პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ამბები დუშეთიდან და არამხოლოდ. ნაწილი VI

***

ღამით მარიამი გარდაიცვალა. აი, ასე – გოგონა დიდი ოცნებებით. გარდაიცვალა. ისე ცუდად ვარ, მართლა მაკანკალებს – ცალკე ტკივილისგან და ცალკე ბრაზისგან. თუმცა მოვიკრებ ძალას და შეძლებისდაგვარად ცხადად დავწერ. გუშინ რაღაც საქმეზე ბახმაროსკენ მივდიოდი. გზად დამაწიეს ცნობა, რომლის მსგავსსაც მგონი ყოველდღე ვიღებ – მარიამ ბარდაველიძეს, ახალგაზრდა გოგონას, მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. ბევრმა მომწერა, მათ შორის დედამისმაც. უბედურმა დედამისმა. ვნახე მისი ძველი მონაწერიც – მეუღლე გარდაცვლია პანკრიასის სიმსივნით და ურთულეს პირობებს უმკლავდებოდა ორი სტუდენტი შვილით. ერთი მარიამი იყო. სასწრაფოდ ჩავწერე ვიდეო და გავავრცელეთ მარიამის დასახმარებლად. ეს რას იზამდა, ეს საცოდავი ცდა, მაგრამ მაინც. მას შემდეგ, რაც მამაჩემი ამ სენს შეეწირა, ვცდილობ, ყველას გვერდით დავუდგე – აქ ნაკლებ გაწუხებთ ხოლმე ამ მიზეზით, იმდენად ხშირია და დაუსრულებელი. მხოლოდ თერჯოლიდან ბარემ ათამდე მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი მე მახსოვს და უმეტესწილად გავიმარჯვეთ. ოღონდ გავიმარჯვეთ სასწრაფოდ ან თურქეთში, ან ავსტრიაში, ან გერმანიაში გაქცევით. აქ ვერ ვუმკლავდებით ამ ამბავს, ან ძნელად ვუმკლავდებით. დიაგნოზსაც ზოგჯერ არასწორად ვსვამთ. არიან ექიმები ან სწორი მართვა ან იმის თქმა რომ შეუძლიათ – „ჩვენ ვერ შევძლებთ, გადაიყვანეთ“. ასეთი ექიმი ბევრი არ არის. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, არაერთი კითხვა დამებადა. ხმა არ ამომიღია, ჩემში ჩავკალი ყველაფერი, მერე რომ არ ეთქვათ ის, რაც იოლი სათქმელია: – „ჭირისუფალია და სუბიექტურია ანაც საკუთარ პოპულარობას და გავლენას იყენებს”. და სხვანი. ხმა არ ამოვიღე და ეს ტკივილი დღემდე საწამლავივით პირში დაგუბებული, ჩემში წვეთავს და მწამლავს. მოვიკრებ ძალას და კონკრეტული ადამიანებისკენ და კლინიკებისკენ გაშვერილ ხელს ახლაც დაბლა დავწევ. დავწევ იმ მიზეზითაც, რომ სხვა ჭირისუფლების ნებართვა არ მაქვს, თუმცა მაქვს უამრავი კითხვა, მათგან დასმული და გადამოწმებული. დავწევ იმიტომაც, რომ ეს საერთო პრობლემაა და მაინცდამიანც ერთ საავადმყოფოს არ უკავშირდება. უნდა დადგეს დრო და ჩვენმა ქვეყანამ ააშენოს პატარა კლინიკა ამ ლამის ეპიდემიად ქცეული სენის სამკურნალოდ. ასე არ გამოვა. არ არსებობს კონკრეტული გაიდლაინი ინდივიდუალური ინტერპრეტაციების გარეშე. არ შეიძლება ყველაფრის ერთნაირად ჭრა და კერვა. ადამიანებზე ისე ლაპარაკი, თითქოს უვარგისი თოჯინა იყოს. რამდენ მშობელს მივყევი სხვადახვა კლინიკაში, რომელსაც ცივი ფრაზები დაახვედრეს: „ქალბატონო, ჩვენ წესი რაც იყო, ყველაფერი გავაკეთეთ”; „ქალბატონო, მოულოდნელად დამძიმდა”; „ქალბატონო, იცის ასე ამან გართულებები და ჩვენ რა ვქნათ”; „ქალბატონო, და ხომ ვერ მეტყვით, ჩვენ რა შეგვიძლია?” – ეს პაციენტებთან და მათ ნათესავებთან უხეში ურთიერთობა ცალკე სენი და სხვა საკითხია.
შეიძლება მე ვცდები, მე ვარ სუბიექტური და თვალდაბინდული, შეიძლება ყველაფერი ბრწყინვალედაა ჩვენებურ ონკომედიცინაში და აჰა, ამიტომაც ვიკრებ ძალას და ამას ვწერ – თქვენ მითხარით, თქვენ ამიხილეთ თვალი!
წუხელ ღამით დამირეკა ბოლოს დედამისმა, მეხვეწებოდა, ეგებ ვინმეს იცნობ, რეანიმაციაში რომ მოიკითხოსო, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანესო, ხომ გადარჩებაო? რას ვეტყოდი, გადარჩება-მეთქი. მასე ბევრი იყო და დაძლიეს-მეთქი. ეგ ჩვეულებრივი ამბავია-მეთქი. მეც, აი უყურეთ, ყველაფერს ვიზამ-მეთქი. მეთქი. მეთქი. მეთქი. რა ვქენი? ვერაფერი. რას ვიზამდი? ვერაფერს.
***

ჰოდა, აჭარაზე მოგიყვებით. აჭარაზე და აჭარლებზე.
მე ეგრე მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, გამორეულა შემცდარი კაცი და ამრეზით უთქვამს ვინმესთვის: „რას შვები, ბიჭო, აჭარელი ხომ არ ხარ?!”. ცინიკური იყო ეს ნათქვამი. ცინიკური, მავნე და რაც უმთავრესია – უსაფუძვლო. მაშინ განა ცხადად ვხვდებოდი, პატარა ვიყავი და ვერ – არც მიზეზი მიძებნია, სანამ ცოტა არ მოვიზარდე. ასე მოხდა – ცალკე საქმემ და ცალკე სურვილმა მიკარნახა – აჭარაში, თითქმის ყველა სოფლის კარზე დავაკაკუნე. მალევე და იოლად ჩავწვდი – სხვა, დიდი მტრის განზრახული და კარგად მოფიქრებული მახის ნაწილი იყო ის სიტყვები, ჩვენს ამ გაუგებარ ურთიერთკილვას და დაუნდობლობას რომ კარგად იცნობს – მისი.
ხოლო აჭარა არის ყველაზე ზუსტი ისტორია იმ ქვეყნის გადარჩენის, საქართველო რომ ჰქვია. გაძლების და გამარჯვების ისტორია. თავის დანარჩუნების და არგაბოროტების. არდაბეჩების, არამედ ტკივილის დამორჩილების, გადადნობის და ძალად ქცევის. ჩახედეთ აჭარელ მოხუცს მორცხვ თვალებში. ეგ თვალები ირეკლავს დიდ, ძნელ გზას. ეგ თვალები, ღიმილი და ჯადოქრული სითბო, თუ ხელი დაგადო და მოგიჭირა. ძლიერად და დაჟინებით. ჰო, აჭარლები სხვანაირად იღიმიან. თითქოს სტკივათ, იმ წლების ლოდები ტუჩებს ტირილისკენ ექაჩება, მაგრამ ლოდებზე ძლიერია სხვა რამ, უსახელო და ძნელად გასაგები – ღიმილით ცრემლების დამთრგუნველი. ის სხვა რამ არის აჭარა. ის სხვა რამ არის საქართველო.
იცით? აჭარელი არასდროს გაწუხებს. არასდროს. განდაგანაც ხომ ეს ცეკვაა, სხვების არშეწუხების და საქმის ჩრდილში კეთების. გან და გან, მაგრამ ახლო და ახლო. ეს არის აჭარა. და აჭარელი. დიდი ამბის ჩუმად მქმნელი და არმთქმელი.
ახლა ხულოში ვარ. ვწევარ და ამეებზე ვფიქრობ. ჰოდა, ამ ფიქრში გარეთ გავიხედე და კიდევ ეს ცაა აჭარაა. და ეს ვარსკვლავები. ახლოები და დიდვან-დიდვანი. დიდვან-დიდვანი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი