ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჯადოსნური ფორმულები

კაცობრიობის ისტორიაში არაერთი გამოჩენილი პედაგოგი იყო, რომლებმაც თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება თეორიულ შეხედულებათა სისტემად აქციეს და მემკვიდრეობად დაუტოვეს თაობებს. სხვათა ნაღვაწის ამსახველ ამ „ბაბილონის ბიბლიოთეკაში“ (ბორხესი), რა თქმა უნდა, კარგია, აუცილებელია ფიქრიანი გასეირნება სწავლების ჯადოსნური ფორმულების აღმოსაჩენად, მაგრამ საკითხავი ის არის, არსებობს კი ამგვარი „შელოცვა-მეთოდები“, რომლებსაც მასწავლებელმა შეიძლება მიაგნოს და საკლასო ოთახში შემეცნების რიტუალის ჩასატარებლად გამოიყენოს?

ეი ჯეი ჯულიანი, ამერიკელი განათლების სპეციალისტი, თავის წერილში „მზარეული და შეფმზარეული“ მსჯელობს იმ გზებზე, რომლებსაც მასწავლებელი ირჩევს, რათა მოსწავლეები თავისუფალ, დამოუკიდებელ, შემოქმედებით პიროვნებებად აღზარდოს. მეტაფორულად თუ ვიტყვით, ზოგი უკვე არსებული რეცეპტის მიხედვით ამზადებს კერძს, ზოგი კი ცდილობს, ახალი რეცეპტი გამოიგონოს.

თვალისმომჭრელი და მიმზიდველია რეცეპტების რაოდენობა და, რა თქმა უნდა, ცდუნებაც დიდია, თავის აუტკივებლად გამოიყენო რომელიმე ამ ზღვა მასალიდან, მაგრამ შემოქმედებითი ადამიანი სხვანაირად ფიქრობს. მისთვის ექსპერიმენტები, ინგრედიენტებით თამაში, ახალი გემოს სინთეზი უფრო საინტერესოა. გაუკვალავ გზაზე სიარული სახიფათოა, შეცდომათა თუ დაბრკოლებათა რიცხვიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, მაგრამ შეფმზარეულს ეს არ აბრკოლებს: საბოლოო შედეგი ყველა წარუმატებელი მცდელობით აღძრულ ტკივილს გადაფარავს. რუსთველი, ადამიანის ბუნების დიდი მესაიდუმლე, ამბობს: „ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასულისა“, ან „მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა“. ამ აფორიზმებში ჩანს ადამიანის შემართების, იმედის ფსიქოლოგიური ნიუანსები. ერთი მხრივ, შეცდომათა ხსოვნამ ადამიანს შესაძლოა არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩინოს და წინსვლაზე ფიქრი მიატოვებინოს, ამიტომ დავიწყება ჯობია. მეორე მხრივ, რაც უფრო რთულია ამოცანა, მით უფრო დიდია მისი ამოხსნით მოგვრილი სიხარული.

ასე რომ, მასწავლებელმა შეიძლება დასვას კითხვა: როგორ მოსწავლეს ამზადებს? ისეთს, რომელიც არსებულ რეცეპტებს იყენებს თუ ისეთს, რომელიც ახალს იგონებს? შესაბამისად, საკუთარ თავსაც უნდა ჰკითხოს: რა ტიპის პედაგოგია? პირველი თუ მეორე? რაც თვითონ არ გაქვს, რა თქმა უნდა, იმას სხვას ვერ გადასცემ, ამიტომ შემოქმედებითობის განვითარებაზე პედაგოგმა გამუდმებით უნდა იფიქროს. თვითკმაყოფილება რომ დამღუპველია და პროგრესის შემაფერხებელი, ყველამ ვიცით. პროფესიული ცოდნა და უნარები არ უნდა გადაიქცეს ჩვევად, მასწავლებელი რობოტსა თუ ავტომატს არ უნდა დაემსგავსოს, ამისთვის კი ახლის ნახვა, შესწავლა და გააზრებაა საჭირო. ყოველი პედაგოგისთვის, განურჩევლად ასაკისა და გამოცდილებისა, სიახლეებისკენ სწრაფვა უნდა იყოს სტიმულის მიმცემი სრულყოფის გზაზე. სრულყოფა კი არასოდეს სრულდება. სანამ ასწავლი, მანამდე თვითონაც გზაზე დგახარ და მოსწავლეებთან ერთად მიიკვლევ უცხო სანახებს სწავლების „ჯადოსნური ფორმულების“ აღმოსაჩენად, თუმცა ხვდები, რომ თვითონ ეს გზაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

საიმონ სინეკი, ცნობილი ორატორ-შთამაგონებელი და ორატორ-მოტივატორი, გახმაურებულ წიგნში „პირველად იყო რატომ“ საუბრობს თავის მიერვე მიგნებულ „ოქროს წრეზე“, რომელიც ნებისმიერ საქმეში აუცილებელია წარმატებისთვის. კარგი იქნება, თუ პედაგოგები გაითვალისწინებენ ამ მახვილგონივრულ მიგნებას. მასწავლებელმაც და მოსწავლემაც ხშირად უნდა შეხედონ ამ წრეს და უპასუხონ კითხვებს: რა? როგორ? რატომ? შეიძლება, წრის შიგნიდან გარეთ მივმართოთ მზერა და ფიქრის ნაკადები ასე წარვმართოთ და შეიძლება პირიქითაც – გარედან შიგნით. ორივე მიმართულება ეხმარება ადამიანს საქმის სიღრმისეულად გაცნობიერებაში.

მასწავლებელმაც და მოსწავლემაც ნებისმიერი საგნის ნებისმიერი საკითხის შესწავლისას უნდა დასვან კითხვა: რატომ? ეს ფუნდამენტური კითხვაა! რატომ? რისთვის არის საჭირო რაღაცის შესწავლა, რამე საქმის გაკეთება, როგორ გამოიყენებს სამომავლოდ? რა შედეგი თუ სარგებელი ექნება? რა ჯილდოს მიიღებს? სარგებელი თანაბრად გულისხმობს სულიერ-მატერიალურ სფეროებს, რადგან ადამიანი ორბუნებოვანია, სულიც აქვს და სხეულიც, მხოლოდ მატერიალური სამყაროთი ვერ შემოიფარგლება, მხოლოდ პრაქტიკულ-პრაგმატული საჭიროებებით ვერ იცხოვრებს. მას შემდეგ, რაც ეს „რატომ“ გაცნობიერდება, პასუხი გაეცემა, გაიოლდება სწავლების პროცესი, აზრი მიენიჭება ყოველივე იმას, რასაც მასწავლებელი თუ მოსწავლე აკეთებენ. ამ კითხვაზე პასუხი რწმენას შემატებს ნებისმიერი ასაკის ადამიანს. ეს „რატომ“ გაამართლებს ადრე გაღვიძებასა თუ გვიან დაძინებას, რაღაცაზე უარის თქმას დროისა და ენერგიის დასაზოგავად და მოსწავლეს მიაჩვევს დისციპლინას, მოაწესრიგებს მის ყოველდღიურობას.

მომდევნო კითხვაა: როგორ? რა მეთოდით, ხერხითა თუ ძალისხმევით შეიძლება მივაღწიოთ მიზანს, რა არის საჭირო საკითხისა თუ თემის შესასწავლად, კონკრეტული ამოცანის ამოსახსნელად, დაგეგმილი დავალების შესასრულებლად თუ სრულყოფილი, ღირსეული ცხოვრებისათვის სამომავლოდ?

ყოველდღიურად ეძებ თუ არა რაიმე განსხვავებულ ხერხს, ცდილობ თუ არა გაცვეთილ-გაშაბლონებული, სტერეოტიპული „ინგრედიენტების“ ახალი კომბინაციით დაკავშირებას? გინდა თუ არა, იყო განსხვავებული?

შემდეგი კითხვაა: რა? რას სწავლობ? მაგალითად, მათემატიკას, ბიოლოგიას, ქიმიას, გეოგრაფიას, ქართულ ენასა და ლიტერატურას. როგორ გესმის შესასწავლი საგნის, თემის, საკითხის რაობა? რა დავალებას ასრულებ? რა არის ის, რასაც აკეთებ? რითია მნიშვნელოვანი?

ეს კითხვები სხვებსაც მოიყოლებს, რაც მოსწავლეს კრიტიკულ აზროვნებას მიაჩვევს. კითხვების დასმა ხომ მთავარია, რათა არჩევანი გააკეთო, გადაწყვეტილება მიიღო. სამწუხაროდ, უამრავი სამეცნიერო გამოკვლევა ადასტურებს, რომ რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უფრო კარგავს კითხვების დასმის უნარს, შესაბამისად, უმცირდება შემოქმედებითი უნარებიც. ზოგს სჯერა, რომ შემოქმედებითი უნარი თანდაყოლილია, მაგრამ კვლევები მოწმობს, რომ ასე არ არის. რა თქმა უნდა, ნიჭის გარეშე არ იქმნება შედევრები, მაგრამ შემოქმედებითად აზროვნება შესაძლებელია. ამას უნდა მიეჩვიოს ადამიანი, უფრო სწორად, არ უნდა მიაძინოს ეს უნარი, რომელიც საუკეთესოდ წარმოჩნდება ბავშვობაში. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ადამიანები ისეთ რობოტებსაც ქმნიან, რომლებსაც ჩატვირთული აქვთ შემოქმედებითი სამუშაოების შესასრულებელი პროგრამები, შეუძლიათ ნახატისა თუ ლექსის შექმნა, ამოცანის სხვადასხვა გზით ამოხსნა, მაგრამ ამ მანქანებს აკლიათ ემოციები. ამიტომ რობოტი ვერასოდეს ჩაანაცვლებს ცოცხალ მასწავლებელს, რომელსაც შეუძლია, მზერით, ჟესტითა და მიმიკით, სიტყვათა ნიუანსობრივი, ინტონაციური მიმოხვრით ისეთი ინფორმაცია გადასცეს მოსწავლეს, რომლის ციფრულ ენაზე თარგმნაც შეუძლებელია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მასწავლებელმა განათლების იოლ გზას, მზამზარეულ რეცეპტებს კი არ უნდა მიაჩვიოს მოსწავლეები, არამედ ყოველ გაკვეთილზე ახლის შექმნისკენ უბიძგოს.

ეს კარგად ჩანს ყველასთვის საყვარელი მწერლის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის მოთხრობაში „პატარა უფლისწული“. დიდები ნახატზე ქუდს ხედავენ და არა იმას, რაც ხატია: მახრჩობელა გველს სპილო გადაუყლაპავს. სამაგიეროდ, ამას ხედავს პატარა უფლისწული. მას ყუთში მჯდომი ბატკანიც მოსწონს, რადგან ის თვითონ უნდა დაინახოს. სკოლამ ბავშვებს წარმოსახვის ეს თანდაყოლილი უნარი არ უნდა ჩაუკლას, სერიოზულ ადამიანებად, „სოკოებად“ არ უნდა აქციოს. როგორც სენტ-ეგზიუპერის ოქროსკულულებიანი პერსონაჟი ამბობს: „მე ერთი პლანეტა მეგულება, სადაც წითური კაცი ცხოვრობს. მას არასოდეს უყნოსია ყვავილის სურნელება, არასოდეს შეუხედავს ვარსკვლავებისთვის, არასოდეს ჰყვარებია ვინმე და რიცხვების შეკრება-გამოკლების მეტი არაფერი გაუკეთებია. მთელი დღე შენსავით ერთსა და იმავეს იმეორებს: საქმის კაცი ვარ, სერიოზული კაცი ვარო, – და ამპარტავნად იბღინძება. მაგრამ ის ხომ კაცი არ არის. ის სოკოა!“

პატარა უფლისწული ზრდასრული ადამიანების კიდევ ერთ სამწუხარო ნაკლს ამხელს: „დიდები არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ, როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო. და ჰგონიათ, რომ ამით უკვე ყველაფერი გაიგეს. დიდებს რომ უთხრათ, ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის რაფაზე ნემსიწვერა ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო, ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი. მათ ასე უნდა უთხრათ: „მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს“, – და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო!“

თანამედროვე მოსწავლეები, „ციფრული აბორიგენები“ (როგორც უწოდა მარკ პრენსკიმ, განათლების საკითხების ამერიკელმა მკვლევარმა), ნებისმიერ ინფორმაციას ელექტრონული სახით იოლად და სწრაფად მოიპოვებენ. ისინი მიჩვეულნი არიან მულტიმედიურ გარემოს, შესაბამისად, მასწავლებლისგანაც გაკვეთილზე ამავეს ელიან. ახალგაზრდა პედაგოგებისთვის ეს უფრო იოლია, ასაკოვან მასწავლებელს კი მეტი ძალისხმევა მართებს. ელექტრონულმა სივრცემ მშობლებთან მასწავლებლის ურთიერთობაც გაამარტივა. პედაგოგს შეუძლია, წერილით აცნობოს მშობელს შვილის შესახებ, დაწვრილებით აღუწეროს მისი ქცევა, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა, ცოდნა და სხვა. ე.ი. უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა, მშობელთან ერთად დაგეგმოს მოსწავლის სასიკეთოდ რაიმე ღონისძიება და განახორციელოს კიდეც. მშობელი ვეღარ მოიმიზეზებს უდროობას სკოლაში მიუსვლელობის გასამართლებლად.

წლების წინ პედაგოგები და მოსწავლეები თანაბრად ფლობდნენ ტექნიკას, რომელიც სასწავლო პროცესთან იყო დაკავშირებული. დღეს ასე აღარ არის, მასწავლებელი ხანდახან – და უფრო ხშირადაც – ვეღარ ეწევა მოსწავლეს. ამიტომ მუდმივად უნდა ეცადოს, ახალი უნარები შეიძინოს, გაკვეთილზე გამოიყენოს ვიზუალური ინფორმაცია, მოსწავლეებიც ჩართოს ინტერნეტსივრციდან მრავალფეროვანი რესურსის მოპოვებასა თუ ახალი, დამოუკიდებელი აუდიო- თუ ვიდეომასალის შექმნაში. ასე მასწავლებელიც ბევრ რამეს ისწავლის მოსწავლეებისგან, რასაც შემდეგ მათსავე სასიკეთოდ გამოიყენებს. ასე რომ, ერთადერთი ჯადოსნური ფორმულა შემოქმედებითობაა.

მასწავლებელი უნდა იქცეს მოტივაციის წყაროდ, შთამაგონებლად. ამისთვის მან ყოველი ხერხი და საშუალება უნდა გამოიყენოს, რათა მოსწავლეს გაკვეთილზე დასწრება უხაროდეს. გაკვეთილის დაწყებამდე დრო კი უნდა დაიმუხტოს შეხვედრის იმგვარი მძაფრი მოლოდინით, რომელიც სწავლების პროცესში მონაწილე ორივე მხარეს მიანიჭებს შემოქმედებით სიხარულს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი