პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ნუ მოეფერებით ბავშვებს, თუ მათ ეს არ სურთ!

წარმოიდგინეთ შემთხვევა, როცა სტუმრად მისულს, მასპინძლის დედა ლოყაზე გჩქმეტთ, მამამისი მოურიდებლად ჩაგეხუტებათ, მეზობელი ვანო ხელების ფათურს დაგიწყებთ და გთხოვთ, „პასპორტი“ აჩვენოთ, გვარიანად ნასვამი ნათესავი ბონდო ლოშნას დაგიწყებთ, ბონდოს ცოლი ბაბუცა გაუთავებელ შეკითხვებს გისვამთ, ხოლო ბონდოს ცოლისძმა ემზარი იღლიაში წაგავლებთ ხელს და სკამზე შემოგასკუპებთ, რომ მუხრან მაჭავარიანის ან მურმან ლებანიძის რომელიმე ლექსი ხმამაღლა და გამოთქმით თქვათ. როგორ მოგეწონებათ?

არ მეგულება დედამიწაზე ზრდასრული, უცხო ადამიანისგან ზედმეტი სითბოს გამოხატვა, კოცნა, ჩახუტება და მეგობრული შეჯანჯღარება სასიამოვნო ამბად ჩაეთვალოს, მაგრამ ამას თუ საზოგადოებრივი აზრი არეგულირებს, იგივე საზოგადოებრივი აზრი ნაკლებად ითვალისწინებს ბავშვების მდგომარეობას და მათ დამოკიდებულებას ფიზიკურ კონტაქტსა და პირადი სივრცის დარღვევაზე.

ცნობილი პედაგოგი და მწერალი, ჰენრი გოლდშმიტი, იგივე იანუშ კორჩაკი, ყველასთვის ცნობილი თავისი ფანტასტიკური წიგნებითაა, მაგრამ ბევრმა ალბათ არც იცის, რომ ამ დიდებული ადამიანის დანატოვარი გაცილებით დიდი და მნიშნველოვანია უშუალოდ პედაგოგიკის მიმართულებით და სწორედ თავისი არასტანდარტული მიდგომის გამო კორჩაკი გამორჩეული ვარსკვლავია მსოფლიო პედაგოგიკის ცის კაბადონზე.

სწორედ გოლდშმიტმა საუკუნის წინ წამოსწია ეს პრობლემა თავის წიგნში „არასერიოზული პედაგოგიკა“, სადაც ხაზგასმით და ცალსახად სთხოვა და მოსთხოვა აღმზრდელებს, ბავშვებს ისე მოქცეოდნენ, როგორც ზრდასრულებს, პიროვნებებს და ინდივიდებს და არ დაერღვიათ მათი პირადი სივრცე დაუკითხავად.

ამ საინტერესო და სახალისო წიგნში, კორჩაკი ცოცხალი მაგალითების მოხმობით აღწერს, რას გრძნობს ბავშვი, როდესაც დაუკითხავად ვიჭრებით მის სივრცეში და როგორ თრგუნავს საზოგადოება ადამიანს განვითარების ადრეულ ასაკშივე. როგორც ჩრდილში, მომცრო ქოთანში გადარგული ხე, პერიოდულად ტოტებს რომ შევატეხთ ხოლმე ჩვენი სიამოვნებისთვის, ვერ იძლევა კარგ ნაყოფს ან ახალ ნიადაგზე გადარგვისას დამახინჯებული ფორმით გაიფურჩქნება, ასევეა ადამიანიც, ვინც ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო შემთხვევის შემდეგ სერიოზულად ზიანდება.

 

თუკი რაღაც ჯადოსნურ ხელსაწყოს გამოვიგონებდით, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვების განცდებს ასახავდა, რამდენ მნიშვნელოვან რამეს გავიგებდით იმ სამყაროზე, რომელიც ჩვენთვის, უფროსებისთვის უკვე დავიწყებული და შორეული წარსულია, ბავშვისთვის კი ხშირად ნამდვილი ჯოჯოხეთია, ან პირიქით – სწორი დამოკიდებულების გამო – სამოთხეც.

წლებია მასწავლებლად ვმუშაობ და ვცდილობ, ბავშვებში ღრმად დაფარული შიშები, განცდები, უარყოფითი ემოციები წერითი თერაპიის შედეგად ფრთხილად, მაგრამ მაინც ზევით ამოვიტანო, რასაც მხატვრული ტექსტების შექმნის პროცესში, ასე თუ ისე, ვახერხებთ. ამ „ამოტანას“ მარტივი და გასართობი ფორმით ვახერხებთ ხოლმე, უმცროსი ასაკის ბავშვებთან ეს გაცილებით მარტივია და, ე.წ. გადატანის ფორმით კეთდება, როცა მცირეწლოვანი მოსწავლე საკუთარ გამოგონილ პერსონაჟს ქმნის, რომელსაც განსხვავებული და მრავალფეროვანი თავგადასავლები გადახდება ხოლმე თავს.

ამ თავგადასავლებში, აუცილებლად ასახულია დრო, როდესაც პერსონაჟი მცირეწლოვანი იყო და ერთ-ერთი თავი ამდროინდელ უსიამოვნო განცდებს უკავშირდება. საინტერესოა, რომ ბავშვები ამ უსიამოვნო განცდებზე ფიქრისას ისეთ ცხად და რეალურ ისტორიებს „მოიფიქრებენ“ ხოლმე, კარგ მწერალს რომ შეშურდება. ვფიქრობ, თუ რამდენიმე ამბავს გაგიზიარებთ, სათქმელის გაგება ბევრად გაადვილდება.

 

ამისათვის კი ოთხი მოსწავლის ოთხ პერსონაჟზე მოგიყვებით.

 

მაგალითი 1. პირობითად ანამ, 11 წლისამ შექმნა პროტაგონისტი ექიმი ქალი, 33 წლის, ქმარ-შვილით, ბედნიერი, წარმატებული სამსახურშიც და ოჯახშიც. რაკი დავალების მიხედვით, ჩვენს ყველა პერსონაჟს რაიმესი უნდა ეშინოდეს და საიდუმლოც უნდა ჰქონდეს, რომელსაც ხშირად თავსაც ვერ უმჟღავნებს, ანას პროტაგონისტ ექიმ სოფიოსაც აქვს ასეთი სისუსტე – არ უყვარს პაციენტების შიშველი ხელით გასინჯვა (ეს აკვიატება პერსონაჟის შექმნის დღესვე ჰქონდა და მაშინ ვერ მივხვდით მიზეზს), რაც სამსახურებრივად ერთგვარ დისკომფორტსა და მსუბუქ ეიფორიას მართებს. როდესაც ანამ დავალებად მიიღო, დაეწერა სოფიოს ბავშვობის დროინდელი უსიამოვნო მოგონება, მოსწავლემ საინტერესოდ დააკავშირა ექიმის ამჟამინდელი აკვიატება – არ შეეხოს პაციენტს და მომენტი, როდესაც სტუმრად მისულ 5 წლის სოფიოს უცნობმა კაცმა წელზე ხელი შემოხვია და არაფერი მეტი, უბრალოდ შემოხვია, ანამ სიტყვიერად (ტექსტში ეს არ იყო) დააკონკრეტა, რომ ეს შეგრძნება, უცხო, საჭმლის სუნით აქოთებული ადამიანის ახლოს დგომა, მასში შფოთვას იწვევდა, მაგრამ სირცხვილის გამო ვერაფერი თქვა და ამიტომ დარჩა ეს უცნაური აკვიატება.

მაგალითი 2. პირობითად დაჩიმ, 9 წლისამ შექმნა ერთგვარი სუპერგმირი, შიო, რომელიც ეტლსაა მიჯაჭვული და მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს საიდუმლოდ წამოდგება ხოლმე. სუპერგმირიც ბავშვია. ის რომელიღაც საფეხბურთო კლუბში თამაშობდა, მაგრამ მასწავლებელმა ერთხელ უთხრა, რომ უნიჭო იყო და მისგან არაფერი გამოვიდოდა. ორწლიანი თამაშის შემდეგ შიო ძალიან მაგარი ფეხბურთელი დადგა, თუმცა, საუბედუროდ, შეემთხვა ავარია და ეტლს მიეჯაჭვა, ახლა ის ცდილობს კაცობრიობას ამგვარად დაეხმაროს და ყველა „გამოძახებაზე“ საფეხბურთო მოედნიდან მიფრინავს.

 

მაგალითი 3. მოსწავლემ, პირობითად ნენემ, 11 წლისამ, შექმნა პერსონაჟი Baby, რომელიც ჩვილად რჩება და არ იზრდება. ვერავინ ხსნის მიზეზს. მშობლებს დაჰყავთ ექიმებთან, ეკლესიებში და ა.შ. მაგრამ Baby რჩება 8 თვის ბავშვის ასაკში, ყველაფერი ესმის, ყველაფერს განიცდის ზრდასრულივით (მისი ბიოლოგიური ასაკი 23 წლისაა), მაგრამ არ ლაპარაკობს და უარს ამბობს გაზრდაზე, რადგან არ მოსწონს, როგორც ექცევიან ადამიანები ბავშვებს და ერთმანეთს.

 

მაგალითი 4. მოსწავლემ, პირობითად შაკომ, 12 წლის, რომლის პერსონაჟი კრიკი მოგზაური და მკვლევარია, გმირი სახლიდან ბავშვობაში გააქცია, რადგან ვისაც არ ეზარებოდა, პატარაობიდანვე შენიშვნას შენიშვნაზე აძლევდა პატარა ბიჭს (ჭამისას პირის წკლაპუნით  დაწყებული, საინტერესო ამბების გაუთავებლად და ხმამაღლა კითხვით დამთავრებული), რომელიც ჯერ გემზე აიპარა და გაჰყვა მეზღვაურებს, მერე თავად გახდა კაპიტანი, გადახდა ათასი თავგადასავალი და გახდა ზუსტად ისეთი, როგორიც პატარაობაში საკუთარი მომავალი წარმოედგინა.

 

 

პერსონაჟების ფსიქოლოგიურ ახსნას არ დავიწყებ, მკითხველისთვის ბევრი რამ ისედაც გასაგები იქნება. საინტერესოა ის, რომ ამ ამბებზე ფიქრისას ჩემი ბავშვობის მოგონებებიც გამახსენდა. სულ პატარას საოცრად მიყვარდა ცეკვა. მუსიკის გაგონებისთანავე, ერთი ბეწო ბავშვი წამოვხტებოდი და ცეკვას ვიწყებდი. მახსოვს  5-6 წლისა ვიქნებოდი, ნათესავის ქორწილშიც ასე ვიცეკვე და გახარებულმა სიძემ თუ მეჯვარემ პერანგში ფული ჩამიტენა. ეს ამბავი ახლაც ცხადად მახსოვს, შეურაცხყოფილმა და დამცირებულმა ცეკვა შევწყვიტე და ტირილით მივედი მშობლებთან, სიძე თუ მეჯვარე არ მეშვებოდა და ჩაბღუჯულ ფულს ჯიბეში მიტენიდა, როგორც „გასამრჯელოს“. ამ ერთგვარად მარტივმა ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, მას შემდეგ არასოდეს მიცეკვია და მართალია ამბავი უბრალოდ მახსოვს და ემოციურ დონეზე არ უმოქმედია ჩემზე, ვფიქრობ, გარკვეულწილად ზემოქმედება მოახდინა.

როდესაც შვილების მოფერება მინდება და მჭირდება კიდეც, რომ დაუსრულებლად ჩავეხუტო, ამას ყოველთვის მოზომილად ვაკეთებ. ვეკითხები, აქვთ თუ არა სურვილი, რომ ჩამეხუტონ. განსაკუთრებით ფრთხილი უმცროს ქალიშვილთან ვარ. მინდა დაიმახსოვროს და იცოდეს, რომ მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება სხეულზე შეეხოს და როცა სხვას მოესურვება, მივიდეს და სათამაშოსავით აბურთაოს. ამ ერთგვარ მარტივ ფსიქოლოგიურ მომენტში მე დიდ აზრს ვხედავ – ჩვენ ბავშვობიდანვე ვაჩვევთ ადამიანებს დამოუკიდებლობის დათმობასთან შეგუებას. პატარა ასაკიდან ვუნერგავთ, რომ ძალადობა ჩვეულებრივი ამბავია, დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია და ასეც უნდა იყოს.

როდესაც ძალიან მინდა ხოლმე საკუთარ შვილს, ჩემ სისხლსა და ხორცს, ახალდაბადებული რომ გულზე მეწვინა პატარა კოალასავით, შემოვეხვიო და გაუთავებლად ვუთხრა, როგორ მიყვარს, ჯერ ვეკითხები – აქვს თუ არა სურვილი და მხოლოდ ამის შემდეგ ვეფერები.

ჩვენი შვილები, სხვისი შვილებიც ჩამოყალიბებული პიროვნებები არიან. ისინი სრულყოფილნი და სრულქმნილნი არიან, მხოლოდ ნაკლები ცხოვრებისეული გამოცდილებით. მათი შინაგანი სამყარო უფრო ფაქიზი და მოსაფრთხილებელია, ამიტომ უხეშად მოპყრობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ნუ მოეფერებით ბავშვებს, დაუკითხავად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი