ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დაგვიანებული ოდა ნატა მასწავლებელს

რამდენიმე მოგონება ნატა მასწავლებელზე, რომელიც ჩემთვის მზის სხივად იქცა

უძინართა მზე

გადაუღებლად ბარდნის. ფანჯრიდან ვიყურები, ვცდილობ, გადათეთრებულ სივრცეში ნაცნობი ადგილები და ნივთები ამოვიცნო. ფიფქები დიდია, ფიფქებისთვის შეუფერებლად დიდი.

„უძინართა მზე“ რამდენიმე დღის წინ ვნახე და აკვიატებულ ფრაზას ვიმეორებ: „ეს რა ჭირი გვჭირს, ტო!“ „ტოებით“ საუბარი მოდაშია, რაღაცნაირად კარგ ტიპად წარმოგაჩენს.

ფილმი დანგრეულ, ძველ კინოში გაუშვეს. ასე ვეძახდით ამ შენობას – „კინო“. ნატა მასწავლებელმა წაგვიყვანა მე და ჩემი კლასელები. ფილმის დასასრულს ყველა ვტიროდით, განსაკუთრებით – ნატა მასწავლებელი. ბატისტის მოქარგული ცხვირსახოცი სულ დაუსველდა. შინისკენ რომ მოვდიოდით, ხმას ვერცერთი ვერ ვიღებდით, რაღაცნიარად დავედუმებინეთ ამ ფილმს. იმ დროს ყველანი უძინარები ვიყავით და ვფიქრობდით, რომ ეს მზე ჩვენიც იყო, თითქოს გადარჩენილი თაგვი ჩვენც გვაძლევდა იმედს, რომ გადავრჩებოდით და აქედან გავაღწევდით. თავს რაღაც დიდი ექსპერიმენტის ნაწილად ვგრძნობდით და არაფრის მოლოდინი არ გვქონდა, სანამ ნატა მასწავლებელი არ გამოჩნდა და მზე არ მოგვიტანა, უძინართა, უიმედოთა, სადღაც დროის მარყუჟში ჩარჩენილთა მზე. მზე -ჰორტენზია.

 

ცაა ქრიზანთემის…

გვიანი შემოდგომის ერთ გაცრეცილ დღეს, მოწყენილობისგან რვეულის ბოლო ფურცელზე, გრძელთვალება გოგოებს რომ ვხატავდი, ნატამ საკლასო ოთახის კარი შემოაღო. ისეთი გამხდარი, ისეთი პატარა იყო, ზურგიდან ბავშვი გეგონებოდა. წითელი თმა კეფაზე ვერცხლის ფოთლით დაემაგრებინა, მწვანე კაბა ეცვა და პატარა, შავი ხელჩანთა ეჭირა. ხმა ზარივით უწკრიალებდა და მისი თვალები… აი, ისინი უნდა გენახათ – აბრდღვიალებული, გაბრწყინებული შავი თვალები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ ანათებდნენ, როდესაც თავის საყვარელ ან თავისივე დაწერილ ლექსს გვიკითხავდა.

შემოვიდა და მოვინუსხე. მისი დახვეწილობა, არისტოკრატული მიმოხრა, გრძელი თითები, საჩვენებელ თითზე – ლალისთვლიანი ბეჭედი რაღაცნაირად უცხო და უცნაური ჩანდა ამ გაქუცული კედლების ფონზე, რომლებსაც აქა-იქ ბათქაში ჩამოსცვენოდა, კედლის გაზეთებს და ილიასა და აკაკის პორტრეტებს ბოლომდე ვერ დაეფარა და ისე დაეღო პირი, თითქოს დასცინოდა ჩვენს მცდელობას, კლასი ოდნავ მაინც გაგველამაზებინა.

შემოვიდა ეს არაამქვეყნიური არსება, შემოდგა ფეხი ჩვენს ნავთით მოპრიალებულ, გაშავებულ, აქა-იქ პარკეტამოცვენილ იატაკზე და ლექსის კითხვა დაიწყო. დაბალი, სასიამოვნო ხმა ჰქონდა, ტკბილი, ხავერდოვანი. დგანან სევოიის და ბებერი მუხის ძველი გიგანტები/ცაა ქრიზანთემის, ზღვაა ქრიზანთემის, მზეა ქრიზანთემის/ქამენია რაა? ახლა გულში ცეცხლზე ცეცხლის მიმატება/ცაა ჰორტენზიის, ზღვაა ჰორტენზიის, მზეა ქრიზანთემა!

მიუხედავად იმისა, რომ სიტყვების უმრავლესობა გაუგებარი იყო, მოსმენილმა მოგვაჯადოვა. ნატა მასწავლებელმა ლექსის კითხვა რომ დაიწყო, ჩავისუნთქეთ და რომ დაასრულა, მაშინღა ამოვისუნთქეთ. ნატამ კი დააყოლა, რომ ეს არის პოეზია, ასე რომ მოქმედებს ადამიანებზე. რომ მისი გავლენა უსაზღვროა და ცოტა საშიშიც. გაყინული ხელებით, დაცხავებული ღუმლიდან გამოსული კვამლით თვალებჩაწითლებულებმა დავიწყეთ მზე-ქრიზანთემების, ზღვა-ჰორტენზიების ხატვა, ნატა კი იდგა და კმაყოფილი ღიმილით აფასებდა ჩვენს ნამუშევრებს.

შინ მისვლისთანავე გადმოვიღე დიდი საბჭოთა ენციკლოპედია და იმ დღეს მოსმენილი ყველა უცხო სიტყვა მოვძებნე. მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა ბავშვს უქექია ენციკლოპედიებში და ყველას ერთი სული გვქონდა, ამ ამბავს მასწავლებელს როდის ვახარებდით. გაუხარდა, ძალიან გაუხარდა, თავშეუკავებლად. გვთხოვა, ლექსის განწყობას ჩავღრმავებოდით და წარმოგვედგინა, რას განიცდიდა ამის დამწერი, რა ანაღვლებდა, ან რა ახარებდა.

ვდგები და ვიწყებ. არც მასწავლებელს ვუყურებ, არც კლასელებს. გავცქერი სივრცეს, გალუმპულ ხეებს. სიტყვები თავისით მწყდებიან და კლასში იფანტებიან:

სხვა სამყარომ გაიელვა სულ ერთი წამით, ალბათ სიზმარში, ალბათ ღამით, მაშინ, როცა მთვარე წითლად ელვარებდა. დაბურული ტყე. აქაიქ ფერიები დაფრინავენ, ისმის მათი ფრთების წკრიალი. სევოიები საუკუნეებს ითვლიან, ცად აზიდულა მათი დაკორძილი სხეულები. ვინ იცის, რა ამბების მომსწრე არიან, რა მოგონებებს ინახავენ. მათ მუქ მწვანე ფოთლებში ოქროდ იღვრება ჰორტენზიად ქცეული მზის სხივები. ტყიდან გავრბივარ და ქრიზანთემების ზღვაში ვეშვები. არ ვიძირები, ეს ხომ ქრიზანთემებია. გული მღელვარებისგან ლამისაა გასკდეს, თითქოს ცეცხლი მიკიდია, მაგრამ ქრიზანთემები და ჰორტენზიები გულს მიმშვიდებენ. გვირილების, იგივე ქამენიების გვირგვინებით მორთული ყურებწაწვეტებული ფერიები თავს დამტრიალებენ. ნამდვილი ნეტარებაა. მეღვიძება. ღამეა. ფანჯრიდან ვიყურები, ცას ვარსკვლავი წყდება. სურვილს ვუთქვამ, სიზმარისეული სამყარო რეალობად მექცეს.

სიჩუმეა. ყველა გაოგნებულია, ასეთი ინა არავის ახსოვს. სხვათა შორის, არც მე. თან ნერვები მეშლება – რა დამემართა, რა მჭირს. მოდის ნატა ჩემთან, მხარზე ხელს მადებს და მეუბნება:

– ზღაპრულია შენი სამყარო, ინა. წერა უნდა სცადო, დარწმუნებული ვარ, გამოგივა.

მერე კლასისკენ ბრუნდება:

– თქვენ ახლა იმის მოწმენი გახდით, თუ როგორ აღვიძებს პოეზია ადამიანის ფარულ ნიჭს. ასეა, პოეზია ჯადოსნური ჯოხია, მისი ერთი შეხება და კონკია დედოფლად იქცევა.

ვიცინით, ზარი ირეკება.

 

ზამთრის ერთი ცივი საღამო ცაცხვის ჩაისა და პოეზიის თანხლებით

ზამთრის არდადეგებია. არავინ ელოდა ასეთ თოვას. დილით რომ გადავთოვლავთ აივანს, შუადღისას ისევ დევს.

ბებიაჩემი დარდობს – შეშის მოტანა ვერ მოვასწარით და ახლა ძალიან გაჭირდება სველი შეშის გაშრობა.

ეს ამბავი მეც მაფიქრებს. სკოლაში, შეშა რიგრიგობით დაგვაქვს. ჩემი ჯერი რომ მოვა, სველი შეშის წაღება მომიწევს. არა უშავს, როგორმე გავაშრობ, – ვფიქრობ და თოვას თვალს ვერ ვაშორებ.

მეძახის ზამთრის სული, ფანჯარაზე მიკაკუნებს, ხარხარებს, გაჰკივის, თამაში უნდა. ვეღარ ვუძლებ ცდუნებას, ვიცვამ ნარინჯისფერ ბოტებს, მეორეული ტანისამოსის ჯიხურში ნაყიდ გახუნებულ ყვითელ პალტოს, თავზე ბებიაჩემის მოქსოვილ ბერეტს ვიხურავ და გავრბივარ. ჩემს უბანში მთელი ქუჩა მოყინულია, თან დამრეცია, თოვლით დაფარული. ბავშვები ერთი ბოლოდან მეორემდე ციგით დაქრიან.

თოვამ იმატა. მოსაღამოვდა, ლამპიონები აინთო. მათ შუქზე კიდევ უფრო მაგიურია ფიფქების ცვენა.

ხელთათმენები გასაწურია, თითები – გაყინული. სახლში შესვლა არ მინდა, შუქი არ გვაქვს და არ ვიცი, რა ვაკეთო. ლამფის შუქზე კითხვას მიშლიან თვალების გამო. ფითილს მაღლა რომ ვუწევ, ბევრი ნავთი იწვება. ნავთის ფასმა მოიმატა, ამიტომ ვუფრთხილდებით. რაკი  შეშა სველია, დილაობით ღუმლის დასანთებადაც ვიყენებთ.

ჯერ არ მეძინება. ჩვენი მისაღები ოთახის შპალერის ორნამენტები უკვე შესწავლილი გვაქვს მე და ჩემს დას, პატარა რუკაც მივახაზეთ – კუნძულებითა და კონტინენტებით. ქალაქობანასაც შუქი უნდა. პაპასაც ეძინება, თორემ ძველ ამბებს მოგვიყვებოდა. დედა ისევ საავადმყოფოშია – ექიმია.

მოკლედ, არც მეძინება და არც შინისკენ მიმიწევს გული, მაგრამ გავიყინე. ნატა მასწავლებელი მახსენდება. რამდენიმე დღის წინ ჩემი პირველი ჩანახატი დავწერე და ერთი სული მაქვს, წავუკითხო.

ნატა ორი ქუჩის იქით ცხოვრობს. ვფიქრობ, სიურპრიზი მოვუწყო და ვესტუმრო. ჩემებს ღობიდან ვეძახი, რომ მივდივარ. დასიპულ გზაზე სულ სრიალით მივქრი. აი, ნატას სახლიც. სამსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობს. ჩვენში თითქმის ყველას ეზოიანი, საკუთარი სახლი აქვს და კორპუსში ცხოვრება რაღაცნაირად ეგზოტიკური და საინტერესო გვეჩვენება.

კარის აბრაზე ულამაზესი ოქროსფერი ასოებით წერია: „ნატა არაბული“. ფრთხილად ვაკაკუნებ, რამდენიმე წუთში კარს მასპინძელი მიღებს და თბილი ღიმილით მეპატიჟება.

მისაღები ოთახისკენ მიმიძღვის. ადრე ნატა სოფელ ქისტაურის რაფიელ ერისთავის მუზეუმის დირექტორი იყო. სახლიც მუზეუმს მიუგავს. მთელ კედელს იკავებს უმშვენიერესი ნატო ვაჩნაძის პორტრეტი. პიტნის ჩაის მთავაზობს. სიხარულით ვთანხმდები. ცხელი ჩაი ახლა მისწრებაა ჩემთვის. ვჯდები პატარა მაგიდასთან. მაგიდას ყაისნაღით ნაქსოვი ულამაზესი სუფრა აფარია. მეც ვქსოვ ყაისნაღით, მაგრამ ასე კარგად – ვერა. ვეკითხები ნატას, ვინ მოქსოვა. ღიმილით მპასუხობს, რომ ქსოვა ძალიან უყვარს, რომ ზამთრის გრძელი და თოვლიანი ღამეები ქსოვაში გაჰყავს, თან ფიქრობს, ბევრს ფიქრობს. მინდა ვკითხო, რაზე ფიქრობს, მაგრამ მერიდება. თვითონვე აგრძელებს – ამბობს, რომ მოგონებებით ცხოვრობს.

ნატა მარტო ცხოვრობს, სულ მარტო. მისი მოგონებები ხშირად ლექსებად იქცევიან.

გამოაქვს დიდი, წითელი, ხავერდისყდიანი ალბომი. მოწიწებით მოაქვს. მის თხელ, გამხდარ ხელებში ეს ალბომი უზარმაზარი მოჩანს. ამასობაში ჩაიც მზადდება. ჩემ წინ დახვეწილი, ვარდისფერი ყვავილებით მოხატული და ოქროსფერი კანტით დამშვენებული ფაიფურის ფინჯანი დგას. პიტნის ჩაის გაზაფხულის და ყვავილების სუნი მოჰყვება. ამ სუსხიან ზამთარში სხეულს მზით ავსებს და ათბობს.

ალბომს ვფურცლავთ. ალბომში ნატას ლექსებია ლამაზი, მოგრძო ასოებით ჩაწერილი.

ლექსები მონატრებაზეა, გაზაფხულებზე, მთებზე, ცხენებით ჯირითზე. აქ იმედგაცრუებებიცაა და დიდი ვნებებიც.

ჩემსასაც ვუკითხავ. მოსწონს, უხარია, თვალები უკაშკაშებს. იდეა უჩნდება, სკოლაში დაბრუნებისას პოეზიის საღამო მოვაწყოთ. ვეთანხმები და კითხვას ვაგრძელებთ. გადავდივართ ანაზე, გალაკტიონზე.

ამასობაში დაღამებულა. დრო გაგვპარვია. ბებია მაკითხავს გრძელი ჯოხით ხელში, სიბნელესა და თოვლში გზა რომ გაიკვალოს. ვემშვიდობები ნატას და ელეგიებით, ტრიოლეტებით, მზეებითა და გაზაფხულებით პირთამდე სავსე მივყვები ჩემს უსაყვარლეს ბებიას. მხოლოდ პოეზია არ მაკავშირებს ნატასთან, არის კიდევ რაღაც რასაც დღემდე ვერ ვივიწყებ.

 

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

ის დროა, საქართველომ როგორც იქნა თავისუფლება მოიპოვა, ყველას უყვარს სამშობლო, ყველა პატრიოტად გარდაისახა, „ჯოს, ჯოს, ჯოს!“ – ისმის ყველგან. ის დროა, აი, საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის რომ უნდათ, ქართველობა ყველაზე ამაღელვებელი და შთამაგონებელი რომ გახდა, ისეთი ამბების შთამაგონებელი, თავისუფლებამ რომ მოიტანა, ისეთმა თავისუფლებამ – გააზრება რომ გაუჭირდათ, საკუთარ ნაჭუჭში რომ ჩაკეტა ხალხი.

ამ სულისკვეთებამ, მიტინგებმა, მეგაფონებმა და მიკროფონებმა ჩემს პატარა, წყნარ ქალაქშიც ჩამოაღწია და აგვაღელვა, ძალიან აგვაღელვა.

ბებიაჩემი ოსია. ესე იგი, ქართველი არ არის. არადა საქართველო ქართველებსო? ძალიან ეშინია, ძალიან. ჩემთან არ იმჩნევს, მაგრამ ვგრძნობ. მაშინვე გარბის და ქმრის გვარზე გადადის, თავის ოსურ გვარს ივიწყებს, ჩურთავს, ინახავს. მიტინგზეც გამოდის, ამბობს, რომ ქართველია და ძალიან უყვარს თავისი სამშობლო, რომ ის და აქ მცხოვრები სხვა ოსები არაფრით განსხვავდებიან ქართველებისგან. მის ამ გამოსვლას ქალაქის გაზეთიც ბეჭდავს (დღემდე გვაქვს შენახული „ბახტრიონის“ გაცრეცილი, გაყვითლებული ნომერი). ბებია მაღალია, წარმოსადეგი, იისფერი პალტო აცვია, მშვენიერია.

მე და ბებია მის სოფელში მივდივართ. სოფელი თიანეთშია, ბოჭორმა ჰქვია. ბოჭორმაში ბებიას დედა, ელიჭკა გვხვდება. ელიჭკა, ქერა, ლოყაწითელი ქალია, თავშალწაკრული, ჭრელთვალება. შეშინებულია. ბებიას უყვება ამბებს, ხან ოსურად, ხან ქართულად. მაინც მესმის, ვხვდები ამ შიშს. ვიღაცები წაუყვანიათ, მასაც ეშინია, არ წაიყვანონ, თავისი სოფელი არ დაატოვებინონ. უყვება იარაღიან კაცებზე, სოფელში რომ დაძრწიან. ეს შიში მეც გადმომედება. გულში მრჩება, მაწუხებს, მაფიქრებს. მიჩნდება ათასი კითხვა: ჩემი კლასელები რას იფიქრებენ, რომ გაიგონ ბებიაჩემის წარმოშობა? ხომ არ დამცინებენ? იქნებ გამაგდონ კიდეც კლასიდან?

ჩემი ფიქრები მძიმდება, მძიმდება და უკვე შავი საბურველივით მახვევია გარს. აღარაფერი მახარებს, დავდარდიანდი. სკოლას ხშირად ვაცდენ. სკოლაშიც თითქოს ფეხის წვერებზე დავიპარები. წერაც შევწყვიტე.

ისტორიის გაკვეთილზე ნატა შემოდის და მასწავლებელს სთხოვს, ცოტა ხანს მასთან გამიშვას. მე გაკვირვებული ვდგები და მივყვები. ჩავდივართ ეზოში, სკამზე ვსხდებით. ნატა მიყურებს, მიყურებს დიდხანს. მეუბნება, რომ თუ რამის თქმა მინდა, სიამოვნებით მომისმენს. რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ ჩემი დაგროვილი შიშები კალაპოტს პოულობს და ამოხეთქავს, ვუყვები ყველაფერს, ელიჭკაზე, ბებიაჩემზე, შიშებზე, გადასახლებაზე, სირცხვილზე. მისმენს ყურადღებით… გამიღიმა, არაფერი უთქვამს, თავზე ხელი გადამისვა და გაკვეთილზე დამაბრუნა.

მეორე დღეს მე და ჩემმა კლასელებმა ნატა მასწავლებლის გაკვეთილზე პირველად წავიკითხეთ ვაჟა-ფშაველას „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“. ნატამ მერხებზე ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნები დაგვახვედრა, რომლებიც ამ წერილზე თავადვე გადაეშალა, თან გვთხოვდა, ის ადგილები გაგვეხაზა, რომლებიც იმდროინდელი სიტუაციის შეფასებისთვის გამოდგებოდა. ვკითხულობდი წერილს და ვგრძნობდი, ჩემი შიშები, გაურკვევლობა, სტერეოტიპები როგორ იმსხვრეოდა და იფანტებოდა. ამ თემას სხვა გაკვეთილებიც დავუთმეთ. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ბავშვები თავისუფლად გამოთქვამდნენ აზრს. და მომინდა, ჩემი ისტორიაც მომეყოლა. ჩემი შიშები გამეთქვა, რომ ისინი შიშებად აღარ დარჩენილიყვნენ. მომისმინეს, ვაჟას წერილიდან გახაზული ადგილები წაიკითხეს.

 

***

გავიდა უამრავი წელი და ახლაც, როდესაც ჩემს რაიონში მივდივარ, აუცილებლად ვესტუმრები ხოლმე, ნატას კორპუსს, სადარბაზოშიც შევდივარ. იქვე, პირველ სართულზე, ისევ თეთრად ქათქათებს ნატას სახლის კარი, ოქროსფრად ამოტვიფრული ინიციალები კი გაცრეცილა და სიშავეც შეპარვია. სულ ცოტა ხნით გადავვარდები წარსულში და ამ დროს ფრთხილად ვაკაკუნებ, თუმცა კარს არავინ მიღებს, რადგან ნატა აქ აღარ ცხოვრობს. წლების წინ ჩუმად გაფრენილა ჰორტენზიების, ქრიზანთემების და ფრთაწკრიალა ფერიების სამყაროში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი