ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სავარაუდოდ, ასე იქნებოდა…

ათასეული წლის წინ უამრავი  ჟანგვა-აღდგენითი რეაქციებიდან ერთი  მაინც იქნებოდა ცნობილი.  სხვა ქიმიური აღმოჩენების მსგავსად, ესეც შემთხვევით მოხდებოდა.

ეს ამბავი ერთ ექსკურსიას მახსენებს. დატვირთული სამუშაო დღეების შემდეგ ორგანიზატორებმა საბერძნეთის ქალაქ კავალასთან ახლოს მდებარე უძველეს ნაქალაქარ ფილიპიში წაგვიყვანეს. გზად ჯერ უზარმაზარი არენაა, სადაც ადამიანები და მხეცები ერთმანეთს ერკინებოდნენ და ეს შეტაკება ერთ-ერთის სიკვდილით სრულდებოდა.  ამ ცხოველებს „მხეცებს“ ნაკლებად დაარქმევდი, რადგან „მხეცი“ ის უფრო ოყო, ვინც მათ სხვა „მხეცი-ადამიანების“ სახორხოცოდ და გასართობად, სიკვდილამდე ბრძოლას აიძულებდათ. თუ დაუკვირდები, მას შემდეგ არც არაფერი შეცვლილა, რადგან დღეს ერთი „ადამიანი“ სხვა „მხეცი-ადამიანების“ სათამაშოდ ქცეულა. ცხოველებიც მათ ბედს იზიარებენ და „მხეცი-ადამიანების“ გასართობები არიან. თამაშს როცა მორჩება ეს „მხეცი-ადამიანი“ თავისი გაგებით „გასართობ ცხოველს“ გარეთ მოისვრის, ან პირდაპირ  სიცოცხლეს ასალმებს და ეს „ფილიპიში“ კი არა, აქ, ჩვენს რეალურ დროში ხდება.

ჰოდა, ქალაქი ალექსანდრე მაკედონელის მამას დაუარსებია და თავისივე სახელი დაურქმევია. ახლა მისგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი და ჩვენი ექსკურსიამძღოლიც მოყოლისას მხოლოდ “Would be” წყობას იყენებდა – ალბათ, ასე იქნებოდაო, მაგრამ შესაძლოა, ისეც ყოფილიყოო.

სიღრმისკენ მივიწევთ და გიდი გვამცნობს, საყოველთაო თავშეყრის ადგილს ვუახლოვდებით, სადაც ცხოვრებისეულ საკითხებზე ბჭობდნენო და არ დაიჯერებთ – ასეთი ადგილი ძველ ქალაქ ფილიპიში, არც მეტი, არც ნაკლები, გვერდიგვერდ ჩამწკრივებული საპირფარეშოები ყოფილა… გვეღიმება, მაგრამ სერიოზული სახით ვკითხულობთ: გამოდის, საკანალიზაციო სისტემაც ჰქონიათ, არა? პასუხი არ აყოვნებს: “Would be”…ალბათ, ვირუსებიც ვრცელდებოდა, არა? პასუხად კვლავ “Would be”-ია…

ჩვენც, ძველ დროზე მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. ერთ საღამოს  რომელიმე წინაპარი   ქვებით შემორკალულ წრეში იჯდებოდა და ცეცხლთან გათბებოდა. რომელიღაც ქვა კი  სპილენძის შემცველი იქნებოდა, სავარაუდოდ, სპილენძის კარბონატი.

სპილენძი ძველთაგანვეა ცნობილი. ის ერთ-ერთია იმ შვიდი მეტალიდან, ალქიმიკოსები რომ იცნობდნენ. ქემეიას მიმდევარი ეგვიპტელი ქურუმები მას პლანეტა მარსს ადარებდნენ.

სპილენძის ლათინური სახელწოდება Cuprum კუნძულ კვიპროსს უკავშირდება. იქ ოდესღაც სპილენძის საბადოები იყო, საიდანაც მას მოიპოვებდნენ. ნეპალში სწამთ, რომ სპილენძი ღვთაებრივი მეტალია, რომელიც აზრების კონცენტრაციაში, საჭმლის მონელებასა და ნივთიერებათა ცვლაში გვეხმარება. ერთ ტაძარს სპილენძის ტაძარიც კი ჰქვია.

მალევე აღმოჩნდა, რომ ბუნებაში სპილენძი თვითნაბადი და ნაერთების (ძირითადად – სულფიდებისა და მეტალური მინერალების) სახითაც ყოფილა გავრცელებული. თვითნაბადი სპილენძი მინარევების სახით შეიცავს კუპრიტს (Cu2O), ზოგჯერ – რკინას, ტყვიას, ვერცხლს, იშვიათად – ვერცხლისწყალს და ოქროს. სპილენძის მნიშვნელოვანი ბუნებრივი ნაერთებია: ქალკოზინი (Cu2S), კოველინი (CuS), ქალკოპირიტი (CuFeS2), მალაქიტი (CuCO3·Cu(OH)2), აზურიტი (2CuCO3·Cu(OH)2) და სხვა.

საქართველოში სპილენძი უმთავრესად პოლიმეტალური მადნების სახით გვხვდება.

ის მძიმე, რბილი მეტალია, ქიმიური თვალსაზრისით არააქტიური, კარგი თბო- და ელექტროგამტარი, კოროზიის მიმართ შედარებით მდგრადი. ადვილად იგლინება თხელ ფურცლებად და იჭიმება მავთულებად.

 

სპილენძის მადანი სპილენძის იონებს შეიცავს. დამწვარი ხისგან  ნახშირი წარმოიქმნება. ჰოდა, იმ ძველ დროში ცეცხლი იმ სითბის გამოყოფდა, რომელიც რეაქციის წარმართვისთვის იყო საჭირო და  შემდეგი ხდებოდა:

 

2CuCO3+C→2 Cu+3CO2

ან, ჟანგვა-აღდგენითი ფორმით, თუ დავწერთ:

2[Cu2+[C4+(O2-3)]2-]+C0 → 2Cu0+3[C4+(O2-2)]

 

ცეცხლი ალბათ მთელი ღამე ენთო, დილისთვისდ კი,  სპილენძის ზოგიერთი მადანი და ნახშირი გაქრებოდა. ჯადოსნობაა თუ არის, თორემ…  მადნის მთელი გროვის მეტალური სპილენძით შეცვალა სხვა რა იქნება, აბა. თუმცა, ამაზე დიდად არავის უნაღვლია. შემდეგ კი ვიღაცამ შეამჩნია და გაუკვირდა, რა ხდებაო. რა ნივთიერებაა ეს ახალი, რომ ბრწყინავსო.  რამეში გამოიყენებაო? შეიძლება, რომ მეტი რაოდენობით მივიღოთ, თუ მეტ კლდეებს გავაცხელებთო?

იმ პერიოდში მეტალური სპილენძი ცნობილი იყო. ის რომ სპილენძის მიღება შეიძლებოდა, მისი შემცველი მადნის გაცხელებით ნახშირთან თანაობისას, ახლად გაიგეს და გადადნობა დაარქვეს…. ეს დრო კი ქვის ხანის დასასრულადაა წოდებული.

როდესაც ადამიანი სპილენძს გაეცნო, ალბათ, შესაძლებლობა ექნებოდა დაკვირვებოდა ლითონზე ცეცხლის მოქმედებას და ლითონთა დნობასაც გაეცნობოდა. ეს კი მას შენადნობის, ანუ ხელოვნური ლითონის მიღებამდე მიიყვანდა. სპილენძს იცნობდა და ხელოვნური ლითონის ერთი კომპონენტი სპილენძი იქნებოდა, მეორე კი რაიმე სხვა. რადგან ადამიანმა იმ დროს ტექნიკურად გამოსადეგი სხვა ლითონი არ იცოდა,  არ შეეძლო ხელოვნური ლითონი მიეღო თავისუფალი ლითონების შედნობით. ამიტომ, სავარაუდოა, ეს მიღწევა მიეწეროს სპილენძის პოლილითონური მადნის გამოყენებას.

დაახლოებით, ამგვარი შეიძლებოდა ყოფილიყო ძველად ადამიანის კულტურული განვითარების ის შემოქმედებითი გზა, რომელმაც  შემთხვევით ბრინჯაოს აღმოჩენასა და მის გამოყენებამდე მიიყვანა, რითაც  ნიადაგი მომზადდა ახალი ეპოქის-ბრინჯაოს ხანის დაწყებისთვის.

შეიძლება ასეც იყო, რომ ბრინჯაოს პირველად მიღებაც შემთხვევით ხასიათს ატარებდა. ცეცხლში შემთხვევით სპილენძის, დარიშხანის ან სტიბიუმის შემცველი მადანი იქნებოდა შეტანილი. მადნის გამოწვის, ნახშირისა და მაღალი ტემპერატურის გავლენით მისი შემადგენელი ლითონები აღდგებოდა, გამდნარ მდგომარეობაში ერთი მეორეს შეერეოდა და გაცივების შედეგად შენადნობი-დარიშხანიან-სტიბიუმიანი ბრინჯაო წარმოიქმნებოდა. არ გაუძნელდებოდა ძველ ადამიანს ახლად მიღებული ხელოვნური ლითონის სპილენძთან შედარება და მასში სისალისა და სიმაგრის აღმოჩენა. ამ თვისებებმა განაპირობეს სპილენძის ნაცვლად იარღების დასამზადებლად ბრინჯაოს გამოყენება და ენეოლითის ხანის შეცვლა ბრინჯაოს ხანით.

ჰოდა, მოდი ქიმიის გაკვეთილზე პირველი შემთხვევითი გადადნობის პროცესი გავიმეოროთ.

სათვალე, ხელთათმანი და ხალათი, რომ  უნდა მოირგოთ, ეს უკვე იცით.

აწონეთ სუფთა, მშრალი ტიგელი  სახურავით და ჩაიწერეთ მასა ცხრილში.

აწონეთ დაახლოებით 5.0გ სპილენძის კარბონატი და შეიტანეთ ცხრილში.

აწონეთ დაახლოებით 3.0გ გააქტიურებული ნახშირი  და შეიტანეთ ცხრილში.

შეურიეთ ერთმანეთს გააქტიურებული ნახშირი და სპილენძის კარბონატი და მოათავსეთ ტიგელში.

ტიგელი კვლავ აწონეთ და მასა ჩაწერეთ ცხრილში.

ტიგელი მოათავსეთ შტატივზე დამაგრებულ თათზე და გააცხელეთ სპირტქურაზე, გაზის სანთებელაზე ან ქურაზე.

გაცხელება გააგრძელეთ 15 წუთის განმავლობაში.

ტიგელი გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე და კვლავ აწონეთ. ახალი მონაცემი კვლავ ცხრილში შეიტანეთ.

გამოიანგარიშეთ შემცირებული მასა და მონაცემი შეიტანეთ ცხრილში.

მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეთ, რა მოხდა, რა პროცესი წარიმართა. აღწერეთ პროდუქტები ტიგელის გახურების შემდეგ.  რომელი პროდუქტის ამოცნობა შეგიძლიათ დათვალიერების შემდეგ?

კომპონენტები მონაცემები
A. ფაიფურის ტიგელის და სახურავის მასა
B.სპილენძის კარბონატის მასა
C.ნახშირის მასა
D.ტოგელის, კარბონატის და ნახშირის მასა ერთად (A+B+C)
E. გაგრილებული ტიგელის და სახურავის მასა რეაქციის შემდეგ
F. დაკარგული მასა  (D-E)

 

ძველი, შემთხვევითი აღმოჩენების დროიდან ისიც აუცილებლადაა გასახსენებელი, რომ ვერც კი აცნობიერებდნენ მოხმარებულ ნივთიერებებს, რა მძიმე მოწამვლის გამოწვევა შეეძლოთ.

სხვა მძიმე მეტალების მსგავსად, სპილენძიც სახიფათოა და მეტალურ მოწამვლას იწვევს. ის შეიძლება იოლი ან რთული ფორმით წარიმართოს, სიმპტომები კი ასეთია: მეტალური შეგრძნება პირის ღრუში, ციება, სიცხე, ტკივილი, კანკალი, სისუსტე. თუ ამ ყველაფერს მოწამლული ყურადღებას არ მიაქცევს და ექიმს არ მიმართავს, ჩამოთვლილ სიმპტომებს დაემატება თვალების სიყვითლე, გასტრიტი, სისხლიანი ღებინება, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციათა შენელება, ნაწლავების დაზიანება, დიარეა, ანემია და შოკი. ქიმიის უსაფრთხოების წესებში ერთი ოქროს წესია: ლაბორატორიიდან გამოსვლის შემდეგ უნდა დავლოთ, სულ ცოტა,  ერთი ჭიქა რძე.

სავარაუდოდ ყველაფერი ასე იქნებოდა… შემთხვევითი აღმოჩენებიდან, კვლევის მეთოდიკის დაწყებამდე და დახვეწამდე ბევრი ადამიანი  კიდეც მოიწამლებოდა, ოღონდ მიზეზს, სავარაუდოდ, ვერ გაიგებდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი