ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

დროის, მდინარისა და თავისუფლების შესახებ

*

2010 წელს ასეთი გულუბრყვილო რაღაც ჩამიწერია:

`რამდენს ინატრებდიო, რომ მკითხონ, სისხლსავსედ ცხოვრების ხუთ წელს ვიკმარებდი ალბათ, ოღონდ თუ ამაში ძილი და დასვენების საათები არ ჩაითვლება. რომ შემეძლოს, ძილს ამოვშლიდი ჩემი ცხოვრებიდან~.

ახლა ისე ხდება, რომ ყველაზე მეტად დილის ძილს ვერ ველევი, ბავშვებს ოთახიდან დავიფრენ და ჯერაც თბილი, შერჩენილი სიზმრის ფრაგმენტებს მივუბრუნდები ხოლმე.

ამიტომ გურამ რჩეულიშვილზე გაგონილი ლეგენდებიდან გულწრფელად მხიბლავს და მაოცებს ის ერთი, რომელიც ლეგენდარული რეალობა უფროა, და კარგად გვიჩვენებს ახალგაზრდა კაცის ნიჭიერებას, რჩეულობას:

საოცარი ნაყოფიერება!

უნაყოფო მწერლები ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ როდესაც ოცდაექვსი წელი ამოდენა შემოქმედებით მემკვიდრეობას (მოთხრობები, ნოველები, დღიურები, პიესები, პირადი მიმოწერა) ტოვებს, ყველა შეგნებულ ადამიანს/მწერალს უჩნდება სურვილი, თავაუღებლად იშრომოს და სიტყვად აქციოს ყველაფერი, რაც ხელში მოხვდება. არაფერი გამორჩეს, გაუფრთხილდეს და შეინახოს წვრილმანიც კი.

ალბათ ესაა გურამ რჩეულიშვილის – უწყვეტი ფიქრისა და შრომის – საიდუმლო.

 

*

ადრე, დიდი ხნის წინ, როცა ფეხბურთს ვთამაშობდი და `პერსპექტიული~ მეთქმოდა, ერთ-ერთი სოფლის გუნდთან დაძაბული მატჩის შემდეგ, მასპინძლებმა ენგურზე `დაგვპატიჟეს~ – მთელი გუნდი ავიყარეთ, მწრთვნელებიან-მშობლებიანად გავავსეთ ავტობუსი და დამტვრეულ გზას გავუყევით მდინარისკენ.

წინა დღის ნაწვიმარია, ბანაობას არ გირჩევთო, – გვაფრთხილებდა ერთი იმათგანი, ეტყობა უფრო გამოცდილი, მაგრამ არ დავიშალეთ ცურვის იშტაზე მოსულებმა და მღვრიე წყალში შევცვივდით ყველანი.

პირველივე გაბრძოლებაზე დავყარე ფარ-ხმალი. ჩქარმა და მრისხანე ნაკადმა გულაღმა დამაგდო, გამკლავება ვცადე, ხელიც გავიქნიე, მაგრამ მეორე შემოქნევაც წამომეწია და ძლივ-ძლივას, ფორთხვა-ფორთხვით გავაღწიე ნაპირამდე.

ნაპირზე ჩემსავით დალეწილი, სიცივისგან მობუზული ბიჭები ეყარნენ. ტუჩები დალურჯებოდათ და ტანზე ხორკლი ეყარათ. მაშინ ვიფიქრე, თუ ოდესმე ფეხბურთში რამის მიღწევა გვინდა, ენგურივით ულმობელი თავდასხმა უნდა გვყავდეს და დაცვა, რომელიც ასეთ თავდასხმას შეაკავებს-მეთქი.

უფრო გვიან, როცა თამაშს თავი გავანებე და სწავლისთვის მოვიცალე, რამდენიმე ისეთი წიგნი შემომხვდა, სადაც ენგური გაელვებად კი არა, ან `ბუნების აღწერის~ შემადგენელ ნაწილად, არამედ, შეიძლება ითქვას, ბედისწერადაც კი მოჩანდა.

კონსტანტინე გამსახურდიას თავისი წიგნის პერსონაჟად ექცია ენგური – აბორგებული, სვანეთის ლანქერებიდან გახელებული, დაუდეგარი შხუილით რომ მოჰქრის და ტალღები ცეკვით მისრიალებენ უსრულო სარკისებრ გალაქულ სივრცეში.

გრიგოლ რობაქიძეს კი სულაც თავისი პერსონაჟისთვის შეერქმია – ეს ის თამაზ ენგურია, რომელიც ძნელ დროში ყოფნისა და სულიერი მერყეობის მიუხედავად, `მეტყველ სახეს~ მაინც ინარჩუნებს და კათარსისსაც აღწევს.

– გივერგილ, იმე ხარი? – ახლაც მზარავს ლეო ქიაჩელის მოთხრობიდან ალმასგირ კიბულანის ხმა, რომელიც ჯებირის ნგრევას მოჰყვა ნაპირზე. მამა ენგურის ზვირთებში დაკარგულ შვილს უხმობს. მხარბეჭგაშლილს მარჯვენა ხელში თოკის ერთი თავი უჭირავს, მარცხენაში – მეორე თავი. ხან ერთს დახედავს, ხან მეორეს და ცოფმორეული მხეცივით ღმუის: `გივერგილ, იმე ხარი?~. ღმუის და დაეძებს, ქალღმერთ დალის ავედრებს და მართლაც – იქ, სადაც ენგური ზღვას უერთდება, აციალებული ზღვის სიღრმეში დაინახავს მთვარის შუქმფენ სახეს. ეს გივერგილას მფარველი დალია, რომელიც ზეციდან ძირს დაეშვა, სადღაც ახლოს. დალის ოქროს თმებში თვალგახილული, მოღიმარი გივერგილა გაუხვევია და ალერსით გულში ჩახუტებული უფსკრულიდან ამოჰყავს. `გივერგილ!~ – არაადამიანურად გახარებულია ალმასგირი, მძიმე ტანს აიმჩატებს, ჰაერში შემართული ხელების დიდრონ, კაუჭა თითებს მოლანდებული შვილისკენ გააშვერს, წყალს შეაპობს და ზღვაში შეიჭრება…

2012-ის ზაფხულში, აგვისტოს მოღრუბლულ დღეს, ლატალში ყოფნისას, ლახუშდის ეკლესიასთან მისულმა, ჩავხედე მღვრიე ენგურს. ვერ ვიცანი. ადრე ნანახს და წიგნში წაკითხულს არ ჰგავდა. თითქოს ნაწყენი და გაბრაზებული იყო იმ კაცივით, ჩხუბის დროს რომ გააშველებენ და მეტოქე გაულახავი დარჩება.

 

 

*

მდინარე. დინება. დინების საწინააღმდეგო სვლა. „დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“.

უცნაურია, რომ 30-იან წლებში დახვრეტილთა და რეპრესირებულთა შთამომავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ასე დაუფარავად დაუპირისპირდა ეროვნულ მოძრაობას, კონკრეტულად – მოძრაობის ლიდერს ზვიად გამსახურდიას. რასაც შენი მამა-პაპანი ეწირებიან, რისთვისაც მათი ხსოვნა გეძვირფასება, – ქვეყნის თავისუფლება, – რატომ ხდება მერე ასე მიუღებელი, აბუჩად ასაგდები, ჩასაქოლავი, გასამეტებელი? თუ ერთი პიროვნებისადმი სიძულვილი განაპირობებს მის მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობაზე უარის თქმას (როგორც ეს 90-იან წლებში გამოჩნდა), მაშინ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია მთელი ქვეყანა. ისე კი, არც მაშინ და არც დღეს არ გვიფიქრია, რომ ერთმანეთისთვის შემართულ იარაღს სხვა ვინმეც შეიძლება გამორჩეს რამეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი