ძვირფასი პატარა წვრილმანები ბავშვების საზაფხულო ობიექტივში

„ცოლად რომ მომიყვანა, ორი გაკერილი თეფში გვქონდა მე და ბაბუაშენს” – თქვა ბებიამ. ორსართულიანი სახლი გრძელი შუშაბანდით, სადაც გულაბ მსხლებს ვამწიფებდით და დიდი აივნები, სადაც შემოდგომით ყანიდან ურმით მოტანილ სიმინდსა და კვახებს ვაბინავებდით, ჩვენს ეზოში ბაბუას და ბებიას დაუღალავი შრომის შედეგად გაჩნდა. სახლი ახლაც იმ ეზოში დგას, ოღონდ ამ ეზოში ბებია ათ წელზე მეტია აღარ არის. ბაბუა კიდევ უფრო ადრე გარდაიცვალა.

 

ჩემი მოზარდობის ხანა მეორე სახლში გაგრძელდა, რომელიც ბებიამ უკვე ჩვენთვის ააშენა. ეს სახლი ნელ-ნელა შენდებოდა, ბებიას პენსიითა და მცირე დანაზოგით, ცხვირსახოცში გამოკრული შეკოწიწებული ფულით. სახლი, რომელიც არც ისე ხნიერია, ბევრ მოგონებას ინახავს. ალბათ ეს არის სახლების თვისება, შემოინახოს ამბები ძველი დღეებიდან, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება ძალიან მხიარულიც იყოს, ზოგჯერ კი – უკიდურესად სევდიანი.

 

თანამედროვეობის პოპულარული მწერალი, სალმან რუშდი წერს: „როცა წარსულზე ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ აწმყოზეც. როცა ფანტაზიას ვუხმობთ და წარმოსახვით ამბავს ვყვებით, ვყვებით სინამდვილეზეც. ასე რომ არ იყოს, ამბები ძალას საერთოდ დაკარგავდნენ და მათი შეთხზვაც დაკარგავდა აზრს, ჩვენ კი ვცდილობთ, რამდენადაც შესაძლებელია, ჩვენს ყოველდღიურობას უაზრობები ავარიდოთ”.

 

ბებია კარგი მთხრობელი იყო, ამბებს თხზავდა ჩვენთვის – შვილიშვილებისთვის, უამრავ გასაოცარ ამბავს იგონებდა. საღამოობით მისი ამბები გვაჯადოებდა და მოუთმენლად ველოდით იმ დროს, როდესაც ამ ამბების მოსაყოლად მოიცლიდა. შუადღისას მის ოთახში, თეთრ ნოხზე წამოწვებოდა, ჩვენც გვერდით მივუწვებოდით, ვუვარცხნიდით თმებს და ისიც ჰყვებოდა ამბებს მისი ბავშვობიდან, სკოლაზე, მასწავლებლებზე, გაჭირვებაზე, რვაშვილიან ოჯახზე და მერე უკვე ახალგაზრდობაზე. ბებია რუშდივით ლამაზად და ხატოვნად ვერ იტყოდა, რომ ამბებს მომაჯადოებელი ძალა აქვთ, მაგრამ ფაქტია, ამბების გამოგონება უყვარდა და ეს ამბები ჩვენს ცხოვრებასა და ალბათ მის ცხოვრებასაც, ყოველდღიური ერთფეროვნებისგან იცავდა.

 

ამ სახლებში სიცოცხლე დღესაც გრძელდება, ზაფხულობით უფრო ხმაურიანია ეზოც და იქაური ცხოვრებაც. ეზოებს უბრუნდებიან ბავშვები ქალაქებიდან და ისევ ახალი ამბების შეთხზვა იწყება. პანდემიის პერიოდში შვილებთან ერთად ორჯერ ვეწვიე ჩემს სოფელს – მარტში და ივნისში. მარტში ცივ ამინდებს სახლში ვაფარებდით თავს, ღუმელი გვენთო. ბავშვები ძირითადად ხატვით, კითხვითა და მულტფილმების ყურებით იქცევდნენ თავს. ივნისში სოფლად ჩასულებს კი ახალი სამყარო გადაგვეშალა თვალწინ, სადაც გაცოცხლებას იწყებდა ჩემი ბავშვობა და ჩემი შვილებისთვისაც ჯადოსნური სამყარო იშლებოდა ყოველდღიურად.

 

ჩემი შვილების საზაფხულო რუტინა წელს თავისუფალი იყო ყოველგვარი მოვალეობისგან.  მთელი დღე სირბილსა და თამაშში ატარებდნენ. აღმოსაჩენიც კი არაფერი იყო, იმდენად მდიდარი და შთამბეჭდავი იყო მათი გარემო, ყველაფერი ხელისგულზე ჰქონდათ. მთავარი იყო დაკვირვებოდნენ და დაემახსოვრებინათ. სახლი, რომელიც მამას სიკვდილის შემდეგ დედამ გააცოცხლა და ახალი სიცოცხლე შთაბერა, ჩემი შვილების საყვარელ ადგილად იქცა. ამ სახლში მათ თავიანთი კუნჭულები აქვთ, სადაც არავინ უშლის – იფანტაზიორონ და ითამაშონ, პირიქით, ყველანაირი პირობა აქვთ აღმოჩენების საკეთებლად.

 

ივნისში დასავლეთში ცაცხვი ყვავის. ჩვენს ეზოში დიდი ცაცხვის ხე დგას და მთელი ეზო მისი სურნელით იჟღინთება. დიდი ხანია ივნისში სოფლად არ ვყოფილვარ, ამიტომ წელს დიდი ხნის შემდეგ ვნახე ციცინათელები, რომლებიც არსადაც არ წასულან და თურმე ისევ ანათებენ შებინდებისას. საღამოობით ხშირად ვისხედით აივანზე და ვუყურებდით ციცინათელების ციმციმს.

 

ციცინათელების ყურებისას ჩემმა უმცროსმა შვილმა თქვა: „ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა გვაქვს, მაგალითად: სად მიდიან ციცინათელები ზაფხულის შემდეგ; ასევე, არ ვიცით, რას ფიქრობს ლომი და როგორი გული აქვს” და ა. შ. ცოტათი ჰოლდენ კოლფილდის კითხვასაც ჰგავდა, რომელსაც აინტერესებდა, სად მიდიან ცენტრალპარკის იხვები ზამთრობით, როდესაც ტბა იყინება. მე კი ვფიქრობ, რა კარგია, როცა ბავშვებს შეკითხვები უჩნდებათ, თუნდაც იმ წუთას არ ჰქონდეთ მზა პასუხები.

 

ერთ საშობაო არდადეგებზე ჩემმა შვილებმა დიდი ხალისით და ინტერესით პატარ-პატარა ამბების გამოგონება დაიწყეს, რომელიც შემდეგ ერთად შევკრიბე და ინტერნეტგაზეთ „მასწავლებელშიც” გამოვაქვეყნე. ამ საზაფხულო არდადეგებზე კი წერის სურვილი ნამდვილად არ გასჩენიათ. ამიტომ, გადავწყვიტე მომენიშნა ამბები, რომლებსაც ერთად ვხედავდით და ვიმახსოვრებდით და შემოგვენახა ზამთრის მშვიდი დღეებისთვის, როდესაც ყველანაირი პირობა გექმნება, მიმყუდროვდე და საქმე გამოძებნო.

 

ჩვენი დაკვირვების საგანი კი ყველაფერი იყო:

 

ერთ საღამოს ჩვენს ცაცხვის ხეზე დიდხანს შემორჩა ერთი ფუტკარი. ბავშვები ამბობდნენ რომ დედა ფუტკარი იყო, სახლში დააგვიანდა და სიბნელეში გზას ვეღარ იგნებდა. დიდხანს ტრიალებდა ფუტკარი ჩვენ ირგვლივ და ბოლოს ისევ ცაცხვის ხეს შეაფარა თავი. მაშინ გადავწყვიტეთ, რომ როდესაც წერის სურვილი ისევ გაგვიჩნდება, დავწეროთ ფუტკარზე, რომელმაც სახლში დააგვიანა, შვილები კი სულმოუთქმელად ელოდნენ.

 

ჩვენი საზაფხულო დაკვირვებებიდან ალბათ ყველაზე სევდიანი და შთამბეჭდავი ინდაურის და მისი შვილების ამბავი იყო. ჩვენს ინდაურს 19 ჭუკი ჰყავდა, სულ ჭინჭარზე გამოზრდილი. ერთ დღესაც, უფრო სწორად – საღამოს, ბებომ ოთხი ჭუკი ნათესავს გაატანა გასაზრდელად. ყველა ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ ინდაური არც ისე გონიერი ფრინველია, (რადგან ვერასდროს სახლს ვერ აგნებდა და ხან სად ვეძებდით და ხან – სად) ვფიქრობდით, რომ ეს ამბავი მისთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა, მაგრამ მოვტყუვდით. ანერვიულებული დედა ინდაური, დარჩენილ ჭუკებთან ერთად გამალებით დაეძებდა მის ოთხ გაუჩინარებულ ჭუკს და ძალიან, ძალიან განიცდიდა შვილების დაკარგვას. ამბავმა ჩვენც დაგვასევდიანა.

 

კიდევ რა აღარ ხდებოდა: დილის ოთხიდან ჩიტების ჭიკჭიკი გვაღვიძებდა, ხან კოდალაც შემოეშველებოდა ჩიტებს, გამალებით გვიკაკუნებდა ფანჯარაზე და დილაადრიან გვაღვიძებდა. ჩვენი ძაღლის – კიკის პატარა ლეკვები, ზოგჯერ ღობეში გაეჩხირებოდნენ და დილადრიან წკმუტუნებდნენ. ლეკვებს თავიანთი სახლი კი აუშენეს, მაგრამ სახლში ყოფნა დიდად არ მოსწონდათ და მთელ ეზოს მოედებოდნენ. ჩემმა შვილებმა ლეკვებს სახელები დაარქვეს – რაფაელო, ყურშა და ბუთქუნა, ორიც სახელის გარეშე დარჩათ. მთელ ამ ალიაქოთს დილის ექვსიდან ქათმების კრიახიც ერთვოდა. ბავშვებს ერთი მოვალეობაც ჰქონდათ ქორისგან უნდა დაეცვათ ქათმები და როცა ისინი კვერცხს დადებდნენ, კვერცხი ბებოსთვის მიერბენინებინათ, რასაც დიდი სიხარულით ასრულებდნენ. სახლთან ახლოს ყვითელგულა ჩიტიც ცხოვრობდა, რომელიც დიდხანს არსად მიფრინავდა. ვეჭვობდით, რომ თხილის ბუჩქზე ბუდეც უნდა ჰქონოდა. გვიან საღამოს ჩვენი დიდი ხნის მეგობარი, დიდი მწვანე გომბეშოც გამობრძანდებოდა. ჩვენს საყვარელ გორაზე კი მთელი ივნისი მინდვრის მარწყვი მწიფდა. ბავშვებიც კალთებს ივსებდნენ დაკრეფილი მარწყვით. და კიდევ ბევრი ვინმე და რამე იყო საინტერესო და სამახსოვრო ჩვენს სოფელში. მაგრამ, ეს ამბავი ისედაც ძალიან გაგვიგრძელდა.

 

რაც შეეხება წიგნებს, წიგნები არც წელს დაგვვიწყებია. წიგნის პირველ დისტანციურ ფესტივალზეც ბევრ საბავშვო წიგნთან ერთად ისეთი წიგნებიც შევიძინე, რომლებიც ბავშვების იმდროინდელ სოფლურ ყოფასთან თემატურად ახლოს იდგა. ასეთი წიგნი იყო ე.ბ. უაითის „შარლოტის ქსელი”, სადაც ჯადოსნურ სამყაროში მოხვედრილი პატარა გოგონა ფერნი, გოჭი უილბურისა და ობობა შარლოტის მეგობრობის მომსწრე ხდება. სიტუაცია ფერმაში ვითარდება და ცოტათი წააგავს ჩემი შვილების დროებით სოფლურ ცხოვრებასა და იქაურ სიტუაციებს.

 

ახალი გარემო ნამდვილად შეიძლება იქცეს ბავშვებისთვის მოგონებების საბადოდ, თუ დავეხმარებით, მეხსიერება დამახსოვრებისკენ, გარემოზე დაკვირვებისკენ და შემეცნებისკენ მიმართონ. და თუ გადავწყვეტთ ბავშვები ამ ყველაფერზე საფიქრალად განვაწყოთ, რა იქნება იმაზე კარგი, თუ იმ წვრილმანების, პატარ-პატარა დეტალების დანახვასა და აღმოჩენას ვასწავლით, რომლებიც ასეთ გარემოში მრავლად მოიპოვება. საერთოდაც, ყველანაირ გარემოში მოიპოვება.

 

მთავარია, შესამჩნევად მოვიცალოთ.

 

 

კომენტარები

comments