ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

5 წლის ბავშვის სასკოლო მზაობის შეფასება – ცნობები მშობლებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ; ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან – ვისაც 6 წელი 31 დეკემბრამდე უსრულდება. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, გადაწყვეტილებას ბავშვის სკოლაში შეყვანის შესახებ მშობელი მიიღებს.

კვლევები ცხადყოფს, რომ მშობლების უმრავლესობა ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებას შვილის სკოლაში შეყვანასთან დაკავშირებით, რადგან ოჯახები უმეტესად ხელმძღვანელობენ მარტივი მახასიათებლებით, როგორებიცაა, ლექსების ცოდნა, ასოებისა და ციფრების ცნობა, კითხვის, წერის და ანგარიშის უნარი და ა.შ. (წყარო: სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი „ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა“ https://shorturl.at/GLMQZ)

ფსიქოლოგების, პედიატრების და განათლების სპეციალისტების შეფასებით კი ბავშვის სასკოლო მზაობის დასადგენად კომპლექსური დაკვირვებაა ჩასატარებელი.

ეს სტატია, მშობლებს შვილის სასკოლო მზაობის სრულფასოვან შეფასებაში დაეხმარება. წერილში მოცემულია ამონარიდები სახელმძღვანელოდან „განათლება უკეთესი მშობლობისთვის“, რომელიც World Vision საქართველოსა და ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციის ავტორობით შეიქმნა. (წყარო: https://shorturl.at/jnFZ3)

რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, რომელიც 5 წლის ასაკის ბავშვის სკოლაში მიყვანას გეგმავს?

პირველი, რაც მშობელმა უნდა იცოდეს, არის ის, რომ სკოლაში სწავლის დაწყება ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. სკოლაში წასვლასთან ერთად რადიკალურად იცვლება ბავშვის გარემო, წესები, დღის რუტინა, ადამიანები და აქტივობები. ეს ცვლილებები ბავშვებში უამრავ ემოციას იწვევს, როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. პირველად აღფრთოვანებასთან და მაღალ მოტივაციასთან ერთად შესაძლოა, განვითარდეს ძლიერი შფოთვა, წარუმატებლობის შიში, პროტესტი, ჩაკეტილობა, წესების დაუმორჩილებლობა, ქცევის სირთულეები და სწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად სტრატეგიების მთელი რიგი არსებობს, რომელთა შორის პირველი ბავშვისა და მშობლის სკოლისთვის მომზადებაა.

რას გულისხმობს სასკოლო მზაობა და რა უნარების განვითარების ხელშეწყობაა საჭირო?

  • სოციალური უნარები – დავაკვირდეთ, როგორ გამოსდის ბავშვს ურთიერთობებში ჩაბმა, დათმობა, სხვებთან თანამშრომლობა.
  • კომუნიკაციური უნარები: დავაკვირდეთ, რამდენად შეუძლია ბავშვს თანატოლებთან და უფროსებთან კომუნიკაციის დამყარება.
  • ემოციების მართვა/რეგულაცია: რამდენად შეუძლია ბავშვს სხვისი ემოციების აღქმა, საკუთარი ემოციების გამოხატვა.
  • შემეცნებითი უნარები: დავაკვირდეთ, როგორ მეტყველებს ბავშვი. როგორია მისი ლექსიკური მარაგი, შეუძლია თუ არა დიალოგის წარმოება, სიმბოლოების ცნობა, დაგეგმვა და თანმიმდევრობის განსაზღვრა, მაგალითად, როგორ გამოსდის აპლიკაციის შექმნა, რომელსაც სჭირდება ამოჭრა, გაფერადება, ქაღალდზე დაწებება და ა.შ.
  • წიგნიერება: აქვს თუ არა ბავშვს წიგნთან და სხვადასხვა ტიპის ნაბეჭდ მასალასთან ურთიერთობის გამოცდილება?
  • ნატიფი მოტორიკა: რამდენად კარგად გამოსდის ბავშვს გაფერადება, ხატვა, გამოჭრა, კონტურების მიყოლა და ა.შ.
  • დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევები: აქვს თუ არა გამომუშავებული ტუალეტის ჩვევა? შეუძლია თუ არა პირადი ჰიგიენის დაცვა, დამოუკიდებლად კვება?
  • თვითადვოკატირება: რამდენად შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა, საკუთარი უფლებების დაცვა?
  • ქცევის მართვა: დავაკვირდეთ, რამდენად შეუძლია ბავშვს საკუთარი ქცევის მართვა სხვადასხვა სიტუაციასა და კონტექსტში მაგალითად, როგორ იქცევა, როცა ისმენს „არას“, ან უწევს გადაავადოს თავისი სურვილი.
  • ყურადღების კონცენტრირება და იმპულსის შეკავება: შეუძლია თუ არა მას ერთ კონკრეტულ აქტივობაზე ყურადღების კონცენტრირება, დავალების, აქტივობის, თამაშის ბოლომდე მიყვანა? როგორ მოქმედებს მასზე გარე გამღიზიანებლები, როგორებიცაა, მაგალითად, ხმაური ან სხვადასხვა მოქმედებები გარშემო.
  • თვითკომპეტენტურობის შეგრძნება: რამდენად ეშინია მარცხის, შეცდომის დაშვების? რამდენად აქვს შეგრძნება, რომ კომპეტენტურია?

აღნიშნული უნარები სკოლის მზაობისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სკოლამდელი განათლებისა და წინასასკოლო პერიოდში წერა-კითხვისა და ანგარიშის ათვისება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მშობელმა ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად უნდა იცოდეს, 5 წლის ბავშვის ფსიქო-ფიზიოლოგიური განვითარების თავისებურებაა. კვლევის მიხედვით, 5 წლის ბავშვები განვითარების დონითა და კლასში წარმატებებით თითქმის ყველა ასპექტში ჩამორჩებიან 6 წლის ბავშვებს. ეს განპირობებულია ბავშვების განვითარების ციკლით.

  • ბავშვის ფიზიკური აგებულება: 5 წლის ბავშვის ხერხემალი არ არის მზად იმისათვის, რომ 35 წუთის განმავლობაში იჯდეს მერხზე გაჭიმული;
  • 5 წლის ბავშვის კონცენტრაცია არ აღემატება 15 წუთს: მასწავლებლები ამ თავისებურებაზე ხშირად მიუთითებენ. მათი თქმით, 5 წლის ბავშვები კონცენტრაციის ნაკლებობის გამო ხშირად ეთიშებიან საგაკვეთილო პროცესს.
  • ნებელობის განვითარების დაბალი დონე: ექსპერტები მიუთითებენ, რომ სწავლა პრინციპულად სხვა საქმიანობაა, რომელიც თამაშისგან განსხვავებულია. სწავლა ნებელობითი პროცესის გამომხატველია. სწავლის დროს მასწავლებელი გასცემს, ხოლო მოსწავლემ უნდა მიიღოს და მოსწავლეს უნდა ჰქონდეს უნარი, რომ შეიმეცნოს. ექსპერტების თქმით, ამგვარი ნებელობითი სისტემა 5 წლის ბავშვებში ნაკლებადაა განვითარებული.
  • ფიზიკური მოთხოვნილებები: 5 წლის ბავშვებს უფრო გამძაფრებული აქვთ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი. მასწავლებლების თქმით, ამ მხრივ ყველაზე აქტუალურია ჭამა და ძილი. მასწავლებლები ხშირად მიუთითებენ, რომ 5 წლის ბავშვები საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში იწყებენ ჭამას ან ეძინებათ.
  • მოტორიკა ნაკლებად აქვს განვითარებული: 5 წლის ბავშვებთან მოტორიკის განვითარების დაბალი დონე ვლინდება კალმის ჭერის პრობლემებში, ასოების გამოყვანაში, უჯრებში ასოების ჩასმაში და მაკრატლის დაჭერაშიც კი.

სპეციალისტების განმარტებით, მშობლის არასწორი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაძლოა, ბავშვს გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. სასწავლო პროგრამის დაძლევისას პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში ბავშვი ხელს იღებს სწავლაზე. ხოლო სწავლის პროცესში მიღებული სტრესი უარყოფითად აისახება მის იმუნურ სისტემაზე: პედიატრების თქმით, 5 წლის მოსწავლეებში იმატებს ჯანმრთელობის პრობლემები.

განვითარებული ქვეყნების გამოცდილებით, სკოლისათვის მზაობა სკოლამდელ დაწესებულებებში, წლის განმავლობაში სამჯერ, აღმზრდელისა და ფსიქოლოგის მიერ ინტენსიური დაკვირვების ფონზე მოწმდება. საბავშვო ბაღში პედაგოგის მიერ ვლინდება ის სუსტი მხარეები, რომლებიც ბავშვის განვითარებას ახლავს. შემდეგი თვეების განმავლობაში ხდება ამ სისუსტეების დაძლევაზე მუშაობა და წლის ბოლოს წყდება, არის თუ არა ბავშვი მზად სკოლისათვის. იქმნება ბავშვის ისტორია, რომელიც წინასწარ გადაეცემა სკოლის მასწავლებელს. ამგვარად, ბავშვის შესახებ ინფორმაცია სრულად აქვს დაწყებითი კლასების მასწავლებლებს და მისი მოსწავლეებთან ურთიერთობა მათ თავისებურებების გათვალისწინებაზეა დამყარებული.

რადგან საქართველოში ასეთი სისტემა არ მოქმედებს და სახელმწიფო სრულად მშობლებს უტოვებს არჩევანს, ოჯახებს ორი გზა აქვთ: თავად მოიძიონ ინფორმაცია და მასზე დაყრდნობით მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება ან მიმართონ კერძო სამსახურს და ბავშვის სასკოლო მზაობის დასადგენად პედიატრისა და ფსიქოლოგის რეკომენდაციებით იხელმძღვანელონ.

გამოყენებული რესურსები:

  • სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი „ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა“ https://shorturl.at/GLMQZ;
  • სახელმძღვანელო „განათლება უკეთესი მშობლობისთვის“ https://shorturl.at/jnFZ3.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი