პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ურთიერთობების სკოლა

სკოლა სოციალიზაციის ადგილია, სადაც ცოდნის, ღირებულებებისა და ნორმების შეთვისების პროცესი მიმდინარეობს. ბავშვებისთვის ურთიერთობის უნარის ჩამოყალიბების გარეშე ის დაკარგავდა თავის სახეს, თუმცა ისიც ცხადია, რომ სკოლა ასი პროცენტით ვერ უზრუნველყოფს ამ პროცესის წარმატებას და მიზეზი ხშირად არაერთგვაროვანია.

ეს ამბავი უფრო საძნელო ჩანს რაიონის მცირეკონტინგენტიან სკოლებში, იქ, სადაც თითო კლასში სამი, ორი და ხშირად ერთი მოსწავლეა, რის გამოც ისინი თანატოლებთან ურთიერთობის დეფიციტს განიცდიან. ასეთი ბავშვებისთვის განწყობის გამოკეთება შეიძლება პოზიტიური მოლოდინის გაღვივებით, რომ წინ საინტერესო და ურთიერთობებით სავსე სტუდენტური მომავალი ელით.

მრავალი წლის წინათ მეც პატარა ქალაქში დავამთავრე სკოლა და მეგაპოლისის სულისშემხუთველი ტემპის საკეპში მოვყევი. თბილისში ჩამოსვლის პირველივე დღიდან აღმოვჩნდი დილემის წინაშე – უნდა მომეფიქრებინა, ტრანსპორტის ორი სახეობიდან (ავტობუსი-მეტრო) რომელზე შემეჩერებინა არჩევანი და უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე გავყოლოდი. არსებობდა მესამე, თეორიულად ყველაზე ეფექტური ვარიანტიც – ტაქსით მგზავრობა, მაგრამ რადგან მისი განხორციელების შანსი, ჩემი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ისეთივე მცირე იყო, როგორიც მსოფლიოს გარშემო პირადი თვითმფრინავით მოგზაურობა ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად, უმალვე უარვყავი. საბოლოოდ ჩემი არჩევანი ოდნავ მოუხერხებელ, თუმცა უსაფრთხო ვარიანტზე შეჩერდა.

მეტრო, მართალია, ოდნავ მიგრძელებდა უნივერსიტეტამდე მისასვლელ ისედაც უცხო გზას, მაგრამ შეიცავდა ნაკლებ რისკს, რომ ამ გზიდან დაბნეულს გადამეხვია. მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ ამოვედი და ჯერ კოსტავას და მერე მელიქიშვილის ქუჩებს ისე გავუყევი, რომ, პირდაღებულს, გამვლელებისა და შენობებისთვის კარგა ხანს არ მომიცილებია თვალი. იმ ქალაქში, სადაც სკოლა დავამთავრე, მიწისქვეშა გადასასვლელების პრაქტიკა, ადგილმდებარეობის თავისებურების გამო, ცხადია, არ არსებობდა, ამიტომ, უნივერსიტეტის პირველ კორპუსს მიახლოებულმა, ქუჩის მეორე მხარეს მოსახვედრად განკუთვნილ ამ უაღრესად პატივსაცემ, მაგრამ ჩემთვის სრულიად არაფრისმთქმელ ადგილს ცივად ავუარე გვერდი და შენობების გასწვრივ იმ იმედით განვაგრძე გზა, რომ შუქნიშნიანი გადასასვლელი გამოჩნდებოდა. შუქნიშანი არ გამოჩნდა და საბოლოოდ ასე უპერსპექტივოდ სიარულმა მაიძულა, რისკიანი გადაწყვეტილება მიმეღო და ვიღაც თავზე ხელაღებულს, რომელიც ყოველგვარი წესის დარღვევით აპირებდა ხმაურიანი ქუჩის გადაკვეთას, გვერდით ამოვუდექი. ქუჩა მშვიდობით გადავკვეთე თუ არა, იმ კაცის აღმაფრენით შევაბიჯე უნივერსიტეტის შენობაში, რომელიც ეს-ესაა გასრესას გადაურჩა. ღიმილი მანამდე არ მომშორებია სახიდან, სანამ, სხვა პირველკურსელებთან ერთად რეგისტრაციის რიგში მდგომს, სამსაათიანი ლოდინის შემდეგ რეგისტრატორმა შესაშური სიმშვიდით არ მითხრა: „ჯერ მესამე სართულზე უნდა აბრძანდეთ, მერე კი – ჩვენთან“.

მომდევნო კვირა სარეგისტრაციო დეტალებზე უთავბოლო სირბილს შევალიე, ნულოვანი სართულიდან მესამემდე არსებულ ყველა ადმინისტრაციულ ოთახში შევდგი ფეხი და ბოლოს ამ სირბილმა, როგორც იქნა, ცხვირი აუდიტორიებშიც შემაყოფინა. იქ დანახული გენდერული დისბალანსით გამოწვეულმა პირველმა ელდამ როგორც კი გამიარა, ოთახი გადავჭერი და უკანასკნელ მერხზე კომფორტულად მოკალათებულმა, პანორამული სურათის თვალიერებით დავიწყნარე აწეწილი ნერვები. ფილოლოგიურის კურსზე ორმოც გოგოზე ერთი ბიჭი მოდიოდა, ეს თანაფარდობა კი, მოგეხსენებათ, ბიჭების სასარგებლოდ მეტყველებს.

მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს ადგილი პროფესიულ ცოდნასთან ერთად მჩუქნიდა ადამიანებს – ყველაზე მნიშვნელოვან და ძვირფას მეგობრებს, ვისაც კი შეიძლება ცხოვრებაში შევხვდროდი. რომ მისი ფუნქცია იყო ურთიერთობები აეხსნა ჩემთვის, მათთან დავეახლოებინე და ისეთი პირობები შეექმნა, რომ თავი ირაციონალურ სამყაროშიც კი არ მეგრძნო მარტოს.

ახლა რომ მკითხოთ, რა მახსენდება ყველაზე კარგად უნივერსიტეტში გატარებული წლებიდან, მცხეთაში, ჩემი ჯგუფელის, სალომე ბედუკაძის სახლში დანარჩენ ჯგუფელებთან ერთად სტუმრობის ტრადიციას დავასახელებდი, სადაც ოთახებს, ეზოს და საერთოდ ყველაფერს ძალიან მაგარი წიგნები დარაჯობდნენ. მაშინ, გარდა ამ წიგნებთან ურთიერთობისა, ჩვენი უფროსი მასპინძლისგან, ბატონი ანდროსგან, წითელ ღვინომდე მისასვლელი გზის ცოდნის ექსკლუზიური პატივიც მქონდა. ვსვამდი და თან ჯგუფელებს ვუყვებოდი წინა ღამით ნანახ სიზმრებს.

მაგალითად, ერთხელ დამესიზმრა, როგორ ვითავსებდი მწვრთნელის თანაშემწის ფუნქციას ისეთ სახელოვან საფეხბურთო კლუბში, როგორიც „ბარსელონაა“. უფრო მეტიც, მთავარ მწვრთნელ ფრანკ რაიკაარდს ძირითადი შემადგენლობის გადახალისებაში ვეხმარებოდი და ერთმანეთის მიყოლებით შემყავდა მოედანზე ჩემი ჯგუფელი გოგოები: თაკო კიკვაძე, ქეთევან ბურნაძე, ლალუკა გოგოლაძე… მატჩის სტარტზე ჩემი ტაქტიკური გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს, არ ამართლებდა, რადგან კამპ ნოუზე შეკრებილ განაწყენებულ პუბლიკას მიზანში ვყავდი ამოღებული და სტვენა-ღრიანცელით გამოხატავდა ჩემი შუაზე გაგლეჯის სურვილს. ვითარება მანამდე არ შეცვლილა, სანამ სათადარიგოთა სკამზე მჯდომ სალომე ბედუკაძეს არ ვუხმე, საყრდენი ნახევარმცველი დემეტრიო ალბერტინი მოედნიდან არ გამოვაბუნძულე და სალომე მის მაგივრად არ ჩავრთე თამაშში. და საჩემპიონო სპექტაკლი დაიწყო. დაიწყო ის, რის გამოც ფეხბურთის ქომაგებს სიგიჟემდე უყვართ და მთელ ცხოვრებას ურჩევნიათ სპორტის ეს სახეობა.

ამ სიზმრის ემოციური გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ მეორე დღეს, რუსთველოლოგიის ლექციაზე მჯდომი, კარგა ხანს ვაკვირდებოდი სალომეს და არ მესმოდა, რატომ ანიავებდა ფილოლოგიის კურსის შესწავლაში იმ ძვირფას დროს, რომელიც შეეძლო ფეხბურთელის კარიერის ასაწყობად გამოეყენებინა.

ამ და კიდევ უამრავი თბილი სიზმრის ფონზე კი ალბათ არ არის გასაკვირი, თუ სოფლის სკოლის მასწავლებელი ხშირად უყვება მოსწავლეებს, რომ ის ადგილი, სადაც სკოლის შემდეგ აპირებენ გამგზავრებას, ნამდვილად ზედგამოჭრილია ცოდნის მისაღებად, მაგრამ მისი გამორჩეულად სამახსოვრო საჩუქარი იმ ადამიანებამდე მისასვლელი გზების აღმოჩენაა, რომლებიც სამუდამოდ რჩებიან ჩვენთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი