შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მშობლები და მოსწავლეთა შეფასება

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, შეფასება შეიძლება იყოს განმსაზღვრელი და განმავითარებელი. თუმცა მოსწავლეთა მშობლების საზოგადოებას რომ ჰკითხოთ, აბსოლუტური უმრავლესობა გეტყვით, რომ სკოლა მოსწავლის ცოდნას ქულებით აფასებს. განმავითარებელი შეფასების არსებობის შესახებ ჯერ კიდევ ბევრმა მშობელმა არ იცის. ოჯახისთვის ქულები ხშირად ერთადერთი ინდიკატორია იმის გასაზომად, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე.

ამ მოცემულობაში ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მშობელი შვილის ქულებით ინტერესდება. პირველი, რასაც ბევრი დედა თუ მამა შვილის შესახებ ეკითხება მასწავლებელს, ქულებია. ყველაზე მეტი უკმაყოფილება და ყველაზე მაღალი სასკოლო ჯილდოებიც ქულებს უკავშირდება.

პირად საუბრებში პედაგოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ აწუხებთ მშობლების გადაჭარბებული ინტერესი ქულების მიმართ. ზოგჯერ იმასაც მოისმენთ, რომ მშობლებს მხოლოდ ქულები აინტერესებთ და არა ბავშვის რეალური ცოდნა.

დავუშვათ, რომ ცალკეულ შემთხვევაში ეს ასეც არის და ჩავუღრმავდეთ, რა სავარაუდო მიზეზით შეიძლება ითხოვდეს მშობელი უმაღლეს ქულებს?

  1. ზოგიერთი მშობელი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი საუკეთესოდ სწავლობს, ნამდვილად იმსახურებს უმაღლეს შეფასებებს და გვერდში უდგას ბავშვს, რომ უსამართლობის განცდა არ ჰქონდეს.
  2. ზოგიერთი მშობელი მიიჩნევს, რომ მისი შვილი ბევრ საგანს კარგად სწავლობს და ამიტომ იმ საგნის მასწავლებელმაც უმაღლესი ქულა უნდა დაუწეროს, რომელსაც ბავშვი საუკეთესოდ არ თუ ვერ ძლევს.
  3. ზოგიერთ მშობელს აქვს ამბიციური მოლოდინი, რომ მისმა შვილმა აუცილებლად უნდა მიიღოს წითელი ატესტატი, ოქროს მედალი და სახელმწიფოსგან კომპიუტერი. სკოლის დასრულების განსხვავებული სცენარი ვერ წარმოუდგენია, რადგან თავისი და შვილის შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებს, ხოლო უმაღლესი ქულები და ჯილდოები მშობლის სიამაყის განცდის ლეგიტიმაციისთვის სჭირდება.

ჩვენს ყოველდღიურობაში სამივე შემთხვევის უამრავი მაგალითი არსებობს. ამიტომ, სკოლას, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სამივე ვარიანტის მართვის სტრატეგია. დაწყებული პრევენციიდან, დასრულებული დამდგარი რისკის მართვამდე. თუ ამაზე პროფესიონალებს წინასწარ არ ექნებათ ნაფიქრი, ნამსჯელი, გრძელვადიან პერსპექტივაშიც მიიღებენ ისეთივე ქაოსს, რაც დღეს არის, რადგან სხვანაირად მშობლების დამოკიდებულება ქულების მიმართ არ შეიცვლება. გავრცელებული მიდგომა კი სასკოლო საზოგადოების უამრავი წევრის დროსა და განწყობას იწირავს.

ცოტა ხნით, გვერდზე გადავდოთ მშობლის სამართლიანი პრეტენზია, რაც, რა თქმა უნდა, ასევე არსებობს და განვიხილოთ, რა ზიანი შეიძლება მიადგეს მშობლის არაადეკვატური მოთხოვნით ბავშვს. როცა დედას/მამას აქვს შვილის მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნები და მოლოდინები, როცა ოჯახი ბავშვისგან მუდმივად ითხოვს ათიანებს:

  • ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მაღალი შფოთვა, რაც შეამცირებს მის პროდუქტიულობას და უარყოფითად იმოქმედებს ემოციურ წონასწორობაზე. შესაძლოა, დაუქვეითოს თვითშეფასება და გამოიწვიოს დემოტივაცია სწავლაში. შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის სოციალური უნარების განვითარებაზეც.
  • მასწავლებელს, შესაძლოა, დაემატოს პროფესიული სტრესი. მას შეიძლება გაუჭირდეს მოსწავლის შეფასება ობიექტური კრიტერიუმებით, რადგან ექნება მოლოდინი, რომ მას ან მოსწავლეს დაწერილი ქულების გამო მშობელთან მოუვა უკმაყოფილება.
  • თავად მშობელიც შესაძლოა იყოს სტრესში. მაღალი მოთხოვნების გამო ურთიერთობის ხარისხი გაუუარესდეს შვილთან, ოჯახის სხვა წევრებთან, ასევე, სკოლის თანამშრომლებთან.

 

რა გააკეთოს სკოლამ, მასწავლებლებმა, იმისთვის, რომ მშვიდობიანად მართონ ეს პროცესები და ყოველ ჯერზე ბავშვზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

  1. მნიშვნელოვანია, სკოლამ წარმატებით დანერგოს განმავითარებელი შეფასების სისტემა, რომელიც მშობლებს დაეხმარება, უკეთ განსაზღვრონ შვილების შესაძლებლობები. დაინახონ ძლიერი და სუსტი მხარეები, ის სტრატეგიები, რომლებსაც სკოლა იყენებს მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად; ის ძალისხმევა, რომელიც მოსწავლემ დახარჯა; და პროგრესი, რომელსაც მიაღწია.
  2. სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის ადმინისტრაციამ და კლასის დამრიგებლებმა V-XII კლასის მოსწავლეთა მშობლებს ერთჯერადად ელ. ფოსტით ან სხვა, მათთვის უფრო მოსახერხებელი საშუალებით პერსონალურად გაუზიაროს ინფორმაცია განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების მიზნების, ამოცანების, კრიტერიუმებისა და აკადემიური მიღწევის დონის შესახებ, რათა მშობლებს შეექმნათ სრული წარმოდგენა.
  3. სკოლის ადმინისტრაციამ სხვადასხვა ფორმატში (პირისპირ შეხვედრა, მშობელთა კრება, საინფორმაციო ბიულეტენის გაგზავნა, სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე ინფორმაციის განთავსება, საინფორმაციო დაფის გამოკვრა და სხვა) გააცნოს, რა კომპონენტებში დაიწერება მათ სკოლაში ქულები, რათა ყველა მშობლისთვის წინასწარ იყოს ცნობილი, რას აფასებს მათი სკოლა განმსაზღვრელი შეფასებით.
  4. დამრიგებლებმა წინასწარ შეთანხმებულ დროს პირისპირ ან online-ფორმატში შეახვედრონ მოსწავლეთა მშობლები საგნის მასწავლებლებს, რომლებიც გააცნობენ მათ საგნის წლიურ სტანდარტებს, ზოგად ინფორმაციას პროგრამის მოცულობის, სამუშაო ფორმატების შესახებ. ასევე, მოსწავლეთა შეფასების რუბრიკების ნიმუშებს. ეს პროცესი ერთმანეთს უკეთ გააცნობს მშობლებსა და საგნის მასწავლებლებს, რაც ორივე მხარეს დაეხმარება მომავალში ეფექტიან თანამშრომლობაში.
  5. მართალია, მოსწავლის ცოდნის შეფასება საგნის მასწავლებლის პრეროგატივაა, მშობელს ამ სფეროში შედარებით არასაკმარისი კომპეტენცია აქვს, მაგრამ მას აქვს თავისი წარმოდგენები შვილის შესაძლებლობების შესახებ. მშობელი და მასწავლებელი ბავშვის ცოდნას განსხვავებულ ფსიქოლოგიურ ფონზე ამოწმებენ – მშობელი სახლში, ბავშვისთვის კომფორტულ გარემოში, ხოლო პედაგოგი – საკლასო ოთახში, საქმიან სივრცეში, სადაც როგორ გამოავლენს ბავშვი მიღებულ ცოდნას არაერთ გარემო ფაქტორზეა დამოკიდებული. სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს ნაფიქრი უნდა ჰქონდეთ ამ საკითხზე და პრეტენზიის მქონე მშობელთან დიალოგი სწორედ ამ განსხვავების გამორიცხვით უნდა დაიწყონ. ეს არაერთ მოსალოდნელ კონფლიქტს აარიდებთ თავიდან.
  6. სკოლამ უნდა შექმნას სივრცე და გამოყოს საგანგებო დრო მასწავლებლებისა და მშობლების შეხვედრებისთვის, სადაც მათ ექნებათ აქტუალურ თემაზე მშვიდად საუბრის შესაძლებლობა. სივრცის არსებობა წაახალისებს დიალოგს, რაც სკოლასა და ოჯახს შორის ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის წინაპირობაა.
  7. სკოლის დირექციამ მშობელსა და მოსწავლეს პრეტენზიის შემთხვევაში შესთავაზოს ალტერნატიული შეფასების შესაძლებლობა, რომელშიც ჩართული არ იქნებიან ინტერესთა კონფლიქტში მყოფი პედაგოგები. და რაც მთავარია, ალტერნატიული შეფასების გამოყენება არ გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას მოსწავლეს, მის ოჯახსა და პედაგოგს შორის.
  8. სკოლის ადმინისტრაციამ უნდა იზრუნოს მშობელთა ფსიქოლოგიურ განათლებაზე – რეგულარულად გამართოს მშობელთა ჯგუფური შეხვედრები სკოლის თუ მოწვეულ ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სპეციალისტებთან, რომლებიც დაეხმარებიან მშობლებს, უკეთ დაინახონ მათი შვილების განსხვავებული შესაძლებლობები და დანერგონ შესაბამისი მიდგომები.
  9. კლასის დამრიგებლებმა მშობლებისთვის მოაწყონ არსებული ვიდეორესურსების ჩვენება-განხილვები. მაგალითისთვის, ასეთი რესურსია – ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის ლექციების ციკლი თემაზე „შვილის მხარდაჭერა სწავლის პროცესში“ (https://mshobeltaskola.ge/?p=991) (https://mshobeltaskola.ge/?p=988) (https://mshobeltaskola.ge/?p=970) ასეთი რესურსები მშობლებს მიზნის სწორად ფორმირებაში დაეხმარება, დამრიგებლებს კი მშობლებთან ურთიერთობას გაუმარტივებს. სხვა რესურსები იხილეთ ვებგვერდზე: mshobeltaskola.ge
  10. სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია გამართოს მოსწავლეთა ყოველწლიური დაჯილდოება, სადაც მადლობის სიგელებს გადასცემს არა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს, არამედ სხვა ბავშვებსაც. მაგალითად, ჯანსაღი ღირებულებების მქონე, მზრუნველ, მეგობრულ, მხიარულ, კრიტიკულად მოაზროვნე მოსწავლეებს, ან ხელოვნებასა და სპორტში წარმატებულ ბავშვებს. ამ ნაბიჯით სკოლა წაახალისებს მშობლებს, დაინახონ შვილის შესაძლებლობებში უფრო მეტი, ვიდრე ეს ქულებით იზომება.

სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ყველა მშობელთან წარმატებული თანამშრომლობა შედგება. ცხადია, მაინც აღმოჩნდებიან იშვიათი გამონაკლისები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ შვილის ქულების გამო, თუმცა ეს პროფესიონალებისთვის დემოტივაციის მიზეზი არ უნდა გახდეს. სკოლის ასეთი პოლიტიკის შემთხვევაში, მშობლები მეტად გაცნობიერებულნი და მიმღებნი გახდებიან. ნაკლებად მოითხოვენ შვილისგან ყველა საგანში ყოველთვის იდეალურ ცოდნას, გაუჩნდებათ სხვა შეკითხვებიც, რომლებიც არ არის დაკავშირებული მხოლოდ ქულებთან და მიიღებენ შვილებს თავიანთი წარმატებითა და წარუმატებლობებით.

 

სტატიაში გამოყენებულია

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის

მიერ გამოცემული სახელმძღვანელო

„მასწავლებლის პროფესიული ეთიკა“

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი