პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

კოვიდითა და სიყვარულით მასწავლებლის ინფიცირება

(ჩანაწერები ინფიცირებულთა პალატიდან)

მცხეთა. სამხედროების ქუჩა. მცხეთის სამედიცინო ცენტრი. პალატა 307.  ნარეკვავის ტყე, რომელზეც ადრე მხოლოდ „დიდოსტატის მარჯვენიდან“ მსმენოდა, ახლა თავზე დამყურებს და მაცოცხლებელი ჟანგბადით მამარაგებს. მცხეთობას, 14 ოქტომბერს, PCR ტესტირებით კოვიდინფექცია დამიდასტურდა. ინფიცირების წყარო იყო მოსწავლე, რომელიც კერძო გაკვეთილზე მყავდა. მისი ოჯახის ყველა წევრიც ინფიცირებული აღმოჩნდა დაუდგენელი წყაროდან. ბავშვი სასტიკად განიცდიდა, რომ უნებლიედ იქცა ინფექციის გადამტანად, მაგრამ ამას ჩვენ ვინ გვეკითხება? მან არაფერი იცოდა საკუთარ დაავადებაზე. ჩემთან ერთად კიდევ ერთი მოსწავლეც დაინფიცირდა. სამნი გადაურჩნენ ვირუსს. ეს იყო ხუთშაბათს. პარასკევს ჩვეულებრივ გამოვცხადდი სკოლაში, კოლეგებსაც შევხვდი და მეხუთე კლასში გაკვეთილიც ჩავატარე, რაც სკოლის დახურვის საბაბად იქცა. მადლობა უფალს, რომ სიმპტომების გამოვლენამდე გადამტანი არ ვყოფილვარ და იმდღევანდელი ჩემთან კონტაქტებით არავინ დაინფიცირებულა.  მდგომარეობა ნელ-ნელა მიმძიმდებოდა. სიცხე, წნევა, სახსრების აუტანელი ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, ყელ-ყურისა და თავის ტკივილი, მოკლედ, ასეთ წამებას მტერსაც არ ვუსურვებ. სახლში მარტო დავრჩი. მეუღლე სხვაგან გადავიდა, რომ ისიც არ დაინფიცირებულიყო. ფსიქოლოგიურად მანგრევს მარტოობის შიში. სასწრაფო რომ გამოვიძახე, წნევაც კი არ გამიზომა, თუ თქვენი აპარატი არ გაქვთ, ჩვენსას ვერ გამოვიყენებთო. ამან სულ დამზაფრა. როგორც კი ამაზე დავწერე ფეისბუქზე, უცებ მეზობელმაც მომიტანა ჭიშკართან წნევის აპარატი და მეუღლემაც ნახევარ საათში მომირბენინა. ხალხის თანადგომა არის უპრეცედენტო და ეს მაძლიერებს. ვინ არ მირეკავს? ვინ არ მწერს? ვერ ავუდივარ პასუხების გაცემას. ვინ რას მთავაზობს, ვერც კი ვიაზრებ.

თბილისის კლინიკები გადაჭედილია და ბევრი ახლობელი მპირდება, რომ დამეხმარება ადგილის მოძებნაში, მაგრამ ამაოდ.  მოსწავლის დედა მირეკავს და მეუბნება, რომ ადგილები თავისუფლდება მცხეთის სამედიცინო ცენტრში და თუ არ ვარ წინააღმდეგი, იქ გადაყვანა შეიძლება, მისი ოჯახის წევრები იქ მუშაობენ და მელოდებიან. სიხარულით დავთანხმდი და სასწრაფო გამოვიძახე. 15 ოქტომბრიდან აქ ვარ, მზრუნველი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობენ ფილტვის 7-ქულიან დაზიანებაზე, სისხლძარღვების პრობლემაზე. 19 ოქტომბრის საღამოს კრიზისის კულმინაცია მქონდა. ძლივს გადამარჩინეს და ამის შემდეგ ყველაფერი დალაგდა. მესამე დღეა კარგად ვარ. ყველა სიმპტომი მომეხსნა. გავდივარ ანტიბიოტიკოთერაპიას ფილტვის პრობლემის აღმოსაფხვრელად. 25-ში კიდევ ერთხელ გამოიკვლევენ სისხლს, ჩამიტარებენ ფილტვების განმეორებით კომპიუტერულ ტომოგრაფიას, PCR ტესტირებაც ჩამიტარდება და… ჩიტივით თავისუფალი ვიქნები. ამ ავადმყოფობამ ბევრი მასწავლა, სულ სხვაგვარად ამიხილა თვალი. ახლა ვიდეოკონსულტაციებს ვუწევ ახლად ინფიცირებულ საყვარელ მეგობრებსა და ნაცნობებს, ვუზიარებ გამოცდილებას და ფსიქოლოგიურად ვეხმარები პრობლემის გადალახვაში. უმრავლესობა ვერ ახერხებს სტაციონარში ყოფნას და ბინაზე მკურნალობა თავისთავად სტრესულია.

წევხარ ტკივილით გათანგული და რამდენ რამეზე ფიქრობ?! უცებ გამახსენდა 2011 წელს რეჟისორ სტივენ სოდერბერგის მიერ გადაღებული პოპულარული ფილმი „ინფიცირება“. ადრე სულ სხვა თვალით ვუყურე და ახლა… რამდენი ცოდნა შეიძინა კაცობრიობამ, მაგრამ სამყაროს წარმოშობის საიდუმლო საიდუმლოდ დარჩა, მისი მომავალიც, მისი საზღვრებიც მარად ამოუცნობი საიდუმლოა, რომელიც თქვენი არ ვიცი და მე ყოველთვის საშინლად მაწამებს. თუ ვინმეს შეუძლია ამ კოსმიური საიდუმლოებების ლაბირინთში რამის შეცნობა, ეს ალბათ არა მეცნიერები, არამედ ისევ და ისევ ხელოვანები არიან, რომელთა ინტუიტური ჭვრეტა, ფანტაზია და შემოქმედებითი წვა უფრო მეტს წვდება, ვიდრე მეცნიერული გონება. ასე რომ არ იყოს, აბა საიდან მოიფიქრეს 2011 წელს რეჟისორმა სტივენ სოდერბერგმა და სცენარისტმა, მწერალმა ენტონი სკოტ ბერნსმა სურათი, რომელიც გასაოცარი სიზუსტით გათამაშდა 2020 წელს დედამიწაზე?! საიდან მოიფიქრეს, რომ ინფიცირების წყარო იქნებოდა ღამურა? საიდან დაამთხვიეს, 9 წლის შემდეგ მოსახდენ მოვლენებს საზოგადოების დამოკიდებულება პანდემიისადმი? ეკონომიკური კრიზისის ანატომია, თაღლითების მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეალობა, სამთავრობო სამსახურების ყოფა. თითქოს ვიღაცამ 2020 წლის ამ ამბების აქტორებს წინასწარ დაუწერა, აჩვენა, რა როგორ უნდა წარმართულიყო. ამ ფილმმა მძიმედ იმოქმედა ჩემზე. არასდროს მსურს შეთქმულების თეორიების დაჯერება, ფიქრი იმაზე, რომ ვირუსული ინფექციები სადღაც ლაბორატორიებში სპეციალურად მზადდება, რომ დედამიწაზე პოპულაცია შეამცირონ, რომ სახელისუფლებო და საფინანსო ელიტების ინტერესებისთვის ხდება ეს ყველაფერი. თუმცა ამ ფილმმა ამგვარი ეჭვები გამიმძაფრა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არსებობს იატაკქვეშა კონსპირაციული ყოვლისშემძლე ჯგუფები, რომელთაც კაცობრიობის ბედით თამაში შეუძლიათ. გამახსენდა, როგორ ფიქრობდა ბარათაშვილის პოემაში ბრძენი მსაჯული სოლომონ ლეონიძე ერეკლე მეფეზე: „მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას, ერთ კაცს მომადლებ ყოვლთა უფლებას, და მის ერთს სიტყვას მონებენ ერნი, განურჩეველად სულელნი, ბრძენნი, და იგი მათს ბედს ისე განაგებს, ვითა ამღერდეს იგი კამათლებს!“

არ ვიცი, ათამაშებს თუ არა ვინმე ბოროტი გენია ჩვენს ბედს, როგორც კამათლებს, მაგრამ ამ ფილმის წინასწარმეტყველურმა პათოსმა სრულიად გამანადგურებელი ემოციური ზემოქმედება მოახდინა ჩემზე.

ზოგი დაავადებას მალავს, ინფორმაციის გავრცელებას ერიდება, ავადმყოფობის დროს იკეტება. ჩემში მასწავლებლური ვნებები ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა. მიუხედავად მწვავე ტკივილებისა და საშინელი განწყობისა, სულ წერა და ყველაფრის გასაჯაროება მინდოდა. ვწერდი პოსტებს, რომლებიც პოპულარული გახდა და ორ ტელეშოუშიც კი მიმიწვიეს. ვავრცელებდი ჩემი მოსწავლეების მიერ გადმოგზავნილ ვიდეოებს, მათი ნებართვით, რასაკვირველია. ეს პროცესი სამ რამეში მეხმარებოდა: 1. ჩემს შესახებ ინფორმაციას მარტივად ვაწვდიდი ყველას, ვის წინაშეც საქმიანი ვალდებულებები მქონდა; 2. საკუთარი გამოცდილების გაზიარებით ვეხმარებოდი სხვებს, ვხედავდი, რომ ინტერესი დიდი იყო და უამრავ შეკითხვას მაყრიდა ხალხი საჯაროდ თუ პირად მიმოწერაში, ბევრმა მითხრა, რომ ამშვიდებდა ასე დაწვრილებით კლინიკური სურათის აღწერა და ფსიქოლოგიურ მდგრადობას იძენდა; 3. ჩემი პოსტების კომენტარებსა და გამოხმაურებებში ხალხის მიერ გამოჩენილი სრულიად გაუგონარი თანადგომა, სიყვარულის დაულეველი ფლუიდები, საუკეთესო სურვილები პირდაპირი მნიშვნელობით მაცოცხლებელი იყო და არის ჩემთვის.

მართალია, ავადმყოფობამ სასიცოცხლო ძალები წაიღო ჩემგან, მაგრამ უზარმაზარი ენერგიით ამავსო ხალხის სიყვარულმა. ჩემი ერთადერთი საზრუნავი შეწყვეტილი სასწავლო პროცესია. უძილობა მაწუხებს, მაგრამ როგორც კი თვალს მივლულავ, ეგრევე გაკვეთილები, ჩემი მოსწავლეები, საკლასო ოთახები, კოლეგები, სამასწავლებლო, სწავლასთან დაკავშირებული აქტივობები მესიზმრება, თითქოს სიზმარი არც კი არის, რეალური ამბებია, ჩემი ცხოვრება, ყოველდღიურობა სწორედ ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ სამუშაო რუტინულ დღეებში მაქვს. მოსწავლეები დაუსრულებლად მწერენ და მწერენ, მეკითხებიან ყველაფერს, მიზიარებენ საკუთარ ამბებს, მიგზავნიან სიახლეებს, მართობენ, მახალისებენ და მეც სიტყვები არ მყოფნის მათ მოსაფერებლად.

სიყვარული რომ მასწავლებლის მოურჩენელი „ინფექციური დაავადებაა“, ისედაც ვიცოდი, მაგრამ კოვიდინფიცირებულობასთან ერთად გაასმაგებული ძალით ვიგრძენი სიყვარულით ინფიცირების ტკბილი ნექტარი. სწორედ ეს არის ის უძლეველი ძალა, რომელიც გვაცოცხლებს, სოციალურ ფუნქციას გვანიჭებს, მისიას გვასრულებინებს, სასურველს გვხდის.

ფაქტია: დედამიწა ჩვენ თვალწინ იცვლება. სამყაროში გრანდიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. ეს ყველაფერი ახლა ძნელი ასახსნელია, როგორც ის კოსმიური საიდუმლოებანი, აქამდე რომ ვერ ამოგვიცნია, მაგრამ მე მჯერა, რომ ამ გლობალურ კრიზისს დიდი აღდგომა და განახლება მოჰყვება, რაღაც უნდა გადაეწყოს, „დარეფრეშდეს“, ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდეს. დედამიწას აქვს საკუთარი იმანენტური კანონები, თავისი ღრმა წიაღიდან გამომუშავებული, რომელთა რეალიზაცია ახლა ალბათ აუცილებელია მისი პროგრესისთვის, თვითრეანიმირებისთვის.

კოვიდით ინფიცირებაც და სხვა ყველა სატკივარიც ახლა სიყვარულით განიკურნება უპირველესად. ეს კრიმინალის მოჭარბება, საზოგადოებაში გამეფებული აგრესია, ცინიზმი, ანტაგონიზმი სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის მხოლოდ სიყვარულის ფლუიდებით დაიძლევა. აქ ყოველ ჩვენგანის როლი გადამწყვეტია. სამყაროს გადარჩენაში საკუთარი მოკრძალებული მისიის შესრულება ყველას შეგვიძლია, ყველას, დიდსა თუ პატარას. ამის იმედსა და რწმენას მაძლევს თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩემმა პატარა მოსწავლეებმაც კი გააცნობიერეს საკუთარი როლი სხვათა თანადგომის საქმეში. მათაც ისევე წარმატებით მიმკურნალეს სიყვარულის თერაპიით, როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის ახალგაზრდა ექიმებმა და მედდებმა, არაჩვეულებრივმა, თავდადებულმა, პასუხისმგებლობითა და ჰუმანიზმით სავსე ადამიანებმა. მადლიერი ვარ ბედის, რომ ეს ყველაფერი გამომაცდევინა და ასე შემივსო ყოველდღიური ერთფეროვნებით გადაღლილი სული. რაც ხდება, ღვთის ნებით ხდება და მხოლოდ უკეთესობისთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ, ჩემო საყვარელო ადამიანებო! კოვიდით არა, სიყვარულით ინფიცირებას, რაც საბოლოოდ ამ ვირუსსაც განდევნის და ამოისუნთქავს ჩვენი მწვანე პლანეტა, ახალი ფერებით ახასხასდება. კოვიდინფიცირებულთა შორისაა ასევე ჩვენი ჟურნალის ავტორი თეონა ბექიშვილი, რომელიც მიუხედავად ავადმყოფობისა, მაინც მუშაობს დისტანციურად. რედაქციის თანამშრომლები, ავტორები, რედაქტორი, როგორც ყოველთვის, უზომოდ ყურადღებიანი და პოზიტივებით გამამხნევებლები არიან. მადლობა ყველას, ყველას… ღირდა ეს წამება ამ სიყვარულის გამოსაცდელად…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი