა არსებობს. გვამში კი მისი წარმოქმნა იზრდება და დაგროვების ეფექტი აქვს.

მოგვიანებით, ექიმმა ლისტერმა ქლორთან ერთად დეზინფექციისთვის კარბოლის მჟავას გამოყენებაც გადაწყვიტა. მის ნაჯერ ხსნარს ოთახებში და საწოლებზე ასხურებდნენ, იბანდნენ ხელებს და ამუშავებდნენ იარაღებს. ეს ყველაფერი კი ძლიერ დამწვრობასა და მოწამვლას იწვევდა. მოგვიანებით დამკვიდრდა ტერმინი – ლისტერიზაცია, რაც ზედაპირის ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავებას ნიშნავდა. ეს ექიმ ლისტერს უკავშირდება.

კიდევ უფრო მოგვიანებით ბაქტერიებს და ვირუსებს მაღალი ტემპერატურით ებრძოდნენ და ამისთვის ავტოკლავს იყენებდნენ. დღეს ქირურგები სრულად სტერილურ პირობებში მუშაობენ.

მთელი ამ ტექსტის კითხვისას ერთ ფაქტს თუ დაუკვირდით? ქიმია წითელი ხაზივით გასდევს ქირურგიის განვითარებას. მეც სწორედ ამიტომ გავბედე ამ თემაზე საუბრის წამოწყება, თორემ მე და ქირურგიას დათვისა და რაჭველის ურთიერთობა გვაქვს… ქირურგია ჩემთან არ მოდის და დიდი იმედი მაქვს, მეც და თქვენც არასდროს მივალთ მასთან.

უჩვენოდ იყოს კარგად, სადმე შორს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი