პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წიგნები სკოლაზე მოსწავლეებისთვის

„ძალიან ბევრს მიიღებთ მელორი ტაუერსისგან, ეცადეთ, ყველაფერი სასიკეთოდ გამოიყენოთ! იყავით სამართლიანები და პასუხისმგებლობიანები, ზნეკეთილები და შრომისმოყვარეები! წარმატებად მივიჩნიოთ, თუ აქედან კეთილშობილ, შეგნებულ და სამართლის მოყვარე ახალგაზრდებს გავუშვებთ. ისეთებს, რომლებიც მთელი მსოფლიოსთვის საიმედონი იქნებიან. ჩვენი მარცხი კი ის იქნება, თუ მთელი ექვსი წლის განმავლობაში ყოველივე ამას ვერ ჩაგინერგავთ!“ – ამ სიტყვებს პანსიონის ტიპის სკოლის, მელორი ტაუერსის, დირექტორი ეუბნება თავის მოსწავლეებს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში. მელორი ტაუერსი ჩვეულებრივი სკოლა არ არის, მწერალ ენიდ ბლაიტონის გამოგონილი დაწესებულებაა, სადაც მხოლოდ გოგონები სწავლობენ და ამ გოგონების თავგადასავლები, ფიქრები და შიშები ალბათ ამავე ასაკის ყველა გოგოსთვის ნაცნობია. აქ, ისევე როგორც ნამდვილ ცხოვრებაში, ყველაფერია – სხვადასხვანაირი უნარებისა და შესაძლებლობების მოსწავლეები, მკაცრი და ლმობიერი მასწავლებლები, გაკვეთილების მერე თავგადასავლები, ერთმანეთის გამხნევებისა და შეურაცხყოფის სურვილები, სხვადასხვა სოციალური ფენის ოჯახები – ყველაფერი, რაც შეიძლება სკოლაში იყოს. სკოლა კი იმითაა გამორჩეული, რომ ცდილობს, ყველა ბავშვი, მიუხედავად მათი განსხვავებულობისა, საერთო ღირებულებების გარშემო გააერთიანოს, პასუხისმგებლობა და ადამიანების პატივისცემა ასწავლოს.

მელორი ტაუერსი რამდენიმენაწილიანი წიგნია და სკოლის მოსწავლეებისთვის (ალბათ, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვისაც) დიდი ბედნიერებაა, რომ პირველი ორი ნაწილი ქართულადაც არსებობს. ჩემს შვილებს წავუკითხე და ამის შემდეგ გაცილებით გამიადვილდა იმის ახსნა, როგორი სკოლა და მასწავლებელი მომწონს, როგორი ქცევაა მისაღები და როგორი – არა. ლიტერატურული მაგალითები ბევრ რამეს გვიადვილებს.

 

კიდევ ერთი წიგნი, რომელიც სკოლის ცხოვრებაზეა და ასევე ვურჩევდი სასკოლო ასაკის ბავშვებს, როალდ დალის მატილდაა. მატილდა პატარა, მაგრამ განსაკუთრებულზე განსაკუთრებული გოგოა – სკოლაში მისვლამდე წაკითხული მახლობელი ბიბლიოთეკის ყველა წიგნით და უჩვეულო მათემატიკური უნარებით. მატილდასთვის მისი შესაძლებლობები ბუნებრივია და აზრადაც არ მოსდის, რომ თანატოლებისგან ასე განსხვავდება, მისი ოჯახის წევრებს კი არც მატილდა აინტერესებთ და არც არაფერი, გარდა ფულისა, აზარტული თამაშებისა და აფიორებისა. მატილდას გაუმართლა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების მოძულე დირექტორი ყველა მოსწავლეს ჯოჯოხეთად უქცევდა სკოლაში გატარებულ წლებს, – გადასარევი მასწავლებელი შეხვდა, ჰანა, რომელიც საოცარი სიფრთხილით და ყურადღებით სწავლობს მატილდას უნარებს, ზრუნავს მის განვითარებაზე, გაკვეთილების შემდეგ ჩაიზე ეპატიჟება შინ და თამამად ელაპარაკება თავის შიშებზე, ტრავმებსა და უბედურებებზე. საბოლოოდ ჰანას და მატილდას ყველაფერი გამოუვათ და წიგნის ბოლოს ერთად იწყებენ ცხოვრებას.

როცა ბავშვებს ამ წიგნს ვუკითხავდი, სუნთქვა ეკვროდათ დირექტორის სისასტიკის გამო და თვალები უფართოვდებოდათ მატილდას საოცარი უნარების გამო. მერე დიდხანს ვსაუბრობდით იმაზე, რატომ შეიძლება, მასწავლებელი იყოს ასეთი სასტიკი, მშობელი კი – ასეთი გულგრილი; იმაზე, რომ ცხოვრებაში მთავარი გამართლება ხშირად გულისხმიერ ადამიანებთან შეხვედრაა, რომლებიც ისეთს გხედავენ და ისეთი უყვარხათ, როგორიც ხარ, რომლებიც მხარს გიჭერენ და სჯერათ შენი. მოკლედ, კარგი წიგნია, როალდ დალის სხვა წიგნების მსგავსად.

 

თუმცა ჩემთვის, ასტრიდ ლინდგრენის წიგნებზე გაზრდილი ბავშვისთვის, ყველაზე დასამახსოვრებელი სკოლა ისაა, რომელშიც ბიულერბიუელი ბავშვები ფეხით დადიან ტყის გავლით, ქარბუქსა თუ მზეში, ხელიხელჩაკიდებულები, მხიარულად, ზურგჩანთაში საგზლით. ბავშვობაში ბევრს ვფიქრობდი იმაზე, რა საინტერესო იქნებოდა, ჩემს რომელიმე მასწავლებელს სკოლის შენობაში რომ ეცხოვრა და ერთხელაც, თუკი ავად გახდებოდა, მასზე გვეზრუნა. ჩემს შვილებს, რომლებიც ურბანულ გარემოში ცხოვრობენ, ვერ წარმოუდგენიათ, როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება სამსახლიან სოფელში, როგორ შეიძლება, 6, 7 და 8 წლის ბავშვებმა ტყის გავლით მარტოებმა იარონ მეზობელ სოფელში მდებარე სკოლაში და ძალიან უკვირთ, როცა ვეუბნები, რომ დღესაც არის საქართველოში სკოლები, სადაც ბავშვები მეზობელი სოფლებიდან დადიან, ხანდახან კი ისეც ხდება, რომ ერთ კლასში მხოლოდ ერთი ბავშვია.

 

არსებობს კიდევ ერთი გრაფიკული ამბავი ოტოლინას შესახებ, რომელიც კრის რიდელს ეკუთვნის და რომელიც, ერთი მხრივ, კარგი ტექსტია კითხვის სწავლის დაწყებით ეტაპზე თავისი სიმარტივის გამო, მეორე მხრივ კი ნამდვილი სამოთხე გრაფიკული თხზულებების მოყვარული ბავშვებისთვის.

ოტოლინა პატარა გოგოა, რომლის მშობლებიც სულ მოგზაურობენ, თვითონ კი მისტერ მანროსთან ერთად ცხოვრობს – ეს ტანმორჩილი, ბანჯგვლიანი, უცნაური არსება ოტოლინას საუკეთესო მეგობარი და თანამზრახველია. მისტერ მანროს არ უყვარს წვიმა და თმის ვარცხნა, ოტოლინა კი გუბეებში ჭყაპაჭყუპსა და მისტერ მანროსთვის თმის ვარცხნაზე გიჟდება. ამ დროს მშვიდდება და ფიქრიც უადვილდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რთული ამოცანა აქვს ამოსახსნელი ან ჭკვიანური გეგმა მოსაფიქრებელი. ოტოლინა უჩვეულო ამბებს ეძებს და მათ ამოხსნას ცდილობს. ერთხელაც სესილიას გაიცნობს, გოგოს, რომელიც ელის ბ. სმითის ნაირნიჭიერთა სკოლაში დადის და მშობლებს სთხოვს, თვითონაც იქ გაგზავნონ სასწავლებლად. მშობლები თხოვნას შეუსრულებენ და ოტოლინა აღმოჩნდება სკოლაში, სადაც გაკვეთილები ტარდება ჩაის სმაში, სასარგებლო უნარებში, უსარგებლო უნარებში, მაღალი დონის ფიქრიანობაში, თვალთვალში, თავის მოკატუნებასა და ხითხითში.

გარდა იმ მისტიკური და სასაცილო ამბებისა, რომლებიც ოტოლინას აქ გადახდება, წიგნი საინტერესოა როგორც საშუალება სწავლის აბსურდულ მეთოდებზე მსჯელობისთვის და ნაირნიჭიერებათა განხილვისთვის. ჩვენ ხომ ხანდახან ვაიძულებთ ბავშვებს, „მაღალი დონის ფიქრიანობით“ დაკავდნენ ან „ნაირნიჭიერები“ იყვნენ.

 

არ ვიცი, როგორი იქნებოდა განათლების სისტემები, ზრდასრულ ასაკში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საბავშვო, სკოლებზე დაწერილი წიგნები რომ წაეკითხათ, მაგრამ მგონია, რომ თუ ბავშვებთან ახლა ვიმსჯელებთ სკოლების ავსა და კარგზე, ცუდი არ იქნება. ბოლოს და ბოლოს, ისეთ სკოლაში თუ არ დადიან, როგორიც მოეწონებოდათ, ის მაინც შეუძლიათ მოიფიქრონ, როგორი სკოლა იქნებოდა მათთვის კარგი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი