სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

თეთრი კაცის საიდუმლო  

„მახსოვს, სკოლაში რომ მოდიოდით ხოლმე“, – ვუთხარი კლასელის დედას, რომელიც 1990 წლის მერე არ მენახა და მიკროავტობუსში ჩემი სახელი რომ არ წამოეძახა, თვალს მხოლოდ წამით შევაჩერებდი, უცხოდ მივიჩნევდი. უკრაინელი იყო, გარეგნული იერითა თუ საუბრის მანერით დანარჩენი მშობლებისაგან განსხვავებული, და ყოველთვის მომწონდა. ხელი აიქნია – იმის მერე იმდენი დრო გავიდაო. მომეჩვენა, რომ დროზე, წლებზე, წლებთან დაკავშირებულ პირობითობაზე სხვადასხვაგვარი წარმოდგენა გვქონდა. მისთვის თითქოს რამდენიმე ცხოვრება გასულიყო და ძველ, თვალწინ ჩაბნელებულ სურათებზეც ვეღარაფერს არჩევდა. „საშინელებაა, საშინელებაა“, – ჯოზეფ კონრადის „წყვდიადის გულის“ გმირივით თქვა. ვერ მივხვდი, სოფლელი ქალის ქანცგამწყვეტ შრომას, თავის გასატანად ყოველდღიურ ბრძოლას გულისხმობდა, გორში გატარებულ, დაუბრუნებელ ახალგაზრდობას თუ რაღაც ისეთს, რაც მხოლოდ ნაწილობრივ უკავშირდებოდა ერთსა თუ მეორეს.

საგონებელში ჩამაგდო. კურცი გამახსენა და კონრადის სხვა მოთხრობის გმირიც – ფალკი, რომელზეც ყოველთვის მინდოდა დამეწერა. ჩემი წარმოდგენით, „წყვდიადის გული“ ის წიგნია, სკოლაში რომ უნდა ისწავლებოდეს (ყურადღებით წაკითხვას, სიღრმისეულ ანალიზს მთელი სემესტრიც შეიძლება დაეთმოს), „ფალკს“ კი იმ მოსწავლეებისთვის შემოვინახავდი, რომლებიც მწერლის სამყაროში უფრო ღრმად შესვლას მოინდომებდნენ. მწამს, რომ არსებობენ ასეთებიც – კარგი ლიტერატურის გამალებით მძებნელები, ენობრივი ბარიერების მარტივად გადამლახველები.

„ფალკზე“ დაწერა იმ წიგნმაც გადამაწყვეტინა, რომელიც მაგიდაზე მიდევს – რიჩარდ ფლენეგანის „ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ“. სწორედ აქ ამოვიკითხე ფრაზა: „კეით მალვეინი იმ კაცად გრძნობდა თავს, რომელმაც რაღაც მოკლა, რომ შეეჭამა“. მანამდე კეით მალვეინმა ახლობლის სიკვდილის ამბავი გამოიგონა, რომელიც, მისივე წარმოდგენით, სიყვარულის ობიექტს საბოლოოდ დაუბრუნებდა. მოიტყუა. ტყუილის თქმა მკვლელობის აქტს გაუთანაბრდა და ის პირველყოფილთა სამყაროში დააბრუნა, სადაც მოთხოვნილების ნებისმიერი საშუალებით დაკმაყოფილებაში, სასურველის მისაღებად ხელის სისხლით გასვრაში უჩვეულო არაფერია.

„ფალკის“ მთავარ გმირს კი – დანიელსა თუ ნორვეგიელს (მთხრობელი ვერ გვეუბნება, მაინც რომელია) – მამაკაცური მომხიბვლელობა არ აკლია. გვარწმუნებენ, რომ მესაკუთრეა, მონოპოლისტია, თუმცა დასაწყისში ეს მისატევებლად გვეჩვენება. გარშემომყოფებისათვის გაუგებარი ახირებებიც აქვს – ვეგეტარიანელია, რაც მეტისმეტად ძნელი წარმოსადგენი ხდება მათთვის, ვისაც სწამთ, რომ „აუცილებელია, თეთრმა კაცმა ხორცი ჭამოს“. თავისებურად კეთილსინდისიერია – არავინ აიძულებს საშინელი საიდუმლოს გამხელას იმ ქალიშვილისათვის, რომელიც შეჰყვარებია და ასევე ქალიშვილის ახლობლებისათვის, მაგრამ მაინც გადაწყვეტს სიმართლის თქმას.

სიმართლე კი ისეთი თავზარდამცემია, ადამიანის გონება რომ ვერაფრით შეალამაზებს, მეტ-ნაკლებად მისაღებ ფორმას ვერ მოუძებნის. შეყვარებული ქალიშვილი სხვაა – იტირებს, იტირებს და ბოლოს მაინც დათანხმდება იმ კაცთან ცხოვრებას, ვინც… არც კი ვიცი, რა სიტყვებით ვთქვა. „სადღაც, კეთილი იმედის კონცხსა და ახალ ზელანდიას შორის“, სატვირთო გემზე მეზღვაურები შიმშილით იხოცებიან ან ლანდებად ქცეულები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. ხსნას არსაიდან ელიან. ისეთი პირი უჩანს, რომ ადრე თუ გვიან ყველას ერთი ბედი ეწევა. მაგრამ არა, ფალკი გადარჩება! ფალკისთვის გადარჩენა უმთავრესი ამოცანა, სამყაროში ადამიანის არსებობის უდიდესი მიზანია – ზნეობრივ კანონთან გასათანაბრებელი.

ის კაცის ხორცს შეჭამს და ათი წლის შემდეგ იტყვის, თავს დიდი უბედურება დამატყდა,  დიდი განსაცდელი გამოვიარეო. საკუთარ თვალში მართალია – განა ნებისმიერ ფასად არ უნდა ეცადა, რომ გადარჩენილიყო? რა სიკეთე იქნებოდა, ხვედრს რომ შეგუებოდა და სხვებივით ჩასჩერებოდა თვალწინ გადაშლილი უფსკრულის სიბნელეს? ქალიშვილიც ასე უყვარს – მშიერი კაცის გახელებით: „დამშეულივით უნდოდა ეს გოგო, შიმშილისაგან თვალდაბნელებულივით – თითქოს ძალიან დიდი ხანია, არაფერი უჭამიაო“.

რთული წარმოსადგენი არ არის, რა შეკითხვები შეიძლება გაუჩნდეს მკითხველს, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდება ამ გმირის, მისი შემაძრწუნებელი ისტორიის პირისპირ. იქნებ ცდუნებას აჰყვეს და სწრაფად მოძებნოს დამამშვიდებელი პასუხები; ან ფალკის შეყვარებულის ბიძასავით, კაპიტან ჰერმანივით გაიმეოროს: „საშინელი ამბავია, საშინელი!“ და ამით გაავლოს ხაზი ადამიანურსა და არაადამიანურს შორის.

მე კი ყოველთვის ის კითხვა მაწუხებდა, რატომ ვერ შეძლო მომავლისაკენ მზერამიმართულმა ფალკმა წარსულში მომხდარი საზარელი ამბის ბნელ საიდუმლოდ დატოვება, გონების რომელიღაც ქვაბულში სამუდამოდ გამოკეტვა; რატომ მოუნდა, რომ ზუსტად ისეთი მიეღოთ და ჰყვარებოდათ, როგორიც იყო?..

„მეგობრები ვიყავით მე და თინა. მიყვარდა“, – ვუთხარი კლასელის დედას, სანამ მიკროავტობუსიდან ჩავიდოდა. მახსოვსო, – მიპასუხა და იმ სამყაროში გაუჩინარდა, შემაშინებლად, სასოწარმკვეთად რომ დამსგავსებოდა ჯოზეფ კონრადისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

სიტყვამწარე

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი