ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ეკოაქტივიზმი და ეკოშფოთვა მოზარდებში

მოზარდების ეკოაქტივიზმი სოციალური ფენომენია. ზოგიერთი სპეციალისტი მას გრეტა ტუნბერგის სინდრომადაც იხსენიებს.

გრეტა ადრეული ასაკიდან დაინტერესდა ეკოლოგიური პრობლემებით და ყველაზე მნიშვნელოვან მიზნად პლანეტის გადარჩენა დაისახა. ის უარს ამბობდა ცხოველური წარმოშობის საკვებზე, არ დაფრინავდა თვითმფრინავებით, არ ყიდულობდა ახალ ნივთებს, ვიდრე ძველი არ გაუცვდებოდა… დღეს გრეტას ათასობით მიმდევარი ჰყავს. თუმცა, სპეციალისტების გარკვეულ ჯგუფს მიაჩნია, რომ რადიკალური ეკოაქტივიზმი საფრთხილოა მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, რადგან ის, გამონაკლის შემთხვევებში, სპეციფიკურ შიშს – ეკოშფოთვას იწვევს.

შიშები ასაკობრივია და მას მრავალნაირი გამოვლინება აქვს. თუმცა, მათი უმეტესობა ადამიანის ქცევაზე დიდად არ აისახება. მაგრამ არსებობს „დაღიანი“ შიშიც, რომლისგანაც თავის დახსნა ძნელია და ის სპეციალისტის ჩარევას საჭიროებს.

ასეთია ეკოკატასტროფებთან დაკავშირებული შიში – ის მოზარდის წარმოდგენაში მკაფიო სურათებს ხატავს და აიძულებს მას, წარმოიდგინოს გამოუსწორებელი ტრაგედია – დიდთოვლობით დანგრეული სახლი, გვალვით დაზარალებული ცხოველი, წყალდიდობით გარდაცვლილი ახლობელი, რაც მისთვის, საბოლოოდ, სამყაროს აღსასრულთან ასოცირდება.

ასეთ შიშს აძლიერებს საინფორმაციო ნაკადი. თითქმის ყოველდღიურად მოზარდებს ახალი ამბების მოსმენა უწევთ: გამანადგურებელ ავსტრალიულ ხანძრებზე, იაპონურ ცუნამსა ან ამერიკულ ქარიშხალზე. თუმცა, ამ ყველაფრის მსმენელ-მაყურებელი თუ ეკოგანათლებული და ცოდნით შეიარაღებულია, შიშს იოლად ძლევს და უმწეობის განცდა არ იპყრობს.

ტერმინი „ეკოშფოთვა“ ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ პირველად 2017 წელს გამოიყენა და აღწერა, როგორც ეკოლოგიური კატასტროფის ქრონიკული შიში. ეკოშფოთვა სულ უფრო ხშირად იკიდებს ფეხს ეკოაქტივისტ მოზარდებში, რასაც აშშ-სა და ევროპაში უამრავი ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფი მოწმობს. ასეთ ჯგუფებში იკვლევენ შფოთვის მიზეზებს, ბენეფიციარები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. მათ ეხმარებიან ფსიქოლოგებიც.

2019 წელს გრეტა ტუნბერგმა გაეროს სამიტზე მსოფლიოს პოლიტიკოსებს მიმართა სიტყვით – „როგორ ბედავ?“. ის ახლაც მონაწილეობს კონფერენციებში. თავის გამოსვლებში პოლიტიკოსებს ბავშვებივით მიმართავს, კიცხავს კიდეც იმისათვის, რომ მის თაობას სიზმრები მოჰპარეს და რომ თავიანთ დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებენ. მას მიაჩნია, რომ გლობალური დათბობის პრობლემა და ეკოლოგიური კრიზისი ეგზისტენციალური საფრთხეა. გრეტას მთავარი მოთხოვნაა პარიზის 2015 წლის შეთანხმებების განხორციელება, რომლის მიზანია ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება. მკაცრი განცხადებებით გრეტა კლიმატის ცვლილების პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას ცდილობს. ის ნამდვილი გარემოსდამცველია. მოზარდებისთვის კი – ნამდვილი კერპი.

გრეტას ეკოშემართება უამრავ მოზარდს ყოფას იუოლიებს.

გრეტას ცნობადობის ისტორიაც მაშინ დაიწყო, როდესაც სკოლიდან შვედეთის პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა და დედამიწის გადასარჩენი მოწოდებებით პლაკატები ააფრიალა. ერთ-ერთმა გამვლელმა ჰკითხა გრეტას, რატომ იყო პარლამენტთან და არა გაკვეთილებზე, მოზარდმა უპასუხა: „რაში მჭირდება განათლება, თუ მომავალი არ მექნება?“

პლანეტის გადამრჩენელ გოგონაზე ინფორმაციამ ათასობით მოსწავლეს უბიძგა, პარასკევობით მიეტოვებინა სკოლა და გაფიცულიყო. ახლა მოძრაობა Fridays for future 14 მლნ მხარდამჭერი ჰყავს. ასევე, გაჩნდა ახალი სოციალური ფენომენი – მოზარდთა ეკოაქტივიზმი. მთელი მსოფლიოს მოზარდები თანხმდებიან სოციალურ ქსელებში, რომ დანიშნულ დღეს და საათს, პლაკატებით ხელში თავიანთი ქალაქების მოედნებზე შეიკრიბებიან და ხმამაღლა ისაუბრებენ არასწორად მცხოვრებ უფროსებზე, რომლებიც ანადგურებენ პლანეტას, არ ფიქრობენ კატასტროფებზე, ბავშვების მომავალსა და მათ დამახინჯებულ აწმყოზე.

დედამიწისთვის ბრძოლა ახლა უფრო მეტია, ვიდრე მოზარდული პროტესტი. ეკოაქტივისტების აზრით, ბუნების დაცვა უტოლდება ადამიანის უფლებების დაცვას სუფთა ჰაერის, წყლის, ნიადაგისა და უსაფრთხო მომავლისთვის.

გრეტას დამსახურებით ეკოპრობლემების აქტუალობამ ეკოლოგიისთვის ბრძოლა უფრო ტრენდული გახადა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მას საქმიანად მიუდგა – ნარჩენების შეგროვების ორგანიზებით, პეტიციების გავრცელებით, ტექნიკური ინოვაციების შემუშავებით გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ახალგაზრდა ეკოაქტივისტების საქმიანობის გაშუქებას დრო დაუთმო არაერთმა სოლიდურმა მედიასშუალებამ, ისეთმა, როგორიცაა The Guardian. ის ახლაც იღებს სამეცნიერო გრანტებს ამ საკითხების გასაშუქებლად, რაც მოიცავს პრეზიდენტებთან შეხვედრებს, ეკოგანათლების ხელშეწყობას. 2019 წელს Time-ის ვერსიით, გრეტა წლის ადამიანად დასახელდა.

რაც შეეხება ეკოშფოთვით აშლილობას, რომელიც დაავადებად ჯერ არ უღიარებიათ და მხოლოდ შფოთვითი ნევროზის ტიპად მიიჩნევა, გრეტას პირადი პრობლემაც იყო. როგორც აღვნიშნეთ, ეკოშფოთვისკენ მიდრეკილია ის, ვისაც ძალიან აწუხებს ეკოლოგიური კრიზისი და გარემოს მდგომარეობა. წუხილი აჩენს პანიკურ შეტევებს, აქვეითებს მადას, აჩენს აკვიატებულ აზრებსა და უძილობას. ეკოშფოთვა შეიძლება ვარირებდეს პანიკურ შეტევასა და მწვავე ფობიას შორის.

რა გასაკვირია, რომ იმ ზღვა ინფორმაციაში, რომლებიც გვამცნობს, როგორ მიექანება ჩვენი პლანეტა ეკოლოგიური კატასტროფისკენ, თავს დათრგუნულად და შეუძლოდ ვგრძნობთ? რა გასაკვირია, რომ უამრავი ადამიანი კარგავს რაღაცის კეთების მოტივაციას? რომ ყველა პრობლემა უმნიშვნელო და ფერმკრთალია ეკოპრობლემებთან შედარებით? რისთვის უნდა ვახარისხოთ ნარჩენები, თუკი სამყარო მაინც განწირულია?..

იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აშშ-ში ეკოშფოთვის კვლევის დროს დაადგინეს, რომ ამერიკელების 70% კლიმატის ცვლილებით „შეშფოთებულია“, 29% – „ძალიან შეშფოთებული“, ხოლო 51% თავს „აბსოლუტურად უმწეოდ“ გრძნობს.

ეკოლოგიური პრობლემები ევროპელებსაც აწუხებთ. ბრიტანელების თითქმის 70 პროცენტს ეშინია არ დარჩეს სუფთა სასმელი წყლის გარეშე და ელოდება, რომ მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს გლობალური დათბობის პრობლემის მოსაგვარებლად. საფრანგეთში კი ეს პრობლემა მოსახლეობის 85%-ს ადარდებს.

შვედეთში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მთელ ერს აქამდე უცნობი დარღვევა – ფლიგსკამი (Fligskam) განუვითარდა. ფლიგსკამი არის სირცხვილისა და დანაშაულის მწვავე განცდა თვითმფრინავით სარგებლობისას, რადგან ის ატმოსფეროში დიდი რაოდენობით CO2-ს აფრქვევს, რის გამოც პატიოსანი შვედები სინდისის ქენჯნით იტანჯებიან.

ამიტომ სუფთა გარემოს მხარდასაჭერად მათ გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ საჰაერო მიმოსვლაზე და ახლა, უმეტესად, მატარებლით მგზავრობენ, თან ცდილობენ, რომ თვითმფრინავები ბიოსაწვავზე გადაიყვანონ. შვედები ბუნების წინაშე თავს იმდენად დამნაშავედ გრძნობენ, რომ მოდის კვირეულები გააუქმეს. მათი აზრით, სამოსის კერვა და პოდიუმშოუები ჭარბი წარმოების ხელშემწყობია, რაც რესურსების ფლანგვასა და გარემოს დაბინძურებას განაპირობებს.

დღითიდღე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი წუხს გარემოს მდგომარეობაზე. ცნობილია, რომ კლიმატის მკვეთრი ცვლილება და სითბური ტალღები აუარესებენ ჯანმრთელობას, იწვევენ სტრესს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არანორმალური სითბო ტვინზე ცუდად მოქმედებს, აზიანებს ნეიროტრანსმიტერებს, რომლებიც ემოციების მოწესრიგებაზე აგებენ პასუხს.

ზედმეტი სიცხე ზრდის ტესტოსტერონის გამომუშავებას, რამაც შეიძლება აგრესიის, ძალადობის ზრდა გამოიწვიოს. ექსტრემალური კლიმატის ცვლილება განსაკუთრებით საზიანოა PTSD და დეპრესიის მქონე ადამიანებისთვის.

ბევრი მოზარდისთვის აქტიური მოქმედება შფოთვასთან გამკლავების ტოლფასია. ამიტომ ხშირად „შფოთიანი“ ადამიანები აქტივისტები ხდებიან.

როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, ვისთვისაც ეკოლოგიური კატასტროფები სამყაროს დასასრულთან ასოცირდება? ფსიქოლოგთა რჩევით, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, გააცნობიერონ საკუთარი შფოთვის მიზეზები. შფოთვასთან გამკლავების ეფექტიანი გზაა ნეგატიური აზროვნების კონსტრუქციულით ჩანაცვლება.

განუმარტეთ მოზარდს, არ ჩავარდეს პანიკაში იმის გამო, რომ ის ვერ გადაარჩენს ყველა მყინვარს დნობისგან, ვერ დაიცავს გადაშენების პირას მყოფ ყველა ცხოველს. ამის ნაცვლად ურჩიეთ, იზრუნოს ეკოლოგიაზე, ოღონდ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში. მშვიდი და გონივრული მოქმედება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია ეკოშფოთვის დასაძლევად. თუ მოზარდი ეკოაქტივიზმში აქტიურად ჩაერთო, მოუსმინეთ, რისი თქმა სურს ამით. დაე, გაგიზიაროთ. კარგი იქნება, თუ მას გარემოს შესახებ სასარგებლო და საინტერესო რესურსით მოამარაგებთ – წიგნებით, ფილმებით, ვებსაიტებით. შეგიძლიათ ერთად იზრუნოთ ნარჩენების დახარისხებაზე, თქვათ უარი ერთჯერად ჭურჭელზე. კარგი იქნება, თუ მოზარდი თავად იმოქმედებს და შეცვლის თავის ცხოვრებას. მაშინ მისი პროტესტი გარემოსთვის პოზიტიურად შეიცვლება.

როგორც ჩანს, კორონავირუსის პანდემიამ გრეტა ტუნბერგის ოცნება რეალობად აქცია: ჩვენ უკვე ნაკლებად დავფრინავთ თვითმფრინავებით, ვზოგავთ ფინანსებს, თავს ვიკავებთ ზედმეტი საყიდლებისგან. თუ გსურთ, რომ მოზარდებმა ამის შესახებ უფრო მეტი იცოდნენ, აყურებინეთ ფილმი „მე გრეტა ვარ“ აქ: https://bit.ly/2PBNquy.

შეუძლებელია იმის თქმა, დღევანდელი ეკოაქტივისტი მოზარდები ზრდასრულობაშიც ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდებიან თუ არა გარემოსდაცვით საკითხებს, მაგრამ იმედია, ისინი დარჩებიან ადამიანებად, რომლებიც ავტომატურ რეჟიმში იმოქმედებენ ბუნების სასარგებლოდ, სასურველია ეკოშფოთვის გარეშე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი