სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ემოცია და გრძნობა

 

(ვიკვლევთ გმირის „სულიერ-ემოციურ“ მდგომარეობას)

ერთი და იგივეა?

რას ნიშნავს ემოცია?

რას ნიშნავს გრძნობა?

როგორ ამოვიცნო ემოცია?

ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ გმირების სულიერ-ემოციურ მდგომარეობაზე, განწყობაზე, გრძნობებზე, მორალურ-ეთიკურ მხარეებზე, ღირებულებებზე. ახლა შევეცადოთ ჩავუღრმავდეთ ემოციისა და გრძნობების საკითხს. დავაკვირდეთ, რა ვიცით ემოციებსა და გრძნობებზე.

*ევოლუციურად ემოციას მიიჩნევენ გრძნობაზე ადრინდელ წარმონაქმნად. ადამიანების გარდა ემოციებს ავლენენ ცხოველებიც. გრძნობა აზროვნებასთან ერთად წარმოიქმნა და განვითარდა. ემოციები – მანამდელია.

*ემოცია წამიერად შეიძლება წარმოიშვას, მოიცვას ადამიანი, სწრაფადვე შეიძლება ჩანაცვლდეს სხვა, საპირისპირო ემოციით. გრძნობა მეტად ხანგრძლივადაა ფესვგადგმული, მეტად „მდგრადია“.

*ემოცია კონკრეტულ სიტუაციასაა მიბმული. ერთგვარი რეაქციაა გარე გამაღიზიანებელზე. ემოცია ზემოქმედებს, ცვლის ჰორმონალურ ფონს. ემოცია არის ენერგია. ფსიქიკური ენერგია. ფიზიკის კურსიდან გვახსოვს, რომ ენერგია არ შეიძლება არსაიდან შეიქმნას და არსად გაქრეს. მას შეუძლია იცვალოს ფორმები, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადინდეს. ემოცია, ეს ფსიქიკური ენერგია, გამოვლენისთანავე იძენს გარკვეულ ძალას და მიემართება რაიმესკენ.

*ემოცია ვლინდება გარეგნულად – მიმიკა, პოზა, ჟესტი, ინტონაცია. მხატვრულ ტექსტებში ავტორები სწორედ ამ მეთოდებს იყენებენ გმირის შინაგანი მდგომარეობის გამოსახატავად. ემოცია ხან ადვილად ამოსაცნობია, ხან – არა. ზოგჯერ მწერლები მკითხველის გამჭრიახობასა და გამოცდილებას მიანდობენ ხოლმე გმირის ემოციური მდგომარებოს ამოცნობას. ეს ყოველთვის საინტერსოა.

*გრძნობა რთული და კომპლექსური განცდაა. გრძნობისთვის დამახასიათებელია სუბიექტურობა, ინტენსივობა, სიმტკიცე/მდგრდადობა. მაგალითად, ადამიანის მიმართ შეიძლება გვქონდეს გრძნობა – გვიყვარდეს ის. სიყვარული სუბიექტური, მტკიცე, ინტენსიური განცდაა. ხანგრძლივი. ამავე ადამიანის მიმართ შეიძლება გაგვიჩნდეს წარმავალი ნეგატიური ემოციური განცდა – მისი რომელიმე ქცევის მიმართ გამოვხატოთ რისხვა, ზიზღი…

* „გრძნობის ერთ-ერთ თავისებურებას მისი დროში განფენილობა ანუ ხანიერობა წარმოადგენს“ – დიმიტრი უზნაძე, „ზოგადი ფსიქოლოგია“.

ფილოსოფიური ლექსიკონის თანახმად (1987წ.), „ემოცია ეწოდება ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას, რომელიც გამოხატავს მის დამოკიდებულებას საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროს მოვლენებთან“.

ენციკლოპედია ,,ბრიტანიკა”  ემოციას განიხილავს, როგორც ფსიქიკური და სხეულებრივი შეგრძნებების კომპლექსურ გამოცდილებას, რეაქციას, რომელიც აისახება პიროვნების ქცევაში.

მხატვრული ილუსტრაცია:

გურამ დოჩანაშვილი რომანში „სამოსელი პირველი“ ასე აღწერს ერთ-ერთი გმირის ემოციურ მდგომარეობას:

„სახეზე აიფარა ხელები. დაფიქრებულმა, თვალები მოიფშვნიტა, თავი ჩარგო, მიწას დააცქერდა, ფეხზე წამოდგა, გაიარ-გამოირა, ხიდან ფოთოლი მოწყვიტა და ზედ არც დაუხედავს, ისე გაწიწკნა…“

გასაგებია, რომ პერსონაჟი აღელვებულია, აფორიაქებული. მწერალი მოგვიანებით ხსნის მისი ამგვარი ემოციური მდგომარეობის მიზეზს, ამ კონკრეტულ ამონარიდში კი მას საოცრად დინამიკურად, თვალნათლივ, ხატოვნად აქვს აღწერილი გმირის ემოციური მდგომარეობა.

სიმონ დე ბოვუარის „სასოწარკვეთილ ქალში“ მკითხველი ხანშიშესული წყვილის ცხოვრებაში „იჭრება“. თხრობა პირველ პირშია. ცოლ-ქმარს ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარს. ქალი ფანჯრიდან იცქირება და სამსახურში მიმავალ ქმარს მზერით აცილებს: „ანდრეს თვალი გავაყოლე…როცა ვხედავ, როგორ მშორდება, საოცრად მძაფრად ვგრძნობ, რომ ჩემ გვერდითაა…მისი მაღალი სილუეტი თანდათან პატარავდებოდა, თითქოს, ნაბიჯებით ხატავდა გზას, რომლითაც ისევ შინ უნდა დაბრუნებულიყო…თვალს მიეფარა. მომეჩვენა, რომ ქუჩა უკაცრიელი გახდა“…

ქალის გრძნობა ქმრისადმი ძლიერი, მტკიცე, ღრმაა. მკითხველს მისი გრძნობის „ხანიერობასა“ და ინტენსივობაში ეჭვი არ ეპარება. ბოვუარი კარგად ახერხებს ამ ძლიერი გრძნობის ამბივალენტურობის გადმოცემას. იმავე წიგნში, რამდენიმე გვერდის შემდეგ, ვკითხულობთ:

„ანდრე საწოლში მოკუნტულიყო. ეძინა. ძველებური აღმაფრენა არ დამეუფლა. ჩემი გული ყინულივით ცივი იყო, მასში წყვდიადს დაესადგურებინა, ისე, როგორც ძველ, მიტოვებულ ქოხში, რომლიდანაც სინათლის სუსტი სხივიც კი არ გამოსჭვიოდა…როცა საყვარელ ადამიანს უბრაზდები, ურთიერთსაწინააღდეგო გრძნობები გტანჯავს. სიყვარულისგან შობილი ეს მრისხანება სიყვარულსვე კლავს…“

პროტაგონისტი ამ კონკრეტულ ეპიზოდში ქმარზე გაბრაზებულია. თვალსაჩინოა მისი ამბივალენტური განცდები – ერთ მხრივ, სიყვარული, მეორე მხრივ – ბრაზი, მრისხანება.

 

ემოციების პალიტრა

ემოციები, მათი გამოვლინება, განცდა, გასიგრძეგანება, გაცნობიერება, მათ მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, მათი გამოხატვის ხერხები და საშუალებები ავლენს ჩვენსავე მიმართებებს სამყაროსადმი, სხვა ადამიანებისადმი, ავლენს ჩვენს ხასიათს.

„ისეთი აღტყინებული ვიყავი, ლამის გული გამხეთქვოდა, გრძნობები შემომაწვა, დავსნეულდი და სისხლი უცნაურად ამიჩქროლდა – თან ამემღვრა და თან აღტაცებაში მომიყვანა. სისხლი მომაწვა სახეზე, განსაკუთრებით ცხვირის არეში, სადაცაა, უნდა ამოეხეთქა. და ისე ვიტანჯებოდი, თითქოს ალმოდებული ღუმელი მედგა თავის მაგივრად“ – სოლ ბელოუს დაუვიწყარი პერსონაჟი, ჯინ ჰენდერსონი,  ემოციური, მოუსვენარი, სულსწრაფი გმირი, არაჩვეულებრივად აღწერს საკუთარ ემოციურ მდგმომარეობას ამ ამონარიდში (წიგნიდან „ჰენდერსონი, წვიმის მეფე“).

ვიცით ხოლმე თქმა – ემოციური ადამიანია – და ვგულისხმობთ, რომ ვიღაც დაუფარავად, შენიღბვის გარეშე, ღიად ავლენს ემოციებს. ან – უემოციოა – და ვგულისხმობთ, ძნელად თუ მიხვდები, რას გრძნობს, რას განიცდისო.

რამდენად ზუსტად შეგვიძლია პერსონაჟების ემოციური მდგომარეობის ამოცნობა აღწერილის მიხედვით?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე საინტერესო სავარჯიშო მინდა შემოგთავაზოთ და კითხვასაც ასე შემოვატრიალებ – რამდენად ზუსტად შეგვიძლია  ს ა კ უ თ ა რ ი  ემოციური მდგომარეობის ამოცნობა? ( რადგან თუ საკუთარი გუნება-განწყობის, „სულიერ-ემოციური“ მდგომარეობის ამოცნობას ვერ შევძლებ, როგორ შევძლებ პერსონაჟის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის გრძნობა-ემოციებში გარკვევას?)

ეს სავარჯიშო მეტად სასარგებლო სავარჯიშოა. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რამდენად ამსუბუქებს მდგომარეობას ზუსტი შესატყვისის მოძიება, საკუთარი განცდის „სიტყვიერად მოხელთება“. თუ შევძელი და ფორიაქის, შფოთვის, შიშისა ან რაიმე მსგავსი ძლიერი ემოციის დროს ზუსტად მივაგენი აღმნიშვნელს, პროცესი მეტად ცნობიერად, ნაკლებად დამაზიანებლად მიმდინარეობს, რთული ემოციური შემოტევების სიმძლავრე იკლებს, გონება სხეულზე კონტროლს „იბრუნებს“.

სავარჯიშო კი ასეთია:

1.ფურცელზე ჩამოწერეთ ემოციების სახელდებები. ყველა, რაც გაგახსენდებათ.

2.შეავლეთ თვალი ჩამონათვალს, რომელსაც ქვევით გთავაზობთ, შეავსეთ თქვენი „პალიტრა“.

3.ყველა ის ემოცია, რაც ადრე (ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წლის წინ, უახლოეს წარსულში..) განგიცდიათ, აღნიშნეთ „წ“ ასოთი, ის ემოციები, რასაც ახლა განიცდით, აღნიშნეთ „ა“ ასოთი, ხოლო ის ემოციები, რასაც საკუთარ თავს მომავალში უსურვებდით, აღნიშნეთ „მ“-თი.

აი, ემოციების ჩამონათვალი. თანმიმდევრობა შემთხვევითია. გრადაციას ან სხვა რაიმე კანონზომიერებას არ გულისხმობს.

სიხარული

მწუხარება

ბრაზი

შიში

ბრალეულობა

წყენა

გულგრილობა

ზიზღი

ინტერესი

გაკვირვება

სასოწარკვეთა

გაოცება

მოწყენილობა

შური

ეჭვიანობა

სიძულვილი

სიყვარული

გლოვა

გამძვინვარება

სევდა

ზაფრა

აღფრთოვანება

კმაყოფილება

უიმედობა

 

აღელვება

უხერხულობის განცდა

შეცბუნება

გულგატეხილობა

პატიება

ექსტაზი

აღტაცება

აღტკინება

აღშფოთება

გაღიზიანება

ბრაზი

იმედიანი განწყობა

 

დააკვირდით თქვენს პალიტრას. საინტერესო სურათია.

რა სჭარბობს აწმყოში? რატომაა ასე?

რა კონკრეტული მოცემულობა განაპირობებდა იმ ყველაფერს, რაც „წ“-თია აღნიშნული?

რას ისურვებდით სამომავლოდ?

და მთავარი კითხვა – რას ვაკეთებ აქ და ახლა იმისთვის, რომ „მ“-თი აღნიშნული რეალობად იქცეს?

ერთი სიტყვით, საინტერესო თამაში-ჩაღრმავებაა საკუთარ თავში. ამგვარი აზრობრივი ვარჯიშს, ფიქრს, გაცნობიერებას საჭირო გადაწყვეტილებებამდე და ქმედებებამდე მივყავართ ხოლმე.

კითხვები და რჩევები

სტატიის ბოლო, პრაქტიკული და სასარგებლო ნაწილი.

როგორ ამოვიცნო, რას გრძნობს პერსონაჟი? რას მივაქციო ყურადღება, როცა მეუბნებიან – იმსჯელე გმირის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე?

მწერლები პერსონაჟების განწყობას, გრძნობებს, მდგომარეობას სხვადასხვაგვარად გამოხატავენ ხოლმე. გააზრებული კითხვისას ყურადღება მიაქციეთ დეტალებს:

როგორ გამოიყურება პერსონაჟი? გარეგნობა ბევრის მთქმელი შეიძლება იყოს.

რას ამბობს მასზე ავტორი?

რას ამბობენ/ფიქრობენ მასზე სხვა პერსონაჟები? როგორ გრძნობენ სხვა პერსონაჟები თავს მის გვერდით?

როგორ იქცევა გმირი? ქმედებებს, მოძრაობას, საქციელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხოლმე. დააკვირდით ჟესტიკულაციას, სხეულის ენას, მიმიკებს.

რა ვითარებაშია აღწერილი პერსონაჟი? ( ბუნების სურათი, არეული ოთახი, ზედმიწევნით მოწესრიგებული სივრცე…)

იპოვე ერთი კონკრეტული დეტალი, რომელიც მკაფიო, ნათელ, არაორაზროვან შთაბეჭდილებას ტოვებს გმირზე. მიმოიხილე. გამოთქვი მოსაზრება.

ყურადღებით შეარჩიე ზედსართავები, დააკვირდი, რა ინტენსივობის ემოციას ან გრძნობას გამოხატავს ესა თუ ის სიტყვა. პერსონაჟი გაბრაზებულია? ნაწყენი? განრისხებული? სასოწარკვეთილი? უიმედო? სასომიხდილი? გულდაწყვეტილი? გახსოვდეს, თითოეულ აღმნიშვნელს კონკრეტული „აღსანიშნი“ შეესატყვისება.

„ისაუბრე და დაგინახავ“ – ამბობდა სოკრატე. ყურადღება მიაქციე, როგორ მეტყველებს გმირი. ასევე – რა სასვენ ნიშნებს იყენებს მწერალი? ( ბევრი სამწერტილია? ბევრი ძახილის ნიშანი? თითოეულს თავისი დანიშულება აქვს…)

ნათლად და მკაფიოდ, გასაგებად გამოხატეთ თვალსაზრისი. „თავს ცუდად გრძნობს“ – აბსტრაქტულია. ზოგადი. არაფრისმთქმელი. შეეცადე, ჩაუღრმავდე, ჩასწვდე, რას გულისხმობს ეს „ცუდად ყოფნა“.

მუდმივად იზრუნეთ ლექსიკის გამდიდრებაზე. ხშირად გამოიყენეთ ნეიმანის „სინონიმთა ლექსიკონი“

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი