ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ლევან ლეონიძის მწარე ფრაზა

ლიტერატურის მკვლევარებისთვის და მეოცე საუკუნის ქართული
პერსონალიით დაინტერესებულ პირთათვის ლევან ლეონიძე დიდი პოეტის – გიორგი ლეონიძის
ძმაა, ევროპაში განათლებამიღებული, სპეციალობით ზოოტექნიკოსი, გერმანიაში, ქალაქ კილში
ბაქტეოროლოგიური ლაბორატორიის დამაარსებელი, სამშობლოში დოქტორის ხარისხით დაბრუნების
შემდეგ – ექსპერიმენტული ვეტერინარიის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორი,
თავისი საქმის შესანიშნავად მცოდნე.

პირადად ჩემთვის კი ლევან ლეონიძე, პირველ ყოვლისა, ის მწარე ფრაზაა, რომელიც მან ძმასა
და ტიციან ტაბიძეს უთხრა კახური პირდაპირობით:

– მძ...ერს რომ ჭამთ, ჭამეთ, ღმერთმა შეგარგოთ, მაგრამ მერე
ნუ იძახით, იფ, იფ, რა გემრიელი არისო.

ლევან ლეონიძემ ამ ფრაზით საბოლოოდ დაიმკვიდრა თავი
როგორც საბჭოთა წყობილებასთან შეურიგებელმა, მტკიცე ნების კაცმა. ალბათ ამიტომაც ვერ
გადაურჩა სისხლიან 37-ს.

ამ ფრაზის სიმწარეს თქვენი თაობა ვერ გაიგებსო, – შეიძლება
გვითხრან უფროსებმა და ეს ნაწილობრივ მართალიც იქნება. ოღონდ – ნაწილობრივ: რეპრესიები
ჩავლილია, განსხვავებული აზრისთვის შეიძლება არავის ხვრეტენ, მაგრამ იმის ცდუნება კი
ნამდვილად არსებობს, რომ ზოგიერთმა მლიქვნელმა და მაამებელმა პატივისა და კეთილდღეობის
გამო ქაქსა და სიბინძურეზე თქვას, – ასეთი მშვენიერი რამ აქამდე არ მინახავსო. ნაგავი
ცხოვრების წესად გამოაცხადოს.

აქ კი ლევან ლეონიძის გაუბზარავი პიროვნება
დგას (ალბათ ამიტომაც მოანათვლინა მას და გრიგოლ რობაქიძეს თავისი უმცროსი ქალიშვილი
რუსუდანი მიხეილ ჯავახიშვილმა),  რომელიც არ განასხვავებს სისტემასთან
ნებით თუ ძალდატანებით შერიგებულებს, რადგან მისთვის მნიშვნელობა არა აქვს – შიში გიკარნახებს
დიქტატორულ რეჟიმთან დაზავებას თუ გამორჩენის, კარიერისტული აღმასვლის სურვილი.

იმ მწარე, ეპოქალური ფრაზის გარდა, ლევან ლეონიძისგან
სამაგალითო ბევრი სხვაც დარჩა:

ჩეკას საპატიმროდან
გამოგზავნილი წერილები,
სადაც არაადამიანურ პირობებში მყოფი საოცარი სიყვარულითა და თანაგრძნობითაა
გამსჭვალული. დედისადმი: „ძვირფასო დედავ! გაკოცებ ბევრს, ჩემი დარდი ნუ გექნება”;
მეუღლის – მარია ჰოფმანისადმი: „მე კარგად ვარ და ჩემი დარდი ნუ გექნება, მალე მოვალ
სახლში. აქ კარგია. იყავი ყოჩაღად. გული არ გაიტეხო. ბევრს გაკოცებ”; ისევ მეუღლისადმი:
„ჩემო საყვარელო მარო! შენი წერილი მივიღე. ძალიან გამეხარდა, რომ კარგათა ხართ…
ქალაქში ძალიან ცხელა და ტყუილად ნუ ჩამოხვალ. როცა სოფელში ხართ, მაშინ არაფრის დარდი
არა მაქვს. თუ გინდა ჩამოდი 22-ში. მე ძალიან კარგად ვარ და ჩემი დარდი ნუ გექნება.
დედაჩემი ხომ კარგად არის? გაკოცებთ ყველას, ბევრს, ბევრს!.. შენი ლევანი,
5/VIII.37″.

ოჯახი: გერმანელი
ცოლი მარია ჰოფმანი (რომელსაც შინაურობაში მაროს ეძახდნენ) და შვილები – ლილი და ლევანი.
სხვათა შორის, გაუგონარი რეპრესიების შემდეგ,
როცა დაპატიმრებულთა და გადასახლებულთა შინ დაბრუნების იმედი ყველას გადაეწურა, გერმანიაში
დარჩენილმა ძმებმა მარიას სამშობლოში შვილებთან ერთად დაბრუნება შესთავაზეს, მაგრამ
მან უარი შეუთვალა
როცა ლევანი დაბრუნდება, მე, მისი ცოლი, აუცილებლად
შინ უნდა დავხვდეო! ამ დიდი სიყვარულის ამბავს – ბევრ საიდუმლოს და გულწრფელ აღსარებას
მეუღლის აჩრდილთან მკითხველი სულ ცოტა ხნის წინ გამოცემულ წიგნში გაეცნობა (მადლობას
იმსახურებს ნინო ჩხიკვიშვილი, რომელმაც შეადგინა, გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვაობა
დაურთო ლევან ლეონიძისა და მარია ჰოფმანის დღიურებს).

მესაქონლეობის
ლექსიკონი
. ზოოტექნიკოსების
შეფასებით, – „ამ წიგნმა დიდი სამსახური გაუწია და კვლავაც გაუწევს მეღორეობის დარგის
შესწავლაში ქართველ ზოოტექნიკოსებს, რადგან მასში მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით
(ისტორიული მონაცემები, საქართველოში ღორის მოშენების, ადგილობრივი ჯიშის დახასიათების,
მომთაბარეობის, ხორცის გამოყენებისა და სხვა), გაანალიზებული და გაშუქებულია ბევრი
ისეთი მასალა, რომელიც თანამედროვე სპეციალურ ლიტერატურაში ან სრულებით არაა ასახული,
ანდა ნაკლებ ხელმისაწვდომია დაინტერესებული მკითხველისთვის”. წიგნს მაღალ შეფასებას
აძლევდნენ ენათმეცნიერები – ქეთევან ლომთათიძე და მიხეილ ჭაბაშვილი. ნაშრომი ლევან
ლეონიძემ ივანე ჯავახიშვილს მიუძღვნა.

რა დარჩა კიდევ?

გიორგი ლეონიძის
ცნობილი ლექსი „არ დაიდარდო, დედაო”,
რომელსაც ასეთი ეპიგრაფი აქვს:

„1949 წ.ნოემბერს ტამანის ნახევარკუნძულზე ვინახულე უცნობი ქართველი მეომრის საფლავი, ლევანი რქმეოდა“.

ეპიგრაფი მისტიფიცირებულია. ცხადია,
რომ ძმის დაღუპვით, უახლოესი ადამიანის გაქრობით გამწარებული და შეურაცხყოფილი პოეტი
მთელი ცხოვრება დაატარებდა ტკივილსა და სინანულს, მაგრამ ამის პირდაპირ თქმა და გამოქვეყნება მაშინ შეუძლებელი
იყო, ამიტომ სტრიქონებში გააპარა:

„მე არ დამკარგავს სამშობლო, / სულ
ვეხსომები ლევანი, / სანამდის საქართველოში / იწურებოდეს
მტევანი…”

ხოლო რისი ლექსში გაპარებაც არ შეიძლებოდა,
ლადო ასათიანის დასაფლავებაზე თქვა:

შენ
ბედნიერი ხარ, გულზე საქართველოს მიწა მაინც გაცვივა და შენს თბილ საფლავს ნათესავები
და ტოლ-მეგობრები დასტირიან. რამდენი შენი ამხანაგის საყვარელი ძვლები დნება ახლა უკუბოოდ და უმისამართოდ ბრძოლის ველზე, განა რამდენ შინმოუსვლელს დავიტირებთ ასე, შენსავით!” (სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ გიორგი ლეონიძე მთელი ცხოვრება პატრონობდა ობლად
დარჩენილ ძმის ოჯახს).

ამ ყველაფერთან ერთად – შალვა აფხაიძის მოგონებაა
საგულისხმო, სადაც ლევან ლეონიძე იმ პრობლემას ეხება, რომელიც დღესაც თანამედროვე,
აქტუალური და მტკივნეულია:

„– დაანებე, ბიჭო, ამ ლექსებს თავი. – ეუბნებოდა ხუმრობით ლევანი ძმას. მის სიტყვებში
ირონიაც იგრძნობოდა, – ლექსებით ჩვენ ხალხს ვერ გამოვკვებავთ, მას მდიდარი პოეზია აქვს,
ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი მატერიალური დოვლათი, – დაუწყებდა იუმორით შეზავებულ მტკიცებას:
– მეტი კარაქი, შაშხი, რძე… ხალხი ეკონომიკურად უნდა მოღონიერდეს, კუჭი ამოივსოს,
მაშინ მისი სულიერი კულტურაც ამაღლდება, თორემ მშიერსა და გაძვალტყავებულ ხალხს რა
ელექსება”.

და კიდევ, ყოველთვის, როცა ჩვენში შემოაღწევს მოძალადე
სისტემასთან შერიგებისა და კარიერისტული აღმასვლის სურვილი, სულ უნდა გვახსოვდეს ლევან
ლეონიძის ის მწარე ფრაზა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი