შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

საერთაშორისო პარლამენტარიზმის გამოცდილება-  ინტელექტუალები პარლამენტარების წინააღმდეგ

პარლამენტი მხოლოდ კანონების მისაღებად, ბიუჯეტის დასამტკიცებლად, ხელისუფლების საკონტროლოდ და პოლიტიკურ ორთაბრძოლებში საზოგადოების ურთიერთგანსხვავებული ჯგუფების ინტერესთა დასაცავად არ არსებობს. პარლამენტი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელში არჩეული დეპუტატებიც ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან ადამიანებსაც უსმენენ და მათი სათქმელის გათვალისწინებას ცდილობენ.

საერთაშორისო პარლამენტარიზმის პრაქტიკაში არსებობს საპატიო სტუმრის ინსტიტუტი, რაც საკანონმდებლო ორგანოს წევრების საგანგებო სხდომაზე შეკრებას გულისხმობს. საგანგებო სხდომის დღის წესრიგში, როგორც წესი, მხოლოდ ერთი საკითხი დგას. პარლამენტარები მხოლოდ სტუმრის მოხსენების განსახილველად იკრიბებიან. აშშ-ის კონგრესის წინაშე სხვადასხვა დროს სიტყვით უამრავი უცხოელი ლიდერი გამოსულა. კაპიტოლიუმის ბორცვზე თავიანთი იდეები და შეხედულებები წარუდგენიათ ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ შრი ნარენდრა მოდის, რომის პაპ ფრანცისკეს და სხვებს. კონტინენტურ ევროპაში მთავარ პოლიტიკურ არენებზე ჰუმანიტარული სამყაროს ლეგენდად ქცეულ ფიგურებსაც იწვევენ. მინდა, ამ წერილით ორი შესანიშნავი მოღვაწის პარლამენტში სტუმრობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ.

1993 წელს რუსეთში საშინელი ამბები დატრიალდა. ქვეყანამ სამოქალაქო ომის ზღვარზე გაიარა. საბჭოთა ეპოქაში არჩეული საკანონმდელო ორგანოს – უმაღლესი საბჭოს – და პრეზიდენტ ბორის ელცინის წარმომადგენლები მოსკოვის ცენტრში იარაღით ხელში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაიწვა უმაღლესი საბჭოს შენობა, დაიღუპა ათეულობით ადამიანი, პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და მისი წევრები დააპატიმრა, ერთ წელიწადში კი საბჭოთა ინსტიტუტის ნაცვლად საფუძველი ჩაუყარა ახალი რუსეთის ახალ პარლამენტს – სახელმწიფო სათათბიროს. 1993 წელს არჩეული დუმის ლიდერებს სურდათ, სამოქალაქო ომის მსგავსი შეტაკებების გადატანის შემდეგ რეპუტაცია აღედგინათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ერთ-ერთ სესიაზე მომხსენებლად ალექსანდრ სოლჟენიცინი მიეწვიათ.

ალექსანდრ სოლჟენიცინი მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსად არის მიჩნეული. რუსეთში მისმა პოპულარობამ პიკს 1990-იან წლებში მიაღწია, რადგან მწერალი საბჭოთა რეჟიმთან შეურიგებელი ბრძოლის სიმბოლოდ გახლდათ აღიარებული. „არქიპელაგი გულაგი“ იყო პირველი საყოველთაოდ გახმაურებული ნაწარმოები, რომლითაც მსოფლიომ რიგითი საბჭოთა ადამიანების კანით იგრძნო სტალინური რეპრესიების მომაკვდინებელი სუსხი. ამასთანავე, სოლჟენიცინს სამართლიანობისთვის დევნილ ინტელექტუალად მიიჩნევდნენ. შრომა-გასწორებითი ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ მწერალს მოქალაქეობა ჩამოართვეს და სსრკ-დან გააძევეს. წლების განმავლობაში იგი სამშობლოდან შორს მუდმივცვალებად და არასტაბილურ გარემოში ცხოვრობდა, პატიმრობის დროინდელი ჭრილობები კი ყოველ ნაბიჯზე უქმნიდა საფრთხეს მის ჯანმრთელობას.

დეპუტატთა ნაწილი სოლჟენიცინისგან ამაღელვებელ სიტყვას მოელოდა, რომელიც აღბეჭდილი იქნებოდა შურისძიების ნიშნით. ბევრს ეგონა, რომ დიდი მოაზროვნე ყურადღებას გაამახვილებდა მისი იდეების გადარჩენასა და საბჭოთა კავშირის დაღუპვაზე. მან კი აქცენტი დანგრეული სისტემიდან ცხოვრების ახალ წესზე გადასვლისთვის დამახასიათებელ უბედურებებზე დასვა. მაშასადამე, ნობელიანტმა დრო წარსულის ნაცვლად აწმყოს დაუთმო. შუახნის ადამიანების გახშირებული თვითმკვლელობა, სიკვდილიანობის კატასტროფული ზრდა, კრიმინალი, ნეპოტიზმი, ძალოვანი სტრუქტურების არაჰუმანური და ძალადობრივი მოქმედება, დაუსჯელობის სინდრომი და უსამართლობა, ხალხის ქონების მითვისება და გაფლანგვა მწერლის მოხსენების მთავარი თემები გახლდათ. დისიდენტმა გააკრიტიკა თავისუფალი ბაზრის ყოვლისშემძლეობის მითიც და განაცხადა, რომ ბაზრის, თვითნებური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გარდა ადამიანების ცხოვრებაში სახელმწიფოსაც, მის მიერ დასახულ განვითარების გეგმებსაც უნდა ჰქონოდა მკვიდრი როლი. თავის გამოსვლაში სოლჟენიცინმა ბრწყინვალედ დაახასიათა პოსტსაბჭოთა რუსეთის პოლიტიკური სისტემაც. მის მთავარ ნიშან-თვისებად მწერალმა ხალხისგან, მისი ინტერესებისგან დისტანცირება და გაუცხოება დაასახელა, პარტიებს კი ლიდერთა პირადი ინტერესების გამო გათიშვისა და უსაფუძვლო დაპირისპირებების პროვოცირება დასდო ბრალად. რაც მთავარია, საბჭოეთის მიერ დევნილი კაცი გაოგნებული იყო ზოგიერთი პოლიტიკოსის ორმაგი სტანდარტით. მისთვის წარმოუდგენლად ძნელი გახლდათ ლიბერალთა რიგებში ათობით ყოფილი კომუნისტისა და ნომენკლატურის უნიჭო თანამშრომლის აღმოჩენა.

თავისი გამოსვლით სოლჟენიცინმა განგაშის ზარი შემოკრა, რომლის ხმაც პოლიტიკური ელიტის უგრძნობლობის წყვდიადში ჩაიკარგა.

ბერლინის კედლის დანგრევიდან 25 წლის შემდეგ გერმანიის ბუნდესტაგმაც უმასპინძლა აღიარებულ ხელოვანსა და დისიდენტს. კომუნისტების მმართველობის დროს აღმოსავლეთი გერმანიის მთავრობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით დევნიდა ვოლფ ბირმანს, ბერტოლდ ბრეხტის გზის გამგრძელებელ მუსიკოსს, პოეტს, პუბლიცისტსა და გდრ-ის სისტემის უმწვავეს კრიტიკოსს. საბოლოოდ, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1976 წელს ბირმანს მოქალაქეობა ჩამოერთვა. მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა ინტელექტუალი.

ბერლინის კედლის დანგრევის აღსანიშნავად გამართულ საგანგებო სხდომაზე თავისი ნაწარმოებების შესრულების შემდეგ ბირმანმა პირდაპირ მიმართა გერმანიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მემარცხენე ფრაქციას, რომლის წევრებს შორის მრავლად არიან ერიკ ჰონეკერისა და ერიხ მილკეს მიერ შექმნილი რეჟიმის ყოფილი მსახურები. კომპოზიტორმა Die Linke-ს დეპუტატები დამარცხებული, განადგურებული წარსულის, დაძლეული კოშმარის ნარჩენებად მოიხსენია და მთელ ქვეყანას შეახსენა, რომ ერთი ბანაკიდან მეორეში გადანაცვლებით, სინანულის დეფიციტითა და ქედმაღლობით დანაშაულის გამოსყიდვა თუ პასუხისმგებლობისგან გაქცევა შეუძლებელია.

პირდაპირობისთვის ბირმანი ბევრმა გააკრიტიკა. მემარცხენეთა პარტია ჭეშმარიტად ადგას განახლების გზას, ორგანიზაციაში ყოველწლიურად მცირდება „შტაზისთან“ კავშირის მქონე წევრთა რაოდენობა. თუმცა გერმანელებს უყვართ ერთი გამოთქმა: „გვახსოვდეს, რათა აღარ გამეორდეს“. სწორედ ეს სულისკვეთება გამოსჭვიოდა ბირმანის მიმართვაში.

საქართველოში ბევრი ინტელექტუალი არ გვყავს, პოლიტიკური კლასიც ღარიბია ფართო ჰუმანიტარული აზროვნების ადამიანებით. ამიტომ, ვგონებ, ურიგო არ იქნება, თუ ჩვენი პარლამენტიც, მსოფლიოს სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოთა მსგავსად, უმასპინძლებს საპატიო სტუმრებს, რომლებიც თავიანთი სიტყვებით ეცდებიან ჩვენს გამოფხიზლებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი