ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

შემთხვევითობა, როგორ იდეების სტიმული

კრეატიული იდეების გენერატორი – შემთხვევითი სიტყვების ტექნიკა

 

„ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით , მარადიული ის არის მხოლოდ …“

ოთარ ჭილაძე

 

როგორ გამოვიწვიოთ 3 წუთში იდეების ცვენა?

ეს სტატია არის სპონტანურობასა და შემთხვევითობაზე და იმაზე, როგორ ხდება შემთხვევითობა კრეატიული იდეების გენერატორი;

ამ ტექნიკას „შემთხვევით სტიმულსაც“ უწოდებენ, გენიალურ იდეებს რომ შობს. ის, ერთი შეხედვით, ძალიან უბრალო და მარტივია, მაგრამ აუცილებლად დაინტერესდებით, თუ გეტყვით, რომ სულ რაღაც 3 წუთში შესაძლებელი იქნება იდეების ცვენა;

გაიხსენეთ, რამდენი რამ მოხდა/ხდება სამყაროში შემთხვევით… თვით ჩვენი დაბადების ჩათვლით; რამდენს დაუწყია თხრობა წინადადებით: იმ დღეს შემთხვევით შევხვდი ადამიანს, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა… რომ არა ეს შემთხვევა… ფილოსოფოსები იტყვიან, რომ შემთხვევითია ის, რისი მიზეზიც არ ვიცით, ფროიდიც ამბობს, რომ „ჩვენ შემთხვევით არ ვირჩევთ ერთმანეთს… ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში…“

იქნებ სიტყვებიც ასე არიან….?  იქნებ შემთხვევითობა ჩვენი ჭეშმარიტი ნავიგაციაა ამ პლანეტაზე?

დიახ, ეს მეთოდი ნამდვილად უბრალოა და ამაშია მისი ძალაც.

მოდი დავიწყოთ… მიჰყევით ინსტრუქციას:

  • ჩამოაყალიბეთ კითხვის ფორმით თქვენი პრობლემა ან გადასაწყვეტი საკითხი;
  • შემთხვევითობის პრინციპით ავირჩიოთ სიტყვა/ობიექტი;
  • ჩამოვწეროთ ამ სიტყვის/ობიექტის ყველა ნიშან-თვისება და ასოციაცია;
  • შემდეგ კი ჩვენი კითხვა/პრობლემა/იდეა ჩავანაცვლოთ შემთხვევითი სიტყვა/ობიექტის სემანტიკურ ველს;
  • ჩვენ მიერ ფორმულირებულ კითხვასა და არჩეულ შემთხვევით სიტყვას/ობიექტს შორის დავამყაროთ კავშირი და თითოეული კავშირი განვიხილოთ, როგორც ნიშანი, რომელიც მიგვანიშნებს პასუხზე;

ამ მეთოდის წარამატებით გამოყენება დეტალებში იმალება.

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ შემთხვევითი შერჩევა უნდა იყოს აუცილებლად შემთხვევითი შერჩევა. ამისთვის შეგვიძლია, სხვადასხვა მეთოდს მივმართოთ: მაგალითად, ჩამოვწეროთ ათეულობით სიტყვა ფურცლებზე და ამოვაბრუნოთ, მერე კი შემთხვევითობის პრინციპით ავირჩიოთ; ან – ლექსიკონში 35-ე გვერდზე გადავშალოთ და მე-10 სიტყვა ავირჩიოთ. ნუ გამოვცვლით შემთხვევით შერჩეულს იმ საბაბით, რომ სხვა სიტყვა უფრო მოგწონთ, თორემ ეს პროცესი არასდროს დასრულდება.

უნიკალური მეტაფორული გადატანა – თქვენი იდეის ან პრობლემისა სრულიად შემთხვევით შერჩეული სიტყვა/ობიექტის სემანტიკურ ველზე და ახალი კავშირების გაცნობიერება ჩვენს ტვინს შეუქმნის ახალ ნეირონულ კავშირებს, ასეთი „ელექტროობა“ კი უბიძგებს მას ახალი იდეების წარმოქმნისკენ და დაახლოებით 3 წუთის შემდეგ დაიწყება „იდეების ცვენა“, თქვენ ისღა დაგრჩენიათ, რომ გადაარჩიოთ!

აქვე შეგახსენებთ, რომ ახალწარმოქმნილი იდეები უნდა ჩაიწეროთ.

ახლა კი იმ მექანიზმის შესახებ, როგორც მუშაობს „შემთხვევითი სტიმულის“  ტექნიკა. რაც აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ის არის, რომ აზროვნების პროცესი ეს არის – ანტილაბირინთი.

თუ ლაბირინთი – ეს არის ერთი შესასვლელი და ერთადერთი გასასვლელი, შიდა დახლართული ნახაზით, რომელშიც თუ სწორ გზას ვერ იპოვი, აუცილებლად ჩიხში აღმოჩნდები; ანტილაბირინთი – მისი საწინააღმდეგოა: ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ სხვას უკავშრდები, რომელსაც აუცილებლად მიყავხარ გამოსავლამდე/გასასვლელამდე. ანტილაბირინთი – ეს რიზომაა!

ჩვენი ცნობიერება ისეა მოწყობილი, რომ ორ კონკურენტულ თემას შორის კავშირი თავისთავად მყარდება, საჭიროა ბიძგი, რომელიც იდეათა ტალღებს წარმოქმნის! სწორედ ეს ბიძგი გახლავთ ტექნიკა „შემთხვევითი სიტყვები/სტიმული“.

საინტერესოა, რომ დელფოს ორაკულები მსგავსი სქემით მუშაობდნენ. მსურველები უსვამდნენ კითხვებს წინასწარმეტყველ პითიას, რომელიც წარმოთქვამდა პასუხს, ისროდა ბუნდოვან სიტყვებს, ხოლო დელფოს მღვდლები ამ სიტყვებს ლექსის ფორმას აძლევდნენ. შემდეგ კი კითხვის დამსმელები ცდილობდნენ, გაეაზრებინათ პასუხი საკუთარ პრობლემებთან დაკავშირებით.

 

რეჟისორ რიჩარდ ლინკრეიტერის ტრილოგიის პირველი ფილმში „მზის ამოსვლამდე“ –  ამერიკელი ბიჭი და ფრანგი გოგონა მატარებელში შემთხვევით (აქაც შემთხვევით…) ხვდებიან ერთამანეთს  და მერე ყველაფერი შემთხვევით ვითარდება. ამ ფილმში ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც არსით ძალიან ჰგავს „შემთხვევეთი სიტყვების“ ტექნიკას. ვენის  პარკში მოსეირნე წყვილს ხვდება ქუჩის პოეტი, რომელიც ასეთ უცნაურ „გარიგებას“ სთავაზობს: ფულის ნაცვლად სიტყვებს გამოგართმევთ,  თქვენ რომელიმე „სიტყვას“ მომცემთ, მე „სიტყვას“ ჩამოგართმევთ და მერე ამ სიტყვაზე ლექსს დავწერ. თუ ეს ლექსი მოგეწონებათ, თუ იგრძნობთ, რომ რამენაირად რამე შემატა თქვენს ცხოვრებას ამ ტექსტმა, მაშინ რაც გენებოთ, ის გადამიხადეთ.

აბა, მითხარით, ნებიემიერი სიტყვა, – მიმართავს პოეტი წყვილს.  გოგონა ეუბნება: მილქშეიქი. და ქუჩის პოეტი თხზავს ისეთ ლექსს, რომელიც წყვილის ურთიერთობას აღწერს. ბედნიერი წყვილი „ყიდულობს“ ამ ლექსს და გზას აგრძელებს.

რა ხდება ასეთ დროს? როგორ შეუძლია, შემოქმედებით საცეცებს გასცდეს სიტყვის საზღვრებს და  ერთ შემთხვევით სიტყვაზე ააგოს ისეთი თხრობა, რომელიც მეორე ადამიანისთვის პასუხია? არის ამ პროცესში რაღაც უფრო ღრმა კავშირი, ვიდრე სიტყვათა ლოგიკაა.

„შემთხვევითი სიტყვების“ ტექნიკას ხშირად მიმართავენ ქოფირაიტერები. მეც, როდესაც სტუდენტებს პირველად შევთავაზე ეს დავალება ქოფირაითინგის ლექციაზე, მოულოდნელი რამ მოხდა: მათ გაუჩნდათ არა მხოლოდ ახალი იდეები დასახულ ამოცანებთან დაკავშირებით, არამედ უმეტესობამ იყვირა, რომ „დაემთხვა, დაემთხვა“, რაც ნიშნავდა, რომ გარდა საინტერესო მეტაფორებისა, მათ მიიღეს პასუხი იმ პრობლემაზე, რომელიც არც გაუმჟღავნებიათ, მაგრამ რომელიც ასე შეფუთულად მიაწოდა არაცნობიერმა ცნობიერს.

მოკლედ, გარწმუნებთ, ძვირფასო მასწავლებლებო, რომ ძალიან საინტერესო შემოქმედებით პროცესებთან გექნებათ საქმე, თუ ამ მეთოდს, სხვადასხვა მიზნით, თქვენს მოსწავლეებთან გამოცდით.

ახლა კი კონკრეტული მაგალითი:

ვთქვათ, თქვენ გინდათ დაარეკლამოთ მტვერსასრუტი.

შემთხვევითი სიტყვაა: სპილო

სპილოს თვისებები და ასოციაციები: დიდი, ძლიერი, ტევადი და ასე შემდეგ…

შედეგი: მტვერსასრუტს აქვს სპილოს ძალა და მას შეუძლია შეისრუტოს ყველაფერი, რაც კი გზად შეხვდება.

ეს მხოლოდ სამუშაოს ფრაგმენტია, მაგრამ ქოფირაიტერს შეუძლია აქედან შექმნას კრეატიული სარეკლამო ტექსტი.

 

სტუდენტს ვეუბნები, რომ ჩამოაყალიბოს პრობლემა, რომელიც მას აქვს. ის ამბობს, რომ უჭირს ურთიერთობები.

მისი შემთხვევითი სიტყვაა: კალამი

კალმის თვისებები და ასოციაციები: მელნის კალამი, წითელი კალამი, ლურჯი კალამი, წერა, სუფთა წერა, ჯღაბნა, წერილი, სუფთა ფურცელი, იდეები, მოგზაურობა, ნოველა, გაბედვა, გაგზავნა და ასე შემდეგ.

ახლა კალამს ჩავანაცვლოთ ურთიერთობა:

ურთიერთობა – მელნის კალამი, ურთიერთობა- წითელი კალამი, ურთიერთობა – ლურჯი კალამი, ურთიერთობა – სუფთა ფურცელი, ურთიერთობა – წერა, ურთიერთობა – ჯღაბნა, ურთიერთობა – წერილი, ურთიერთობა – იდეები, ურთიერთობა – მოგზაურობა, ურთიერთობა – ნოველა, ურთიერთობა – გაბედვა, ურთიერთობა –  გაგზავნა და ასე შემდეგ…

ახლა კარგად გაიაზრეთ თითოეული და ნახეთ გამოსავალი… თქვენი კრეატიული ტვინი ამას მოახერხებს, მთავარია, თქვენ პროგრამა ჩამოტვირთოთ!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი