პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გზავნილები წარსულიდან და მხატვარი რომელიც წითელ ბულდოზერებს ებრძოდა

როცა სისტემას ტყვეობაში ყავხარ, პირზე ხელს გაფარებს, მუშტებს გიღერებს და შენგან მხოლოდ ბედნიერების განცდის აფიშირებას მოითხოვს, რჩები ერთი, რაიმე გზა იპოვო და რაღაცნაირად თქვა, რომ არა არ ხარ ბედნიერი, იყვირო როგორ გიჭირს ტყვეობაში ყოფნა, რომ იდეალურობის მიღმა კოშმარების სამეფოა. უნდა თქვა, რომ სულ ცოტა მაინც მოგეშვას, უნდა გაარღვიო ილუზიური ბედნიერების ჩაკეტილი წრე და მომავალში გაუშვა შეტყობინებები წარსულიდან.

დღეს როცა სისხლითა და ბრძოლით გალიის კარი გაიღო, როცა თავისუფლების სიო უკვე ქარად იქცა, წარსულიდან ღვარცოფივით მოხეთქავს გზავნილები, მათი ავტორები მწერლები, პოეტები, მხატვრები და უბრალოდ ის ადამიანები არიან, რომლებისთვისაც საბჭოთა კავშირია ილუზიური ბედნიერება საპნის ბუშტებივით დასკდა და მათ მიღმა შემაძრწუნებელმა სისასტიკემ და სიცარიელემ დაისადგურა.

ბავშვობის ჩუმი ნატვრა იყო  ჩემი წინაპრებიდან ერთი მაინც აღმოჩენილიყო ის, ვისთვისაც წითელი რეჟიმი მიუღებელი იქნებოდა, გააპროტესტებდა, გზავნილებს გამოუგზავნიდა შთამომავლობას, მაგრამ ასეთს ვერ მივაგენი, როგორც აღმოჩნდა ყველანი უდრტვინველად მიუყვებოდნენ ცხოვრების გზას, ცხოვრობდნენ შეთავაზებულ სქემაში, შრომობდნენ და ალბათ ბედნიერებიც იყვნენ, სიყალბეს ვერ გრძნობდნენ, ან გრძნობდნენ, მაგრამ არ ტყდებოდნენ.  მით უფრო გავბრაზდი, რაც ზაირა არსენიშვილის „ვაჰ, სოფელო“ წავიკითხე, თელავი  ჩემი რაიონიდან ყურის ძირშია, იქ თუ ასეთი ამბები, სისხლისღვრები და განუკითხაობა იყო, თუ ასე თამაშობდნენ ადამიანების ბედით, რანაირად ეძინათ მშვიდად,  რას ფიქრობდნენ, რას გრძნობდნენ.  ალბათ ეშინოდათ, საკუთარ ნაჭუჭში იკეტებოდნენ და წითელ საპნის ბუშტებსაც მშვიდად იღებდნენ, იცინოდნენ, ხარობდნენ  კიდეც ყოველდღიური წვრილმანებით. მაშინ, როდესაც გიგოს გორაზე ღამეები უფრო შავი და ბნელი ხდებოდა,  ახალგზარდა ბიჭების გაყინულ ცხედრებს რომ მარხავდნენ. მოკლედ მძიმე ამბავია.

ჰოდა, მგონია რომ ჩვენს მოსწავლეებს თავისუფლებისთვის ბრძოლა უნდა ვასწავლოთ და წარსულის გზავნილების ავტორებზე მოვუყვეთ. პირადი ისტორიები შესაძლოა უფრო მეტის მთქმელი აღმოჩნდეს, ვიდრე ისტორიის სახელმძღვანელოს თარიღებით გადაჭედილი გვერდები. ჩემმა თინეიჯერმა შვილმა რამდენიმე დღის წინ გამიმხილა, ვაღიარებ, რომ სამშობლო მაშინ მიყვარდება როცა შენთან ვსაუბრობო. ეს მაშინ მითხრა ცხრა აპრილზე რომ  მოვუყევი, იმ დროს ძალიან პატარა ვიყავი და ხსოვნაში შემონახული მოგონებები გავუზიარე, ინტერნეტში ვიდეოები ვაჩვენე, ამაღელვებელი სიმღერები მოვასმენინე, შავ-თეთრ ფოტოებში შემორჩენილი მუხტი, თვალებში ჩამდგარი ძალა და თავისუფლებისკენ სწრაფვა,   პატარა გოგო-ბიჭების თავშეწირვა აღმოაჩინა და  გაუკვირდა ჩემხელები ყოფილანო. ამ ამბავს ისიც დაერთო, რომ თეკლას ქართულის მასწავლებელმა, უკარგესმა რუსიკომ (მადლობა მას!), დავალებად ფილმ „მონანიების“ ყურება მისცა, შემდეგ გაკვეთილზე უნდა ემსჯელათ და დისკუსია გაემართათ. იწუწუნა, ეზარებოდა, მაგრამ დაიწყო და თვალი არ მოუწყვეტია, იტირა კიდეც, აღშფოთდა, გაუკვირდა, რამდენჯერმე გადაახვია, და როდესაც ყურება დასრულა, თქვა რომ მისი საყვარელი ფილმი დღეიდან „მონანიება“ იყო. მგონია, რომ აქედან დაიწყო თეკლასთვის, საქართველოს როგორც სამშობლოს გააზრება და მერე სიყვარულიც. ამას 24 თებერვალი და მარო მაყაშვილის ტრაგიკული ამბავი მოყვა.

მერე ჰელადოსი წაიკითხა და სამშობლო კიდევ სხვანაირად აღმოაჩინა. ჰოდა, სამშობლო ადამიანები არიან,  ცალკეული პიროვნებებიდან იწყება სამშობლოს სიყვარულის გააზრებაც. თორემ, ასე სადღეგრძელოდ თქმულ ლექსებშიც კი უყვართ სამშობლო მეორე კლასელ ბავშვებს.

ამბები – ეს ის ჯადოსნური იარაღია, რომლებიც მასწავლებლებს გაგვაჩნია, ამბებით და ისტორიებით ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, დაწყებით ასაკში ერეკლე მეფისა და ინგილო ქალის ამბავს მტკიცე აგურის დადება შეუძლია, სამშობლოს სიყვარულის საძირკველზე.

როგორც წერილის დასაწყისში ვთქვი, ადამიანებს, რომლებისთვისაც საბჭოთა ბედნიერება ილუზიურ ბუშტებად სკდებოდა, ყვირილის სურვილი უჩნდებოდათ. ჰოდა ყვიროდნენ ტექსტებით, ნახატებით, ხელოვნებით, მუსიკით, ისე რომ იმ დროინდელ რეჟიმს ვერ გაეგო, ეს ყვირილი ჩვენთვის, მომავალი სამყაროსთვის იყო განკუთვნილი.

ოთარ ჩხარტიშვილი სწორედ ის მხატვარია, რომელიც არც ისე შორეულ წარსულიდან გამოგვიგზავნა გზავნილები და დღეს მისი ამ შესანიშნავი გზავნილი-ნამუშევრებით შეგვიძლია მოსწავლეებს ისტორია მოვუყვეთ, ვაჩვენოთ რამდენად მყიფე და ხშირად სასტიკია ტყვეობაში მოჩვენებითი სილაღე. თუმცა ოთარის ხმა იმდენად მაღალი იყო, რომ მხოლოდ მომავლისთვის არ ყოფილა განკუთვნილი, მის თანამედროვეებსაც ჰქონდათ ბედნიერება ეს ხმა, სათქმელი გაეგონათ.

ოთარ ჩხარტიშვილი (1938-2006) ქართული ნონკონფორმიზმის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი იყო. იგი მონაწილეობდა ცნობილბულდოზერის გამოფენაში , რომელიც მოსკოველმა ავანგარდისტებმა 1974 წელს მოსკოვში, სადგურბელიაევოსმახლობლად, ღია ცის ქვეშ მოაწყვეს. „აკრძალული ხელოვნებამიმართული იყო იმ დროინდელი იდეოლოგიის წინააღმდეგ. საბჭოთა პერიოდის შეჩერებული კულტურული პროცესების სივრცეში, ეს შემოქმედებითი აქტი იყო. გამოფენა დაარბიეს, ბულდოზერებითა და მძიმე ტექნიკით გაასწორეს მიწასთან.

ოთარ ჩხარტიშვილის შემოქმედება მთლიანად მიმართული იყო იმ დროინდელი ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. მისი შემოქმედება დარგობრივად და ჟანრულად ძალიან მრავალფეროვანია. ნებისმიერ ფორმატში იქნება ეს ფერწერა, გრაფიკა , კოლაჟი თუ ქანდაკება ის პირველ რიგში რჩება მეამბოხედ, თავისუფალი აზროვნების ადამიანად, რომელიც სხვადასხვა ექსპერიმენტალური მეთოდების გამოყენებით აღწევს მხატვრული სახის სპეციფიურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ გამომსახველობას”. -ხელოვნებათმცოდნე ნანა შერვაშიძე.

ჩემი მიზანი არც პორტრეტია და არც პეიზაჟი, ჩემთვის თითქოს მთავარია ობიექტი, მაგრამ საბოლოოდ მაინც არა. ობიექტი უბრალოდ მიზეზია. სურათის სინამდვილეში იმ ობიექტში მე ვმონაწილეობ და ვქმნი ჩემეულ სამყაროს. ობიექტი , რომელსაც ვაკეთებ, არასოდეს გადმომაქვს ზუსტად, მაგრამ ამავე დროს უნდა მოგაგონებდეს მას. მთავარია ჩემი დამოკიდებულების ასახვა ჩემით, ჩემი მეთი.“წერს ოთარ ჩხარტიშვილი.

ის რომ მხატვრების გამოფენა ბულდოზერებით დაარბიეს, რომ იქ ქართველი მხატვარიც იყო, რომ საბჭოთა ბედნიერება მისთვის საპნის ბუშტად იქცა – უკვე ამბავია და ამ ამბით მასწავლებელს ნაპერწკლების გაჩენა შეუძლია, მერე საჭირო დროს ეს ნაპერწკლები ცეცხლად რომ იქცეს.  ოთარს ავტობიოგრაფიაც აქვს დაწერილი, სადაც დაწვრილებით საუბრობს, მთელი მისი ცხოვრება, შემოქმედება როგორ ეწინააღმდეგებოდა კომუნისტურ იდეოლოგიას. მგონია რომ მისი ეს ავტობიოგრაფია საქართველოს უახლესი ისტორია ერთი ადამიანის ცხოვრების გზით გადმოცემული. აქ ნახავთ: https://www.facebook.com/saxelosno/photos/a.982042658494601/3705561172809389/?comment_id=4037234069642096&notif_id=1615130859464794&notif_t=feedback_reaction_generic&ref=notif

 

 

მოსწავლეებს თუ კი მის ნამუშევრებს ვაჩვენებთ და ვკითხავთ რას ხედავენ, რას ფიქრობენ, როგორ ხედავენ ტოტალიტარულ რეჟიმს, რატომ აირჩია მხატვარმა წითელი ფერით გადმოეცა სათქმელი, თუ კი ამაზე იმსჯელებენ, ისაუბრებენ შესაძლოა ეს გაკვეთილი ახალი ისტორიების დასაბამიც კი გახდეს.

 

 

ოთარ ჩხარტიშვილის შემოქმედება საოცრად მრავალფეროვანია, მისი ხასხასა პეიზაჟების გამოყენება შესაძლოა ინსპირაციადაც, ამ პეიზაჟების აღწერით – პეიზაჟის წერილობით გადმოცემა  ძალიან საინტერესო და მომნუსხველი პროცესი იქნება, ოთარის პორტრეტებით პერსონაჟების, სახეების, ხასიათების შექმნა.

 

 

მხატვარს ერთი ძალიან საინტერესო სერია აქვს, რომელიც ჩემთვის გამორჩეული და ყველაზე მეტად საყვარელია, სერიას „ჩემი ეზო“ ქვია.  ნახატები სხვადასხვა ამინდში, სეზონსა თუ განწყობების დროსაა წარმოდგენილი და მასზე მხატვრის ეზოა გამოსახული, ერთ და იგივე ადგილის ასეთი სახეცვლილება წარმოუდგენლად შთამბეჭდავია. ხანდახან ეზოში ადამიანებიც ჩნდებიან, ლანდებივით. მთავარი ეზოა, ადამიანები აქ მთავარ გმირობას კარგავენ, ამ სერიით ეზო გვიყვება ამბებს, ეზო გვესაუბრება სხვადასხვა ეპოქის, დროების, განწყობების შესახებ. ჰოდა, ვაჩვენებდი ჩემს მოსწავლეებს ამ საოცარ ნახატებს და ვთხოვდი დაეწერათ ეზოს თავგადასავალი, ეზოს ამბავი, რომელსაც თავად ეზო მოყვებოდა პირველ პირში, რადგან აქ მთავარი მხოლოდ ისაა. ადამიანები მოდიან და მიდიან, ისე როგორც ცხოვრებაში.

 

ოთარ ჩხარტიშვილის სხვა ნამუშევრები და მასზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

https://www.facebook.com/saxelosno

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი