ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჩვენი გზა საბამდე და ანას გზა ჩვენამდე

-მოდიან! – დაიყვირა საბამ ჩვენს დანახვაზე.

ჩვენ – თბილისიდან სოფელ თაგვეთში ჩამოსული პატარა დელეგაცია ვართ – ჟურნალ „მასწავლებლის“ მთავარი რედაქტორი ნატო ინგოროყვა,  ქიმიის პროფესორი  ელიზბარ ელიზბარაშვილი, ამავე სოფელში დროებით გადასახლებული ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი და მე, რომელმაც საბა რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი სტატიისთვის ჩავწერე. სტატია დისტანციური სწავლების პრობლემებს ეხებოდა. საბასგანაც ინტერვიუ დისტანციურად ავიღეთ. აღმოჩნდა, რომ მის ოჯახს არც თანამედროვე ტელეფონი ჰქონდა და არც კომპიუტერი, მხოლოდ ძველებური „ნოკია“, რომელიც ვერც საბას და ვერც მის უფროს ძმას სწავლაში ვერ ადგებოდა.

საბა სიტყვაძუნწი რესპონდენტი იყო, ისეთი, როგორიც თავშეკავებულ და ზრდილ ათი წლის ბიჭს შეეფერება. უკომპიუტერობაზე არც დაუჩივლია. უბრალოდ, თქვა, რომ აქამდე კარგად სწავლობდა. ახლა კი, რაც ვერაგმა ვირუსმა სკოლის სივრცეს მოსწყვიტა, დადარდიანდა.

„სწავლა მიყვარს!“ – მითხრა მყარად და გულწრფელად.

საბას თანასოფლელის, ნათელა გრიგალაშვილის მხარდაჭერით დავადგინეთ, რომ საბას ოჯახს არ ულხინს – მშობლები დილიდან დაღამებამდე შრომობენ, მიწას ამუშავებენ, მაგრამ მაინც უჭირთ, ნაკლებად აქვთ მომავლის რწმენა და ეშინიათ, რომ სწავლამოწყურებული საბა უკომპიუტერობით თავის თანატოლებს ნელ-ნელა ჩამორჩება.

პანდემიამდე საბასთვის სკოლა ყველაფერი იყო – საინტერესო გარემო, ხალისიანი გაკვეთილები, საყვარელ მეგობრებთან ურთიერთობა. პანდემიის პირობებში კი კვირაში ერთხელ თავისი სოფლიდან მეორე სოფელში ფეხით გადასვლა უწევდა, რათა ახალი დავალებები მიეღო.

სოფელ თაგვეთში სკოლა 80-იანი წლებიდან აღარ არსებობს.

საბა სოფელ ცხრამუხაში სწავლობს. სკოლამდე ჯერ თავისი სოფლის ციცაბო, ოღრო-ჩოღრო გზა უნდა გაიროს, შემდეგ ფართოდ გაშლილ მტკვარზე საშიშად შეკიდული ძველი ხიდი დალაშქროს, ხიდთან კი სამარშრუტო დახვდება, რომლითაც ის, თავის ოთხ თაგვეთელ მეგობართან ერთად, სკოლამდე მიაღწევს.

 

და ასე ყოველ დღე.

…ნატო ინგოროყვა საბას კომპიუტერს და წიგნებს გადასცემს. საბა ჯერ კომპიუტერს იხუტებს, მერე წიგნებს ათვალიერებს. ასე გვგონია, გახარებული ბავშვის გულისცემა მთელ თაგვეთს ექოდ ესმის.

საბას კომპიუტერისთვის საჭირო თანხა სოციალური ქსელის დახმარებით მას შემდეგ შეუგროვდა, რაც მასზე და სხვა სკოლების ბავშვებზე სტატია ჩვენს რესურსზე დაიდო და გაჩნდა კითხვა: დაწერით კი დაიწერა, მაგრამ კიდევ რით დავეხმაროთ?..

ეს კითხვა ჟურნალის  რედაქციამ ფეისბუქზე გააჟღერა და ათი წლის თაგვეთელი ბიჭის განათლების მიმართ უამრავმა ადამიანმა მგრძნობელობა გამოიჩინა. „საბას სწავლისთვის“ გახსნილი ანგარში თანხით სწრაფად შეივსო და საკმარისი გახდა არა ერთი, არამედ ორი ნოუთბუქის შესაძენად – მეორე კომპიუტერი სენაკელ, სოხუმის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს, ანა ახალაიას გადაეცემა ზუსტად იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ის საბამ მიიღო.

საბას და ანას, კომპიუტერებში პროგრამების ჩატვირთვა და მათი ადგილზე მიტანა „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“  ხელმძღვანელმა  ელიზბარ ელიზბარაშვილმა უზრუნველყო.

შეგროვილი თანხით საბამ ერთწლიანი უფასო ინტერნეტპაკეტი მიიღო, ხოლო დამატებით ორი თვის უფასო ინტერნეტი ადგილობრივმა ინტერნეტკომპანიამ აჩუქა.

როცა ანა ახალაიმ გაიგო, რომ მოგროვებული თანხით, მას და საბას,  6 თვით ექნებოდა შესაძლებლობა ინტერნეტით სარგებლობის, დაგვირეკა და გვითხრა, რომ ინტერნეტი მას არ სჭირდება და უმჯობესია, საბას ჰქონდეს ერთი წლით.

ანასთვის  კომპიუტერის ჩუქება მოულოდნელი ამბავი იყო და  ბედისწერაც. მისი უწყვეტი განათლებისთვის კი მნიშვნელოვანი შენაძენი და მოტივაციაც.

ანა ამბობს, რომ ხშირად გაგვახარებს თავისი წარმატებებით და  მადლიერებას ასე გამოხატავს  უცნობი ადამიანების მიმართ, რომლებმაც მას უკეთესი განათლების და განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მისცეს.

ანა, საჩუქრად, „მასწავლებელთ პროფესიული განვითერების ეროვნული ცენტრის“, მასწავლებლის ბიბლიოთეკის წიგნები და ჟურნალ „მასწავლებლის“ ახალი ნომრები გადაეცა.

საბას საჩუქრად  გულშემატკივარი ადამიანებისგან საკითხავი ლიტერატურაც ერგო. „ეს წიგნები კარგა ხანს მეყოფა. ზაფხული წინ მაქვს, მერე – ზამთარიც. სხვები ზამთარში სოფლიდან მიდიან, ჩვენ კი ვრჩებით. დავჯდები და წავიკითხავ,“ – გვითხრა საბამ და  ცხრამუხის ბიბლიოთეკა გაახსენდა.

ეს ბიბლიოთეკა მის სკოლასთან ახლოსაა. რადგან საბას აქამდე საკუთარი წიგნები არ ჰქონდა, ბიბლიოთეკიდან გამოჰქონდა. „ჯერ ბიბლიოთეკა ბოლომდე აშენებული არ იყო, მის სანახავად რომ დავიარებოდი. ახლა ზუსტად ვიცი, როდის იღება და იკეტება. ჩემი საყვარელი ადგილია. მიყვარს კითხვა, განსაკუთრებით თავგადასავლების. აი, ეს წიგნი – „რუხი მგლის რუხი ბედი“, ბიბლოთეკიდან ახლახან გამოვიტანე“.

საბას დედა, შორენა ამბობს, რომ ბიჭს პატარაობიდანვე უყვარს სწავლა. სწავლის დროს დახმარებისთვის არასდროს მიუმართავს. საბა თვითონაც კარგად ართმევს თავს თავის საქმეს:

„ვუთხარით, რომ სიურპრიზს უმზადებდით და დილიდანვე მოუთმენლად გელოდათ. თითოეულ ადამიანს, ვინც საბაზე იფიქრა, დიდი მადლობა ბავშვის გახარებისთვის! ახლა მეტი სიხალისით ისწავლის. თაგვეთელ ბავშვებში საბა სკოლიდან ყველაზე შორს ცხოვრობს და დისტანციური სწავლა, ტელეფონისა ან კომპიუტერის გარეშე, სულ უფრო გაუჭირდებოდა. თანაც, ხომ ნახეთ, რა რთულ გზაზე უწევს სიარული. დიდი ქარის დროს სკოლაში არც ვუშვებ, სუსტი ბავშვია, მეშინია ქარმა არ წაიღოს… ხიდიდან არ გადავარდეს… არ გაცივდეს… ახლა უამინდობის აღარ შეგვეშინდება, სახლშიც იმეცადინებს“.

თაგვეთი ხაშურის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება. სოფელი დიდი მთებითაა გარშემორტყმული. ზოგჯერ მთები ღრუბლებში ეხვევიან, ზოგჯერ – თვალისმომჭრელად კაშკაშებენ მზიანი სიმწვანით.

თაგვეთი ხაშურიდან 3 კილომეტრშია და საკმაოდ მიმზიდველი ადგილი შეიძლებოდა ყოფილიყო არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ დამსვენებლისთვისაც, რომ არა სოფლის მოუწყობელი გზა საბჭოთადროინდელი ხიდითურთ, რომელზეც სივიწროვის გამო მოზრდილი ავტომობილი ვერც გაივლის. მაგალითად, სასწრაფო დახმარების მანქანა ამ ხიდზე ვერ გადადის და ადამიანი სოფელში, ავადმყოფობის შემთხვევაში, დაუცველია.

ამჟამად თაგვეთში 30 ოჯახამდე დროდადრო ცხოვრობს. სოფელი ცარიელდება. აქ ბევრ მიტოვებულ სახლს ნახავთ. საკუთარი სოფლის გულშემატკივარი, ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი ამბობს, რომ თაგვეთი მეტად გამოცოცხლება, თუ მაღალმთიანის სტატუსს მიანიჭებენ.

თაგვეთი ზღვის დონიდან 720 მეტრზეა. კანონით, მაღალმთიანის სტატუსს სულ რაღაც 80 მეტრი აშორებს. თუმცა, ნათელას მიაჩნია, რომ სოფლის თვითმყოფადი გარემო გამონაკლისის დაშვებას იმსახურებს.

ამ საკითხის შესახებ ნათელამ უკვე მიმართა ადგილობრივ თვითმართველობას, თუმცა ზუსტი პასუხი არ მიუღია.

„გზა თუ გაკეთდა, სოფელს ბევრი ოჯახი დაუბრუნდება. მშვენიერი ადგილია – ისტორიული, მომნუსხველი სილამაზით, ჯანმრთელი ჰაერით. ეს ეზოები ისე ახმაურდება, როგორც ჩემს ბავშვობაში იყო. ადრე აქ რვაკლასიანი, შემდეგ სამწლიანი სკოლა მუშაობდა. მერე შენობა დაანგრიეს, ნაწილ-ნაწილ გაზიდეს და მღვდლის სახლი ააშენეს…“ – დანანებით ყვება ფოტოგრაფი. მან იცის, რაც სჭირდება მის სოფელს – განვითარება და განათლება: „აქ მშრომელი ადამიანები არიან, მაგრამ არ იციან, როგორ მართონ სწორად თავიანთი მეურნეობა, არაფერი სმენიათ იმაზე, რომ შეიძლება დაიწეროს პროექტი და სოფლის სასარგებლოდ რამე გაკეთდეს…“.

ჩვენს შეკითხვაზე, რომელ პროფესიაზე ოცნებობს საბა, გვპასუხობს – მეხანძრეობა მინდა, საბას უფროსი ძმა კი ფერმერობაზე ფიქრობს.

ძმების ოცნება რეალობად რომ იქცეს და მომავალში მშობლიური თაგვეთი არ მიატოვონ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახლავე, ელემენტარული პირობების გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს, თუნდაც სკოლისაკენ მიმავალი გზის მოწყობით ბავშვებისთვის (და არა მხოლოდ).

 

სტატია დისტანციური სწავლების გამოწვევებსა და საბაზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

მოსწავლეები დისტანციური სწავლების გამოწვევების პირისპირ. რას ფიქრობენ ისინი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი