პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ნიღაბი

სახლში, კედელზე რამდენიმე ნიღაბი მიკიდია, თეატრალურებია, ზოგი ტირის, ზოგი იცინის…

ქუჩაში ადამიანებიც  ნიღბით დადიან…

თუმცა, მხოლოდ დღეს? უხილავ ნიღაბს ხომ სულ ვიყენებდით. ნიღაბი სხვადასხვანაირია, ერთი მხიარულების არის და მაშინ ირგებ, როცა სულაც არ გემხიარულება, თუმცა იძულებული ხარ, რადგან დარდიან-მჭმუნვარე არავის ჭირდები. მეორე, პირიქით მწუხარების ნიღაბია, რომელსაც მავანი სახეზე ირგებს საზოგადოების გულის მოსაგებად. ანუ, აჩვენებს, რომ რაღაც პრობლემაზე წუხს, მაშინ როცა გულში სულაც არ ედარდება, მაგრამ აბა, ხალხი რას იტყვის, უხერხულია…ამიტომაც, სევდის ნიღაბი მოურგია სახეზე.

ვიღაცას გულგრილობის ნიღაბი აქვს. სხვას კიდევ ვითომ თანაგრძნობის. ჰოდა, გბეზრდება ერთ დღეს და…

„…სევდა გიპყრობს ნიღბისგან დაღლილს,

როდესაც ხვდები ნიღბით დაღლილებს…“ (ს. ნადირაძე)

ადრე ყაბალახით დადიოდნენ, მოიგდებ-მოიხვევდნენ და ცუდი ნიღაბი იყო? მასალად გამოიყენებოდა ძირითადად შინნაქსოვი შალი, თივთიკი, შალ-აბრეშუმი, იშვიათად მაუდი. ყაბალახის სინონიმური ფორმაა „ჩაბალახი“ ნიკორწმინდის XIს. სიგელის მიხედვით საომარი დანიშნულების თავსაბურავია. ამ დანიშნულებითაა მოხსენიებული არაერთ ისტორიულ წყაროში (ჟამთააღმწერელი, ჯუანშერი და სხვ.) სულხან-საბა ორბელიანი ჩაბალახს საომარ დანიშნულებასთან ერთად მის სხვა ფუნქციასაც აღნიშნავს – „გინა წვიმაში ჩამოსაცმელი“-ო. სულხან-საბამ კორონა არ იცოდა, თორემ უეჭველად დაწერდა: „გინდაც კორონასგან თავდასაცავიო“. ეს ხუმრობით, სერიოზულად კი იმას ვიტყვი, რომ დღეს ყველა ხილული სამედიცინო ნიღბით დადის, რაც  კორონა ვირუსის ეპოქის დამსახურებაა. ეს ნიღბებიც სხვადასხვაგვარია, ერთნი მხიარული კოპლებით, თუ პეპლებით აჭრელებული, მეორენი სადა და მართლაც სამედიცინო, მესამე შავი და მკაცრი, მაშინვე პირქუშ გამომეტყველებას, რომ გაძლევს, მეოთხე და ა.შ. დიზინერულია, ფერებში, ყოველდღიურ სამოსს, რომ შეუხამო და ჩამოხსნაც, რომ არასდროს მოგინდეს.

ჰოდა, ვიფიქრე, რა თემა მოვძებნო სტატიისთვის, რომ ბარემ ნიღაბაფარებულებმა წავიკითხოთ თქო.

ბერძნული ენიდან   მყრალი სუნის მქონედ ითარგმნება.  ის  ფთორის, ქლორის და იოდის მსგავსად ჰალოგენია. მიხვდით არა? ბრომზე უნდა დავწერო.

ბრომი ყველგანაა: ზღვის წყალში, ათასობით მინერალში მინარევის სახით, ატმოსფეროში და მიწისქვეშა წყლებში, განსაკუთრებით იქ სადაც ნავთობი მოიპოვება. ბრომის თითქმის  ყველა ნაერთი წყალში ხსნადია.

ბრომი და მისი ორთქლი ძალიან მომწამლავია. კანზე მოხვედრისას  ღრმა დამწვრობას იწვევს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ შუშდება.

1825 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა ანტუან ჟერომ ბალარმა 23 წლის ასაკში ახალი ქიმიური ელემენტი ბრომი აღმოაჩინა. თუმცა, თავიდან „მურიდი“ უწოდა. ამის შესახებ პარიზის მეცნიერებათა აკადემიას მისწერა. იქიდან სამ კაციანი კომისია აახლეს, რათა აღმოჩენა შეემოწმებინათ. კომისიაში, ერთი ლუი ტენარი, მეორე ლუი ნიკოლა ვოლკენი, მესამე კი ჯოზეფ გე-ლუსაკი გახლდათ. სამივემ აღმოჩენა დაადასტურა. თუმცა, აიძულეს სახელი შეეცვალა და ბრომი დაერქმია.  ხალხში ასეთი მოსაზრება არსებობს, რომ ბრომი დამამშვიდებლად გამოიყენება, თუმცა სუფთა სახით ის ამ საქმისთვის ვერ ივარგებს. ნერვებაშლილების დასამშვიდებლად კალიუმის ბრომიდს იყენებენ. ის კრუნჩხვების საწინააღმდეგო და საძილე საშუალებაცაა. თუმცა, აქაც სიფრთხილეა აუცილებელი, თორემ კუჭის ლორწოვანს გააღიზიანებს და ღებინებას გამოიწვევს. ბრომი ანტიბიოტიკების შემადგენლობაშიც შედის, მაგ. ბრომტეტრაციკლინი, რომელმაც ინფექციებთან ბრძოლაში ფართე გამოყენება ჰპოვა.

ბრომორგანული ნაერთებით ხის მასალასაც ამუშავებენ, რათა სოკოსგან და ხავსისგან დაიცვან. ბრომინდიგოს მეშვეობით ხასხასა ფერებს ღებულობენ წითლიდან ლურჯ შეფერილობამდე.

ბრომის აღმომჩენი თვისებითი რეაქცია შემდეგია: მოამზადეთ ფლურესცეინის სპირტხსნარი, შემდეგ ამ ხსნარით გაჟღინთეთ ფილტრის ქაღალდი და მიიტანეთ ბრომის ორთქლთან, თუ ეს მართლაც ბრომია, ფილტრის ქაღალდი ყვითლიდან წითელ ფერში გადავა. ამ დროს ფლუოროესცეინი და ბრომი ურთიერთქმედებენ ეოზინის წარმოქმნით, რომელსაც ინტენსიური ვარდისფერი შეფერილობა ახასიათებს. ეოზინი საღებარია, რომელსაც ხშირად იყენებენ ჰისტოლოგიაში. ასევე გამოიყენება ტუჩის საცხის წარმოებაში. იგივე ამომცნობი რეაქცია სხვაგარადაც შესაძლოა გაკეთდეს. ფლურესცეინის სპირტხსნარში რამდენიმე წვეთი ბრომი ჩავაწვეთოთ. განვითარდება ლამაზი წითელი შეფერილობა.

ბრომი მომწამლავია. ოთახში მისი ორთქლის დიდი რაოდენობით არსებობისას  თავბრუსხვევა, ხველა და ჰიპოქსია ვითარდება. მსუბუქი მოწამვლისას დაზარალებულს ამიაკი უნდა ვასუნთქოთ. ამიაკის  სახელწოდება ნიშადურის ძველი სახელწოდებისგან წარმოდგა, რომელსაც ეგვიპტეში ღმერთი ამონის ტაძრის მახლობლად იღებდნენ.

თუ ბრომი ხელზე მოგვხვდა, მაშინვე სოდიანი წყლით, ან დიდი რაოდენობის წყლით ჩამოვიბანოთ, შემდეგ კი ნატრიუმის ბიკარბონატის შემცველი მალამო  დავიდოთ.

ბრომი სახიფათოა, თუმცა რამდენიმე საჩვენებელი ექსპერიმენტის ჩატარება მაინც შეიძლება, ისიც მხოლოდ ამწოვ კარადაში და პირბადე, ხომ ისედაც გვაქვს. მცირე რაოდენობის ბრომი ჩავასხათ სინჯარაში და შიგნით შოკოლადის ფილის ალუმინის შემცველი  ჭრაჭუნა ფოლგა ჩავაგდოთ.

2Br2+2Al=2AlBr3

სინჯარაში  ცეცხლის ნაპერწკლებს დაინახავთ.

ანალოგიურად დაიწვება ბრომიან სინჯარაში ჩაგდებული სპილენძის ფირფიტა და წარმოიქმნება სპილენძის ბრომიდი.

შემდეგი ცდისთვის მოვამზადოთ ბრომიანი წყალი. წყლიან ჭიქაში რამდენიმე წვეთი ბრომი ჩააწვეთეთ, რაღაც დროის შემდეგ ბრომი გაიხსნება და ბრომის წყალხსნარი წარმოიქმნება. ახლა ავიღოთ საზომი ცილინდრი, ჩავასხათ მასში გამოხდილი წყალი, კალიუმის იოდიდის ხსნარი და ბრომიანი წყალი.

Br2+2KI=2KBr+I2

ბრომი იოდზე აქტიურია, ამიტომ გამოაძევებს მას ნაერთიდან და წარმოიქმნება მოლეკულური იოდი.  თუმცა, საზომ ცილინდრში არსებულ სარეაქციო სითხეს და ბრომიან წყალს ერთნაირი ყვითელი შეფერილობა აქვთ. როგორ გავიგოთ, რომ რეაქცია მართლაც წარიმართა? საზომ ცილინდრს ბენზოლი დავამატოთ. იოდი არაპოლარული მოლეკულაა, ბენზოლი კი არაპოლარული გამხსნელი, წყალი პოლარული გამხსნელია. მსგავსი მსგავსში იხსნებას პრინციპით, კარგად შენჯღრევის შემდეგ მოლეკულური იოდი ორგანულ ფაზაში გადადის, არაპოლარული იოდის მოლეკულა კარგად იხსნება არაპოლარულ ბენზოლში. ცილინდრის შიგთავსი ვარდისფერი გახდება. ვარდისფერი ცილინდრის ზედა ნაწილში განთავსდება, ქვემოთ კი დარჩება წყალი.

თუმცა, ბრომიც ხომ არაპოლარულია და შეუძლია ბრომიანი წყლიდან ორგანულ ფაზაში გადასვლა. მაშინ, რატომ უნდა გვეგონოს, რომ წითელი ხსნარი იოდს შეიცავს და არა ბრომს?

ამიტომ, ახლა მხოლოდ ბრომიან წყალს დავამატოთ ბენზოლი. მოლეკულური ბრომი წყლის ფაზიდან ექსტრაგირდება ორგანულ ფაზაში, რომელიც ბრომიანი წყლის მსგავსად ყვითელ შეფერილობას იძენს.

ბრომს ხშირად იყენებენ ორგანულ ქიმიაში. მაგალითისთვის  ბრომის რეაქცია ანილინთან გამოდგება. სინჯარაში ბრომის დამატებისას ანილინის წვეთთან წარმოიქმნება მოყვითალო ფერის ნალექი.

ან, მაგალითად, როგორ დავადგინოთ საკვებ ზეთში უჯერი მჟავების არსებობა.

სინჯარაში, რომელშიც საკვები ზეთია მოთავსებული, დავუმატოთ ბრომიანი წყალი და შევანჯღრიოთ.

ბრომიანი წყლის გაუფერულება ზეთის შემადგენლობაშო ორმაგი ბმების არსებობას ადასტურებს.

KBrO3 კალიუმის ბრომატი მომწამლავი კარცეროგენია, თუმცა ზოგ ქვეყანაში მას პურის ცხობისას ცომის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად საკვებ დანამატად იყენებენ. თუ, ამ მარილს შაქართან შევურევთ, და  კონცენტრირებული გოგირდმჟავას წვეთს დავამატებთ, ნარევი თვითაალდება. პურის ცხობისას აალება არა, მაგრამ  კალიუმის ბრომიდის წარმოქმნაა მოსალოდნელი, რაც  ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ბრომიდ იონები მუდმივი მოხვედრისას ორგანიზმში ნეირონებს შორის ნერვული იმპულსების გადაცემას ანელებენ და  იწვევენ ფსიქიურ აშლილობას.

ფსიქიური აშლილობა არა, მაგრამ მსუბუქ გაღიზიანებას მაინც გამოიწვევს ეს თავს მოხვეული ნიღბის ტარება. თუმცა, სხვა რაღა დარჩენია კორონა ვირუსის  რეალობაში მცხოვრებ ადამიანს, გარდა იმისა, რომ:

„…და ამ ნიღბების მიღმა მავალნი,

თუმცა ერთმანეთს ვერ გავაცინებთ,

მაინც დაგვნათის ერთი ვარსკვლავი,

ნიღბით ცოცხლებს და ნიღბით დასჯილებს…“(ს. ნადირაძე)

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი