მწვანე კარები

„მწვანე კარებს შევაღებ და ეზოში შევალ. ამ ეზოში თავი სხვადასხვა დროს მახსოვს… მახსოვს, ბილიკზე როგორ მივრბივარ ყვირილით, რომ ბებო ჩემია. ამ დროს სამი წლის ვარ, თბილისიდან მომავალს დეიდაშვილები მანქანაში მაბრაზებენ და მიმტკიცებენ, რომ ბებია მათია. ჰოდა, მეც კარებში შესული ბილიკზე თავ-პირის მტვრევით ვეშვები და ბოლო ხმაზე გავკივი,  მხოლოდ ჩემია თქო. მჯერა, რომ ბებოსთან პირველი ვინც მიასწრებს, სწორედ მისი იქნება…“

ასეთი შესავალი გამიკეთებია 2015 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნებული წერილისთვის „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ http://mastsavlebeli.ge/?p=4342

წერილი მოგონებებით გრძელდება, კიდევ რას ვხედავ. ახლა ამ მოგონებებს ახალი დაემატა. დედას ვხედავ, რომელიც ეზოში საგულდაგულოდ დამაგრებულ მაგიდასთან ზის და ჩემს მიერ ბეჯითად  მოკრეფილ  ლეღვს ელოდება.  განსაკუთრებულად სწორედ ეს ლეღვი უყვარს  და მერე რა, რომ უკვე აღარ ეჭმევა, მაინც ელოდება…

მე და ამ სახლს ერთმანეთი გვიყვარს. ბევრი საერთო მოგონება გვაქვს და იმიტომ.

დღეს კარებს კვლავ მწვანედ ვღებავ. საღებავი  ამჯერად რაღაცნაირი კაშკაშა  გამოდგა. გამიმართლა, რომ 21-ე საუკუნეა და ახალი თაობის საღებავი მაქვს. ძველი დრო, რომ იყოს, ამაღამ ვერ გავატანდი, მოვიწამლებოდი…

მეთოთხმეტე საუკუნის სისხლის სამართლის კოდექსში ადამიანის მოწამვლა სიკვდილით ისჯებოდა. კაცებს ბორბალზე სვამდნენ, ქალებს ახრჩობდნენ, ოღონდ ჯერ აწამებდნენ.

მე პერიოდული სისტემის  #33-ე ელემენტის გამო მოვიწამლებოდი. სხვადასხვა დროს მისი ნაერთები გამოიყენებოდა, როგორც წამალი და როგორც შხამი.  ძველი დროიდან  ცნობილია, პირველად ეგვიპტელმა ზოსიმამ აღწერა, მერე ალბერ მაგნუსმა და მხოლოდ   1789 წელს ლავუაზიემ დარიშხანი დამოუკიდებელ ქიმიურ ელემენტად აღიარა.

დარიშხანი ლითონური ბზინვარებით ხასიათდება. ჩვეუბებრივ პირობებში შედარებით მდგრადია, ე.წ. ლითონური, ანუ რუხი დარიშხანი. მყიფე კრისტალური მასა, ჰაერზე სწრაფად მკრთალდება, რადგან თხელი ოქსიდური შრით იფარება. დარიშხანის ორთქლის კონდენსაციის დროს ცივ ზედაპირზე წარმოიქმნება ყვითელი დარიშხანი – გამჭირვალე, ცვილივით რბილი კრისტალები.  სინათლის მოქმედებით ან გახურებით იგი რუხ დარიშხანად გადაიქცევა. ცნობილია აგრეთვე, დარიშხანის მინისებრ-ამორფული მოდიფიკაციები – შავი და წაბლისფერი დარიშხანი. ისინი გახურებით რუხ დარიშხანად გარდაიქმნება.

როდესაც ამბობენ, რომ ვიღაც დარიშხანით მოწამლეს, სუფთა მეტალურ დარიშხანზე ფიქრობენ. სინამდვილეში სიტყვა „მოწამვლაში“  დარიშხანის ოქსიდით მოწამვლა იგულისხმება. თავისუფალი სახით დარიშხანი ბუნებაში ფაქტიურად არ გვხვდება. არსებობს მისი ყვითელი მინერალი აურიპიგმენტი As2S3,  წითელი რეალგარი As4S4. NiAsS გერსდორფიტი, რომელიც ნიკელის სულფოარსენიდია.  არსენოპირიტი, იგივე დარიშხანის კოლჩედანი FeAsS.  ის ერთ-ერთი წამყვანი სამრეწველო დანიშნულების  დარიშხანის მინერალია. კობალტინი ავსტრალიაში მოიპოვება და იშვიათობას წარმოადგენს CoAsS.  ერითრინიც Co3(AsO4)2•8H2O იშვიათია და პრაქტიკული გამოყენება არ აქვს, სამაგიეროდ ლამაზი იისფერია. ასევე, ინდიკატორია, რომ სადღაც ახლოს კობალტის და თვითნაბადი ვერცხლის საბადოებია.

ლაბორატორიაში თავისუფალი დარიშხანის მიღება შემდეგნაირად შეიძლება. ეს ისე, უბრალოდ ვიცოდეთ, თორემ გაკვეთილზე  ან კლუბურ მეცადინეობაზე დარიშხანით რაიმე ცდების გაკეთება მთლად კარგი აზრი ვერ იქნება. ან ერთი ვარიანტია, მოსწავლეებიდან  საპატიო მანძილზე, მხოლოდ მასწავლებელი აკეთებს, ისიც ამწოვ კარადაში.

ავიღოთ სინჯარა და შიგნით ნახშირთან ერთად  საგულდაგულოდ არეული    დარიშხანის ოქსიდი  მოვათავსოთ. შემდეგ სინჯარა  გარედან გავაცხელოთ. შედეგად, სუფთა დარიშხანი მიიღება. მას სინჯარის  შიგნითა ზედაპირზე სარკისებრი ბზინვარებით ამოვიცნობთ.

ამ რეაქციას კრიმინალისტები დიდი ხანია იყენებენ, როცა ადამიანის დარიშახნით მოწამვლაზე აქვთ ეჭვი და როდესაც მოწამლულის კუჭში ფაიფურის მაგვარ ნამცეცებს პოულობენ. As2O3+3C=2As+3CO

თავისუფალი დარიშხანის მიღება შემდეგი რეაქციითაც შეიძლება.

3SnCl2+2AsCl3=As+3SnCl4

კიდევ ერთი მეთოდია, დარიშხანის ქლორიდის და ნატრიუმის ჰიპოფოსფიტის ურთიერთქმედება.

2AsCl3+3NaH2PO2+3H2O=2As+3NaH2PO3+6HCl

თუ დარიშხანის გალღობას დავაპირებთ, არაფერი გამოვა. პირდაპირ სუბლიმაციას დაიწყებს, ანუ მყარი მდგომარეობიდან აირადში გადავა.

ჰაერზე დარიშხანი კარგად იწვის.

4As+3O2=2As2O3

დარიშხანით მოწამვლას შემდეგი ნიშნები აქვს: მეტალური გემო პირში, ღებინება, მუცლის ტკივილი. შემდეგ იწყება კრუნჩხვები,  პარალიჩი და …

მის საწინააღმდეგოდ ყველაზე კარგი საშუალება რძეა, უფრო სწორედ, მასში შემავალი ცილა კაზეინი. ის დარიშხანთან  უხსნად ნაერთს წარმოქმნის, რომელიც  სისხლში არ შეიწოვება.

რაც არ უნდა საშიში იყოს დარიშხანი, ის ყველა ცხოველურ და მცენარეულ ორგანიზმშია. ითვლება, რომ მისი მიკრო დოზა მავნე მიკრობების მიმართ ორგანიზმის სიმდგრადეს განაპირობებს.

ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანი შეიძლება დარიშხანით ქრონიკულად იწამლებოდეს. მაგალითად, თუ მუდმივად სვამს წყალს ჭიდან, ან მიწიდან ამოსულ რაიმე წყაროს იყენებს, რომლის შემადგენლობაც გარკვეული არ არის. დარიშხანი შეიძლება სამრეწველო ნარჩენებიდან მოხვდეს მიწისქვეშა  და ჩამდინარე წყლებში და დააბინძუროს ჭის წყალი,  ან ე.წ. დაბურღული წყლის შემადგენლობაშიც შეერიოს.   თუ ასეთი წყალი სარწყავად გამოიყენება, მაშინ ის ხილსა და ბოსტნეულშიც აღმოჩნდება, ასევე ხორცში და რძე/რძის ნაწარმების შემადგენლობაში.

ნიადაგში დარიშხანის შემცველი მინერალები თავისთავად არის და თამბაქოს ფურცლები მას დიდი რაოდენობით ყველაზე კარგად ითვისებს. შესაბამისად, მწეველების ორგანიზმშიც  ბევრია. დარიშხანი ნელ-ნელა გროვდება შინაგან ორგანოებში. თმებში, ფრჩხილებში.

 

 

დარიშხანის ოქსიდი, რომ მარილმჟავაში გავხსნათ და კალიუმის იოდიდი დავამატოთ, დარიშხანის იოდიდს მივიღებთ. ის აგურისფერია.

As2O3+6HCl+6KI=2AsI3+3H2O

მეოცე საუკუნემდე მას კანის დაავადებების  სამკურნალოდ იყენებდნენ.

შეელეს მწვანესაც დიდი პოპულარობა  ქონდა. 1775 წელს შვედმა ქიმიკოსმა კარლ ვილჰელმ შეელემ კაშკაშა მწვანე საღებავი შექმნა. მის მისაღებად კალიუმის მეტაარსენიტი უნდა შევურიოთ შაბიამნის ხსნართან, წარმოიქმნება სპილენძის (II) ჰიდრო არსენიტი, იგივე „შეელეს მწვანე“. მას მწვანე პიგმენტად იყენებდნენ საღებავებში. ამ საღებავმა გადატრიალება მოახდინა და ძალიან მოდური გახდა, რადგან დროთა განმავლობაში პიგმენტი ძნელად  ხუნდებოდა. მალე მისი გამოყენება ქაღალდის წარმოებაში და მრეწველობაშიც დაიწყეს. ადამიანებმა ამ საღებავით კედლების შეღებვასაც მიჰყვეს ხელი, სახლს  მწვანე ფარდებით რთავდნენ და მწვანე ქსოვილისგან შეკერილი სამოსით იმოსებოდნენ. სპილენძის არსენიტი (შეელეს მწვანის კომპონენტი) კი დროთა განმავლობაში იშლებოდა და დარიშხანს ანთავისუფლებდა http://mastsavlebeli.ge/?p=21962

გადასახლებაში მყოფი ნაპოლეონის ოთახშიც კედლები ამ საღებავით იყო შეღებილი. ფიქრობენ, რომ ბონაპარტი სწორედ მისი მსხვერპლი გახდა.

კიდევ ერთი ნაერთი-„პარიზის მწვანეა“. შაბიამნის ხსნარს დაუმატოთ ძმარი, შემდეგ კი კალიუმის მეტაარსენიტი.

4CuSO4+2CH3COOH+6AsO2=Cu(CH3COO)2•3Cu(AsO2)2+H2SO4+3K2SO4

„პარიზის მწვანესაც“ საღებავებში უმატებდნენ. ის ერთ-ერთი ყველაზე მომწალავი ნივთიერებაა, რომელსაც იყებენენ თაგვების, მწერების და ვირთხების საწინააღმდეგოდ.

დარიშხანის იონებზე თვისებითი რეაქციები შემდეგია. სინჯარაში არსებულ ნატრიუმის არსენატის ხსნარს დავამატოთ ვერცხლის ნიტრატის ხსნარი. შედეგად წარმოიქმნება ვერცხლის ორთოარსენატის ყავისფერი ნალექი.

Na3AsO4+H2O+3AgNO3=Ag3AsO4+3NaNO3+H2O

ახლა კალიუმის არსენიტი ავიღოთ და კვლავ ვერცხლის ნიტრატი დაუმატოთ.

წარმოიქმნება ყვითელი ფერის ვერცხლის არსენიტი.

KAsO2+H2O+AgNO3=AgAsO2+KNO3+H2O

დარიშხანს სამხედრო საქმეშიც იყენებენ. მაგ. გაზი არსინი AsH3, რომელიც ვიეტნამთან ომში იქნა გამოყენებული.  საკმარისია ხუთი წუთი ისუნთქო ჰაერი, რომელშიც შედის 0,00005გ/ლ არსინი და რამდენიმე დღეში გამგზავრებული ხარ. კონცენტრაცია 0,005გ/ლ კი  მაშინვე კლავს.

აქტივირებული ნახშირი არსინს ვერ შთანთქავს, ამიტომ ჩვეულებრივი აირწინაღი ამ გაზთან უძლურია.

 

წერისას ხმაური მესმის. საშიში კი არაფერია, მაგრამ მაინც ვაყურადებ. ფხაკუნივით ხმებია, ჩემთან სულ ახლოსაა. მერე სასაცილოდ აწკეპილი ყურებით და წვრილი ფეხებით თაგუნა მოძვრება და წინ მიდგება. ჰმ…თავში მაშინვე აზრი მიელვებს, რომ ეს თაგუნა „ნოდარია“. აი, უხდება რაღაცნაირად ეს სახელი.

-მომისმინე, „ნოდარ“, გაცუნცულდი ახლა აქედან, თორემ უჯრაში „პარიზის მწვანით“ დამუშავებული  მარცვლებით სავსე ტოპრაკი მიდევს. ზედმეტად არ მიხტუნაო წინ, თორემ მოვხსნი თავს და ეგ არის…

კომენტარები

comments