პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

 რჩევები მშობლებს- თავისუფალი წუთები თვითგანვითარებისთვის.

ბავშვებისთვის  აქტივობებზე ფიქრისას უეცრად გამიელვა, მოდი, მშობლებისთვისაც მოვიფიქრებ რამეს-მეთქი.

მეოთხეკლასელებისთვის საზაფხულო რეკომენდაციები რომ ავტვირთე, მშობლები დიდი ინტერესით გამომეხმაურნენ და თავადაც გამოთქვეს არჩევითი დავალებების შესრულების სურვილი.

მართალია, უკვე სექტემბერია, მაგრამ მე იმგვარი ფიქრისა და ქმედებისკენ გიბიძგებთ, მთელი წელი  რომ გაიყოლებთ და შვილებთან ურთიერთობისას რომ გამოგადგებათ.

ჩემი მიზანია, შვილებმა და მშობლებმა როლები გავცვალოთ და ჩვენი ქცევა მათთვის პირად მაგალითად იქცეს, პრობლემებზეც დავფიქრდეთ, მათი გადაჭრის გზებიც ვეძებოთ და თან გავხალისდეთ. აბა, სცადეთ და უთხარით შვილს, რომ მშვენიერ საზაფხულო რჩევებს გადააწყდით და რამდენიმე მათგანის შესრულება გადაწყვიტეთ – დამიჯერეთ, ბავშვის გაოცება და სიხარული თქვენთვისაც დიდი მოტივაცია აღმოჩნდება.

შესაძლოა, შვებულების დღეები უკვე ამოგეწურათ ან სულაც არ დაგისვენიათ, იმდენი საქმე გაქვთ შინ, ყავის დასალევადაც არ გრჩებათ დრო ან დაღლილობისგან გეძინებათ – მიუხედავად ამისა, ჩემი დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და საოჯახო ვალდებულებების ფონზე შემიძლია გითხრათ, რომ მთავარია მონდომება და აუცილებლად გამოძებნით თავისუფალ წუთებს თვითგანვითარებისთვის.

 

რა წავიკითხოთ

ონჯალი რაუფის „ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე“ ჯერ ჩემმა 11 წლის გოგონამ წაიკითხა და მეც დამაინტერესა. ვცდილობ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვე მის წაკითხულ წიგნებს. მერე ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე და ერთმანეთს ისეთ რაღაცებზე ვაფიქრებთ, ცალ-ცალკე რომ არ გვიფიქრია.

წიგნი გვაცნობს 9 წლის სირიელ ბიჭს, აჰმეტს, რომლის შესახებ მისივე თანატოლი ალექსა მოგვითხრობს. თეკლამ წიგნი ისე წაიკითხა, რომ თავის ქვეყანასთან პარალელები არ გაუვლია. სიტყვა „ლტოლვილის“ განმარტებაც არ იცოდა. შემდეგ მამამ უამბო, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც საკუთარ ქვეყანაშივე ლტოლვილებად იქცნენ.

აჰმეტის ამბავი, რომელსაც ინგლისელი ბავშვები გულთან მიიტანენ, ჩვენთვის, ქართველი მშობლებისთვისაც, ერთ-ერთი სწორი გზაა ბევრ მტკივნეულ, საჭირბოროტო საკითხზე დასაფიქრებლად თუ სასაუბროდ.

მე ალექსას დედა უნდა გაგაცნოთ. ის ბიბლიოთეკარია, ქვრივია და გოგონას მარტო ზრდის. ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ შვილი არჩინოს. საგულდაგულოდ ვაკვირდებოდი, როგორ იხსნებოდა მისი ხასიათი სიუჟეტის განვითარების კვალდაკვალ და მან ჩემი – როგორც მშობლისა და როგორც მასწავლებლის – გული მოიგო.

სურვილი გამიჩნდა, ჩემი მოსწავლეებს დედებსა და მამებსაც გაეცნოთ ეს ძალიან ყოჩაღი, ჩვეულებრივი და თან არაჩვეულებრივი, უბრალო, მამაცი, ჭკვიანი, განათლებული ქალი.

წიგნში ერთი ასეთი ეპიზოდია: ალექსა გადაწყვეტს, აჰმეტს რაღაც განსაკუთრებული აჩუქოს და რჩევას დედას სთხოვს. გადმოიღებენ დიდ ატლასს, გადაშლიან, მოძებნიან სირიას, დააკვირდებიან და მერე დედა ამბობს, რომ აჰმეტისთვის ბროწეული შესანიშნავი საჩუქარი იქნებოდა. ნისლიანი ლონდონისთვის ბროწეული უცნობი ხილია, ალექსას ის არასდროს გაუსინჯავს, და იწყება თავგადასავალი – დედასთან ერთად ქუჩა-ქუჩა სირბილი, ჰიპერმარკეტებისა თუ ბაზრების ჩამოვლა… და სულ ბოლოს, იმედი რომ გადაეწურებათ, სწორედ იმ დროს, მიადგებიან ერთ მაღაზიას. თხრობა კვლავ ჭიანურდება. გამყიდველი კაცი ერთხანს უჩინარდება და ბოლოს გასაყიდად უვარგისი ბროწეულით ხელში ბრუნდება. კაცს ნათელი ღიმილი აქვს, ის ალექსას ბროწეულს ჩუქნის. გულაჩუყებული დედა-შვილის საუბრიდან დედის სიტყვები მინდა გაგიზიაროთ:

„- გული ნამდვილად მეფური ჰქონია! შეიძლება, არის კიდეც მეფე! ადამიანებს რას გაუგებ?!“ – ასე აფასებს გამყიდველ კაცს ალექსას დედა. ამ სიტყვებით მადლიერებას გამოხატავს და შვილსაც უბიძგებს, იმაზე მეტი დაინახოს, ვიდრე ბავშვები ხედავენ.

ალექსას დედა იმდენად დაკავებულია, რომ შეგეცოდებათ. ის ხშირად ვერ ამჩნევს, რა აცვია შვილს, თუმცა დაძაბულ რიტმსა და პირად ტრავმებს შორის მაინც პოულობს დროს შვილთან ურთიერთობის პატარა რიტუალებისთვის, გოგონას სწორ დარიგებებს აძლევს და, რაც მთავარია, ჭარბი ინფორმაციის ეპოქაში ასწავლის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არასწორად აზროვნებენ, თუმცა, საბედნიეროდ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი სწორად აზროვნებს. არასწორად მოაზროვნეები ის ხალხია, ვინც ლტოლვილებს ქვეყნისთვის ზედმეტ ტვირთად მიიჩნევს, ვისაც თანაგანცდის უნარი დაკარგული აქვს.

ჩვენი ცხოვრება პირად ბედნიერებაზეა აგებული. ვცდილობთ, რაც შეიძლება კარგად ვიგრძნოთ თავი ჩვენ მიერ შემოფარგლულ გარემოში. მიმდინარე მოვლენები კი სახიფათოდ, აზვირთებული ტალღებივით ეხლებიან ჩვენი სიმშვიდის ღობეებს და ერთ დღესაც აუცილებლად წაგვლეკავენ, თუ კომფორტის ზონიდან გამოსვლას არ ვისურვებთ, თუ სხვისი კეთილდღეობისთვის არ ვიმოქმედებთ.

ონჯალი რაუფის „ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე“ სწორედ ამ ნიშნით არის გამორჩეული – ერთი მშობლისა (თუმცა ავტორი სხვა მშობელ პერსონაჟებსაც გვაცნობს) და მისი შვილის ცხოვრება ვერ იქნება მშვიდი, თუ აჰმეტი მშობლებს ვერ იპოვის.

შესაძლოა, გაზვიადებული მოგვეჩვენოს წიგნში ასახული პრობლემის გადაჭრის გზები, მაგრამ სხვისი გასაჭირის გულთან მიტანა ხომ შეგვიძლია?! ჰკითხეთ თქვენს შვილებს მათ თანაკლასელებზე, ხომ არ სხედან ბოლო მერხებზე ბავშვები, რომლებსაც ვერავინ ამჩნევს. ეს კითხვა ბევრ საფიქრალს გააჩენს – რატომ აქვთ შეუმჩნევლობის ზარხუფი ჩამოცმული ბავშვებს?

დიდი სურვილი გამიჩნდა, ბავშვების ალტრუისტულ გადაწყვეტილებებს მივყვე, სხვა ადამიანების მეფესავით გულები აღმოვაჩინო და კარი მივუჯახუნო კოსტიუმში გამოწკეპილ ბატონს, რომელიც არასწორად აზროვნებს.

 

უყურეთ ანიმეებს

ჰაიაო მიაძაკი იაპონელი ანიმატორია. ის სტუდია „გიბლის“ თანადამფუძნებელი, სცენარისტი, მხატვარი და ჩვენი დროის ერთ-ერთი შესანიშნავი ფილოსოფოსია. შეიძლება ითქვას, მის ანიმეებზე გავზარდე შვილები და ჩემი ესთეტიკური სამყაროც. ჰაიაო პაციფისტია, თავისი ანიმეებით ომის წინააღმდეგ იბრძვის; გვაფიქრებს ეკოლოგიურ საფრთხეებზე, გვასწავლის სამყაროს მშვენიერების შემჩნევას. მისი პერსონაჟები ჩვეულებრივი ადამიანები არიან – თავიანთი შეცდომებით, ხასიათით… ამავე დროს, ჯადოსნურ არსებებსაც გვაცნობს. ყველა დეტალი: წარწერა ჭიშკარზე, ქვაზე აცოცებული მწერი თუ გოგონას თმის სამაგრი – ყურადღებას იქცევს და შთაგონებით გავსებს.

სტატიისთვის შევარჩიე მისი ანიმე „პონიო“, რომლის შექმნისკენ ჰაიაო მიაძაკის ჰანს ქრისტიან ანდერსენის „პატარა ქალთევზამ“ უბიძგა.

პონიო თევზია, რომელიც ადამიანად ყოფნას ნატრობს. მისი დაუმორჩილებლობა დედ-მამისთვის თავსატეხად იქცევა. პონიოს მშობლები წყალქვეშ ცხოვრობენ. ამ ნახევრად მითოსურ არსებებს კეთილშობილი მიზნები აქვთ – მათ სურთ, სამყარო დაიცვან ადამიანებისგან, რომლებიც ყველაფერს აბინძურებენ.

პარალელურად ვეცნობით ხუთი წლის ბიჭუნას და მის მშობლებს. სოსუკეს დედა, ლისა, მოხუცთა თავშესაფარში მუშაობს. ჰაიაო მიაძაკის პერსონაჟი დედებისგან ლისა გამოირჩევა მიზანდასახულობით, სიმამაცით, სიცოცხლის სიყვარულით, ფიცხი და მხიარული ხასიათით. ის ისევე ბრაზდება, როგორც მე და ისევე ანაწილებს როლს სამუშაოსა და ოჯახს შორის, როგორც ბევრი დედა ჩემ ირგვლივ.

ლისას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მისაბაძია. ერთ ეპიზოდში, ქარიშხლისა და წყალდიდობის დროს, გადაწყვეტს, რომ მოხუცებს დახმარება სჭირდებათ, პონიოს და სოსუკეს შინ დატოვებს და თავშესაფრისკენ გაქროლდება. ალექსას დედის მსგავსად, ლისაც მხარს უჭერს შვილის გადაწყვეტილებებს და გული სიმშვიდით მევსება იმის წარმოდგენისას, რომ იაპონიასა თუ ინგლისში, წიგნსა თუ ანიმეში, არსებობენ დედები, რომლებიც მუშაობენ, შვილებისა და ოჯახის გარდა სხვებზეც ზრუნავენ. ხელოვნების დანიშნულებაც ხომ ის არის, რომ იმაზე უკეთესები გავხდეთ, ვიდრე ვართ; რომ სხვისმა ქმედებამ ჩვენც კეთების, ზრუნვის, სასიკეთო ცვლილებების სურვილით აგვავსოს.

 

აწარმოეთ ყოველდღიური ჩანაწერები

ლისას, მიაძაკის გამოგონილ პერსონაჟს, ზღვის პირას აღმართულ ფერდობზე ულამაზესი სახლი აქვს, რომელსაც თავად შუქურას უწოდებს. ერთგან შევამჩნიე კედელზე ჩამოკიდებული ნაჭრისჯიბეებიანი სათავსი, რომელშიც კალმები და პატარა ფურცლები აწყვია. ჩემი და ჩემი შვილების დღიურები გამახსენდა. ვიცი, რომ მათთვის როლური მოდელი ვარ – მიყურებენ, მბაძავენ, მაკვირდებიან. ამიტომ ვცდილობ, ისეთი რაღაცები ვაკეთო, – წამოვიწყო და გულმოდგინედ მივდიო, – რომელთა კეთების სურვილი მათაც გაუჩნდებათ.

გირჩევთ, ყოველდღიური ჩანაწერები აწარმოოთ. მე მაქვს დღიური, რომელშიც იდეებს და საჭირო ინფორმაციას ვინიშნავ, მეორე დღიურში ჩემი შვილების ფრაზებს ვიწერ, ამ ზაფხულს კი ძველი წიგნების დალაგებისას ასეთი რამ მომაფიქრდა: წიგნის დღიურად გადაქცევა. ამჯერად ჰერბერტ უელსის რუსულენოვანი და ილუსტრირებული გამოცემა შევარჩიე.

თითოეულ გვერდს ვაფორმებ – წყლის საღებავებით ვაფერადებ ან ფანქრებით ვხატავ, არშიებზე ფრაზებს ვტოვებ, შვილების ნაჩუქარ ყვავილებს ვახმობ, ერთგან თაბახის ფურცელი დავაკარი და ჩანაწერები გავაკეთე, რომლებიც უკვე დავიწყებულ ამბებს მახსენებს: ორი წლის გოგონას მთებზე გაწოლილი ღრუბლები აღმოუჩენია, შუადღისას ჩემს მოსწავლესთან, თამუნასთან, ვყოფილვარ და მისი სიმინდისყანიანი ეზო მიაძაკის ანიმესთვის შემიდარებია, ჩემს მეუღლეს კარლ სეიგანის „კოსმოსი“ უყიდია ჩემთვის, ვუსმენ Swing Lynn-ის Harmless-ს, ვდარდობ გაუჩინარებულ ციცინათელებზე, ვკითხულობ ნიბელუნგების ეპოსს და ვეცნობი ამერიკელ მეცნიერს მარგარეტ ჰამილტონს.

რაც მთავარია, ჩემს გულმოდგინე ფუსფუსს შვილები თვალს ადევნებენ და მოსწონთ. მართალია, ჯერჯერობით  არ მბაძავენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი ჩანაფიქრი მათ ცხოვრებაშიც აუცილებლად „ამოქმედდება“.

 

წერილობანა

მისწერეთ პატარა წერილები თქვენს შვილებს. გამოაბით ძაფი და გაუგზავნეთ ერთი სართულიდან მეორეზე ან საძინებელ ოთახში შეუგდეთ. მესენჯერის ფუნქცია ხელნაწერ წერილებს დააკისრეთ და ურთიერთობა გაიხალისეთ.

სხვა ფორმასაც შემოგთავაზებთ: ჩემს მეორეკლასელ ბიჭს ქართულის მასწავლებელმა ყოველდღიური ჩანაწერების კეთება დაავალა. ვატყობ, რომ დიდი ხალისით არ ეკიდება ამ პროცესს, ამიტომ მისი ჩანაწერის ქვეშ ვუწერ ერთ შეკითხვას. ის პასუხს მწერს და კითხვასაც მისვამს. ვფიქრობ, ეს წერის პროცესს გაახალისებს და ზაფხულსაც დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს.

 

ათი ფოტო

ათი ფოტოს გადაღება ჩემი მეშვიდეკლასელი მოსწავლეებისთვის მოვიფიქრე და დავპირდი, რომ თავადაც გადავიღებდი. პირველ დღეს პრეზენტაციას გავმართავთ და გავაცნობთ ფოტოებს, რომლებიც შეუძლიათ ნახატებადაც აქციონ. თითოეული ფოტო მიზანმიმართულად უნდა გადაიღონ. ზაფხულის ფოტოების ჩამონათვალი ამგვარია:

  1. ერთი ხე;
  2. ერთი სახლი;
  3. ერთი ჩვეულებრივი დღე;
  4. ერთი განსაკუთრებული დღე;
  5. ერთი მეგობარი ან მეგობრები;
  6. ზაფხულის გამორჩეული წიგნი;
  7. ოჯახური ფოტო;
  8. ერთი ბებო ან ბაბუ;
  9. ერთი ავტოპორტრეტი, ე.წ. სელფი;
  10. ჩემი მშვენიერი ქვეყანა.

თუ მშობლებიც გულმოდგინედ მოვეკიდებით ამ აქტივობას, ბავშვების აღფრთოვანებას და ქებას ნამდვილად დავიმსახურებთ, თანაც ძალიან საინტერესოა ჩვენი და ბავშვების თვალსაწიერის შედარება.

 

სამაგიდო თამაშები

გაიხსენეთ ბავშვობის სამაგიდო თამაშები და ითამაშეთ შვილებთან ერთად. დომინო, ნარდი, „ჯოკერი“, „დურაკა“, ლოტო, უნო, ქალაქობანა, ჩამოხრჩობანა – არჩევანი მრავალფეროვანია.

შეგიძლიათ, თავადაც გამოიგონოთ სამაგიდო თამაში, მაგალითად, ლიტერატურული პერსონაჟების მიხედვით. ქალღმერთი დალი მონადირე მეფისას სასიკვდილოდ იმეტებს, რამაც ჩვენი აღშფოთება გამოიწვია. დავხაზეთ უჯრებიანი ცხრილი, გავანაწილეთ ნაცნობი ლიტერატურული პერსონაჟები, ჩავრთეთ ნარუტოს მეგობრები და წესები გამოვიგონეთ:

  • ვაგორებდით კამათელს ცხრილზე;
  • რომელ პერსონაჟზეც გაჩერდებოდა, ის უნდა დახმარებოდა მეფისას;
  • ერთი წუთის განმავლობაში ვიგონებდით გადარჩენის ამბავს;
  • ჩვენ მიერ არჩეულ პერსონაჟებს ჰქონდათ სუპერძალა, რომელსაც სხვის გადასარჩენად იყენებდნენ.

ამ თამაშს ჩემი ბიჭის მეგობარიც დაესწრო. თავიდან გაუბედავად ჩაება, მერე კი ყველა ერთად ვხარობდით საკუთარი სუპერძალების აღმოჩენისას, თურმე რა შეუპოვრად იწყებს მუშაობას ჩვენი გონება, თუ მას ფიქრს ვაიძულებთ.

 

ქეთევან ოსიაშვილის სტატიები

ქალბატონი ქეთი 2014 წელს გავიცანი. მე ახალბედა მასწავლებელი ვიყავი, ის – გამოცდილი ტრენერი. მასთან ურთიერთობამ ჩემი მასწავლებლური შეხედულებები მკაფიოდ განსაზღვრა. პროფესიით ფსიქოლოგი, ჟურნალ „მასწავლებლისთვისაც“ წერდა. მას შემდეგ მისი ერთგული მკითხველი ვარ და მისი სტატიები სწავლა-სწავლებისას ძალიან მეხმარება.

მშობლებს გირჩევთ ქეთევან ოსიაშვილის სტატიების კითხვას, რადგან შვილებთან სწორი დამოკიდებულებებისთვის ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესია.

ბავშვის ფსიქოემოციური განვითარება, შიშები, ბრაზის მართვა, ყურადღების ტიპოლოგიური თავისებურებები, გარდატეხის ასაკის სირთულეები – ქალბატონი ქეთის სტატიები მრავალ საკითხში გაარკვევს დაინტერესებულ მკითხველს.

 

აღმოაჩინეთ მუსიკა

ყოველთვის ვცდილობ, ლიტერატურა მუსიკას დავუკავშირო. როგორც წიგნების, ასევე მუსიკის აღმოჩენა ჩემთვის თავგადასავალია, ზოგჯერ – ინდივიდუალური ძიების შედეგად, ზოგჯერ – შემთხვევით, ზოგჯერ კი სხვების რჩევით აღმოჩენილი ახალი შეგრძნებები, ემოციები, ფიქრები.

ივლისში, ნანატრი შვებულების დღეებისთვის, ნიკა რურუას წიგნი „50 ალბომით შემოპარული თავისუფლება“ დავიმგზავრე. ერთ დილას თან ქათმის ბულიონისთვის ბოსტნეულს ვჭრიდი, თან ფაფას ვხარშავდი გოგონასთვის და პარალელურად მელომანი ავტორის რჩევით Youtube-ზე დიუკ ელინგტონსა და ეროლ გარნერს ვუსმენდი.

წიგნი გამომცემლობა „არტანუჯს“ ეკუთვნის, კერძოდ, „თან საკითხავის“ სერიას.

სამზარეულო ჯაზის ჰანგებით აივსო. მართალი გითხრათ, მუსიკაზე მეტად იმ დილას ავტორის სიტყვებმა მომხიბლა. ის წერდა: „ელინგტონს თვალებქვეშ სპეციფიკური, გამობერილი ქუთუთოები ჰქონდა, რომელზეც ერთხელ, ტელეინტერვიუში ჟურნალისტმა საკმაოდ უტაქტო კითხვა დაუსვა: „ეს პარკუჭებივით ქუთუთოები თვალებქვეშ რაზე მიუთითებს, დიუკ?“ „ეს აკუმულირებული სიკეთეა, ძვირფასო“. ეს პასუხი მთლიანად ელინგტონს, მთელ მის არსებასაც ესადაგება – ის თვითონ იყო აკუმულირებული სიკეთის ცოცხალი მაგალითი“.

ბავშვები სიამოვნებით ადევნებდნენ თვალსა და ყურს ჩემს მუსიკალურ ძიებებს. მართალია, ჟურნალისტის უტაქტო შეკითხვისა და დიუკ ელინგტონის მოსწრებული პასუხის შესახებ არაფერი მითქვამს, მაგრამ ამის დროც მოვა.

 

მთავარი რჩევა:

სთხოვეთ ოჯახის წევრებს, განმარტოებაში ხელი შეგიწყონ. მიაჩვიეთ იმას, რომ თქვენც გჭირდებათ პირადი დრო. ეძებეთ ახალი წიგნები, მუსიკა, თამაშები, სასაუბრო თემები, გაუზიარეთ თქვენი აღმოჩენები პატარა ადამიანებს და დროსთან ერთად როლები შეიცვლება – ისინი გახდებიან მაძიებლები და მერე თქვენ გაგიძღვებიან ახალი თავგადასავლებისკენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი