სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ნიკო

რამდენიმე დღის წინ ჩემი მოსწავლის მშობელმა თავის ნაცნობთან შემდეგნაირად წარმადგინა: „ეს ის მოხალისე მასწავლებელია, ჩვენი რეგიონის სკოლას დებატების კონკურსი რომ მოაგებინა“. მერე ისე შეყოვნდა, თითქოს რაღაც გამორჩაო, შემომიბრუნდა და მეკითხება: „მაგრამ… მეორე სად არის?“.

მეორეს ნიკო ერქვა. გამხდარი იყო, მხრებაწურული. ორი ან სამი თავით აღმემატებოდა, თუმცა, სიმაღლეში არსებულ ამ თვალშისაცემ უპირატესობას თავმდაბლურად აბალანსებდა ჩემთან ასაკში ჩამორჩენით. იმავე სკოლაში მუშაობდა მოხალისე მასწავლებლად, სადაც მე და ერთი წელი ჩემთან ერთად იზიარებდა იმ სახლის გახვრეტილი ჭერისა და დაობებული კედლების სევდას, სადაც ვცხოვრობდით. ასე რომ, მშობლის მიერ ზემოთ დასმულ კითხვას ნამდვილად აქვს თავისი ლოგიკური საფუძველი: „მაგრამ… მეორე სად არის?“. და აგერ უკვე 4 წელია აქაური მცხოვრებლების შეკითხვების საპასუხოდ ყოველთვის ვიმეორებ: „თბილისში წავიდა“.

კი, ნიკო 4 წლის წინ თბილისში წავიდა და უცნობ სევდასთან დამტოვა მარტო, რომელიც ჯავახეთში მარტოდ ცხოვრების გამოცდილების გარეშე არ მოდის. მისი წასვლის პირველ თვეებში მეღვიძებოდა და კუთხეში მიდგმული იმ ლოგინისკენ ვიყურებოდი, რომელშიც სიბნელეში გახვეული სიჩუმე გაუნძრევლად იწვა. ძილი მიტყდებოდა. სიგარეტს ვუკიდებდი და ვცდილობდი, თოვლიანი ღამის გულში ჩამეხედა. თითქოს ქვეყანაზე არც არავინ დარჩენილიყო ჩემი და ეზოში მდგარი სტაფილოსცხვირა თოვლის კაცის გარდა, რომელიც უხმოდ მითვლიდა ძილის დაკარგულ წუთებს. „შენ როდის წახვალ, მარტში?“ – ვეკითხებოდი და მავიწყდებოდა, რომ კითხვებზე პასუხი არ იყო მისი ძლიერი მხარე.

როცა მე და ნიკომ ერთწლიანი რთული და თავგადასავლებით სავსე ვოიაჟის შემდეგ საცხოვრებელი შევიცვალეთ და ამ სახლში გადმოვბარგდით, პირველი, რამაც მოგვხიბლა, ეს მის უკან მდებარე დიდი ეზო იყო. აქედან მიღებული ერთ-ერთი შთაბეჭდილების საფუძველზე გაჩენილ 2016 წლის 18 სექტემბრის ჩანაწერს ფეისბუქმემორი დღემდე მიგდებს, სადაც ვკითხულობ: „ჯავახურად შემოდგომასაც ზამთარი ჰქვია, მაგრამ დღეს ისეთი ნათელი გამოსტყუა დილამ კალენდარს, რომ სახლის უკანა ეზოში გამოვედით მასთან შესაგებებლად. საცხოვრებელი შევიცვალეთ მოკლედ მე და ნიკომ და აი ამ ახალი სახლის უკან ისეთი ეზოა, რომელსაც ღობე არ აქვს შემოვლებული. ალბათ ამის ბრალია, რომ აღებ თუ არა კარს, უსაზღვრობა პირდაპირ იჭრება შენში. ხედავ: ყვითელი პეპლები მოცეკვავე ათინათებს კვალში როგორ უდგანან და დასაჭერად დასდევენ. ჩვენც ვდგავართ და გავყურებთ უსაშველოდ გაშლილ ველებს, მთებს, მათ ვეებერთელა მუცლებზე აცოცებულ საქონელს, მთელი ეს სივრცე ჩვენი ეზოს ნაწილი გვგონია და ძალიან ბუნებრივად გვიჩნდება კრიმინალური სურვილი, რომ გავიჭრათ და შემოუსაზღვრავ ყანებში ავიღოთ სხვისი კარტოფილის მოსავალი“.

მერე ეს სიყვითლე და შემოდგომის მთელი ელვარება ზამთრის თოვლმა და ბუქმა შთანთქა. ქარი იქამდე დაძრწოდა, სანამ მთელი თოვლი ჩვენს სახლთან არ მოხვეტა და იმხელა მთა შექმნა, თავისუფლად შეიძლებოდა მასზე გადავლით პირდაპირ მეორე სართულის ოთახებში შეგვებიჯებინა. ჩურჩულით ვეუბნებოდი ხოლმე: „ცოტა ხმადაბლა თქვი, ზვავის საშიშროებას ვგრძნობ“, და კადრებად ვახვევდით ერთად გატარებულ წარსულს, ოღონდ იმას, შორეულად რომელიც გვიჩანდა, აქ ჩამოსვლის პირველი წლის ამბებს, როცა აქ გადმობარგებამდე სრულ უპირობობაში ვიცხოვრეთ და ღრმად ვისუნთქეთ ჩვენს სადგომში მოტრიალე ნესტის გამაბრუებელი სურნელება. ალბათ დასაჯერებლადაც ძნელია, რომ ერთი წამდაუწუმ შესაკეთებელი, ცეროდენა ელექტროფეჩის იმედად გავატარეთ მთელი ზამთარი, რომლის განმავლობაშიც ყინვა -30 გრადუსზე ქვევით ჩამოდიოდა, წყლებს კი ვედროებით, მეზობელი ეზოებიდან ვეზიდებოდით, გულის გადასაყოლებლად და სხეულის გასაკაჟებლად 65-გრადუსიან ჭაჭის არაყთან ვმეგობრობდით და ჩვენ მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოებიც ძირითადად ჩვენივე ბუნდოვანი მომავლის ლოცვა-კურთხევით შემოიფარგლებოდა. ერთ ცივ ღამეს, როცა ოთახის ტემპერატურაზე სკამზე შემოდგმულ ჭიქაში წყალი გაიყინა, მივხვდით – ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დადმგარიყო. სამწუხაროდ, ძირეული ცვლილებების განხორციელების მცდელობა ამაო გამოდგა, თუ არ ჩავთვლით იმ ქურდბაცაცა თაგვის განადგურებას, რომელსაც რამდენიმე ღამის შემდეგ იდეალურად ამორტყმული პანღურის შედეგად გავაფრთხობინე სული. მართალია, ნიკო აღფრთოვანებული დარჩა ამ გმირობით, თუმცა, მისდამი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, დღემდე ვთვლი, რომ ეს შემთხვევა ოდნავადაც არ იმსახურებდა აღტაცებას იმასთან შედარებით, რომ ამდენი უსიამოვნების მიუხედავად, სკოლის საქმეებს ისევ უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით. და ალბათ ორმაგ მნიშვნელობასაც შეიძენდა ჩვენ მიერ მომზადებული მოსწავლეების ეთნიკური უმცირესობების დებატების კონკურსში გამარჯვებაც, ოდესმე ვინმეს ფანჯრიდან ჩუმად რომ შემოეჭყიტა. დაინახავდა: საძილე ტომრებში გახვეული ორი მასწავლებელი – რომლებიც საკოცენტრაციო ბანაკის ორ ტუსაღს უფრო ჰგავდა და რომელთა მთელ ავლადიდებასაც პატარა ელექტროფეჩი, ემალის ჩაიდანი, ორი ჭიქა, ორი თეფში და ობმოკიდებული კედლის ერთ კუთხეში მიდგმული, კარტოფილით სავსე კალათა წარმოადგენდა – როგორი ჟინით ასრულებდა სკოლის სამუშაოს. როცა გაზაფხულის შუა პერიოდისკენ ლოგინზე მშვიდად მოკალათებულს შუბლში მოზრდილი წვიმის წვეთი დამეცა, მაშინღა მივხვდით, მზის გამოჩენა სულაც რომ არ მოასწავებდა რაიმე კარგს. ვარაუდი გაგვიმართლდა და სულ მალე მზით გაჩახჩახებულ ოთახში კოკისპირული წვიმების გრძელი და მომქანცველი სეზონი დაიწყო. და ცხადია, უფრო ღიმილის მომგვრელადაც შეიძლება ამ და მსგავსი ამბების შეფუთვა, საქმე საქართველოს ყველაზე ცივ რეგიონსა და ჯოჯოხეთურ პირობებში გატარებულ 1 სასწავლო წელს რომ არ ეხებოდეს. ამიტომ, უპატივცემულობად რომ არ ჩამომერთვას ერთი კონკრეტული ღამისა და ორი ღრმად პატივცემული ვირთხის მიმართ, რომლებიც ერთხელ, თავიანთ სოროდან ძალიან შორს მასწავლებლებისთვის შეუფერებლად გამოთვრნენ, აჯობებს დროულად შევიკავო თავი.

მაშინ კი მთვარიანი ღამე იყო და ისინი ფეხების ხრაშუნით მანამ მიიკვლევდნენ მომქანცველ გზას, სანამ თოვლში ჩაფლული მათი ბუნაგი არ გამოჩნდა. ციდან ჩამოსული ფიფქები ისე ირეოდნენ ლამპიონების ნისლისფერ შუქებში, თითქოს ამ თბილ სცენაზე სათამაშოდ გამოევლოთ ამხელა მანძილი და ერთ-ერთ ვირთხას – ორთაგან, უფრო დაბალსა და მთვრალს – ამ ცოცხალ სიჩუმეში მოეჩვენა, რომ სამყარომ არ იცოდა არცერთი ენა ამ ენაზე კარგად. მეგობარი ვირთხა გააჩერა, ხელი იმისკენ გაიშვირა, რასაც ხედავდა და სრულიად ბანალური, ათასგზის გადაღეჭილი ფრაზა თქვა: „შეხედე და დაიმახსოვრე, ეს წამი არასდროს განმეორდება“.

მას შემდეგ ბევრი თუ არა, საკმარისი დრო მაინც გავიდა იმისთვის, რომ ამ ბანალური ფრაზის სიმართლე კიდევ ერთხელ გვერწმუნა, უამრავი რამ ერთმანეთის გარეშე გამოგვეცადა, სკოლებშიც გვევლო, თოვლის კაცები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გვეშენებინა, ღამეები გამოგვეძინა და ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთისთვის შორიდან რაიმე მაინც გვენიშნებინა. რაიმე ისეთი, რასაც ცხოვრებაში აღარასდროს დაუდგება გადამოწმების საფრთხე. სიმართლე იმაზე, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ და რა საქმესაც არ უნდა მოვკიდოთ ხელი, ვერასდროს ვიქნებით იმაზე დიდები, ვიდრე იმ ღამით, როცა სოროში შეყუჟულებმა საყელოებიდან თოვლი ჩამოვიბერტყეთ, ბათინკები გავიძრეთ, სქელი ქურთუკები გავიხადეთ, სასწრაფოდ ჩვენ-ჩვენს საძილე ტომრებში გავეხვიეთ და ღრმა ძილს მივეცით თავი, რადგან მეორე დილით სკოლის გადაუდებელი საქმეები გველოდებოდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი