ზომიერების ხიბლი – შემეცნებითი თავმდაბლობა

მახსოვს, როდესაც ჩემმა მეგობრებმა ვენეციის წყლებში დელფინების დაბრუნების ამსახველი ფოტოების გაზიარება დაიწყეს, ძლიერმა სიხარულმა მომიცვა. დავიჯერე, რომ ეს ასეც იყო. ოჯახის წევრებსაც გავუზიარე იმის მტკიცებულებად, რომ ბუნებამ ჩვენგან ამოისუნთქა, რომ მას შეუძლია, ჩვენი ქმედებების შედეგად მიყენებულ ზიანს გაუმკლავდეს. თუმცა, ეს ფოტოები თავად მე არ გამიზიარებია. არ ვიცი, რატომ. როგორც არ უნდა იყოს, მახსოვს, რომ კითხვა არ გამჩენია იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს ფოტოები ნამდვილად იმისი დამადასტურებელი, რომ ბუნება ზიანისგან აღდგენას იწყებდა. ეტყობა, სასურველის არსებულად[1] წარმოდგენის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, კითხვა არც კი დამებადა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, National Geographic – ის ერთ – ერთი სტატიის ავტორმა თავაზიანად გაგვიცრუა იმედები იმ ადამიანებს, ვინც, შემთხვევით, ეს დავიჯერეთ. ავტორი ზრდილობიანად, თანაგრძნობით გვიხსნიდა, რომ დამოუკიდებლად იმისა, სიახლე დადებით მოვლენას ეხება თუ უარყოფითს, სასურველის არსებულად წარმოჩენა მიკერძოებული მსჯელობაა, რადგან ბურანოს მიმდებარედ, დელფინების გამოჩენა პანდემიამდეც ჩვეული მოვლენა ყოფილა. ეს კი ეჭვს ბადებს, რამდენად ამტკიცებს ეს ფაქტი, რომ ბუნებამ ძალების აღდგენა შეძლო.

ადამიანების მიერ, სიხარულის საფუძველზე გაზიარებული ეს სიახლე გვაძლევს იმისი ვარაუდის საფუძველს, რომ ჩვენი წარმოდგენების „მტკიცებულებაზე დაფუძნება“ იმაზე რთულია, ვიდრე – წარმოგვიდგენია, რადგან, მაგალითად, გამჭვირვალე წყალში მოლივლივე დელფინის ფოტო ჯერ კიდევ არ არის თვალსაჩინოების ის მტკიცებულება, რომლითაც შეგვეძლო, ასე მარტივად, სიხარულით მოცულებს, დაგვეჯერებინა, რომ რისიც გვჯერა, ის სწორად ასახავს სინამდვილეს. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც „მტკიცებულების“ შექმნა ასეთი მარტივია. გადახედეთ „სილამაზის მტკიცებულებებს“ – არსებობს ფილტრები, რომლებიც ძირფესვიანად ცვლის სხეულის პარამეტრებს და იმისი შანსიც ნაკლებია, მიხვდეთ, რომ რასაც ხედავთ, კონკრეტული ფილტრის გამოყენების შედეგია.

თანამედროვე ადამიანის წინაშე ახალი ამოცანა დგას: მეტი კითხვა დასვას თვალსაჩინოს სანდოობაზე.

როგორც წესი, ადამიანები, რომელთაც შემეცნებითი სიჯიუტე ახასიათებთ, მეტისმეტად მგრძნობიარენი არიან საკუთარი შემეცნებითი ძლიერი მხარეების დაკარგვის ალბათობისადმი. აქედან გამომდინარე, ისინი, ძირითადად, ძლიერი მხარეების შენარჩუნებაზე ზრუნვით არიან მოცულნი, უჭირთ აღიარონ ის სუსტი მხარეები, რომელთა გაძლიერებაც ცოდნის გამდიდრებისთვის სასურველი იქნებოდა.

ადამიანებს, რომლებიც სამყაროში მიმდინარე მოვლენებს შემეცნებითი სიჯიუტის გადმოსახედიდან აფასებენ, სწამთ, რომ დამოკიდებულების შეცვლა იმაზე იქნება მინიშნება, რომ მათ უნდა აღიარონ ცოდნის არასრულფასოვნება. მათ უჭირთ აღიარონ, რომ განსაზღვრულ საკითხებზე ცოდნა მდიდრდება და ზოგიერთი რამ იცვლება.

შემეცნებითად გულუბრყვილო ადამიანი ნებისმიერ შემოთავაზებულ ცვლილებას დაუფიქრებლად იღებს. მას უჭირს აწონ – დაწონოს შემოთავაზებული მტკიცებულებების სანდოობა და, ხშირად, არ იცის, რ ო გ ო რ შეამოწმოს შემოთავაზებული ვარაუდის სისწორე. ადამიანები, რომლებიც შემეცნებითი გულუბრყვილობისკენ არიან მიდრეკილნი, განირჩევიან საკუთარ სუსტ მხარეებზე ორიენტირებულობით და ძლიერი მხარეების უარყოფის ან უგულებელყოფისკენ მიდრეკილებით. მათ საკუთარი შემეცნებითი შესაძლებლობების რწმენა თითქმის არ აქვთ. შესაბამისად, არჩევენ, ძალისხმევის გაღების გარეშე, ავტორიტეტული ადამიანების მიერ შემოთავაზებული დამოკიდებულებები თუ აზრები მორჩილად მიიღონ.

შემეცნებითი გულუბრყვილობისა და მიმნდობლობის ნათელი მაგალითი იყო კვლევის – Hydroxychloroquine or chloroquine with or without a macrolide for treatment of COVID-19: a multinational registry analysis – შედეგების უპირობოდ უშეცდომოდ მიღება.

სავარაუდოდ, იმიტომ, რომ წამყვან სამედიცინო ჟურნალში განთავსდა მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევა, რატომღაც, ადამიანებმა, რომლებიც ამ კვლევას ეყრდნობოდნენ, არ დასვეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, თავად მტკიცებულებები იძლეოდა თუ არა კვლევაში გაჟღერებული დასკვნის გამოტანის საშუალებას.

შემეცნებითი თავმდაბლობა თანამედროვე ადამიანის თვითშენარჩუნების ერთ – ერთი გზაა.

შემეცნებითი თავმდაბლობა სამყაროსადმი მიდგომაა, რომელიც ცოდნაში არსებული დანაკლისების შევსების მზაობას გულისხმობს. შემეცნებითი თავმდაბლობა განსხვავდება შემეცნებითი სიჯიუტისა და შემეცნებითი გულუბრყვილობისაგან.

შემეცნებითი თავმდაბლობა გულისხმობს იმას, რომ მე შემიძლია, შევიცვალო დამოკიდებულება კონკრეტული საკითხისადმი, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მტკიცებულება იარსებებს ამ ცვლილებისათვის.

შემეცნებითი თავმდაბლობის მაგალითია ჟურნალ ლანცეტის ნაბიჯი, რომელიც მან მას შემდეგ გადადგა, რაც მკვლევრების ნაწილმა შეისწავლა პლაქველინის შედეგიანობის კვლევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების ვალიდობა. ჟურნალის წარმომადგენლების მიერ კვლევების სანდოობის ჯეროვნად შეფასების მზაობა შემეცნებითი თავმდაბლობის გამოხატულებაა.

როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება მოსწავლეებში შემეცნებითი თავმდაბლობის უნარის განვითარება?

როგორ ასწავლიდით თქვენს მოსწავლეებს აზროვნებას აზროვნების შესახებ ან ყურადღების ყურადღებისკენ მიმართვას? როგორ დაეხმარებოდით მათ, გაეცნობიერებინათ მიდრეკილები მიკერძოებულობისკენ? როგორ დაძლევდით ცრუ შეთანხმების[2] განცდას?

შემეცნებით თავმდაბლობას რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ ახასიათებს:

  • განსხვავებული აზრის პატივისცემა – განსხვავებული აზრის პატივისცემა ნიშნავს განსხვავებული აზრის გულდასმით მოსმენის უნარს, განსხვავებული აზრის არა აუცილებლად ღირსების საფრთხედ შერაცხვას, არამედ – კონკრეტული საკითხის ირგვლივ საუბრის წარმართვის შესაძლებლობად აღქმას. ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, აუცილებლად არ იზიარებენ თანამოსაუბრის აზრს, თუმცა, აქვთ თანამოსაუბრის გულდასმით მოსმენის უნარი.
  • შემეცნებითი ქედმაღლობის ნაკლებობა – ამ უნარის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, ეჭვი შეიტანონ თავისი რწმენების, ვარაუდების და ქმედებების საფუძვლიანობაში. ასევე, განვითარებული აქვთ შესაბამისი კითხვების დასმის უნარი.
  • შეზღუდვების გაცნობიერება – თითოეული ჩვენგანს განსაზღვრული რაოდენობის დროის მანძილზე, მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის საკითხების შესახებ საკმაოდ შეზღუდული ცოდნის შეძენა შეუძლია. ეს განსაკუთრებით იგრძნობა 21 – ე საუკუნეში, როდესაც კაცობრიობას იმდენი ცოდნა დაუგროვდა, რომ შეუძლებელია, თუნდაც, ერთ სფეროში სრულყოფილი ცოდნა გქონდეს. ადამიანები, რომლებიც შემეცნებითი თავმდაბლობით ხასიათდებიან, აღიარებენ შეზღუდვების გარდაუვალობას, მათ სწამთ, რომ შეუძლებელია, დღესდღეობით დაგროვილი ცოდნიდან სრულყოფილად იცოდე ყველაფერი.
  • მიკერძოებულობისკენ მიდრეკილების ცოდნა – ადამიანები, რომლებიც შემეცნებითი თავმდაბლობისკენ არიან მიდრეკილნი, აღიარებენ, რომ ისინი, როგორც ნებისმიერი ადამიანი, მიდრეკილნი არიან მიკერძოებულობისკენ, იცნობენ დასკვნის გამოტანის პროცესებს და აცნობიერებენ თავიანთ დამოკიდებულებებს, ლტოლვებს და, რაც მთავარია, აცნობიერებენ, რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი კონკრეტული საკითხი მათთვის, როგორც პიროვნებისთვის.
  • ცოდნის გამიჯვნა პირადი ინტერესებისგან – ადამიანები, რომლებიც შემეცნებითი თავმდაბლობისკენ ისწრაფვიან, ცდილობენ, ცოდნა გამიჯნონ მათთვის ხელსაყრელი წარმოდგენებისგან.
  • დამოკიდებულებების განახლებისა და შეცვლის მზაობა – ადამიანები, რომელთაც შემეცნებითი თავმდაბლობა ახასიათებთ, მზად არიან, საჭიროებისამებრ, შეცვალონ ის რწმენები და წარმოდგენები, თუ მათი სისწორის საწინააღმდეგო მტკიცებულებები არსებობს.

შესაძლოა, შემეცნებითი თავმდაბლობა აწმყოს ადამიანის მნიშვნელოვანი საყრდენი აღმოჩნდეს ცვალებად სამყაროში, რომელშიც უფრო და უფრო რთულდება სანდოს და მცდარის ერთმანეთისგან განსხვავება.

[1] Wishful thinking.

[2] False consensus.

კომენტარები

comments