პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

იქ, ზემოთ…

აქ,  ქვემოთ სიცოცხლე გრძელდება. დადიან მანქანებში ახლართული სკუტერები და შეკვეთების დამტარებელი მოტოციკლისტები, რომლებსაც მარჯვედ თუ არ აუქციე გვერდი, წამსვე ქვეყნის წამყვან ან დამწყებ  ტრავმატოლოგებს გაგაცნობენ.

ვაკეში ფეხით მოსიარულენი ქუჩის შუაგულში მოთავსებული გაჩერებებიდან ტროტუარისკენ ან პირიქით სირბილში ვარჯიშობენ. საჭესთან მსხდომნი კი იმაზე ფიქრობენ,  ამ მორბენალ ხალხს როგორმე აერიდონ.

ტელევიზორში თურქული სერიალები გადის, სადაც ჰასანი მეჰმედს ემტერება, იასამანი კი ორივეს. მათ შორის შესვენებებში   საარჩევნო ორომტრიალის შოუებია, სადაც არანაკლები დრამა მძვინვარებს. ფანტასტიკური ფილმების არხებზე კი „ადამიანები შავებში“ აჩვენებენ. ზუსტად ის მომენტია, როდესაც ერთ-ერთი შაოსანი უცხოპლანეტელს და მის კლონებს ეომება. კლონების მამა დედამიწაზე ჩუმადაა შემოპარული და  კოსმოსის შავ ბაზარზე ჩვენგან მოპარულ ატმოსფეროს სხვა პლანეტებზე ყიდის. ყველაზე აქტიური მყიდველი კი მერკური ყავს, რადგან ამ უკანასკნელს ატმოსფეროს მსგავსიც კი არაფერი ქონია. არადა, მშვენივრად იცის, რომ ატმოსფერო პლანეტისთვის ბევრს ნიშნავს:

  1. გვამარაგებს ჟანგბადით, რომ ვისუნთქოთ და წერილის შესავალში ჩამოთვლილ აქტივობებში ჩავერთოთ.
  2. გვიცავს კოსმოსიდან წამოსული ნეგატიური ფაქტორებისგან. მაგ. მზის მოკლეტალღოვანი გამოსხივებისგან.
  3. დამუხტული ნაწილაკების ნაკადისგან, რომლებიც მზის ქარიშხალს წარმოქმნიან.
  4. მეტეორიტების ნაკადისგან, რომლებსაც ატმოსფერო აქუცმაცებს და წვავს.

უფრო, რომ დავაზუსტოთ, დაცვის ამ ფუნქციას სტრატოსფერო და მეზოსფერო იღებენ საკუთარ თავზე.

დედამიწიდან 15-20 კმ სიმაღლეზე ოზონის შრეა განთავსებული. ის ჩვენს პლანეტას დამცავი ქოლგასავით ადგას თავს. შრე 24 კმ სისქის არის.    ჯერ ტროპოსფეროა, შემდეგ ოზონის შრე და შემდეგ სტრატოსფერო. სტრატოსფერულ ოზონის შრეში ოზონის კონცენტრაცია 10ppm არის, ტროპოსფეროში 0,05 ppm. ტროპოსფეროში ოზონის მაღალი კონცენტრაცია ადამიანისთვის, ცხოველებისთვის და მცენარეული სამყაროსთვის სახიფათოა, სტრატოსფერული ოზონის შრე კი ჩვენთვის და  დედამიწისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  ამ შრეში ოზონი წარმოიქმნება ჟანგბადის მოლეკულებზე მზის ულტრაიისფერი დასხივებით. ოზონის მიერ კი ეს რადიაციული სხივები შთაინთქმება (განსაკუთრებით ტალღები სიგრძით 200 დან 280 ნმ-დე) და  სითბოდ და ქიმიურ ენერგიად გარდაიქმნება.  დედამიწამდე ამ გამოსხივების რამდენიმე პროცენტი აღწევს. სხვა შემთხვევაში კი, მაგ. ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევის რისკი ერთი-ორად გაიზრდებოდა.

ოზონის შრე დედამიწის ატმოსფეროში 500-600 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა. ამ დროს აქ, ფოტოსინთეზის შედეგად, საკმაოდ დიდი რაოდენობის ჟანგბადი დაგროვდა. სიცოცხლემ ოკეანიდან მიწაზე, მხოლოდ ოზონის შრის ჩამოყალიბების შემდეგ  გადმოინაცვლა. ამის გარეშე კი ძუძუმწოვრები ვერ წარმოიშვებოდნენ.

ბუნებაში ოზონი განუწყვეტლივ წარმოიქმნება და იშლება ფოტოქიმიური რეაქციების შედეგად. ეს ნიშნავს, რომ  ოზონის კონცენტრაციის წონასწორობის უზრუნველყოფა გარანტირებულია. თუმცა, წონასწორობას ანთროპოგენული საქმიანობის გამო საფრთხე ემუქრება. ანუ, „ადამიანები შავებში“ სიუჟეტის არ იყოს, მას მართლაც იპარავენ… კოსმოსში არსებულ  შავ ბაზარზე ყიდიან თუ არა,  არ ვიცი, მაგრამ მისი ერთ-ერთი მტერი ატმოსფეროში არსებული  დამაბინძურებელი აგენტი CFS-ია, რაც ინგლისურ აბრივიატურას წარმოადგენს და იშიფრება, როგორც ქლორფტორნახშირბად ნაერთები.  ეს ნაერთები ქლორის, ფთორის ან ბრომის თავისუფალ რადიკალებს გამოანთავისუფლებენ, რომლებიც სტრატოსფერულ ოზონს შლიან, შედეგად კი ოზონის შრე თხელდება. შეთხელებულ ოზონის შრეში ე.წ. „ოზონის ხვრელები“ ფორმირდება. ტერმინში „ოზონის ხვრელი“ ოზონის შრის დაზიანება და კონცენტრაციის შემცირება მოიაზრება. ეს არ გულისხმობს, რომ ატმოსფეროში მართლაც  რაიმე ხვრელი ფორმირდება ცარიელი სივრცით. CFS ერთ-ერთი და არა ერთადერთი დამაზიანებელია, მაგრამ სხვებთან შედარებით გაცილებით მეტი საფრთხე მოაქვს, რადგან ხშირად გვხვდება.

CFS სინთეზური ნაერთების ჯგუფია და დაბალი ტოქსიურობის, აალებადობის გამო საკმაოდ ფართე გამოყენება აქვს. მაგ.შედის ქაფების, სამაცივრო დანადგარების სითხეების, საკვების კონტეინერების, ტეფლონის წინამორბედის შემადგენლობაში.  იყენებენ მშრალი წმენდის ინდუსტრიაში, გვხვდება სამედიცინო ხელსაწყოების  სტერილიზაციის დანადგარებში და ა.შ. ბოლოს კი არასწორი უტილიზაციის შედეგად, გამონთავისუფლებული თავისუფალი რადიკალები ატმოსფეროს აზიანებს.

ოზონი ჟანგბადის ალოტროპიას წარმოადგენს და  ბუნებაში  რამდენიმე გზით წარმოიქმნება- მზის რადიაციის პროცესში, ატმოსფეროში ელექტრული განმუხტვის შედეგად, ანუ ელვის დროს. ასევე, ელექტრული კაბელების და სხვა ელ. მოწყობილობების ელექტრომაგნიტურ ველებში.

ოზონი კარგი საშუალებაა  სასმელი წყლის დეზინფექციისთვის.  ასევე წმენდავს სამრეწველო წარმოშობის ჩამდინარე წყლებს. უზრუნველყოფს ატმოსფეროში გამოსროლილი ისეთი მომწამვლელი ნაწილაკების განეიტრალებას, როგორიცაა ფენოლი და ციანიდები.

ქიმიაში ოზონი გამოიყენება, როგორც ძლიერი მჟანგავი. სწორედ ამიტომ, ოზონს სამედიცინო იარაღების და აპარატურის სტერილიზაციისთვისაც იყენებენ. ათეთრებენ ქაღალდს და ასუფთავებენ სხვადასხვა ზეთებს. ასე, რომ ოზონი ფაქტიურად გარემოს სანიტარი გამოდის. ოზონს ასევე რაკეტის საწვავის დამჟანგავადაც იყენებენ. ოღონდ, ამ შემთხვევაში გამოიყენება  ნარევი ჟანგბადი-ოზონი. თხევად ოზონს სუფთა სახით ვერ  მოიხმარენ, რადგან ქიმიურად არამდგრადია, ფეთქებად საშიში და ტოკსიურია.

ოზონის გამოყენება სასურველი ყოველთვის არაა. 21-ე საუკუნეში მრავალი ფირმა გვთავაზობს სახლში გამოსაყენებელ ოზონატორებს, სახლის გარემოს გასასუფთავებლად. მაგ. თუ სახლში ობი და ბაქტერიები გსურთ, რომ მოკლათ, ოზონი თქვენს სამსახურში იქნება. თუმცა, თუ ასეთ აპარატს აამუშავებთ, მისი მუშაობის დროს ჯობია შენობაში არ იყოთ, თორემ ნელა მაგრამ უტყუარად, სახლი ობთან და ბაქტერიებთან ერთად,  შეიძლება თქვენს გარეშეც დარჩეს, რადგან ოზონი ტოკსიურია.

ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში იყენებენ ოზონოთერაპიას. თუმცა, მისი ეფექტურობა კლინიკურად ბოლომდე დამტკიცებული არ არის. ყოველ შემთხვევაში,  სამეცნიერო სტატიებში ავტორები თავად მოიხსენიებენ მას, როგორც ალტერნატიული მედიცინის ერთ-ერთ მიმდინარეობად https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5674660/

როდესაც სკოლის ქიმიის კაბინეტი ყოველ მხრივ აღჭურვილი იქნება, მაშინ ოზონის მიღებაც შეიძლება. თუ არადა, ქვეყანამ კი უნდა გამოყოს რაღაც გარკვეული N თანხა საიტის შექმნისთვის, სადაც სპეციალურად ამ გვერდისთვის გადაღებული ვიდეო ცდები განთავსდება. მე არ ვამბობ ვიდეო გაკვეთილებზე, სწორედაც, რომ ვიდეო ცდებს ვგულისხმობ. თუმცა, ეგ ალბათ მომავლის საქმე იქნება და აქაურ რეალობას დავუბრუნდეთ ისევ.

1785 წელს ოზონი ჰოლანდიელმა ფიზიკოსმა მარტინ ვან მარუმ აღმოაჩინა. ის ელექტრულ მუხტს ჰაერის ნაკადში უშვებდა. ჩვენ კი, ოზონის მისაღებად ჩავატაროთ რეაქცია ამონიუმის პერსულფატსა და აზოტმჟავას შორის. პერსულფატის ნაჯერი ხსნარი მოვათავსოთ მრგვალძირა კოლბაში, დავამატოთ კონც. აზოტმჟავა და მოვარგოთ საცობი, რომელშიც მოხრილი მინის მილაკი იქნება ჩამაგრებული.  ამ მილაკის მეორე ბოლო ჩავუშვათ ჭიქაში, რომელშიც კალიუმის იოდიდის ნაჯერი ხსნარი იქნება მოთავსებული. კოლბის შიგთავსი ფრთხილად გავაცხელოთ და მილაკიდან გამოსული გაზი კალიუმის იოდიდის ხსნარში გავატაროთ. მიმდინარეობს რეაქცია:

3(NH4)2S2O8+6HNO3+3H2O=6NH4NO3+6H2SO4+O3

2KI+ O3+H2O=2KOH+I2+O2

ჭიქაში არსებულ სარეაქციო არეში იოდის გამოყოფის გამო ინტენსიური ყვითელი შეფერილობა ვითარდება. ჭიქის თავზე თეთრი კვამლი შეინიშნება, სწორედ ეგაა ოზონი (ამწოვ კარადაში, რომ უნდა ჩატარდეს, ეს იგულისხმება!).

კიდევ ერთი ექსპერიმენტი. ქიმიურ ჭიქაში მოვათავსოთ კალიუმის იოდიდის ნაჯერი  ხსნარი, ჩავუშვათ მილაკი, რომლის მეშვეობითაც ოზონს მივაწვდით. რა თქმა უნდა, ხსნარი გაყვითლდება იოდის წარმოქმნის გამო. შეგვიძლია სახამებლის ხსნარიც დავამატოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მართლაც იოდი გამოიყოფა.  ხსნარი თუ გალურჯდა,  იოდი ყოფილა და ეგ არის.

კიდევ ერთი ქიმიური ჭიქა ავიღოთ და ტყვიის აცეტატის ნაჯერი ხსნარი ჩავასხათ. დაუმატოთ ნატრიუმის ტუტის ხსნარი. გამოილექება ტყვიის ჰიდროქსიდის თეთრი ნალექი.

Pb(CH3COO)2+2NaOH=Pb(OH)2(ნ)+2CH3COONa

ახლა ამ ჭიქაში კვლავ ოზონი გავატაროთ და შედეგად ყავისფერი შეფერილობა წარმოიქმნება, ტყვიის ოქსიდის წარმოქმნის გამო.

Pb(OH)2+ O3= PbO2+ H2O+O2

ისევ ახალ ქიმიურ ჭიქაში იგივე ტყვიის აცეტატის ნაჯერი ხსნარი ჩავასხათ. დავუმატოთ ნატრიუმის სულფიდი.

Pb(CH3COO)2+N2S= PbS+2CH3COONa

წარმოიქმნება შავი ფერის ტყვიის სულფიდი.

თუ მასში ოზონს გავატარებთ, შავი შეფერილობა გაქრება, რადგან თეთრი ფერის ტყვიის სულფატი წარმოიქმნება.

PbS+4O3=PbSO4+4O2

რაც არის, ეგ არის, კიდევ ერთი ჭიქა ავიღოთ. შიგნით ინდიგოკარმინის ხსნარი ჩავასხათ. ინდიგოკარმინს ნამცხვრების ლურჯი საღებავი შეიცავს. ასე, რომ კონდიტერებთან მოიკითხეთ. გავატაროთ ამ ხსნარში ოზონი. ლურჯი ხსნარი გაუფერულდება, რადგან ინდიგოდან უფერო ისატინი წარმოიქმნება.

აქ, ქვემოთ… კვლავ ძველებური ამბებია, ადამიანები ავტობუსის გაჩერებიდან ტროტუარზე გადასვლას და პირბადეებში სწორად სუნთქვას  სწავლობენ… პოლიტიკოსები ერთმანეთში არეულ ათას ტყუილ-მართალს ერთად საუბრობენ…

იქ, ზემოთ კი, „ოზონის ხვრელი“ ყოველ წელს ოდნავ მატულობს, რაც ავტომატურად ქვემოთ შემოჭრილ გაზრდილ  რადიაციას და მეტ ონკო დაავადებას ნიშნავს, რომლისგანაც, სხვათა შორის, პირბადე ვერ გვიცავს!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი