პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ბეხვერია მამაო

ჩვენ უფრო მოლაპარაკე, მჭევრმეტყველი მოძღვრები გვამახსოვრდება. მამა გიორგი გულორდავა მოსმენის ნიჭით იყო დაჯილდოებული, სულიერი შვილის გამოცდილებას დინჯად უგდებდა ყურს და იმახსოვრებდა. საკუთარი თავი არასდროს გაექცეოდა – რამდენჯერაც და სადაც კი მინახავს, არსად გაჭრილა წინ, სხვებისთვის თავი არ გადაუმეტებია. ერთადერთხელ, მორიდებით შეუსწორა მასზე უფროს კაცს, ვინც ონავარ შვილიშვილს ეფერებოდა და თან მამა გიორგის უყვებოდა მასზე:

– ეშმაკ ბაღანა რე, მამაო!

– ეშმაკ ვარ, პატონ, მარა ცხვანტ ბაღანა ქოოფე. – ეშმაკი არა, მაგრამ ძალიან ცელქი შვილიშვილი კი გყოლიათო, რომ უთხრა, ის კაციც გაიბადრა და მოძღვარმაც ერთი ხელისმოსმით ჩამოაშორა პატარა დაუდგრომელ ბავშვს „ეშმაკის“ (თუნდაც მოსაფერებელი) იარლიყი.

 

*

მამა გიორგი გულორდავა ბებიაჩემის მოძღვარი იყო და უკანასკნელი აღსარება ბებიაჩემმა სწორედ მას გაანდო, გულწრფელად და თავისი წარსულის დაუზოგავად. შემდეგში ჩვენთან მოსული მღვდელი ხშირად იგონებდა იმ განცდას, რაც აღსარების მოსმენისას დაეუფლა. იტყოდა, – თითქმის ვერ ვიხსენებ ადამიანს, თავის ცხოვრებაზე ასე ელაპარაკოსო. არ მიკვირს, სხვების და პირველ ყოვლისა საკუთარი თავის მიმართ უშეღავათო ვარო ბებიამ სწორედ მამა გიორგის რომ გადაუშალა გული, და იმანაც მისი სინანული და ყოფის ყველა ხეთქება ადამიანური თანალმობით მიიღო.

– ოხ, შენ წახვალ ეხლა და აქეთ არ გამოიხედავ, – ღიმილით მითხრა მანცხვარკარის ეკლესიის ეზოში, ოდნავ შემთვრალმა და შეყვარებულმა ჩემი თბილისში წასვლის ამბავი რომ ვუთხარი.

– არა, მამაო, რას ამბობთ?! ორ კვირაში ერთხელ აქ ვიქნები, შაბათის ლოცვებზე და კვირაობით, წირვაზე.

– ვაიშ მეტი!.. – ძალიან მომინდა, ბებიაჩემის საყვარელი სიტყვებით დაელოცა გზა, ჩემს ყველა დაქადნებას და ტრაბახს რომ მოაყოლებდა ბებიაჩემი, – რაღაც არ მჯერა შენი, მაგასაც ვნახავთ, რა ბიჭიც ხარო.

მან კი მხოლოდ გამიღიმა და ჯვარი გადამსახა.

 

*

შინაგანად მშვიდი იყო და მამაციც, ძველი მებრძოლი ქრისტიანივით, რომლებსაც წიგნიერ განათლებაზე მეტად გულში დავანებული რწმენა ამაგრებდათ და მიუძღოდათ წინ. ზუსტად არ მახსოვს, „ბეხვერია მამაო“ ვინ შეარქვა, მაგრამ მეგობრების წრეში ეს მეტსახელი რომ დატრიალდა, ყველამ მისი გარეგნული ფიგურის აღსანიშნავად კი არა (ბეხვერია მეგრულად ბუთხუზას ნიშნავს), დიდი გულის მქონე კაცის ზუსტ სიმბოლოდ აღიქვა.

„მიჰხედეთ ფრინველთა ცისათა, რამეთუ არა თესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, რადგან მამა თქუენი ზეცათა ზრდის მათ…. განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძინდის! არა ჰშურებიან, არცა სთავნ…“ – ეს სახარებისეული, ქრისტეს და ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი მოწოდება ხშირად გამხსენებია მამა გიორგი გულორდავაზე ფიქრისას. ერშიც შემხვედრია ასეთი ადამიანები, მაგრამ რასაც დავკვირვებივარ, მათ ბევრი არც უფიქრიათ ამაზე, ასე ცხოვრება არ განუზრახავთ, თვითმიზნად არ გაუხდიათ:

ისინი უბრალოდ იმ ჭურჭლებად იქცნენ, სადაც ქრისტემ თავისი ღვინო ჩაასხა.

 

*

მამა გიორგის ადამიანში სიკეთისა არ ეეჭვებოდა. ასე მგონია, ბევრი მღვდელი ხშირად ნაკლს ეძებს თავის სულიერ შვილში და ამით ჩვეულებრივ ადამიანს ემსგავსება, რომელსაც გადაცდომების მხილება ცოტათი მოსწონს კიდეც. ყველა რომ ცოდვილი ვართ და ამით სამუდამოდ გამოჭერილი, ეს გვაბრკოლებს კიდეც, რომ საკუთარ არსებობაზე მეტნი ვიყოთ. მამა გიორგის სიკეთის დანახვა და წაქეზება უყვარდა, მაგრამ ამას საოცარი გულღიაობით და დაუყვედრებლად აკეთებდა.

მისი ქადაგებები ხანმოკლე იყო და ამით თავის ძმას – სქურის მონასტრის ბერ იოანეს ჰგავდა, რომელიც ძალიან იშვიათად, მხოლოდ ძალიან საჭირო მომენტებში ამბობს სიტყვას, თითქოს ზედმეტადაც მიაჩნია ჭეშმარიტებაზე საუბარი, ჭეშმარიტების ჭარბი სიტყვებით განმარტებაო.

 

*

ერთხელ ვუთხარი, სახარებას ვკითხულობ და მგონი წესია, მოძღვარს უნდა შეუთანხმო-მეთქი. კი, წესია, ზომა და წონა უნდა დაიცვა კაცმა, მაგრამ შენ შეგიძლია არ დაიცვა… მაინც ვერ დაიცავო… ისე, ათასი ხარახურის კითხვას, ჯობია სახარება წაიკითხო, მადლი შემოვა, ის სიტყვები ჩვეულებრივი სიტყვები არ არისო…

 

*

მის დაკრძალვაზე ვერ ჩავედი. მიჭირს ჩემი ქალაქის ადამიანებთან გამოთხოვება, მათ გაქრობასთან შეგუება. ბევრი იტყვის, სხეული ქრება, საქმე და სახელი კი რჩებაო. იქნებ ასეც იყოს, მაგრამ ცოცხლად შეხვედრის სიხარული მგონი ჯერ არაფერს ჩაუნაცვლებია აქ, ამ მიწაზე, არაფერს დაუჩრდილავს.

რამდენიმე კვირის შემდეგ, თავსხმა წვიმაში შევედი მანცხვარკარის ეკლესიის ეზოში, ცა ფეხად ჩამოდიოდა, ვეცადე დიდხანს ვმდგარიყავი მამა გიორგის საფლავთან, წვიმა არაფრად ჩამეგდო, მთელ სხეულზე მოდებულ სისველეს არ გამოვექციე. ერთი სანთლის ჩაქრობისხელა დაყოვნება მაინც რა გახდა, ზოგჯერ ამის მოთმინებაც არ გაგვაჩნია, არადა მეტს მგონი არც არავინ ითხოვს ჩვენგან. არც ღმერთი. არც ადამიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი