ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ვულკანიზაცია

ამ სიტყვას პირველად შორეულ ბავშვობაში მოვკარი ყური: ორი მოსაუბრე შეთანხმდა, ხვალ ვულკანიზაციასთან შევხვდეთო. საგონებელში ჩავვარდი. სკოლაში გეოგრაფიას, რა თქმა უნდა, გვასწავლიდნენ და ვეზუვი და ეტნაც გამეგონა და პომპეის ამბავიც ვიცოდი, მაგრამ საქართველოში?! ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ დავასკვენი, რომ გურჯაანში, სადღაც ახტალის ბალნეოლოგიურ კურორტთან აპირებდნენ შეხვედრას, თუმცა „ზაცია“ მაინც არ მაძლევდა მოსვენებას და ულმობლად აცამტვერებდა ყოველგვარ მიგნებას.

გამოხდა ხანი. ზაფხულის ერთ ცხელ დღეს სოფლის ყვითელი „პაზიკის“ საბურავმა ვეღარ გაუძლო მგზავრების სიმძიმეს და მზის მცხუნვარებას და „აფეთქდა“. ავტობუსში თუ მის გარეთ მტვრის ისეთი კორიანტელი დადგა, რამდენიმე წუთი ხელის ცეცებით ვეძებდით ერთმანეთს იმის გასარკვევად, ხომ ყველა მრთელი და უვნებელი იყო. გულგადახსნილი საბურავის გვერდით მდგომის, გადარჩენილის, ამაგით მივღოღდით ერთ გარაჟის ტიპის „დაწესებულებასთან“, სადაც თავით ფეხებამდე მტვერში ამოსვრილი ორი ოსტატი მუშაობდა. ფარდულთან მიმოფანტულმა ძველმა საბურავებმა და რეზინის ნაკუწებმა მიმახვედრა, რომ ჩვენი მხსნელი სწორედ ის ორი „შავი კაცი“ იყო… ავტობუსი შეჩერდა და მგზავრები სულის მოსათქმელად დაბლა ჩამოვიხვეტეთ. შევხედე საბურავების აღმდგენ საამქროს და რას ვხედავ? – რკინის ვეება კარის თავზე ვიღაცას გაკრული ხელით წაუწერია: „ვულკანიზაცია“.

ახალი თავსატეხი გამიჩნდა. „ზაციას“ მნიშვნელობა ნათელი გახდა, მაგრამ ახლა „ვულკანმა“ დაკარგა აზრი. კისერი წავიგრძელე და ცალი თვალით შიგნით შევიხედე, იქნებ რამე მოთუხთუხე, გამლღვალ მასას მოვკრა-მეთქი თვალი, მაგრამ მტვრისა და ბუღის მეტი ვერა დავინახე რა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, კიდევ დიდხანს დარჩა ეს რებუსი ამოუხსნელი. არ იყო მაშინ ინტერნეტი, ბიძია გუგლისთვის რომ მეკითხა, ჩემ გარშემო კი იმაზე მეტი არავინ იცოდა, რასაც თავადაც მივხვდი – ვულკანიზაცია რეზინის საბურავების დაწებებას ნიშნავდა. მაგრამ სად ვულკანი და სად გახვრეტილი საბურავი?! სად ეტნა ან ვეზუვი და სად ეს ფარდული?!

არადა, ტერმინი 1839 წლიდან იღებს სათავეს და ჩარლზ გუდიარის აღმოჩენას უკავშირდება. ეს ის დროა, როცა ტექნიკასა და ყოფა-ცხოვრებაში ახალი მასალები იწყებს გამოჩენას. სამხრეთი ამერიკის ტროპიკული ტყეების ნაჟურმა ჩრდილოეთ ამერიკამდეც მიაღწია. ჰევეას „რძის“ გაცხელებით მანამდე არნახული თვისებების რბილი, ელასტიკური მასა მიიღებოდა. ამან არაერთი მეწარმე თუ გამომგონებელი მონუსხა. საუცხოო ლანჩები გამოდიოდა მისგან, ტყავზე გაცილებით რბილი და იაფი, მაგრამ… პირველ წვიმამდე და მცხუნვარე მზემდე, მერე კი ადვილად კარგავდა ფორმასა და დანიშნულებას. მისი ასეთი მეტამორფოზა ძვირად დაუჯდა ბევრ მეწარმეს; ვინც მთელი კაპიტალი ამ ნედლეულში დააბანდა, ყველა გაკოტრდა, ერთის გარდა, და ის ერთიც მხოლოდ თავისი სიჯიუტისა და მიზანსწრაფულობის წყალობით გადაურჩა ეკონომიკურ კოლაფსს. სწორედ ეს გახლდათ ჩარლზ გუდიარი.

ჩარლზი ქიმიკოსი არ ყოფილა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა ბუნებრივი კაუჩუკის თვისებების გაუმჯობესებას. თუკი რამ რეაქტივი მოხვდა ხელში: მჟავა, ტუტე, მარილი, – ყველაფერი მოსინჯა, მაგრამ სასურველი შედეგი იგვიანებდა, ვალები კი იზრდებოდა, ამიტომ ექსპერიმენტებს შორის ინვესტორებსაც აკითხავდა, მაგრამ კაუჩუკს ისე ჰქონდა გატეხილი სახელი, რომ ბანკის კრედიტოფიცრები რბილი მასის დანახვისთანავე მტკიცე უარზე დგებოდნენ. ერთ-ერთი ვიზიტის დროს გუდიარსაც უმტყუნა ნერვებმა და, გაბრაზებულმა, გოგირდში ამოვლებული კაუჩუკი იქვე, ღუმელში მოისროლა. გოგირდი კაუჩუკის ზედაპირზე ათუხთუხდა და ჩაქრა, კაუჩუკმა კი უმალ იცვლა ფერი. ჩარლზი მიხვდა, რომ რაღაც ახალს მიაგნო, გამოიღო ცეცხლიდან კაუჩუკის შავი ნაჭერი და გაღუნა. ისევ ელასტიკური აღმოჩნდა, თუმცა გაცილებით მკვრივი და მაგარი. ეს უკვე აღარ იყო კაუჩუკი – მოგვიანებით მსოფლიო მას რეზინის სახელით გაიცნობს.

გუდიარმა ჯერ კიდევ ცხელი რეზინი ჯიბეში ჩაიდო და ისე სწრაფად დატოვა ბანკის შენობა, რომ კრედიტოფიცერს მორიგი უარი პირზე შეაშრა.

ბანკიდან ჩარლზი პირდაპირ ლაბორატორიაში წავიდა, ცდები გააგრძელა და კაცობრიობას ახალი მასალა დაუტოვა.

გოგირდის დახმარებით კაუჩუკის მოლეკულები „იკერება“ – პოლიმერის მაკრომოლეკულები გოგირდის ხიდითა და კოვალენტური ბმებით უკავშირდება ერთმანეთს. ეს საგრძნობლად უცვლის თვისებებს ბუნებრივ კაუჩუკს (ლატექსს), ანიჭებს მას მექანიკურ სიმტკიცეს, გამძლეობას ცვეთისა და გარემო ფაქტორების მიმართ.

გუდიარის ამ აღმოჩენის შემდეგ ქიმია ბევრად წინ წავიდა. დღეს ვულკანიზაცია აღარ ნიშნავს მხოლოდ კაუჩუკისა და გოგირდის ურთიერთქმედებას. მსოფლიოს არაერთი ქიმიკოსი მუშაობს პოლიმერების ქიმიაში და საინტერესო თვისებების უამრავი მასალაც შეიქმნა მათი ხელით. ბუტადიენის უფროსი ძმების – ნეოპრენისა და პოლიქლოროპრენის – ვულკანიზაცია გოგირდის ნაცვლად მეტალის ოქსიდებით (ZnO, MgO, Pb3O4) მიმდინარეობს, სილიკონის სახელით ცნობილი ზოგიერთი მასალის გაკერვისთვის კი ატმოსფეროში არსებული ტენიც საკმარისია (მცირე რაოდენობის კატალიზატორის თანხლებისას). თუ ვინმეს გამოგიყენებიათ სილიკონის წებო ან ჰიდროსაიზოლაციო საშუალება, აუცილებლად იგრძნობდით ძმარმჟავას მძაფრ სუნს. ეს სილიკონის შემადგენლობაში შემავალი აცეტოქსისილანი იშლება ძმარმჟავას გამოყოფით.

კიდევ რითაა რეზინი საინტერესო? ყველამ ვიცით, რომ მოლეკულა ძალიან პატარა ნაწილაკია. უზარმაზარი ძალისხმევაა საჭირო, რომ ნანონაწილაკის ზომას მიაღწიოს. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ „ნედლი“ რეზინისგან ვულკანიზაციით საბურავის მიღებისას მასში შემავალი კაუჩუკის მოლეკულები მინიმუმ ერთი გოგირდის ხიდით დაუკავშირდება ერთმანეთს, გამოვა, რომ რეზინის მოლეკულაც ისეთივე ფორმისა და ზომისაა, როგორსაც თვალით ვხედავთ მოცემულ მომენტში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი