ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჩემში სოფელი

ახლა ცოტა ჩემ სოფელზეც უნდა ვთქვა, გიამბოთ. მე მამისეული სოფელი არა მაქვს, არ გამაჩნია. კი, ბატონო, გვარი აფხაზეთიდან მოდის, მეტიც, წარჩინებული წინაპრებისა და მთავრების მთელი დასიც კი მენათესავება, თუმცა, ახლა სხვა რამ მინდა გითხრათ. მე ახლა სულ სხვა რამ მაღელვებს და მაფორიაქებს. კერძოდ, ის, რომ ჩემ ფესვად, ნიადაგად და ამოსავალ წერტილად სწორედ აქაურობას ვთვლი, აღვიქვამ და არა იმ ისტორიულ სამშობლოს, სადაც, სამწუხაროდ, ფეხიც კი არ დამიდგამს. ჩემი სოფელიც ესაა… ისე, აბა, სხვანაირად როგორ შეიძება იყოს, როდესაც მთელი ბავშვობა და სიყმაწვილე სწორედ აქ, რაჭაში მაქვს გატარებული და არა იმ ჩემ, ჩვენ აღქმულ მიწაზე?!

 

საერთოდ სხვა თემაა ის უბანი და ადგილი, სადაც ჩვენი სახლი დგას. რაჭა პატარა არ გეგონოთ, ტერიტორიის მიხედვით, არც ისე მცირეა, თუმცა დაუსახლებელი გახლავთ. ადრე როგორი იყო არ ვიცი, ახლა კი ისეთი მიტოვებულია, რომ სრულიად… სოფლებში უბნები საგვარეულოებად იყოფა, მათ შორის მანძილი კილომეტრებად და ურთიერთობები კი ,,შვიდთაობად”, ნათესაობად. ჰოდა, ჩვენი უბანი, რომელიც იმ გვარის სახელს ატარებს, რომელი გვარიც იქ სახლობდა და ახლა კი ცოტა პირიქითაა საქმე, რადგან, ჩვენ, ბებიებით რაჭველებმა ბაბუებით რაჭველებს გადავაჭარბეთ, გრძელიძეებისაა. დიახ, ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  ხშირად ისეც ხდება, ჩვენ, თუნდაც შერვაშიძეები იქ, ,,ნაბჟოვარზე” უმრავლესობაშიც კი ვართ ხოლმე…

 

ახლა ეს ,,ნაბჟოვარი” რაღაა?! ერთი ჩვეულებრივი სწორი ადგილია, მოედანი, სანახშო, სადაც ადრე ბჟოლა იდგა და ხალხიც მის ჩრდილში იკრიბებოდა მეტად საჭირბოროტო და ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების განსახილველად. ახლა იქ კაკალი დგას. ეს კაკალი საუკუნისაა. შეიძლება, მეტისაც. ალბათ ხუთი კაცი არ ეყოფა და ვერ გასწვდება, ერთმანეთს ხელი რომ ჩასჭიდოს და წელზე მოეხვიოს. ბჟოლა აღარავის ახსოვს, თუმცა ადგილის დედა მაინც ისაა. ახლა იქ ერთი ფაცხაც დგას. ძველ კოჭებზე შემდგარი ფაცხა, რომელიც შინაარსით სწორედაც რომ სოფლის გულია. დღისით ის ყმაწვილების თავშესაქცევი ალაგია, მათი მოედანია, აი, საღამოს კი, როცა შებინდდება და ყველა ოჯახიდან თეფშმომარჯვებული მამაკაცი გამოვა, ეს ,,ნაბჟოვარი” სულ სხვა ადგილი ხდება. თეფშზე კი რა აღარ დევს, აწყვია. შეკეცილი გინდა, თუ განატეხი, ლობიო ასე თუ ლიბიო ისე, ყველუკა თუ პურუკა… მოკლედ, რაჭა არაა მდიდარი მხარე. არც ჩვენ გადაგვდის თავზე, თუმცა მთავარი სწორედ ურთიერთობაა და არა სამსართულიანი სუფრა. სწორედ ის ურთოერთობა, რომელიც დიდსა თუ პატარას თავისი ერთი თავი კერძით ,,ნაბჟოვარზე” მიარბენინებს. მიარბენინებს, რათა მერე ერთი სიტყვა თავისი თქვას და ათიც სხვისი მოისმინოს.

 

ვის აღარ შეხვდები ამ ფაცხაში და რას აღარ მოისმენ. ერთი კი არის, რომ იქ დიდად არავის აინტერესებს, უბნის, ფაცხის გარეთ ვინ ხარ, რას შვრები, რას წარმოადგენ. მათთვის მთავარია აქ და ახლა. არავინ ჩაგაცივდება მიდი, აბა, მოხსენი გუდას თავი და მოყევი, როგორი კოხტა ხარ და რამდენ ფულს შოულობო. იქ უბრალოდ დაგაკვირდებიან, შემოგხედავენ, დაგინახავენ და ზუსტად მიხვდებიან, ვინც ბრძანდები. მათთვის ეგეც საკმარისია… და თუ მაინც სურვილი გაგიჩნდება, რომ მოყვე, მიდი და მოყევი შენი ათასი და კიდევ ერთი ამბავი. ისინიც დინჯად მოგისმენენ, არ გაგაწყვეტინებენ, მერე თავსაც დაგიკრავენ და, საბოლოოდ, კი არც არაფერს შეცვლიან. შენ ისევ ის იქნები, ვინც ყოველთვის იყავი, ხარ. ჰო და აქაურობის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, აი, იმ ფაცხაში რომ დაჯდები, უფლის სადიდებელს იტყვი და მწარეზე მწარე არაყს გადაკრავ, უცებ მიხვდები, ეს იმის გაგრძელებაა, რაც შარშან იყო. თითქოს, წელიც არ გასულიყოს და ეს ყველაფერი გუშინ ყოფილიყოს. თითქოს, გუშინ ვუსხედით ასევე, ამავე სუფრას, ვკამათობდით რაღაც სრულიად არასაკამათო საკითხზე და ისე მოურიდებლად ვიცინოდით, რომ ჩვენი ჟრიამული მრავალძალსაც კი სწვდებოდა.

 

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი ჩემია და მე კი მისი… ვერც მე ვუცხოვდები მისგან და არც ის გამირბის. ვართ ასე სიამტკბილობაში და ერთგვარ კომუნასაც კი ვქმნით, წარმოვადგენთ. კომუნას, რომელსაც მრავალი საერთო გრძელი საღამო და დაუსრულებელი საუბარი აქვს. საუბარი წარსულზე, აწყმყოსა და მომავალზე. ჰო, და კიდევ იმათზე ვინც იყო, არის და იქნება… ამინდზე იშვიათად ვსაუბრობთ. ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზეც. თუმცა, თუ გაწვიმდა მტრისას. მოაღებს პირს და მთელი კვირაც კი წვიმს ხოლმე. მოადიდებს რიონსა თუ სხვა, მეტად მცირე მდინარეებს და მიაქვს რაც გზად შეხვდება, ხიდი თუ სახლი… ამინდზე მაინც არ ვსაუბრობთ. იქ გასატარებელი ორი კვირა იმდენად ცოტა და ძვირფასია, რომ ამად არ ღირს. არ ღირს ტალახზე სასაუბროდ… ტალახი კიდევ ისეთი იცის, იცოცხლე… იქაურობა სულ თიხნარია და ერთი თუ აიზილა, ისეთი ხდება, იქიდან ადამსაც გამოძერწავ, ევადაც და კიდევ ბევრ სხვასაც. მოკლედ, ესაა ჩემი სოფელი. ჩემში არსებული სოფელი… და მიხარია, რომ ეს ასეა, რადგან ძნელია უსოფლოდ, უფესვოდ და უნიადაგოდ…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი