ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ვირჯინია ვულფი: მაგიური სარკეები

17 მაისს,  ხანგრძლივი, რიტუალური სატელეფონო საუბრისას დედაჩემმა მითხრა: „ჩვენზე ხომ არ ყოფილა დამოკიდებული, როგორები დავიბადებოდით – როგორი სურვილებით?“ წლების წინაც ასე ფიქრობდა. ანტიჰომოფობიური სატელევიზიო გადაცემების კვალის ძებნა არ უნდა დამეწყო.

დედებზეც საუბრობს ვირჯინია ვულფი „საკუთარ ოთახში“ – ვრცელ ესეში, რომლის თავიდან წაკითხვაც გადავწყვიტე. წინა თაობების, წინა საუკუნეების ქალებს იხსენებს – მათ, ვინც შემოხაზული წრის შუაგულში ჩააყენეს და სამოქმედო არე მკაფიოდ დაანახეს: ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუ საზღვრის, ჯებირის არსებობა ემახსოვრებოდათ, თუ ცხოვრების მიერ გამომეტებულს დასჯერდებოდნენ.

ავტორი შიშობს, „პირწავარდნილ ფემინისტად“ არ გამოვჩნდეო, მაგრამ ცხადი ხდება, რომ სადარდებელთაგან ეს ყველაზე მცირე უნდა იყოს: აბზაცი აბზაცს მოსდევს და მისი ნააზრევი უფრო და უფრო ემსგავსება საბრალდებო დასკვნას. „ქალები საუკუნეების განმავლობაში იმ მაგიური სარკეების როლს ასრულებდნენ, რომლებშიც მამაკაცები ბუნებრივზე ორჯერ უფრო მაღლები ჩანდნენ. ამ მაგიური ძალის გარეშე დედამიწა ალბათ დღემდე გაუვალი ჭაობებითა და ჯუნგლებით იქნებოდა დაფარული; არანაირი მემატიანე არ გვიამბობდა კაცობრიობის ომებისა და მათში საგმირო ამბების შესახებ. ძვლებზე ირმის კონტურების გამოყვანას თუ მოვახერხებდით დღემდე და პრიალა ქვებს თუ გავცვლიდით ცხვრის ტყავში, ან სხვა უბრალო ორნამენტებს, რასაც ჩვენი უპრეტენზიო გემოვნება გაწვდებოდა. ზეკაცები და ბედის რჩეულები არ იარსებებდნენ“. და იქვე – კიდევ უფრო მკაცრად: „როცა ქალი სიმართლის თქმას იწყებს, სარკეში მამაკაცის სილუეტი პატარავდება; მცირდება მამაკაცის ძალა არსებობისათვის ბრძოლაში. თვითრწმენის გარეშე მისთვის რთული ხდება, მიიღოს გადაწყვეტილებები, დაიპყროს ახალი ტერიტორიები, კანონები შექმნას, წიგნები წეროს […] მას სჭირდება სარკეები გარშემო, საუზმესა და სადილებზე, რომ საკუთარი თავი, სულ მცირე, ორჯერ უფრო მაღალი დაინახოს იმაზე, ვიდრე სინამდვილეშია“.

დასაფასებელი პირდაპირობაა, რომელიც, ცხადია, გამაღიზიანებელი იქნებოდა ორივე სქესის იმ წარმომადგენლებისათვის, საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმებისადმი უპირობო მორჩილება რომ ცხოვრების წესად გაეხადათ. მწერალს კი უფრო და უფრო მეტი სინათლე შეაქვს აღწერილ სურათში, რაც, წესით, არასწორი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას უნდა გამორიცხავდეს. ვირჯინია ვულფი ერთფეროვნების საფრთხეზეც გვაფრთხილებს: „ძალიან სამწუხარო იქნებოდა, ქალები რომ ისე წერდნენ, როგორც მამაკაცები, ან ცხოვრობდნენ, როგორც მამაკაცები, ან გამოიყურებოდნენ, როგორც მამაკაცები, რადგან ეს უზარმაზარი სამყარო, ალბათ, ძალიან ერთფეროვანი გახდებოდა, თუკი ორი განსხვავებული სქესის მაგიერ ერთი სქესით მოგვიწევდა მასში ცხოვრება. ნუთუ განათლებამაც, სქესებს შორის მსგავსებებზე მეტად, წინ სწორედ განსხვავებები არ უნდა წამოსწიოს და გააძლიეროს? რადგან მსგავსება ისედაც ძალიან ბევრი გვაქვს და თუ რომელიმე თანამედროვე მკვლევარი იმის ხელხლა აღმოჩენას და მტკიცებას აპირებს, რომ ორი სქესი სხვადასხვა ხის ტოტებს მიღმა არ გაჰყურებს სხვადასხვა ცას, ეჭვი მეპარება, ამ მკვლევარმა დიდი სამსახური გაუწიოს კაცობრიობას“.

წერისას გულწრფელობაა არსებითი და მწერალიც სწორედ ამას სთხოვს მათ, ვისაც ხის, მისი ტოტებისა და ტოტებს მიღმა დანახული ცის კვლევა ცხოვრების მთავარ საქმედ გაუხდიათ. აფრთხილებს კიდეც, საკუთარ სქესში, როგორც მკვლელ გალიაში, ისე არ გამოიკეტონ და ხანგრძლივი შრომის ნაყოფი გასახმობად არ გაწირონ. „საბედისწეროა წერისას საკუთარ სქესზე ფიქრი. მწერლისათვის საბედისწეროა, იყოს უბრალოდ ქალი ან კაცი; მას ორივე ბუნება უნდა გააჩნდეს. ქალისათვის საბედისწეროა, თუნდაც მცირედი აქცენტი გააკეთოს თავის სქესზე და დაიჩივლოს, თუნდაც სამართლიანად, ნებისმიერ წინააღმდეგობაზე, რომელიც მას გაჩნია, როგორც ქალს. და „საბედისწერო“ არ არის მხოლოდ მძაფრი სიტყვა, რადგან ყველაფერი, რაც ასეთი გაქანებით დაიწერება, სიკვდილისთვისაა განწირული. ის მთავარი მარცვლის გაღვივებას ვერ მოახერხებს. როგორი ბრწყინვალე და ეფექტური, ძლევამოსილი და ოსტატურიც არ უნდა ჩანდეს ერთი-ორი დღის მანძილზე, ადრე თუ გვიან მაინც გახმება; სხვების გონებაში ვერ ჰპოვებს ნიადაგს“.

ვირჯინია ვულფის ამ ესეში მრავალი ბილიკია, რომელსაც შეიძლება გაჰყვე – იმ იმედით, რომ საკუთარ თავს მიგაახლოებს, საკუთარი ოთახის ჩრდილებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანს შეგამჩნევინებს. მე მხოლოდ ერთი ამოვირჩიე – რომელიც წლების წინაც მომწონდა და წერისადმი ჩემი დამოკიდებულების სისწორეში მარწმუნებდა. ორი ბუნებისა კი მხოლოდ მწერლები არ არიან – ყველაა, განურჩევლად იმისა, რამდენად თანაუგრძნობენ 17 მაისს ფერადი დროშების ფრიალით გართულებს.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი