შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ვარდკაჭკაჭა

არ მიყვარს, ვარდკაჭაჭას რომ მეძახიან. აბა, კარგად შემომხედეთ: რა  მიგავს კაჭკაჭს?! არც ფრთები მაქვს და არც ნისკარტი. ან ვინმე ჩხავილით შემიწუხებიხართ ოდესმე? ძალიან ჭკვიანი ფრინველიაო. იყოს, ბატონო, მე ჩემი ჭკუა-გონებაც მყოფნის. ეშმაკის ფეხია, იცის, მონადირეებს როგორ დაუძვრესო. არ მინდა, თქვენ შემოგევლეთ, მაგ ხრიკების ცოდნა. მე ჩემებურად ვუმკლავდები ამ სოფლის სიმძიმეს.

გინახავთ ჩემს ტანზე ეკლების აბჯარი? არც მაქვს და არც მინდა. არც ჩემი ყვავილებია ვარდივით ფერხორციანი და სურნელოვანი… უკადრისი და თავკერძა არ გეგონოთ, ვიცი, რომ ვარდი ჩვენი მოდგმის დედოფალია. მე და ჩემნაირები მასთან რას მოვალთ… მე ერთი უბრალო მინდვრის ყვავილი ვარ, ისეთი, თაიგულის შეკვრის დროსაც კი რომ არავის მოაგონდება. მაგრამ მე მე ვარ და მინდა, ეს გავაგონო სხვებსაც. ჩემს თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულაო, იტყვიან ხოლმე კაცნი. აი, ჩემს თავზე კი დატრიალებულა. რამდენჯერ წავულეკივარ ღვარცოფს თუ ქარიშხალს, რამდენჯერ გავუსრესივარ ფეხით ადამიანს თუ საქონელს. მაინც არ დამიჩოქია! ჰეი, თქვენ, დიდებო და ძლიერებო, რამდენჯერაც უნდა გამსრისოთ, რამდენჯერაც უნდა გამთელოთ, მიწაზე გართხმულს ვერ მნახავთ! რატომ? იმიტომ, რომ ულეწელა ვარ და კეთილი ინებეთ და ასეც დამიძახეთ. ნუ გშურთ, რაღაცით მეც რომ გჯობივართ.

დიახ, ულეწელა ვარ, ბევრისგან მივიწყებული, მაგრამ დიდი გულისა და უდრეკი მუხლის პატრონი. ვერ მომერევით, სანამ ფესვიანად არ ამომძირკვავთ.

ამასწინათ ჩემ შორიახლოს, მდინარის პირას, სუფრა გაშალეს წასახემსებლად. სამნი იყვნენ. ორი – ახალგაზრდა, ერთი – ხნიერი. ადგილს რომ არჩევდნენ, ხნიერმა ახალგაზრდებს უთხრა, ულეწელას გვერდით ჩამოვსხდეთო. მეამა. ამიტომაც მივუგდე ყური. რა პლასტიკური ტანი აქვს ამ ყვავილს, სხვა მცენარეებს არ ჰგავსო, თქვა ერთმა. ჰო, ძალიან ელასტიკური და დრეკადიაო, კვერი დაუკრა მეორემ. იმ დღემდე თავი მართლა პლასტიკური, ელასტიკური და დრეკადი მეგონა, მაგრამ რაც მერე მოვისმინე იმ ჭაღარა კაცისგან, მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

აი, რა თქვა მან: ულეწელა პლასტიკური რომ იყოს, დაწვენილი ფეხზე ვეღარ ადგებოდაო. მეტიც – ერთ თქვენგანს ძირში რომ ჩაევლო ხელი, მეორეს – ქეჩოში, არაგვის გაღმა გასულიყო და ხელი გაეშვა, ასეთივე დარჩებოდაო. პლასტიკური სხეულები ადვილად ემორჩილებიან გარეგან ზემოქმედებას და ინარჩუნებენ ახალ ფორმასო. ღმერთო დიდებულო, კიდევ კარგი, ასე იოლად არ ვერგები სხვათა სურვილებს!

ელასტიკურობა და დრეკადობა კი იმას გულისხმობს, რამდენად შეუძლია სხეულს, წინააღმდეგობა გაუწიოს მოქმედ ძალას და მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ პირვანდელი ფორმა აღიდგინოსო, განაგრძო კაცმა. ეგ არის, ყველაზე დრეკადი ვყოფილვარ-მეთქი, დავასკვენი. მაგრამ თურმე ეს რაღაც დრეკადობა ვიღაც იუნგის მოდულებში იზომება და ვისაც ყველაზე დიდი აქვს, ყველაზე დრეკადიც ისაა. ახლა არ იკითხავთ, ვინაა ის დევგმირი? – იმ გუთნის მასალა, გაზაფხულზე მიწის ბელტებს ერთმანეთზე რომ აწყობს უფრო დრეკადი ყოფილა, ვიდრე ნიკორა ხარის ტყავი თუ კაცთა მოგონილი რეზინი. ფოლადზე უფრო დრეკადებსაც უარსებიათ, მაგრამ მათი სახელები ზოგი ვერ გავიგონე და ზოგი ვერ დავიმახსოვრე…

…იუნგის მოდული და მასალათა თვისებები იქით იყოს და მე ძალიან მიყვარს ულეწელა. ჭალაში პირველს ყოველთვის მას ვარჩევ ხოლმე სხვა ყვავილებიდან. რატომ? რამ შემაყვარა? თავადაც არ ვიცი. ალბათ ამ ბედკრულ, მრავალჯერ გათელილ, მაგრამ ჯერ კიდევ ფეხზე მდგარ ქვეყანას  მაგონებს, სახელად საქართველო რომ ჰქვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი