ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

შენ წერე ,შენ!

მისი გვარსახელი ჯერ კიდევ წლების წინ, ცხვარში რომ დავდიოდი მაშინ გავიგე. „ლიტერატურული პალიტრისთვის“ ჰქონდა მიცემული ინტერვიუ. მწერლის დანიშნულებაზე საუბრობდა, იმაზე რომ მწერალი ვალდებულია ყველაფერი მართლად და შეულამაზებლად მოჰყვეს. მისი წიგნის წაკითხვისას კი დავრწმუნდი, ასე ჰყვება ზუსტად.

მის სამსახურში მისული თაროსთან ვჯდები და ერთდროულად რამდენიმე წიგნს ვიღებ. თავის კაბინეტიდან გამოსული დამინახავს, ეშმაკობას ხვდება და იცინის: -წაიღე ჯიგარო, შენი ბიბლიოთეკისთვის!

„ ყიფლიბანდი“ მისივე ნაჩუქარ წიგნებში ვიპოვე, როცა გადავწყვიტე რომ აღარ მივაყურისძირებდი უფროსის დავალებას და საშველს დავაყენებდი ბიბლიოთეკის ფონდის აღწერას. წიგნი თვალის გადასატარებლად ავიღე და მთელი ღამე თვალი ვერ მოვწყვიტე. ისევ დამრჩა უფროსის დავალება შეუსრულებელი.

პირველი აღტაცება იყო და როყიო წამოძახილი: „ ნახე რა ენა აქვს თქო!?“. სასურველ სიტყვას ისევე პოულობს და ცნობს, როგორც „მცნობარი“ ბატკნის დედას უთვალავ ფარაში, სუნითა და ფერით. გადაკითხვისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ, არცერთი სიტყვა არაა ზედმეტი, არცერთი არ ჟღრიალებს უშნოდ ყურში.

იყო შურიც აღტაცებასთან ერთად. არანაირი თეთრი და უბოროტო, უბრალოდ თვალვიწრო შური, მე რომ ვერ ვწერ მასავით, ამის გამო. და იყო ტკივილიც, იმის გამო რომ წიგნში გამოგონილი არაფერი არააა. ყველაფერი სიმართლეა და ყველაფერმა ჩვენი, ამ უბედური ქვეყნის შვილების კისერზე გადაიარა. და მგონი მაინც ვერაფერი ვერ გვასწავლა…..

ქვეყანა ორადაა გაყოფილი, ბარიკადებით.ორად გაყოფილ ადამიანებს, თავიანთი სიმართლეები აქვთ და თავიანთი სიმართლეების გამო, მზად არიან ერთმანეთს თვალები დასთხარონ. ცივი ჰაერი მოსალოდნელი სისხლის სუნითაა დამძიმებული. ხალხიც რაღაც ავისმომომასწავებელს ელოდება. ექიმმაც ტყუილად ჩაიფეფრლა თავი, დამწვარი ხორცის სუნი უფრო აღანთო ძმა, ძმის წინააღმდეგ. მემაწვნე გოგია ვერ იძინებს, წრიალებს თითქოს საწოლზე კი არა, ცხელ ნაკვერჩხლებზე იწვეს. იმის გამო არა, ხვალ რომ უთენია მაწვნის, მძიმე ჩანთებით კარდაკარ უნდა იაროს და ჰყიდოს. არც იმაზე დარდობს, რომ შეიძლება შალით შეფუთული მაწვნები, გაუცივდეს და გაუწყალდეს. იმაზე დარდობს რაც მოისმინა თავისი მაწვნის მუშტარი აკადემიკოსისგან. „აკადემიკოსი“ ტელეეთერიდან იმას ამბობდა რომ: „ ასეთი რამ პირველად ხდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ბნელი ძალები გაბატონდნენ.

მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას ხელში იარაღი აიღოს და ქვეყანა უწმინდურებისგან გაწმინდოს.“ სიმართლე ვერ აიტანა რაც უთხრეს, დაიბოღმა და სხვისი ხელით, ახალგაზრდების ხელით უნდა ნარ-ეკლის გლეჯა. მემაწვნე გოგია ერთი კეთილი, პატიოსანი კაცია. მას ვერ წარმოედგინა ასეთ განათლებულმა და „ ღვაწლმოსილმა“ კაცმა, ასეთი რამ როგორ დასძრა პირიდან. გოგიასთვის მისი ალალი შრომა, რძე-მაწონია, ინსტიტუტიცა და აკადემიაც. ამიტომ მეორე დღეს, აკადემიკოსს მისთვის მისაყიდ მაწონს აღარ მიუტანს, ღმერთთან პირწმინდა რომ იყოს. მგელს მგელი ერქვა, მაგრამ აკადემიკოსისნაირი ტურების ამოგდებულია ეს ქვეყანა. სხვებსაც რომ არ მიეტანათ მისნაირებისთვის მაწონი, არ ეკრათ ტაში, თავზე ხელი არ გადაესვათ, აუცილებლად გვეშველებოდა ალბათ რამე. კოჩობა წყაბელიასაც მიადგება დილით „ ექსპედიცია“, ცდილობს ღელვა არ შეიმჩნიოს, მაგრამ შეემჩნევა და ისევ ავტომატიანი,“სტუმრები“ დაამშვიდებენ ისევ. მალე მოვრჩებით ჩვენ საქმესო. დასცინიან, ჭკუასაც არიგებენ და თან უკვირთ, სუფრა რომ არ დაახვედრათ „ მასპინძელმა“. კოჩობას უნდა, როგორც უთხრეს, მალე დაამთავრონ, მისი სახლის ჩხრეკა და ოთახებში წოწიალი. არ დაამთავრეს, აგრძელებენ ისევ, კოჩობას კი გული დაეღალა და ძაფზე დაეკიდა.. ისევ თვითონ უშველის თავის თავს: -მაგიდის ქვეშ მამისეული თოფია და წაიღეთ.. -ფარდულში ახალი მანქანაა, არ დაგავიწყდეთ.. -ჩემი ბიჭის საათების კოლექციაა,სანამ მოკვდებოდა დამიბარა, ვინც გთხოვოს ყველას მიეციოო.

მოუსვენა გულმა, სხვა „სტუმრებისგანაც“ აირიდა თავი.. ასეთივე „ექსპედიცია“ მღვდელსაც მიადგება, წვერში სწვდებიან და თრევა-თრევით წაიყვანენ საყდარში. ჰგონიათ რომ მღვდელი ხატების ალაგას იარაღ საჭურველს მალავს. მღვდელი ცდილობს, მგლის თავზე სახარება წაიკითხოს, ეუბნება რომ ასე ბოლშევიკებსაც არ უქნიათ და სთხოვს ღმერთი არ განარისხონ.. მაძიებლები საყდარში ხატების მეტს ვერაფერს იპოვიან, ძალიან კი გაკვირდებიან და გაბრაზდებიან.

როცა ამ წიგნს ვკითხულობდი, მომინდა მომევლო ყველა ის სახლი და ყველა ის ადამიანი სამეგრელოში ვინც ეს ამბავი გადაიტანა.. მეთქვა მათთვის რომ მრცხვენია და ბოდიში მომეხადა.. ავტორი ამ წიგნს რომ წერდა, ოცდაოთხი წლის იყო. ახლა ის, ცნობილი გამომცემლობის მთავარი რედაქტორია. გამოსცემს სხვა ბევრის წიგნებს, მათ შორის ჩემსასაც.

მას შეგულიანება კარგად გამოსდის, გეტყვის: -წერე, ჯიგარო, წერე! მე კი როგორც მკითხველს მინდა რომ მან წეროს, წეროს ასეთი უსიკვდილოდ წასაკითხი ამბები. ამბები რომ რომლებიც თავისი სიმართლით შეგაძრწუნებთ და ბოლოს როცა კითხვას დაამთავრებთ, განცდა გაგიჩნდებათ, ადამიანური სიკეთეების რწმენისა. ასე რომ: -შენ წერე, შენ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი