პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ეკა დონაძე – 17 წელი 71-ეში

მასწავლებელი 17 წლის წინ გახდა. პირველი გაკვეთილი თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში ჩაატარა და მას შემდეგ ყოველდღე აქ არის. ეკა დონაძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. როგორც თავად ამბობს (და ძნელია, არ დაეთანხმო), შესაძლოა, ყველაზე საჭირო საგნის მასწავლებელიც, რადგან ადამიანი მშობლიურ ენაზე ფიქრობს, აზროვნებს, მეტყველებს და ასე ვითარდება. 17 წლის განმავლობაში რამდენიმე საფეხური გაიარა, იყო დირექტორის მოადგილეც, თუმცა უბრალო მასწავლებლის როლი ყველაზე მეტად მოსწონს და ამბობს: „ბავშვებთან ურთიერთობა ჰაერივითაა”.

– ქალბატონო ეკა, თქვენ იმ თაობის მასწავლებლებს მიეკუთვნებით, რომლებსაც მუდმივი რეფორმებისა და სიახლეების პირობებში მოუწიათ მუშაობა.

– ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა, რადგან მასწავლებლობის პირველივე დღიდან განათლების სისტემის რეფორმის რეჟიმში ვარ. ამ წლების განმავლობაში უამრავი ტრენინგი გავიარე და, შეიძლება ითქვას, ახალი ტიპის მასწავლებლად ჩამოვყალიბდი. ჩემმა მოწაფეობამ საბჭოთა პერიოდში განვლო, თუმცა ამ სფეროში რეფორმა მეც შემეხო. ალბათ გახსოვთ, 80-იანი წლების ბოლოს რამდენიმე სკოლა დიფერენცირებული სწავლების ექსპერიმენტში ჩაერთო. ამ ნაკადში ჩემი სკოლაც მოხვდა. რეფორმის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჩემი ქართულის მასწავლებელი ლია თუშური გახლდათ, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა და ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

– მართებულად მიგაჩნიათ, მოსწავლემ ისწავლოს კონკრეტული მიმართულებით და არ მიიღოს ზოგადი განათლება?

– ვფიქრობ, დიფერენცირებული სწავლება ბოლო კლასებში გამართლებულია, მანამდე კი ზოგადი განათლების მიღება აუცილებელია. მე-11-12 კლასების მოსწავლემ უკვე იცის, რა მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება, ამიტომ კარგი იქნება, თუ სკოლაშიც შესაბამის საგნებზე დასვამს აქცენტს. გარდა ამისა, მე-12 კლასის მოსწავლეები ეროვნული გამოცდებისთვისაც ემზადებიან და ყველა საგნის თანაბრად კარგად სწავლას ფიზიკურად ვეღარ ახერხებენ, ძალით სწავლობენ უინტერესო საგანს, რის გამოც სტრესული მდგომარეობა უვითარდებათ – ისინი ხომ იმ ასაკში არიან, როდესაც ყველაფერს განსაკუთრებით განიცდიან.

 

– თქვენი შვილებიც ამ სკოლაში სწავლობენ? ეს ხომ არ გიქმნით უხერხულობას? ახერხებთ, დაიცვათ ზღვარი?

– უმცროს შვილს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ვასწავლიდი და მივხვდი, რომ ეს ძალიან რთული იყო. გამიჭირდა და თავად ვთქვი მის სწავლებაზე უარი. როდესაც კლასში შვილი გიზის, ზღვარის დაცვა ძნელია. გარდა ამისა, გიჩნდება კომპლექსი, რომ სხვები მიკერძოებაში დაგადანაშაულებენ, მიუხედავად იმისა, რომ შვილიც და ყველა დანარჩენი მოსწავლეც თანაბარ პირობებში გყავს ჩაყენებული. მაგალითად, შარშან გაცდენების გამო ჩემმა შვილმა ორ საგანში ექსტერნის გამოცდები ჩააბარა – სწორედ ისე, როგორც ამას ნებისმიერი მოსწავლე გააკეთებდა და ერთი წამითაც არ მიფიქრია ჩემი მდგომარეობის გამოყენება.

– მთავრდება გაკვეთილები და მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც სკოლის შენობას ტოვებთ. გრძელდება თუ არა ურთიერთობა ამ კედლების მიღმა? 

– ცხადია, ურთიერთობას სკოლის გარეთაც ვინარჩუნებთ, რადგან უამრავი აქტივობის საშუალება არსებობს. არაერთი პროექტიც განგვიხორციელებია. მაგალითად, შემოდგომაზე დავეხმარეთ ბავშვთა სახლ „კარიტასს”. მოვიძიეთ სპონსორები, შევადგინეთ პროგრამა, მოვამზადეთ საჩუქრები, დავგეგმეთ კინოთეატრში სტუმრობა და შევუკვეთეთ ტორტი. ეს იყო საოცარი დღე, რომელიც ჩემი მოსწავლეების გარეშე ვერ შედგებოდა. საზოგადოდ, მიმაჩნია, რომ სკოლისგარე აქტივობები ბავშვების გაცნობის საუკეთესო საშუალებაა. მოსწავლე, რომელიც გაკვეთილზე არც ისე აქტიურია, ასეთ ღონისძიებებზე უფრო იხსნება და უცნობ თვისებებს ამჟღავნებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მასწავლებლებმა ხშირად უნდა დავგეგმოთ სკოლისგარე აქტივობები, რათა მოსწავლეებთან კონტაქტი არ დავკარგოთ.

– მოგყვებიან მოსწავლეები ამგვარ აქტივობებში?

– ბავშვებთან ურთიერთობა გაცილებით ადვილი და სასიამოვნოა, ვიდრე უფროსებთან, ამიტომ ყველანაირად ვცდილობ, დავაინტერესო და მიზანს ვაღწევ კიდეც. მასწავლებლობის მთელი ხიბლი ისაა, რომ სულ ახალგაზრდა ხარ. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ: მეუბნებიან, რომელი ახალი წიგნი გამოვიდა, რომელ ფილმს ვუყურო. მინდა, ისინი უკეთ გავიცნო და თავადაც საინტერესო ვიყო. მთავარია, ამ პროცესში გულწრფელობა შეინარჩუნო, რათა ნდობა არ დაკარგო. არ მინდა, პროფესია მემჩნეოდეს და ვიყო ტიპური მასწავლებელი, რომლისაც ბავშვებს ეშინიათ.

სწორედ ამგვარი სიახლოვე მაძლევს იმის საშუალებას, რომ ისინი სკოლისგარე აქტივობებით დავაინტერესო. თითქმის ყველა ჩემი მოსწავლე ძალიან აქტიურია, ჩართულები არიან სხვადასხვა პროექტში, მონაწილეობენ კონკურსებში, აქვთ იდეები და მათი განხორციელება სურთ. ხშირად ვსაუბრობთ აქტუალურ თემებზე, ერთად ვუყურებთ და განვიხილავთ ფილმებს, ვუკავშირებთ ლიტერატურულ ნაწარმოებებს და ა.შ. მაგალითად, ერთად ვნახეთ „მანდარინები” და გავავლეთ პარალელი „სტუმარ-მასპინძელთან”. შარშანდელი ამბავი კი არასდროს დამავიწყდება: მე-11 კლასს შევთავაზე, „მკვდარი პოეტების საზოგადოება” ენახათ. ამ პროცესს სოციალური ქსელით ვადევნებდი თვალს, ვკითხულობდი მათ სტატუსებს, კომენტარებს და ასე ვიგებდი, რას განიცდიდნენ. ყველაზე დიდი საოცრება კი ის იყო, რომ მეორე დღეს კლასში შესულს მერხებზე დამიდგნენ და „კაპიტანო, ჩემო კაპიტანო” შესძახეს! ჩემთვის ეს იყო წარმოუდგენელი რამ, სწორედ ამისთვის ხარ სკოლაში!

– ხართ იმისთვისაც, რომ ბავშვებს ასწავლოთ. მშობლიური ენა – ეს არის საგანი, რომლითაც ადამიანის აზროვნება ყალიბდება…

– …და საძირკველი ეყრება მის პიროვნულ ზრდას. ეს ყველაზე საჭირო საგანია, ურომლისოდაც ვერაფერს მიაღწევ. სამწუხაროდ, მშობლიური ენის ცოდნის აუცილებლობას არათუ მოსწავლეები, უფროსებიც ვერ ხვდებიან, რომლებიც შვილებს ბაღის ასაკიდანვე ატარებენ უცხო ენებზე. ერთმნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა მშობლიური ენა ზედმიწევნით უნდა იცოდეს, რადგან სწორედ ამ ენაზე ვაზროვნებთ, ვფიქრობთ და ვლაპარაკობთ.

– რას აკეთებთ იმისთვის, რომ ქართულის ცოდნის აუცილებლობას მიხვდნენ?

– დაბალი კლასების მოსწავლეებს ამას ვერ აუხსნი, მაგრამ სწორი მიდგომის შემთხვევაში უფროსების დაინტერესება შესაძლებელია. გაკვეთილი უნდა იყოს არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ინტერაქტიულიც. მოსწავლეს ყველა ნაწარმოებში ის უნდა დაანახვო, რაც მისი ასაკისთვისაა საინტერესო, ეს კი საკმაოდ რთულია. ხელს გვიშლის პროგრამა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ მაძლევს მოსწავლეებისთვის ადეკვატური განათლების მიცემის საშუალებას. ვფიქრობ, ქართულის პროგრამა მეტისმეტად გადატვირთულია, მით უფრო – დამამთავრებელ კლასებში. ფაქტია, რომ მოცემული პროგრამა მთლიანად უნდა ვასწავლო, რადგან ეს საკითხები მოდის გამოცდებზე, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მაქვს მხოლოდ მასალის ახსნის დრო, მაგრამ არა მოსწავლეებთან მისი განხილვის, ანალიზისა და ინტერაქტივისა, თანაც, გათვალისწინეთ, კლასში 30 მოსწავლე მიზის. ვფიქრობ, უნდა იყოს ნაკლები მასალა, რათა მისი განხილვისთვის მეტი დრო დაგვრჩეს. სიმრავლის გარდა, პროგრამის ნაწილი ასაკობრივადაც შეუსაბამოა, ტექსტების უმეტესობა ტრაგიკული, დეპრესიული და დრამატულია. სკოლის მოსწავლეების უმეტესობა გარდატეხის ასაკშია, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მყიფეა და უფრო მეტად განიცდიან. ნაწარმოებების უმეტესობის შინაარსი ბავშვებს ძალიან თრგუნავს, ერთმა მეთერთმეტეკლასელმა შუა გაკვეთილზე მითხრა, რას გვერჩით, მასწავლებელო, რა დაგიშავეთო. მართალიც იყო: „ოთარაანთ ქვრივი”, „ხევისბერი გოჩა”, „გამზრდელი”, „ჯაყოს ხიზნები” – ეს ნაწარმოებები მოზარდებისთვის ძალიან მძიმე საკითხავია. ცხადია, არ ვამბობ, რომ ისინი პროგრამიდან უნდა ამოვიღოთ, მაგრამ შედარებით მსუბუქი ნაწარმოებებიც აუცილებელია. ბავშვებს მეტი პოზიტივი სჭირდებათ.

– გაქვთ ამ მხრივ რეკომენდაცია? 

– პროგრამაში მეტ თანამედროვე ავტორს შევიყვანდი. ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი საინტერესო ნაწარმოები გამოვიდა, სადაც ამ ბავშვების ენაზე საუბრობენ, მათ გარემოს აღწერენ და მათთვის საინტერესო საკითხებს განიხილავენ. დავამატებდი უცხოელ ავტორებსაც. ვფიქრობ, უცხოური ლიტერატურა არანაკლები განათლების მიმცემია, ვიდრე ქართული კლასიკა.

– პრობლემა აშკარაა, მაგრამ პროგრამას ვერ შეცვლით. რა გამოსავალს პოულობთ? 

– ვირჩევთ ოპტიმალური პროგრამის მქონე სახელმძღვანელოს. ამჟამად ერთადერთი გამოსავალი ესაა. საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა კი პროგრამის დახვეწა იქნება.

 

– პროგრამის ხარვეზების პირობებში ალბათ გამოსავლად მიიჩნევა კლასგარეშე კითხვაც. 

– ნამდვილად ასეა და ამ მხრივ ძალიან კარგი ტენდენცია შეინიშნება – ბოლო წლებში მკითხველი მოზარდების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, რაც წიგნის ბაზრის განვითარების დამსახურებაცაა: ბევრი ახალი და ხარისხიანი თარგმანი გამოდის, მრავალფეროვანია ჟანრული პალიტრაც და ასე შემდეგ. გარდა ამისა, არსებობს უამრავი კონკურსი, რომლებიც მოსწავლეების ამ მხრივ განვითარებას უწყობს ხელს. ახალი თაობა უკეთ აცნობიერებს, რომ ზოგადი განათლება აუცილებელია, რომ უამისოდ ვერ განვითარდებიან, ვერ მიაღწევენ სასურველ შედეგს.

– კარგია, რომ კითხულობენ, მაგრამ აქვთ კი წაკითხულის გაანალიზებისა და დასკვნების გამოტანის უნარი?

– ამ მხრივ ცოტა უჭირთ, წერითი უნარები ნაკლებად აქვთ განვითარებული, ვიდრე სასაუბრო, თუმცა მასწავლებლის მოვალეობა მოსწავლის ამ მხრივ გახსნაცაა, რაზეც გამუდმებით ვმუშაობ. ფაქტია ისიც, რომ ვინც მეტს კითხულობს, წერითი და მეტყველების უნარებიც გაცილებით უკეთესი აქვს.

– ალბათ გყავთ რთული ბავშვები, რომლებსაც განსაკუთრებული მიდგომა და ყურადღება სჭირდებათ…

– ჩვენს სკოლაში ბავშვთა სახლის რამდენიმე ყოფილი აღსაზრდელი სწავლობს, რომლებიც ახლა ოჯახებში არიან გადანაწილებული. მეშვიდე კლასში ერთი განსაკუთრებული, ძალიან საინტერესო, მაგრამ, იმავდროულად, რთული გოგონა მყავს. საკმაოდ მძიმე ცხოვრება აქვს გავლილი, ამიტომ მისი კარგად მესმის. მაგალითად, როდესაც ნუგზარ შატაიძის მოთხრობას „მოგზაურობა აფრიკაში” ვკითხულობდით და წებოს შესუნთქვის სცენებზე ვიყავით, თქვა, რომ სინამდვილეში წებოს ყნოსვა სულაც არ კლავს, გამოუცდია. დავიბენი, მაგრამ ვეცადე, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, რათა თავად არ ეგრძნო უხერხულობა. ის ვერ ახერხებს საკუთარი საქციელის გაკონტროლებას, სულ მოძრაობს, ხმაურიანი და აქტიურია, გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს; უნდა აგრძნობინო, რომ კარგია, თბილია, საჭიროა. ვერ იტანს უხეშობას, მაგრამ რაც უნდა დაგჭირდეს, მაშინვე შენ გვერდითაა. სიის კითხვისას პირველი ამბობს, თუ ვინმე გვაკლია. ამას თვითონაც ხვდება. ერთხელ თქვა კიდეც – ვიცი, რომ გაკვეთილზე გაჩერება მიჭირს და ვერ ვიტან, როდესაც მასწავლებელი მეჩხუბებაო. მასთან მუშაობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. ვიცი, რომ კარგ ოჯახში ცხოვრობს, სკოლის ფსიქოლოგი მასთან აქტიურად მუშაობს და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად ექნება.

– გაქვთ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. ეს ნიშნავს, რომ მიღწეულით დაკმაყოფილება არ გჩვევიათ. როგორ ფიქრობთ, მოვა დრო, როდესაც სკოლაში მუშაობას თავს დაანებებთ და უფრო დიდ ასპარეზზე გადაინაცვლებთ? 

– ალბათ მოვა ამის დროც. ვფიქრობ, განათლების სისტემაში გავაგრძელებ მუშაობას, მაგრამ ახლა სკოლის პერიოდი მაქვს, ამაზე საინტერესო ადგილი ჯერ ვერ წარმომიდგენია. ბავშვებთან ურთიერთობა ჰაერივითაა, რაც ახლა ძალიან მჭირდება.

ესაუბრა ია ვეკუა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი