შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ ვიცხოვრებთ ხვალ? სიტყვები და ენერგია

ნიშანი გამოხატავს საგანს, საგანი (ფარული ან ოკულტური) არის ნიშნის თვისება. სიტყვის წარმოთქმა ნიშნავს, გამოიხმო აზრი და გახადო იგი არსებული. ოკულტურ სამყაროში ადამიანის მეტყველების პოტენციური მაგნეტიზმი არის ყოველგვარი გამოვლინების საწყისი. საგანი ჩვენთვის არის ის, რადაც სიტყვა ქმნის მას, როდესაც ასახელებს.

სიტყვა (ზმნა) ან თითოეული ადამიანის მეტყველება, მათთვის სრულიად გაუცნობიერებლად, წარმოადგენს განდიდებას ან შეჩვენებას. დიახ, სიტყვები ან კეთილშემოქმედნი არიან, ან – ბოროტეულნი, ან – მომწამლავი, ან – ჯანმრთელობის მომტანნი.“

ელენე ბლავატსკაია, „საიდუმლო დოქტრინა“ 

 

ელენე ბლავატსკაიას ეს აზრი განსაკუთრებით აქტუალური ხდება დღეს, როდესაც სამყარო „გაჩერდა“ და „გადატვირთვის“ რეჟიმშია. ამბობენ, რომ ცნობიერების ევოლუცია გამოიწვევს „დროის შეკუმშვას“, რაც ადამიანის შემოქმედებით ბუნებას გაააქტიურებს. ღმერთმა რომ ადამიანი „თავის სახედ და ხატად“ შექმნა, ახალ დროში სულ უფრო მეტად გახდება ცხადი!

დუალისტური სამყარო, დაფუძნებული კეთილზე და ბოროტზე, შავზე და თეთრზე, ცუდზე და კარგზე – ძალას კარგავს! ახლა ადამიანებმა არ იციან, „ხვალ რა მოხდება“ და როგორ შეიცვლება სამყარო. მოქმედების ცენტრმა შიგნით გადაინაცვლა, პირადი პასუხისმგებლობებიც გაიზარდა. „გარეთ რა მოხდება“ კი არა, რა ხდება შინაგან ადამიანში და როგორი ცხოვრება სურს მას თავისთვის და პლანეტისთვის. უკვე ნაცნობ და დაპროგრამებულ გზებზე კი არა, ახალ გზებზე უნდა ვიაროთ და ეს ახალი გზებიც თავად უნდა გავჭრათ და გავკაფოთ – ჯერ საკუთარ ცნობიერებაში და შემდეგ – გარეთ! შემოქმედი ადამიანი არასდროს არავის ეკითხება, რა ჰქნას? ის იკვლევს საკუთარ თავს და იცის, რა სურს და რა უნდა გააკეთოს ამისთვის!

როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ არ ვიცი, რა ხდება, ვერ გამოვიცანი, როგორი იქნება ხვალიდნელი დღე!

ჯო დისპენზა პასუხობს: მომავლის გამოცნობას სჯობს, რომ თავად შექმნა მომავალი! ადამიანს აფრთხობს ცვლილებები, გაურკვევლობა, განუსაზღვრელობა…. არა და, სწორედ აქ არის მეტი შემოქმედების საშუალება – როცა აღარაფერი აღარ არის, როცა შეუცნობელია, როცა არაფერია… ამ არაფრიდან იწყებ გამოძერწვას ისეთი მომავლისას, როგორიც თავად გსურს საკუთარი თავისთვის და პლანეტისთვის! ეს არის ცნობიერების კვანტური განზომილება, საიდანაც ყველაფერი შესაძლებელია!

ამ შესავლიდან გადავიდეთ ახლა სიტყვებზე, სიტყვებით რეალობის ქმნადობაზე და იმ ენერგიაზე, რომელსაც სიტყვები ატარებენ.

როდესაც ვინმეს ვუსმენთ, ხშირად გვითქვამს, რომ მის სიტყვებს პოზიტიური ენერგია მოჰყვება ან პირიქით, თითქოს ისეთს არაფერს არ ამბობს, მაგრამ რაღაც ისეთი ენერგია მოდის, რომ…

ეს ნიშნავს, რომ თავისთავად სიტყვებს არა აქვთ არანაირი ენერგია, ისინი ლექსიკონებში მშვიდად შეყუჟულან, აქვთ მხოლოდ შეფერილობა: დადებითი, უარყოფითი და ნეიტრალური… ამიტომ სემიოლოგები ლექსიკონებს „სიტყვათა სასაფლაოს“ სწორად უწოდებენ.

სიტყვა ცოცხლება მაშინ, როდესაც მას ვინმე წარმოთქვამს. ერთი და იგივე სიტყვა სრულიად განსხვავებულად ზემოქმედებს იმის მიხედვით, ვინ ამბობს და როგორ ამბობს მას.

თანამედროვე სამყაროში რომ სიტყვებმა არა მხოლოდ ენერგია, არამედ მნიშვნელობები და აზრიც კი დაკარგა, ეს განხილვის სხვა თემაა (განსაკუთრებით პოლიტიკოსები და ჟურნალისტები მტრობენ ენას).

ენა (მეტყველება)  – ზოგისთვის თავშესაფარია და ზოგისთვის – სახლი! ჰაიდეგერი მას „ყოფიერების სახლად“ მოიხსენიებს. წესით, ჩვენს სიტყვებს და შინაგან სათქმელს შორის განსხვავება არ უნდა იყოს, მაგრამ რა ხდება…? თუ იმთავითვე ენა გაჩნდა, როგორც აზრის გამოხატვის საშუალება, დღეს ის აზრის შენიღბვის, გადამალვის და მოტყუების საშუალებაა, ის იქცა ნამდვილ სიმულაკრად. სიტყვამ დაკარგა აზრთან და არსთან კავშირი. ენობრივი ადამიანი დაშორდა შინაგან ადამიანს და ცალ-ცალკე დაეხეტებიან ყოფიერების მინდორში.

წარმოიდგინეთ,  როცა ადამიანი სახელს საგნისგან არ მიჯნავდა, ცნობიერება იყო სინკრეტული,  ანუ ნიშანი (სიტყვა) იყო უპირობო და საგნი იყო ნიშნის თვისება. ნიშნის ამგვარ გაგებასთან არის დაკავშირებული ენის მაგიური ფუნქცია.

ახლა ნიშანი პირობითია და მხოლოდ „მიმნიშნებელია“. როცა სახელი და საგანი ერთიანი იყო ცნობიერებაში, საგნის სახელის ხსენება ნიშნავდა თავად ამ საგანს (იყავნ ნათელი და იქმნა ნათელი!). ფრაზეოლოგიზმებიდან კი ალბათ გაგახსენდებათ: „ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირეო“. ამავე მიზეზით ჩვენი ბებია-ბაბუები ტაბუს ადებდნენ ზოგიერთი სიტყვის ხსენებას. მაგალითად ბებია „უხსენებლად“ მოიხსენიებდა გველს, რადგან მას სჯეროდა, რომ თუ სახელს წარმოთქვამდა, ამით მოიზიდავდა მას. სინამდვილეში, ეს ცრურწმენა კი არა, სიტყვისადმი განუსაზღვრელი რწმენა იყო. საგნისა და სახელის გაიგივება (ვამბობ, ესე იგი, არის… ესე იგი, ვიწვევ!).

მართალია, დღეს სიტყვას დაკარგული აქვს ეს თვისება და ის ქმნის ცალკე „ვერბალურ სახელმწიფოს“, „ენობრივ ადამიანს“, რომელიც დაშორებულია არსს, მაგრამ სიღრმისეულად ეს კავშირი მაინც არსებობს; ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ჩავალთ სიტყვათა სიღრმეში, აუცილებლად დავინახავთ უპირობო კავშირებს საგანსა და სახელებს შორის, ანუ აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის…

„საგნის სახელის ცოდნა მის არსთან წვდომის საშუალებაა, რაც ურთიერთობის, აზრთა ურთიერთგაზიარების საფუძველს ქმნის. სახელი სიტყვიერად გამოხატავს საგნის არსს, ბგერებით ხორცშესხმული სახელის, მისი სულიერი არსის წვდომა შესაძლებელია მისი ბგერითი სამოსლის შეგრძნების საშუალებით“ (ლოსევი, საგანი და სახელი).

აი, სწორედ ამაში მდგომარეობს სიტყვათა მაგია. და როდესაც მე წარმოვთქვამ სიტყვას იმ სიღრმით, რომელიც არ იზომება, არამედ შიეგრძნობა, მაშინ ჩემს სიტყვებს მეტი ენერგია და მეტი ზეგავლენის ძალა აქვს და ამას მსმენელი ძალიან ადვილად აღიქვამს.

ირანული წარმოშობის გერმანელმა მეცნიერმა Peseschkian Nossrat-იმ გამოიკვლია  პოზიტიური სიტყვების გავლენა ადამიანზე და რეალობაზე და შექმნა პოზიტიური თერაპიის მიმართულება ფსიქოთერაპიაში, რომელსაც დღეს ასე აქტიურად გამოიყენებენ. მეცნიერის თქმით, ჩვენი უარყოფითი რწმუნებულებები ქმნიან არაცნობიერში პროგრამებს, რომელებიც მომავალში ჩვენგან დაუკითახავდ იწყებენ მოქმედებას და რომელსაც ადამიანი დაარქმევს „ბედისწერას“. არა და, ამ ფრაზებს ყველა ვიყენებთ და არასდროს ვანიჭებთ დიდ მნიშვნელობას. ასეთი ფრაზებია:

ყელში ამომივიდა ცხოვრება

გული შემიწუხდა

ჟანგბადი გადამიკეტეს

გულში დანა ჩამარტყა

გული ყელში ამომივიდა

გული მერევა მის საქციელზე

არაფერი არ გამოვა

ამდენი აღარ შემიძლია

მოხდეს,  რაც მოსახდენია

მხრებზე დამაწვა

წელში გამწყვიტა

სისხლი გამიშრო და უამრავი სხვა…

ემოციით წარმოთქმული ეს ფრაზები არის ბრძანებები სხეულისათვის და სხეულსაც მეტი რა დარჩენია, მიჰყვება ჩვენს ბრძანებებს! არა აქვს მნიშვნელობა, ნეგატიურ სიტყვებს სხვებს ვეუბნებით თუ საკუთარ თავზე ვამბობთ, თუ ასეთი სიტყვები შეადგენენ ჩვენს აქტიურ ლექსიკას, მაშინ ისინი ზემოქმედებენ კიდეც ჩვენს სხეულზე და იწვევენ დაავადებებს.

Peseschkian Nossrat-ის ეს მეთოდი ადასტურებს სტატიის დასაწყისში მოტანილ ელენე ბლავატსკაიას აზრს: „..დიახ, სიტყვები ან კეთილშემოქმედნი არიან, ან – ბოროტეულნი, ან – მომწამლავი, ან – ჯანმრთელობის მომტანნი.“

ამ მეთოდზე აგებდა მკურნალობის მეთოდს ფრანგი ფარმაცევტი ემილ კუე და ბევრი სხვა ცნობილი მკურნალი თუ თერაპევტი.

 

სტატიის მთავარი იდეაა: გააანალიზოთ საკუთარი და სხვების მეტყველება, გაიაზროთ სიტყვების ზემოქმედება და და ნეგატიური სიტყვები და ფრაზები შეცვალოთ პოზიტიურით და როცა ამას ინტენსიურად გააკეთებთ, ის იქცევა ახალ პროგრამად, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას! აღარ არის საჭირო, სხვები ჩარიოთ თქვენს ცხოვრებაში, ეს შეგიძლიათ თავად გააკეთოთ!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი