პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მკითხველად ჩამოყალიბების გზა

გახსოვთ, როდის წაიკითხეთ პირველი სქელტანიანი წიგნი? გიფიქრიათ, რა განაპირობებს მკითხველად ჩამოყალიბების საკმაოდ გრძელ და რთულ პროცესს? რამდენ დროს უთმობთ კითხვას? ვის უზიარებთ წაკითხული წიგნის შესახებ ემოციებს? ვინ არის თქვენი მეგზური წიგნის შერჩევისას?

მეორე კლასში ვიყავი, „პეპი გრძელიწინდა“ რომ წავიკითხე და ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილებები დღემდე ამ წიგნს უკავშირდება. ვფიქრობ, კითხვისადმი ინტერესი მამის მიერ მოყოლილმა ზღაპრებმა და ცხოვრებისეულმა ამბებმა გამიღვიძა. მამა ყოველღამე მიამბობდა დევებსა და გმირებზე, პირველ სიყვარულსა და ბავშვობის მეგობრებზე. ეს იყო უდიდესი განდობა და დღეს მამასთან გატარებული ძილისპირული საათების უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

მერე სულ ვკითხულობდი. ჩემი წიგნები რომ ამოვწურე, მეზობლის, ციცო დეიდას ბიბლიოთეკას მივადექი. ერთხელ მეგობართან ერთად უბნის სამკითხველოდან გატანილი „დედოფალი მარგოს“ საძებნელადაც გავეშურე. კარი გაგვიღო ბიჭმა, რომელმაც მერე ჩემი კლასელი შეირთო ცოლად. იყო შუა გზაზე მიტოვებული და ვერწაკითხული წიგნებიც.

უნივერსიტეტში რუსულ და ანტიკურ ლიტერატურას, მონოგრაფიებსა და ნარკვევებს დავუმეგობრდი. მერე კითხვის ტემპი შენელდა.

ერთი უცნაურობა მჭირს – მახსოვს, რომელი წიგნი როდის წავიკითხე ან ვინ მირჩია. სექტემბერში ჩემს გოგონას 11 წელი შეუსრულდა. დაბადების დღისთვის რამდენიმე წიგნი შევურჩიე, მათ შორის – ირვინგ სტოუნის „წყურვილი სიცოცხლისა“. მაღაზიაში გულგრილად ვერ ავუარე გვერდი წიგნს, რომელსაც სწორედ მაშინ ვკითხულობდი, როდესაც თეკლას მუცლით დავატარებდი. ისიც მახსოვს, რომ ვან გოგის ცხოვრებაზე წიგნს სკოლის ავტობუსში ვკითხულობდი ხოლმე. მერე რამდენიმე წლით კვლავ შევწყვიტე კითხვა და ასტრიდ ლინდგრენის „ლიონებერგელი ემილის თავგადასავლით“ დაიწყო დიდი და მტკივნეული მობრუნება წიგნებთან. მტკივნეული იმიტომ, რომ კითხვას გადაჩვეულს ძილი მერეოდა, დიდი კი იმიტომ, რომ ეს პროცესი დღემდე გრძელდება და თუ ახლა თქვენთვის სათქმელი დამიგროვდა, სწორედ მუდმივი კითხვის წყალობით.

ვკითხულობ ყველაფერს – მხატვრულ ლიტერატურას, მემუარებს, პირად წერილებს, საინფორმაციო, შემეცნებით თუ საგანმანათლებლო სტატიებს, პოეზიას, დღიურებს, თანამედროვე თარგმანებსა და კლასიკურ ტექსტებს, ქართველ და უცხოელ ავტორებს.

ვკითხულობ უმეტესად მაშინ, როცა ჩემს პატარა გოგონას სძინავს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში გატარებული დრო ხომ პირდაპირ ბედნიერებად მექცა. ვუკითხავ ჩემს შვილებსა და მოსწავლეებს, მათთან ერთად ვეცნობი საბავშვო ლიტერატურას.

როგორ ვარჩევ წასაკითხ წიგნებს?

ვუსმენ და ვუყურებ ლიტერატურულ გადაცემებს, ვეცნობი გამომცემლობათა სიახლეებს, ვათვალიერებ წიგნის მაღაზიების თაროებს, რამდენიმე ადამიანი მყავს, რომელთა წაკითხული წიგნებისადმი ინტერესი არ მინელდება. საკმარისია, რამე მირჩიონ, მთებს გადავდგამ და მაინც მივაგნებ, თუმცა არიან წიგნები, რომლებიც თავისით მოდიან ჩემამდე.

ჩემი მასწავლებლური საქმიანობის უმთავრესი მიზანი მოსწავლეებისთვის კითხვისადმი ინტერესის გაღვივება და წიგნთან მისასვლელი გზის გაკვალვაა. პირად გამოცდილებას სამეცნიერო კვლევებს ვუთავსებ და საგულისხმო დასკვნებამდე მივდივარ. ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესოა გზა, რომელსაც მე და ჩემი მოსწავლეები წიგნებთან ერთად გავდივართ.

 

პირადი მაგალითი

კითხვა რომ დიდი სიამოვნებაა, ეს ჯერ მე უნდა მჯეროდეს და მერე მოსწავლეც დამიჯერებს. თუმცა წიგნის შერჩევა ბავშვისთვის კითხვის შესაყვარებლად საკმარისი არ არის. ამისთვის საჭიროა პატარ-პატარა ხრიკებიც, რომლებსაც გზადაგზა მოვიფიქრებთ. მაგალითად:

  • თან ვატაროთ წიგნი, რომელსაც ვკითხულობთ;
  • ვისაუბროთ სიუჟეტის, პერსონაჟების შესახებ;
  • როლური თამაშით გავაცნოთ პერსონაჟები.

როცა ჩვენ თვითონ ვართ გატაცებულები კითხვით, აუცილებლად მივიზიდავთ სხვებსაც.

 

შესაბამისი ლიტერატურა

მკითხველად ჩამოყალიბებისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლიტერატურის შერჩევას. შეგვიძლია, მოვიძიოთ ინფორმაცია კონკრეტული ასაკისთვის შესაფერისი ლიტერატურის შესახებ, თუმცა გასათვალისწინებელია ბავშვის ინდივიდუალური გემოვნება, კითხვის ტემპი, ინტერესებიც.

ასე რომ, ბავშვს სჭირდება ვინმე, ვინც ურჩევს, მოუსმენს, მოუწონებს, წაახალისებს.

 

წიგნიერი გარემო

ბვერს ვწერთ და ვსაუბრობთ იმის შესახებ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს წიგნიერ გარემოს ბავშვის განვითარებისთვის. ჩვენი ქვეყნის საციალური ფონიდან გამომდინარე, ვიცით, რომ ბევრ ბავშვს საბავშვო წიგნებზე ხელი არ მიუწვდება. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

შეგვიძლია მედიათეკის მოწყობა სკოლაში, რათა თანამედროვე ლიტერატურა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. შარშან მესამეკლასელებთან წამოვიწყე პროექტი, სახელად კლასის პირადი ბიბლიოთეკა. ყოველთვე, ხელფასის დარიცხვისას, სამ მოსწავლეს თითო წიგნს ვჩუქნიდი. შევთანხმდით, რომ ამ წიგნებს საკლასო ოთახში დავაბინავებდით, მერე კი იმდენს იმოგზაურებდნენ, სანამ მათ კლასის ყველა მოსწავლე არ წაიკითხავდა.

წელს კი ხელი მოვხვიე 25 წიგნს ჩემი გოგონას ბიბლიოთეკიდან და მეექვსეკლასელებს დავურიგე. შევთანხმდით, რომ ვირტუალურ ლიტერატურულ კაფეს მოვაწყობდით და ამგვარად გავუზიარებდით ერთმანეთს შთაბეჭდილებებს.

კიდევ ერთი პროექტი: მთელ კლასს ვურჩევ რომელიმე წიგნს. ნელ-ნელა ყიდულობენ, მერე კი თავისუფალ გაკვეთილზე ვკითხულობთ და ნაირ-ნაირ აქტივობას ვუკავშირებთ, რისი წყალობითაც მოსწავლეები სწავლობენ, როგორ უნდა იკითხონ და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.

ასე რომ, პირადი ინიციატივაა ის პატარა ნაპერწკალი, რომელიც დადებით ენერგიას ააგიზგიზებს.

 

თავისუფალი არჩევანი

წიგნის შერჩევისას უმნიშვნელოვანესია, ბავშვს მივცეთ თავისუფალი არჩევანის უფლება. პირადად ჩემთვის, არასდროს არავის დაუშლია ამა თუ იმ წიგნის წაკითხვა და ჩემი პიროვნული განვითარება დიდწილად ამ თავისუფალ არჩევანზე დგას. შეგვიძლია, ვურჩიოთ, მაგრამ თავს არ უნდა მოვახვიოთ ჩვენი აზრი. მაგალითად, ჩემმა 11 წლის გოგონამ ახლა „ჰეკლბერი ფინის თავგადასავლის“ კითხვა წამოიწყო. თავიდან ხალისით კითხულობდა, მერე კი თავის დანებება გადაწყვიტა, რამდენიმე წელიწადში მივუბრუნდებიო, მითხრა და მე მესმის, რატომაც შეიძლებოდა ვერ წაეკითხა (ლექსიკის სირთულე, გაბმული თხრობა, დიალოგების ნაკლებობა, ასაკისთვის უინტერესო პასაჟები) ჰეკისა და ჯიმის მისისიპური თავგადასავალი.

 

აღზრდის ავტორიტარული სტილი

მასწავლებლობა აღზრდის სტილზე დაკვირვებას გულისხმობს. ჩემი აზრით, თუ მშობელი ბავშვს ზედმეტი სიმკაცრით ეპყრობა, ეს აუცილებლად აისახება მოზარდის მკითხველად ჩამოყალიბებაზეც. ავტორიტარული სტილით აღზრდილი ბავშვები, როგორც წესი, შებოჭილები არიან და მათი ლიტერატურული გემოვნება გარკვეულ ჩარჩოებში ექცევა.

კითხვა კი თავისუფლებაა. მას არ უყვარს მკაცრი ტონი, წესები, ძალადობა და აკრძალვა. გონიერი ადამიანის, გონიერი მკითხველის აღსაზრდელად სიმკაცრე სრულიად უადგილოა.

 

XVIII ლიტერატურული კაფე

შვიდი წელია, რაც აქტიური მკითხველი გავხდი და ამდენივე წელია, ბავშვებს მივუძღვები წიგნების სამყაროში. რაც გაგიზიარეთ, ჩემი პირადი დაკვირვებისა და სხვათა გამოცდილების შეჯერების შედეგია, თუმცა დღემდე ბევრი რამ ჩემთვისაც ამოუცნობი და ბუნდოვანია.

ვიცნობ ბევრ მკითხველს, რომლებსაც არც წიგნიერი გარემო ჰქონიათ და არც მეგზური ჰყოლიათ; ვიცნობ ისეთებსაც, რომლებიც, წიგნიერი გარემოს მიუხედავად, არ კითხულობენ. ამაზე ფიქრი მაბნევს. რა არის ჩემი მიზანი? – ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს.

მინდა, წიგნის კითხვისას სხვა სამყაროს აღმოჩენის ბედნიერება ყველა ბავშვს ჰქონდეს.

მინდა, არასდროს არავინ შეაფასონ იმის მიხედვით, ვის რამდენი წიგნი აქვს წაკითხული.

მინდა, საყრდენად ლიტერატურული სამყარო ჰქონდეთ და თავისუფალ, კაცთმოყვარე ადამიანებად გაიზარდონ.

ჩემი მასწავლებლური ოდისეა ბევრ საინტერესო ისტორიას ინახავს. ჩემი გოგონა აქტიური მკითხველია. ჩემი რაჭველი მოსწავლეები უკვე აქეთ მირჩევენ წასაკითხ ლიტერატურას. დროდადრო წაკითხული წიგნების შესახებ მწერენ ბავშვები, რომლებსაც ვასწავლიდი.

ლიტერატურული კაფე კი ისევ არსებობს და მკითხველად ჩამოყალიბების ჩემ მიერ აღწერილ ყველა ეტაპს მოიცავს. ამ ზაფხულს მეთვრამეტედ შევიკრიბეთ. ურთიერთობის ექვსი წლის თავზე ჩვენი წიგნების სია ამგვარად გამოიყურებოდა: დენიელ კიზის „ბილი მილიგანის მრავალი გონება“, რობერტ მაკამონის „ბიჭის ცხოვრება“, მ. ჯ. ლეონარდის „ხოჭო ბიჭი“, ქეთი მაკფეილის „ორეული“, ნინო მკალავიშვილის „შენ საკმარისი არ ხარ“, ყურბან საიდის „ალი და ნინო“, ელიფ შაფაქის „ხუროთმოძღვრის შეგირდი“. ფილიპ პულმანის „ჩრდილოეთის ციალი“ კი ანამ, ზაფხულობით ჩვენი ლიტერატურული თავყრილობების ერთგულმა სტუმარმა, გაგვაცნო. ანა საფრანგეთში ცხოვრობს და პირველად „ჩრდილოეთის ციალის“ ფრანგული გამოცემა ვნახეთ. მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ქართულ ენაზეც ყოფილა თარგმნილი.

წიგნებისა და ავტორების ჩამონათვალი ვრცელია და ბავშვების კითხვით დაინტერესებასა და განვითარებაზე მეტყველებს.

ასე რომ, კითხვა კვლავ უწყვეტი პროცესია ჩემთვისაც და ჩემი მოსწავლეებისთვისაც. მე კვლავ განუწყვეტლივ ვფიქრობ იმაზე, როგორ შეიძლება ბავშვების კითხვით დაინტერესება. ამისთვის გამუდმებით ვეცნობი საბავშვო ლიტერატურას. მაგალითად, ახლა ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძულსა“ და „ქურდების მბრძანებელს“ ვკითხულობ. აბიტურიენტებთან ერთად „ოთარაანთ ქვრივს“ მივუბრუნდი. დროდადრო ლევან ბრეგაძის „პოსტმოდერნიზმს“ ვფურცლავ და რამდენიმე დღის წინ დავასრულე დანიელ პენაკის „ძაღლი ძაღლი“. პარალელური ტექსტები ჩემი ყოველდღიურობა გახდა.

ერთი რამ ცხადზე უცხადესია: მკითხველად ჩამოყალიბების გზა მთელ სიცოცხლეს მოიცავს. მთავარია, ამ გზაზე ვეძებოთ თანამოაზრეები, მეგზურები და კითხვის პარალელურად ფიქრი ვისწავლოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი