პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბავშვები თონეთის ბიბლიოთეკიდან

ზოგისთვის დათია მასწავლებელი ვარ, ზოგისთვის დათია ძია. წესით, „მასწავლებელო“ უნდა მეხამუშებოდეს მაგრამ პირიქითაა. ხანდახან მავიწყდება, რომ უკვე მეორე წელია ოცდაათს გადავცდი.

გიორგი და მარი და-ძმანი არიან. მათ სახლსა და ბიბლიოთეკას ერთი ღობე ჰყოფს.რაც ეს სიცხეები დაიწყო, ბიბლიოთეკის ეზოში ნერგებს ერთად ვრწყავთ ხოლმე. გიორგი ჭიდან რეზინის მილს ჭიმავს, ჩვენც ხუთლიტრიანებს ვავსებთ და ნერგებს ვუსხამთ. ჩემი და გიორგის ვალია, ქლიავები, იასამნები და ჟასმინი მოვრწყათ. მარისი კი – ალუბალი. გამოგვიცხადა, რომ ალუბალი ყველაზე მეტად უყვარს და ის მოუვლის. კითხვა ორივეს უყვარს, მარის უფრო მეტად, გიორგის უფრო – გოჭები, ციკნები და ბაჭიები. ჰყავთ ერთი საზიარო ლეკვი „ტობი“, ტობის შოკოლადი შეაყვარეს.

ანამარია – თონეთელი უპატრონო ლეკვების და კნუტების შემფარებელი. შავგვრემანი და წითელლოყება თვითონაც კნუტს ჰგავს, მაგრამ ამას ვერ ვეუბნები, იპრანჭება უკვე. აქვს ძალიან კეთილი გული და გამმეტია, ბოლო კანფეტს მოგცემს. დადის წითელი სპორტულებით და თავისი ჭრელი ლეკვიც უკან დასდევს. ნაცარქექია გამოიწერა და შემპირდა, რომ წაიკითხავს.

ლაშა – ახალი ფეხადგმული რომ შეგხვდებოდა, ისე ჯიგრიანად მოგიკითხავდა, თითქოს შორეულ რუსეთში ჯარში ერთად ყოფილიყავით. ჯართს აგროვებენ ხევებში ის და მისი საძმაკაცო, ბაჩო და გიორგი. ყოველ საღამოს ნაყინის ფული აქვთ. ვუთხარი, რომ თუ წიგნებს წაიკითხავდნენ, ჯართს მე მივცემდი. წაიკითხეს სამი წიგნი, ედისონზე, ფორდზე და დისნეიზე. ხოდა, ახლა მეც სიტყვა უნდა შევასრულო. ბიბლიოთეკაში რკინის დაცხავებული კარადა და ეზოშიც ძირგავარდნილი კასრი მაქვს, ისინი უნდა მივცე. უფრო სწორად ერთად მივუწონით ჯართის შემგროვებელს, ერთად დავდებთ მანქანაზე და ერთად შევჭამთ ნაყინს.

ბაჩო და გიორგი. ბაჩო კარგა ხანია არ მეკარება, აი გიორგი ყოველ შეხვედრაზე:

  • ბიბლიოთეკაში არ ჩავიდეთ?
  • გიო დღეს კვირაა, ლობიო უნდა დავთესო, ხვალ ჩავიდეთ. ჩავდივართ ხვალ. ხან იმას არ სცალია ბებიამისის სანახავად მიდის.

ლაშას და ბარბარე – „ბარბი“. დადის სულ თოჯინამიხუტებული. თვითონ ქერა კულულები და აპრეხილი ცხვირი აქვს. მისი თოჯინა კი რატომღაც მელოტია, სულ მინდა ვკითხო – რატომ? პირველ კლასშია, თვლა კითხვაზე უკეთესად გამოსდის ბიბლიოთეკაში ერთად ვკითხულობთ. ლაშა ბრაზობს, როდის ეს კითხვას ისწავლისო და მე მიყურებს. მე კი გვერდზე გავიხედავ თუ არა, ლაშას წიგნი ხვდება ბეჭებში ბარბარესგან. მე ვაზავებ, ვარიგებ და ერთად მიდიან სახლში.

მირიანი – საერთოდ არ კითხულობს. აჩუქებ კალათბურთის ახალ ბურთს და გაიგონებ, გასვლისას როგორ ეტყვის ლაშას, რომ ბოტასები უფრო გაახარებდა. შენ შეცბები და სახლისკენ მიმავალს, ბიბლიოთეკის ფანჯრიდან რომ გახედავ, დაინახავ, რომ სიცხეში რეზინის გადაჭრილი ბოტები აცვია. ცრემლი გადგება გულის კოვზზე..

მანჩო – ბიბლიოთეკის სტიპედიანტი. ყველაზე, ჩუმი, უთქმელი და ძალიან კარგი. ბარბარეს ეხმარება კითხვის სწავლაში. როცა ვზივარ და წიგნს ვუწერ, უცბად მოვა და მომეხუტება ხოლმე. მე ისევ მადგება ცრემლი გულის კოვზზე, ახლა უკვე ბედნიერების..

ყველაზე ამ ბლოგში ვერ მოვყვები, შემდეგზე იყოს, არ ეწყინებათ. სულ ნუ გაიწერენ და წაიკითხავენ წიგნებს, მთავარია, ბედნიერები იყვნენ. და ძალიან მინდა, რომ უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ..

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი