სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

გიორგი მოსიძე – რა? სად? როდის?

დავიბადე თბილისში, ვერაზე. დავამთავრე 183-ე, ძველი, ტრადიციული სკოლა. არ ვყოფილვარ წიგნიერებით გამორჩეული მოსწავლე და არც მაშინდელ წიგნის მოყვარულთა საზოგადოებაში ვირიცხებოდი, რომელიც დაკავშირებული იყო კომკავშირთან. რა თქმა უნდა, ვკითხულობდი, მაგრამ ჩემს სკოლაში იყვნენ ბავშვები, რომლებიც ჩემზე სამჯერ მეტს კითხულობდნენ. მოკლედ, წიგნის ჭია არ ვყოფილვარ. სამაგიეროდ, საბჭოთა ტელევიზიის ცენტრალურ არხზე “რა? სად? როდის?” თამაშებს არ ვტოვებდი. ინტელექტუალური თამაშის გამართვის იდეა პირველად პირველ-მეორე კურსზე გამიჩნდა. დასასვენებლად ვიყავით გორის რაიონში, სანატორიუმში. სწორედ იქ ვითამაშეთ მეგობრებმა. ოფიციალური თამაში კი სამედიცინო ინსტიტუტში, 1992 წლის შემოდგომაზე გავმართეთ. ფაქტობრივად, იმ დღეს ჩაეყარა საფუძველი ქართულ ინტელექტუალურ თამაშს. ხოლო თავად “რა? სად? როდის?” იმ ფორმატით, რომელსაც დღეს ქართველი ტელემაყურებელი უყურებს, ჩავატარეთ 1994 წელს. გაისად ოცი წლის იუბილე გვაქვს”, – ასე იხსენებს საკუთარ ბავშვობას და საქართველოში ყველაზე პოპულარული ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” დაბადებას mastsavlebeli.ge-სთან ინტერვიუში გადაცემის ავტორი და წამყვანი გიორგი მოსიძე.

– ბატონო გიორგი, თქვენ ამბობთ, რომ წიგნის უსაზღვროდ მოყვარული არ ყოფილხართ. მაშ, როგორ გახდით საქართველოში ინტელექტუალური თამაშის ფუძემდებელი?

– მე მიყვარდა თამაში. თამაში ხომ ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. მიყვარდა როგორც სპორტული თამაშები, – დავდიოდი კალათბურთზე, ფეხბურთზე, – ისე ინტელექტუალურიც. საზოგადოდ, მოთამაშე გახლავართ. ცხოვრებას, როგორც თამაშს, ისე ვუყურებ. დიდხანს ვეძებდით მე და ჩემი მეგობრები, თუ იმართებოდა ამგვარი თამაშები საქართველოში. როცა ვერ აღმოვაჩინეთ, ჩვენ თვითონ შევქმენით. დღეს კი “რა? სად? როდის?” ამდენი მოთამაშე ერთ სულ მოსახლეზე არც ერთ ქვეყანაში არ არის. მოკლედ, ინტელექტუალური თამაშების ყველაზე მეტად მოთამაშე ერი ვართ.

– თამაში გიყვართ. რატომ აირჩიეთ ექიმის პროფესია და არა, ვთქვათ, მსახიობისა?

– ჩემი ოჯახი იყო ამის წინააღმდეგი. ჩემი მამა-პაპა ექიმი იყო და მეც ამ გზას გავუყევი. თუმცა არ ვნანობ. მე მაინც ის გავხდი, რაც მინდოდა, სამედიცინო განათლებით კი ბევრად უფრო ფართო თვალსაწიერი შევიქმენი. ცოტა ხნის წინ ვიყავი ამერიკაში, ნიუ-იორკის კინოაკადემიაში ტელეშოუებისა და კინოსერიალების პროდიუსერთა კურსები დავამთავრე. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ პროდიუსერი. როდესაც უმაღლეს სასწავლებელში ვაბარებდი, საწუხაროდ, საქართველოში ასეთი სასწავლებელი არ არსებობდა და მგონი, დღესაც არ არსებობს.

– თქვენ ბრძანეთ, რომ ქართველობა ყველაზე მოთამაშე ერია. რით ახსნით ამას?

– არ ვიცი, ეს ფენომენია, რომელსაც ვერავინ ხსნის. ისრაელიდან იყვნენ ჩამოსული მოაზროვნეები, რომლებსაც უნდოდათ ამოეხსნათ, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. უკრაინა, რუსეთი წიგნის მკითხველი ქვეყნები არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მათ გავასწარით. რა თქმა უნდა, არა საერთაშორისო შედეგებით, რადგან ისინი რუსულ, მშობლიურ ენაზე თამაშობენ, ჩვენ კი გვიჭირს რუსულ ენაზე კონკურენციის გაწევა, მაგრამ ინტელექტუალური თამაშების ისეთი ბუმი, როგორიც საქართველოშია, არც ერთ ქვეყანაში არ არის.

– მოთამაშეთა ხარისხს როგორ შეაფასებდით?

– ხარისხი დრომ მოიტანა. ათწლიანი რეგულარული თამაშის წყალობით საკმაოდ მაღალი დონის გუნდები გვყავს. მაგალითად, თბილისის სუპერლიგა, რომელიც თვეში ერთხელ თამაშობს და იქ ყველა ტელესახეს ნახავთ, საკმაოდ ძლიერია. საერთაშორისო შედეგიც სახეზეა – ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები გავხდით. გიორგი ბაქრაძემ მოიგო ისრაელში ფინალი. შარშან მსოფლიო ჩემპიონატში მესამე ადგილი დავიკავეთ რუსეთისა და უზბეკეთის ნაკრებების შემდეგ. ეს – იმის გათვალისწინებით, რომ “რა? სად? როდის?” ყველა ქვეყანა რუსულად თამაშობს, მათ შორის – აზერბაიჯანიც და სომხეთიც. ჩვენ კი ეს თამაში გავაქართულეთ, გავაეროვნულეთ. ჩვენი პროგრამაც ამით განსხვავდება სხვებისგან და ამიტომაც არის პოპულარული. სხვა ქვეყნების თამაშების ვერსიებისგან განსხვავებით, სადაც მსოფლიო ინტერნეტიდან შეგროვებული კითხვებია, საქართველოში გვაქვს კითხვები ვაჟა-ფშაველასა და სხვა ქართველი მოღვაწეების შემოქმედებიდან. წელს გალაკტიონის წელია, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი კითხვა მოდის გალაკტიონის შესახებ. გვქონდა ილიას, აკაკის, ვაჟას წლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამორიცხავს იმას, რომ ამ კითხვებმა ადრე უკვე გაიჟღერა. “რა? სად? როდის?” მსოფლიო პრობლემაა უკვე გათამაშებული კითხვები, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვთამაშობთ ქართულად და ქართულ თემატიკაზე, ჩვენი კითხვები გაცილებით ორიგინალურია.

– ბოლო ხანს ხშირად გაიგონებთ, რომ წიგნიერების დონე საქართველოში დაეცა, თუმცა ინტელექტუალური თამაშების რაოდენობა საპირისპიროზე მეტყველებს…

– პოსტულატს, რომ საქართველოში წიგნიერების დონემ დაიწია, არ ვიზიარებ. ვერ გეტყვით, რომ 80-იან წლებში, როდესაც ვსწავლობდი, წიგნიერება უფრო მაღალ დონეზე იყო. პირიქით. დღევანდელი ახალგაზრდები უფრო აქტიურად დადიან ჩვენს თამაშებზე. თბილისის კლუბში ათი ათასამდე ახალგაზრდა მოდის. პარალელურად თამაშები იმართება ბათუმსა და ქუთაისში და იქაც არანაკლები აქტიურობაა. ეს ძალიან დიდი რიცხვია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. ეს ის ახალგაზრდები არიან. ვინც გაითავისა, რომ განათლება, პროფესიონალიზმი და საქმის კეთება არის მომავალი კარიერისა და ცხოვრების მოწყობის საწინდარი. გარდატეხა ჩვენს ერში მოხდა. ნაბიჯი უკვე გადადგმულია და ყველაფერი განვითარებისკენ მიდის. მითი, რომ მშობლები შეგინახავენ, ნათესაობა გიშველის, რომ შეგიძლია, კრიმინალის მხარეს წახვიდე და შენი ცხოვრება მაინც შედგება, დაიმსხვრა. გაიზარდა ახალი თაობა, რომელსაც ესმის, რომ საკუთარი ნიჭის, საკუთარი განათლების შესაბამისად შეგიძლია მოიწყო კარიერა და, ამის კვალობაზე, ცხოვრება. აქედან გამომდინარე, დაიწყო განათლებაში ჩაღრმავება.

– ალბათ, ყოველივე ამის შედეგია, რომ “რა? სად? როდის?” ძალიან პოპულარულია სკოლებში…

– სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შარშან ინტელექტის დღესთან დაკავშირებით საქართველოს 69 მუნიციპალურ ცენტრში ერთდროულად გაიმართა “რა? სად? როდის?” გათამაშება, რომელშიც ქვეყნის ყველა სკოლის ნაკრები მონაწილეობდა. ამ გზით გამოვლინდა 69 ჩემპიონი. დასკვნითი თამაში კი თბილისში ჩატარდა. 2012 წელს პირველ ადგილზე ბათუმი გავიდა, მეორე-მესამე ადგილები თერჯოლამ და ჩხოროწყუმ გაიყვეს. მეოთხეზე გავიდა გარდაბანი, მეხუთეზე კი ვაკე-საბურთალოს კომაროვის სკოლა. წელს ინტელექტუალური თამაში მუნიციპალიტეტებში 13 აპრილს გაიმართება, 11 მაისს კი თბილისში, სასტუმრო “შერატონში”, ჩატარდება ფინალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 69 გუნდი. ეს არის უნიკალური ღონისძიება, რომელზეც საქართველოს ყველა კუთხე იქნება წარმოდგენილი. ეს, ფაქტობრივად, საქართველოს მომავლის შეკრებაა. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც ცოტა ხანში თავიანთ სიტყვას იტყვიან ეკონომიკაში, მედიცინაში, მეცნიერებაში…

– იმისთვის, რომ “რა? სად? როდის?” კარგად თამაშობდე, წიგნიერება ალბათ არ არის საკმარისი..

– პირველი – საჭიროა განათლება, ნაკითხობა; მეორე – გუნდური მუშაობის უნარი, ანუ ადამიანს, რომელიც თამაშობს “რა? სად? როდის?”, უნდა შეეძლოს, ხუთ სხვა, მასავით ამბიციურ, განათლებულ, ყველაფერზე საკუთარი აზრის მქონე ადამიანთან ეფექტურად იმუშაოს. მესამეა რეაქცია – ადამიანმა ერთ წუთში უნდა მოასწროს თავისი ყველა რესურსის ამოიღება. ჩაძინებული ცოდნა თითქმის ყველას აქვს. მეხსიერებაში ბევრი რამ ინახება – წაკითხული, ნანახი, გაგონილი; ამის ერთ წუთში ამოღება და სწორად გამოყენებაა მნიშვნელოვანი. მეოთხე – აუცილებელია ინტუიცია. ხდება ისეც, რომ გაუმართლებს მოთამაშეს, მაგრამ საბოლოოდ უძლიერესი იმარჯვებს. და მეხუთე – ყოველივე ამას სჭირდება ”რა? სად? როდის?” თამაშის სპეციფიკური ნიჭი. ეს ჭადრაკივით არის – სვლები ყველამ ვიცით, მაგრამ დიდოსტატები ერთეულები ხდებიან.

– მასწავლებლის როლი როგორ წარმოგიდგენიათ ამ თამაშში?

– თუ მასწავლებელი სათანადო ცოდნას გაძლევს, მის საგანში ძლიერი ხარ. მე, მაგალითად, გეოგრაფიის მასწავლებელი მყავდა ძალიან მომთხოვნი და ეს საგანი ვიცოდი კარგად. ვიღაცამ ისტორია იცის, ვიღაცამ – მათემატიკა… მასწავლებელი ორგანიზატორი და მწვრთნელია, რომელიც ამეცადინებს ბავშვებს და ასე ვითარდება გუნდი. https://moazrovne.net – ამ საიტზე უამრავი კითხვაა, მასწავლებლებს შეუძლიათ, ამოიღონ და ამეცადინონ მოსწავლეები.

– რას ურჩევთ “რა? სად? როდის?” ახალბედა მოთამაშეებს?

– იკითხონ ბევრი, ითამაშონ “რა? სად? როდის?” და ნუ დაემორჩილებიან შაბლონს, გაიფართოონ თვალსაწიერი, გამოვიდნენ საზღვრებიდან და თავისუფლად, ლაღად იაზროვნონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი