შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

რა გავლენას ახდენს მშობლის თვითშეფასება ბავშვის თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე

საკამათო არ უნდა იყოს, რომ მშობლის როლი შვილის აღზრდაში განუზომელია. მშობელი ბავშვისთვის, განსაკუთრებით კი პატარა ბავშვისთვის, უპირობო ავტორიტეტია. პატარა დამოკიდებულია მშობლებზე და მათი მხარდაჭერის გარეშე ვერ იარსებებს. ამასთან, ის იძულებულია, დაემორჩილოს მშობლებს და შეასრულოს მათი მოთხოვნები. აღზრდის პროცესში მშობელი ბავშვისთვის მოდელია, რომლის ქცევაზე დაკვირვებითაც ის ბევრ რამეს სწავლობს. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მშობელიც ჩვეულებრივი ადამიანია, თავისი ღირსებებით და ნაკლოვანებებით. შესაძლოა, არც ის იყოს ყველაფრის მცოდნე, ყველაფერში დარწმუნებული და ისიც განიცდიდეს სირთულეებს როგორც გარშემო მყოფებთან, ისე საკუთარ თავთან, საკუთარ თვითშეფასებასთან დაკავშირებით.

როგორ მოქმედებს მშობლის თვითშეფასება ბავშვის თვითშეფასებაზე? როგორი თვითშეფასება შეიძლება ჩამოუყალიბდეს ბავშვს, თუ მშობელს არც ისე დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე? ვარიანტი ბევრია, რადგან სხვადასხვა ადამიანი ქცევის სხვადასხვა მოდელს იყენებს, მაგრამ მსგავს სიტუაციებში უმთავრესად რამდენიმე ტენდენცია შეინიშნება:

დაბალი თვითშეფასების მქონე მშობლების შვილებს:

* ეშინიათ ინიციატივის გამომჟღავნების. ისინი ხედავენ, რომ მათი მშობლები არც კი ცდილობენ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებას იმის შიშით, რომ არ გამოუვათ. შედეგად ვერც თავად პოულობენ საკუთარ თავში ძალას და გამბედაობას იმისთვის, რომ სცადონ, მარცხი განიცადონ, ისევ სცადონ და მიზანს მიაღწიონ. ისინი სხვა გზას ირჩევენ და ყველაზე მარტივი სცენარით მოქმედებენ.

* უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა. თუ მშობლებიც კი, რომლებიც შვილებისთვის მთავარ ავტორიტეტს წარმოადგენენ, არ არიან დარწმუნებული საკუთარ თავში, უჭირთ გარშემო მყოფებთან კომუნიკაცია და, საზოგადოდ, სოციალური კონტაქტების დამყარება, რას უნდა ველოდეთ ბავშვისგან, რომელიც საკუთარ ქცევას მშობლების ქცევის მოდელის საფუძველზე აგებს?

* სჯერათ, რომ ცუდები არიან. პრობლემა იქიდან მომდინარეობს, რომ მშობლები, რომლებსაც აკლიათ საკუთარი თავის რწმენა, შვილებს ხშირად მკაცრად ეპყრობიან, მათგან საუკეთესო ნიშნებს და იდეალურ ქცევას მოითხოვენ. მათ სჯერათ, რომ ასე აღზრდილი შვილით იამაყებენ და საზოგადოებაში სანატრელ სტატუსს მოიპოვებენ. მაგრამ ბავშვები ბავშვებად რჩებიან – ხან ცდებიან, ხან ზარმაცობენ, ხან რამეს აფუჭებენ და ამისთვის ისეთ საყვედურებს იღებენ, რომ გულწრფელად იჯერებენ საკუთარ არასრულფასოვნებას.

ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლები შეგნებულად იქცევიან შვილების საზიანოდ. აღზრდაში უდიდეს შეცდომებსაც კი ისინი ბავშვის სიყვარულით და იმის რწმენით უშვებენ, რომ ასე ჯობია. უფრო მეტიც: შეცდომების გარეშე ბავშვის აღზრდა პრინციპულად შეუძლებელია. მაგრამ თუ უკეთესად შევიცნობთ საკუთარ თავს და გავაცნობიერებთ საკუთარი ქცევის მოტივებს, ჩვენი შეცდომები ნაკლებად სერიოზული და ნაკლებად საზიანო იქნება.

რას ვიღებთ შედეგად, როდესაც ბავშვებს არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე მშობლები ჰყავთ?

* რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, ასეთი მშობლების შვილები ხშირად საკუთარი თავის რწმენას მოკლებულები და მარტოსულები არიან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკუთარ თავზე შეყვარებული მშობლები მთელ დროს, ენერგიას, შემოსავალს საკუთარ გარეგნობას და კარიერას ახარჯავენ. მათი შემყურე ბავშვები თავს ზედმეტებად მიიჩნევენ. ასეთი მშობლები ხშირად ცდილობენ, უყურადღებობა ძვირად ღირებული საჩუქრებით გამოისყიდონ, მაგრამ ნივთები, რა ძვირფასიც არ უნდა იყოს, მშობლიურ სიყვარულს, სითბოს და ყურადღებას ვერ შეცვლის.

* არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე მშობლების შვილებს შორის სხვა კატეგორიის ბავშვებიც გვხვდებიან: ისეთები, რომლებსაც, პირიქით, სჯერათ, რომ მათ წინაშე ყველა ვალშია და ვალდებულია, მათ ემსახუროს. ეს იმ მშობლების შვილები არიან, რომლებიც მთელ დროს შვილებთან ატარებენ, მაგრამ საუბრით და ქცევით მათში სამყაროს არასწორ აღქმას განამტკიცებენ. ასეთ ბავშვებს საჭიროდ არ მიაჩნიათ, თავად გაიღონ ძალისხმევა მიზნის მისაღწევად – ისინი ელოდებიან, როდის დაეცემა სამყარო მათ ფერხთით. თავისთავად ცხადია, ასეთი რამ არასოდეს მოხდება, მიზანსწრაფულობის განვითარება კი მოგვიანებით ძალიან ძნელი იქნება.

* არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე მშობლების შვილები შესაძლოა თავდაჯერებულ და თავისუფალ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ და წარმატებული ლიდერები გახდნენ, მაგრამ ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მშობელი გონივრულად მოიქცევა და გაითვალისწინებს საკუთარი გადაჭარბებული თვითშეფასების უარყოფით გავლენას ბავშვზე.

რას ხდებამ როდესაც მშობელს ადეკვატური თვითშეფასება აქვს? ბუნებრივია, ასეთი თვითშეფასება ოპტიმალურია მშობლებისთვისაც და ბავშვებისთვისაც, რომლებიც სამყაროსთან და საკუთარ თავთან დამოკიდებულებას სწორედ მშობლებისგან სწავლობენ. საკუთარ თავში საკმარისად, მაგრამ არა უზომოდ დარწმუნებული ადამიანები სწორედ ისინი არიან, რომლებსაც სირთულეების გარეშე შეუძლიათ იქონიონ სოციალური ურთიერთობები გარშემო მყოფებთან, გართულებების გარეშე აკეთონ თავიანთი საქმე, ადვილად შეეგუონ გარემოს ცვლილებებს და საკუთარი თავის ფლობის უნარი შეინარჩუნონ.

ამრიგად, მშობლების თვითშეფასება უშუალო გავლენას ახდენს ბავშვის თვითშეფასებაზე, მის მიერ სამყაროს აღქმაზე, მის ქცევასა და პიროვნულ თვისებებზე. ასე რომ, უნდა შევაფასოთ რა დონეზეა თავად ჩვენი თვითშეფასება. თუ მისი შეცვლა ვერ მოვახერხეთ, იმას მაინც შევძლებთ, რომ ბავშვის სწორად აღზრდაში ხელი არ შეგვიშალოს. მუდამ გვახსოვდეს, რომ ბავშვები სამყაროს მშობლების თვალით უყურებენ და თუ მშობლებს არ სჯერათ საკუთარი ძალების, ეშინიათ გარშემო მყოფთა აზრის ან, პირიქით, ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე, საკუთარ შესაძლებლობებზე, დიდი ალბათობით, ამ თვისებებს შვილებსაც გადასცემენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი