პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რატომ ვერ ვწერთ?

დღევანდელი პოსტის თემაზე საკმაო ხანს ვფიქრობდი. არ მსურდა, არაარგუმენტირებულად მესაუბრა, თუ რატომ უჭირთ ქართული სკოლებისა და უმაღლეს სასწავლებლების დამთავრებულთა დიდ უმრავლესობას წერა, თუნდაც მარტივი განცხადების დაწერაც კი. რომ არაფერი ვთქვათ არგუმენტირებულად საკუთარი მოსაზრებების წერილობითი ფორმით გადმოცემაზე. მით უფრო იმ ფონზე როდესაც ამ კუთხით არც ერთ კვლევის შედეგებს არ გავცნობივარ. მომიწევს პირად გამოცდილებას დავეყრდნო და გავიხსენო იმ ლექტორთა საუბრები ვინც უნივერსიტეტში სხვადასხვა საგნების სახით აკადემიურ წერას მასწავლიდნენ. ჩემი მიზანი მხოლოდ საკუთარი მცირე გამოცდილების გაზიარებაა. ჩავთვალოთ ერთი ჭირვეული მოსწავლის ნაამბობია, რომელსაც სკოლაში საზეპიროების დაზუთხვა და ტექსტის მოკლე შინაარსის თხრობა უწევდა ხოლმე.

ყველაზე რთული სწორედ ის დავალებაა რომელსაც სწორი ფორმით არ გაწვდიან, მარტივი სიტყვებით არ გიხსნიან , თუ რა მოგეთხოვება და როგორ უნდა გაართვა თავი . პირველი ასეთი დავალება მესამე კლასში მივიღე . როდესაც მასწავლებელმა გაკვეთილის თხრობით მოყოლა დაგვავალა. სიტყვა თხრობითის ლინგვისტური მნიშვნელობა კი, ამ ასაკში არ მესმოდა. ამიტომ ჩავთვალე , რომ თუ აქამდე გაკვეთილს კითხვით გვაძლევდნენ, “თხრობითი” უფრო აღმატებული ფორმა უნდა ყოფილიყო და ამჯერად კარგად კითხვით მცოდნოდა . მახსოვს წამზომიც კი დავიდე წინ, ვცდილობდი რაც შეიძლება სწრაფად წამეკითხა ტექსტი, რომ მეორე დღეს პირველი ნიშანი მიმეღო. დღემდე არ დამვიწყებია უხერხულობის ის განცდა, როდესაც აღმოვაჩინე რომ ჩემი წინა დღის შრომა უშედეგო აღმოჩნდა. თხრობითი , სწრაფად კითხვით ნასწავლს არ ნიშნავდა.

სწორედ ასევე მოხდა მეხუთე კლასში, თემის დაწერა დამავალეს. იაკობ გოგებაშვილის “იავნანამ რა ჰქმნა”-ს მიხედვით. დავალება ამჯერადაც რთული მომეჩვენა, ტექსტი მოცულობითი იყო, მე კი მხოლოდ ერთ გვერდიანი თემა უნდა დამეწერა. ეს ყველაფერი კი ცურვის იმ მეთოდით სწავლას გავს როდესაც წყალში გაგდებენ და ცურვა ინსტინქტების მეშვეობით უნდა შეძლო. განათლება კი ყველაზე ნაკლებად სწორედ ინსტინქტებს უნდა ეყრდნობოდეს, მასწავლებელი უნდა ცდილობდეს მოსწავლეს სწორედ ის გზები და ხერხები ასწავლოს, თუ როგორ ხდება სწორად დასწავლა. რომ შემდგომში ტექსტის გააზრება შეძლონ და არგუმენტირებულად მსჯელობა ისწავლონ მის გარშემო.

სკოლას კი სამწუხაროდ მსგავსი ცოდნა არ მოუცია, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ახლა რომ ვუყურებ საკმაოდ უცნაურ მეთოდით მეჩვენება, ის ხერხები რის მიხედვითაც სასკოლო თემებს ვწერდი . კერძოდ მასწავლებლის მიერ წინასწარ მოცემული სათაურის გარშემო, ტექსტის მოკლე შინაარსი უნდა მომეთხრო (ალბათ ესეც თავისებური ხელობაა, გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის), კარგი შეფასებისთვის ე.წ საზეპიროებიც უნდა დამერთო . რომელსაც ასევე ხშირ შემთხვევაში თავად მასწავლებელი არჩევდა. გრამატიკული შეცდომების გასწორების შემდეგ კი საზეპიროებთან ერთად საკუთარი ნაწერიც უნდა დამეზუთხა . არასოდეს არ მესმოდა, რატომ ითვლებოდა “შპარგალკად” ის ქაღალდი, სადაც ჩემს მიერ დაწერილი თემა მეწერა, რომელიც მასწავლებელს ერთხელ უკვე წაკითხული ქონდა. საკონტროლო წერა, ნუთუ მხოლოდ გრამატიკულ შეცდომების გასწორებით შემოიფარგლებოდა. და არა ტექსტის ჩემს მიერ გააზრებით და ნაწარმოებში მოცემულ პრობლემებზე მსჯელობით. ცუდი იქნება, ეს პრობლემა ძირეულად თუ არ შეიცვლება სკოლებში. არ უნდა ჩავახშოთ მოსწავლეებში ნაწარმოების შესახებ მსჯელობის უნარი. ყურადღებას არ უნდა ვაქცევთ ტექსტის ზედმიწევნით ცოდნას, არამედ მოსწავლის მსჯელობას და თავისუფალ ინტერპრეტაციას ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემების შესახებ, ერთმანეთის მოსმენის კულტურას და განსხვავებული აზრის მიღების უნარს. იქნებ, ბევრი იმ პრობლემის მთავარი მიზეზი, რაც ჩვენს დღევანდელ საზოგადოებას აწუხებს, ისიც იყოს, რომ “თხა და გიგო” არ გავარჩიეთ დაწყებით კლასებში, არ ვიმსჯელეთ თუნდაც, მარტივი სიტყვებით და მხოლოდ მასწავლებლის მოსაზრებებს ვუსმენდით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი