ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბავშვები, ერის მამები და წმინდა კაცები

რა კარგი ვქენი, დღეს გაკვეთილზე რომ შევედი, ილია ჭავჭავაძეზე გავიგე. ყველაზე საინტერესო გაკვეთილი იყო, რაც ქართულში მქონია” – თქვა ერთ დღესაც ჩემმა მესამეკლასელმა ონლაინსწავლებაში ჩართულმა შვილმა, თუმცა როცა გახარებულმა ვკითხე, მაინც რა გაიგო ილიაზე, ბევრი ვერაფერი მითხრა, იმის გარდა, რომ „ილია ერის მამა იყო”, სადღაც საგურამოსთან ახლოს მოკლეს და მისი სიკვდილის შემდეგ კიდევ ერთმა ასეთივე მნიშვნელოვანმა კაცმა თქვა – ფურთხის ღირსი ხარ შენ საქარველოო. ისიც იცოდა, რომ ილიამ მკვლელს ეტლიდან გასძახა – არ მესროლოთ, ილია ვარო და იმან მაინც ესროლა, ზუსტად იმიტომ, რომ ილია იყო. ილიას ამბავი ისე, როგორც ჩემმა შვილმა გაიგო და აღიქვა, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარს ჰგავს, სადაც უსაფრდებიან ეტლში ცოლთან ერთად მჯდომ სოლიდური ასაკის წარმოსადეგ მამაკაცს, „ერის სულიერ მამას” და კლავენ. სხვები განრისხებული არიან, მკვლელი ცივსისხლიანია. არ მიკვირს, ამბავი ასე რომ აღიქვა და ეს პასაჟები დაამახსოვრდა. ამ ასაკში მისთვის ყველაზე შთამბეჭდავი მკვლელობის სცენა აღმოჩნდა და სულაც არ გაუჩნდა კითხვა – რას ნიშნავს, მაგალითად, ის, რომ ვინმე „ერის მამის” სტატუსს ატარებს? ვინ ანიჭებს ადამიანებს ამ სტატუსს? და რა დამსახურებისთვის? არც ის უკითხავს – რატომ გახდა ილია ცივსისხლიანი მკვლელის სამიზნე? სამაგიეროდ, დიდხანს წუხდა, როცა ილიას რამდენიმე, ჩემი აზრით, ამ ასაკისთვის ლექსიკურად და შინაარსობრივად სრულიად გაუგებარი ლექსი ჰქონდა სასწავლი. დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმ დროის კონტექსტის, ამ ლექსებში გამოთქმული აზრების განსამარტად და იმის ახასნელად, რატომ უნდა ისწავლოს დღეს, ამდენი წლის შემდეგ მესამეკლასელმა ბავშვმა ეს ლექსები. სიმართლე რომ ვთქვა, ამ ბოლო კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მაქვს და ამ წერილსაც იმიტომ ვწერ, რომ კითხვა უფრო ფართო მსჯელობისთვის რომ გამოვიტანო.

 

ილიას შემთხვევა პირველი არ არის, როცა ჩემი ჩარევა გახდა საჭირო ქართულის დავალების გამარტივებასა და ახსნაში. დიმიტრი ყიფიანზეც იგივე იყო. „განთიადი” ჰქონდათ სასწავლი და დიმიტრი ყიფიანზე იცოდა მხოლოდ ის, რომ ლექსი მას ეძღვნებოდა, ის კი „წმინდა კაცი” იყო. ამ შემთხვევაშიც დიდხანს ვუხსნიდი, რომ დიმიტრი ყიფიანი უბრალოდ წმინდა კაცი კი არა, განათლებისთვის თავდადებული, უსამართლობასთან მებრძოლი, ჭკვიანი, სამართლიანი და უშიშარი კაცი იყო, რომელიც სწორედ ამ სამაგალითო თვისებების გამო სასტიკად დასაჯა რუსეთმა, რომელიც ამ დრომდე სასტიკი და დაუნდობელი მეთოდებით ებრძვის საქართველოს და მის სურვილს, იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი და ერთიანი.

 

დიმიტრი ყიფიანზე ადრე აქაც ვწერდი, როგორ კარგად ასახავს მისი ყოფილი სახლი ქვიშხეთში ჩვენს დამოკიდებულებას ისტორიის მიმართ და ახლა, როცა 8 წლის მარიამს ამ ყველაფერს ვუხსნიდი, კიდევ ერთხელ გამახსენდა, როგორი მნიშვნელოვანია ძველი ამბების თანამედროვე კონტექსტთან დაკავშირება და როგორი  საჭიროა ბავშვებს კარგად ავუხსნათ, რატომ ვასწავლით მათ იმას, რასაც ვასწავლით. გამახსენდა ისიც, რას წერდა თვითონ დიმიტრი ყიფიანი ორი საუკუნის წინ საქართველოს ისტორიის ფრაგმენტულობაზე და ცოტა შემრცხვა კიდევ, რომ დღეს, ინფორმაციისა და ტექნოლოგიის ხანაში ისევ ისე ვიქცევით, როგორც „წმინდა კაცს” არ მოეწონებოდა.

 

 

ართლის ცხოვრება” სინამდვილეში თავისი ხასიათით მეფობათა უბრალო ჩამოთვლაა, უმეტესწილად იმის აღნიშვნაა, რომ ესა და ეს აღესრულა ამა და ამ დროს, მანამდე სვებედნიერად ან შფოთიანად იმეფა ამდენსა და ამდენ ხანს და მემკვიდრე მისი იყო ესა და ეს. გამონაკლისის სახით მხოლოდ ზოგიერთი მეფის მოღვაწეობაა შედარებითი სისრულით აღწერილი, მაგრამ აქაც უმეტესად ზღაპრული გმირობის სულისკვეთება ჭარბობს, როგორც, მაგალითად, ვახტანგ გორგასლის ეპიზოდში. ხოლო უკანა პლანის მოღვაწეები – პიროვნებები, რომლებმაც ტახტისა და მამულის სასარგებლო რაიმე საგმირო საქმით აღბეჭდეს თავიანთი სახელი ხალხის ხსოვნაში – იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ჩანან ჩვენს საისტორიო წყაროებში”, – ჩიოდა დიმიტრი ყიფიანი და განა ჩვენც იმავეს არ ვაკეთებთ? ვუყვებით ბავშვებს ერის მამებზე, წმინდა კაცებზე და არა იმაზე, რა გააკეთეს მათ იმისთვის, რომ ჩვენ დღეს აქ ვყოფილიყავით, განათლებული, დამოუკიდებელი და თავისუფალი.

 

ჩვენი გამოცდილება არაერთ სხვა მშობელს გავუზიარე, რომლებსაც დაწყებით კლასებში მოსიარულე შვილები ჰყავთ და აღმოჩნდა, რომ უმეტესობისთვის ქართულის პროგრამა მოსაწყენი და აღუქმელია და ისეთი ბავშვებიც კი, რომლებიც წიგნებთან მეგობრობენ, ცნობისმოყვარე არიან და კარგად სწავლობენ, უჭირთ რაიმე ხელმოსაჭიდი იპოვონ მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში, რაც არა ბავშვების, არამედ ჩვენი, უფროსების შეცდომა და დანაშაულიც კია. არ შეიძლება ამხელა კულტურისა და ლიტერატურის მქონე ქვეყანაში ვერ ვიპოვოთ ტექსტები, რომლებითაც ბავშვები დაინტერესდებოდნენ. არც ის შეიძლება საინტერესო და მარად აქტუალური ამბები ისე მივაწოდოთ ამბის მოყოლის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ხალხმა, რომ ბავშვმა იქ საკუთარი თავი, საკუთარი რეალობა ვერ დაინახოს, მასთან გაუცხოებული დარჩეს.

 

როგორც ილია ამბობს ერთ კარგ წერილში, ქართველები აქამდე იმიტომ მოვედით, რომ „დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერი მხნეობა და გამრჯელობა”, ახლა კი ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის”. დაახლოებით ეგრე ვართ ახლაც, სრულიად არათანამედროვე მეთოდებით ვასწავლით ბავშვებს და ვფიქრობთ, რომ ასე გავალთ ფონს. ვერ გავალთ. იმ ბავშვებსაც კი, რომლებსაც აქვთ ინტერესი, დავუკარგავთ, სხვებს კი ვერ გავუჩენთ და რაა სწავლის პროცესი ინტერესის, სიამოვნების, ჩართულობის გარეშე. რად გვინდა ზეპირად ნასწავლი ლექსი, თუკი მისი კონტექსტი არ გვესმის, თუკი მისი ისტორია ბუნდოვანია, თუ არაფერს გვეუბნება.

 

ისევ ილიას 1897 წელს, წინასაახალწლოდ დაწერილ წერილს მოვიხმობ, რომელიც პანდემიის გამო ონლაინფორმატში გამოკეტილ ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც კარგად ესადაგება და ჩვენს მოუქნელ, ვერა და ვერ გამართულ სწავლებასც.

 

უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების, წინ და აინუნშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან და შინ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ და ამ ბზუილიდამ არა გამოდის რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის. ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდამ ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისაგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცონი ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვს: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი